"ახლა მეც გადმომწვდებიან და იტყვიან, როგორ საუბრობსო, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ჯვრებით და ტაბურეტებით ვინმეს ჩაქოლვა!"
ირმა სოხაძე: " ნანი ბრეგვაძეს გადაეცით რომ მიყვარს, წარმომიდგენია რა დღეში ჩააგდეს..."
"...The Drag Ball: All Stars ბრუნდება, უფრო დიდი, უფრო თავბრუდამხვევი, უფრო დაუვიწყარი, ვიდრე ოდესმე. ჩვენი ვარსკვლავები ერთმანეთს დრეგ ოლიმპიადაში გამოიწვევენ... All Star-ს გახსნის ერთადერთი და განუმეორებელი, ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე", - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში... ორი დღეა ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც ენით აუწერელი აჟიოტაჟი მოჰყვა და ბევრი იმასაც კი წერდა, რომ ქართული სცენის დედოფალს ყველა ორდენი უნდა ჩამოერთვას... საკითხს თვით კულტურის მინისტრის მრჩეველი - იოსებ ჭუმბურიძე გამოეხმაურა და მკაცრად ითხოვა, რომ ყველა შეჩერდეს, რადგან ნანი ბრეგვაძე საქართველოსთვის იგივეა, რაც საფრანგეთისთვის - ედიტ პიაფი...
ამ თემაზე აზრის გამოსახატად - ირმა სოხაძეს დავუკავშირდით, რომელიც ცოტა ხნის წინ თავადაც გახდა თავდასხმის ობიექტი...
ირმა სოხაძე:
- არაფერი ვიცოდი, მაგრამ წარმომიდგენია, რაც ხდება... ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ნუ ვიქნებით ჰომოფობები, მათ კონცერტზე მონაწილეობაც ჩვეულებრივი ამბავია! ანუ, რა უნდა ვქნათ? - კეთროვანებივით მოვიკვეთოთ, არ დაველაპარაკოთ და ვეძახოთ, თქვენ გვერდში არასოდეს დავდგებით-თქო?!
- ანუ, შემოთავაზება რომ ყოფილიყო, თქვენც უპრობლემოდ დათანხმდებოდით?
- რა თქმა უნდა! აბა, მაგ ნიშნით უარს ვიტყოდი? თუ დრო არ მექნებოდა და ვერ მივიდოდი, ეს სულ სხვა რამეა, ასე ძალიან ბევრ კონცერტზე მომიხდა უარის თქმა... ის, რომ მაგათთან როგორ მივალ, მათ გვერდზე როგორ დავდგებიო, ეს საერთოდ რას ნიშნავს? რა დაყოფაა, რას მოასწავებს ეს ყველაფერი?! ყველაზე საშინელი ის არის, ადამიანები სიკეთით და ღვთისნიერების სახელით რომ ლაპარაკობენ, თურმე განსხვავებულები რომ უნდა ვცემოთ, გავაგდოთ, ჩავქოლოთ, გვერდით არ დავდგეთ და არ დაველაპარაკოთ... ახლა მეც გადმომწვდებიან და იტყვიან, ეს როგორ საუბრობსო, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის მიუღებელია ჯვრებით და ტაბურეტებით ვინმეს ჩაქოლვა!
იმ აგრესიული ადამიანებისგან არ არის ჩემთვის გასაკვირი, რადგან არ ესმით, რასაც ამბობენ! ამის წინ, მეც გამლანძღეს, რადგან ვთქვი, რომ სკოლაში აუცილებელია სქესობრივი განათლება. აბსოლუტურად გამაოგნებელი კომენტარები დამიწერეს, რადგან ამ ადამიანებმა, თვითონ სრულიად გაუნათლებლებმა, არც იციან, რაზეა ლაპარაკი. ვიღაცამ ისე წარმოიდგინა, თითქოს ვითხოვდი, ბავშვებს სექსის გაკვეთილები უნდა ჩაუტარონ. ალბათ ეს იყო, აბა რამ გააგულისა?!
პირიქით ვთქვი, ამდენი საშინელებისგან და პედოფილებისგან რომ დავიცვათ ბავშვები (ხშირად, ზუსტად პერვერსიული და პედოფილი ადამიანები ირგებენ მორალისტის ნიღაბს), აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ელემენტარული ანატომია, როდიდან არის დაფეხმძიმების საფრთხე და ასე შემდეგ... როგორ არ შეიძლება ბავშვს ვინმე შეეხოს, ხელი მოკიდოს და ასე შემდეგ... მიწერდნენ, შენ დროს თუ არ ისწავლებოდა, რა დაშავდაო... ჩვენ დროს არც ამდენი წვდომა, ამდენი სისაძაგლე იყო, რაც დღეს არის ინტერნეტის საშუალებით. დღეს უამრავი საზიზღარი საიტია, სადაც ბავშვებს ჩვეულებრივი წვდომა აქვთ.
მე ვამბობ, რომ ბავშვები უნდა გავანათლოთ და დავიცვათ ავი ზრახვებისგან და ბოროტი ადამიანებისგან! იცოდნენ თავიანთი უფლებები და ანატომია! უცოდინარობა რომ ყველაზე ცუდია, ამაზე თუ ვკამათობთ, მაშინ საერთოდ რაღაზე ვმსჯელობთ?!
სქესობრივი აღზრდა და კულტურა რომ აუცილებელი და გარდაუვალია, ასეთივე გარდაუვალია ის, რომ ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს პატივი ვცეთ! ტოლერანტობაც კი არ არის აქ შესაფერისი სიტყვა, რა სჭირთ მათ საამისო?!
ყველაზე ვერ ვიტყვი, რადგან ზოგს უცოდინარობით მოდის და რატომღაც ჰგონია, რომ სიმართლეს ამბობს, მაგრამ ძირითადად, მორალისტის სახეს ბნელი ადამიანები ირგებენ... არ გვინდა, რა, ეს მორალიზმი! ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ, ჩვენი შვილები სამშობლოსთვის სანიმუშონი და კარგები აღვზარდოთ, განათლება მივცეთ! ჩემს შვილებს თუ ორივეს დიდი განათლება აქვთ, მგონი, ამით არაფერი დაჰკლებიათ და დაუკარგავთ... ყველას შვილი უნდა იყოს განათლებული და განვითარებული ყველა სფეროში, მით უმეტეს, მათი პირადი დაცულობის საკითხი როცა დგება.
ჰომოფობია მარტო ის კი არ არის, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი გძულდეს, არამედ, განსხვავებულ აზრს არ იღებდე... და შენ როგორც გაიზარდე მეცხრამეტე საუკუნეში, ისე რომ უნდა გაიზარდონ ოცდამეორე საუკუნეშიც. ასე არ იქნება! სანამ ბაირაღებით გამოვარდებით, ვინმეს გავლანძღავთ და დავშანთავთ, მანამდე უნდა დავფიქრდეთ! უფრო მიმღებლები ვიყოთ ერთმანეთის და სიახლეების მიმართ!
რაღაც შერქმეული სახელები რომ აქვთ სოციალურ ქსელში, ზოგი ქაქუცა ჩოლოყაშვილია და ზოგი - კოტე აფხაზი, იმდენი მაგათ რა ვუთხარი, მიწერდნენ, გრანტის შხამი მოგწვდაო? - ასეთი ამაზრზენი ბოდვა როდემდე შეიძლება ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებდეს?!
თავად მათ რა შხამი სწვდებათ პატარა ტვინებში?! მხოლოდ ნანის და მე კი არა, ყველას თავს ესხმიან, ვინც ამბობს განსხვავებულს ნუ ჩავქოლავთო... მე ამას ყოველთვის ვიტყვი, რომ არავინ უნდა მოვკლათ! ყველას ღმერთი მიხედავს და ვინ მოგვცა ამდენის უფლება მორალისტები ვიყოთ?! იყავი შენ როგორიც გინდა იყო და სხვას ნუ ჩაქოლავ! მე კი გამიშვი, თუ მინდა მას არ ვაგრძნობინო, რომ რაღაცით ჩემგან განსხვავებულია, მივალ მასთან ვიმღერებ ან არ ვიმღერებ, ეს ჩემი არჩევანია და უნდა მომკლა? - მათი ქორწინების, ბავშვის აყვანის მომხრე არც მე ვარ, მაგრამ ეს ხალხი რომ სოციუმიდან გავრიყოთ, ვინ ვართ და ამის რა უფლება გვაქვს?! ღმერთის სახელით დავდევთ და ვქოლავთ ამ ხალხს...
ნანი ბრეგვაძე ძალიან მიყვარს, მისი ყველაფერი მომწონს, რაც დღემდე გაუკეთებია და რასაც მომავალში გააკეთებს, რადგან არაჩვეულებრივი ადამიანია!
(სპეციალურად საიტისთვის)