"ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. რომინა ჩემი ყველა ოცნებისა თუ სურვილის განსახიერებას წარმოადგენდა" - რას ჰყვება მომღერალი საყვარელ მეუღლესთან დაშორებაზე?
ალბანო კარიზი, რომელიც თბილისში ნოემბრის ბოლოს იმყოფებოდა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შესანიშნავი კონცერტი გამართა, გადაცემაში "ნოესთან" (რომელიც აპრილის თვეში, რომში ჩაიწერა) მისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ დაშორდა უსაყვარლესი მეუღლე - რომინა პაუერი და მათი ოთხი შვილიც თან წაიყვანა აშშ-ში. მომღერლისთვის ეს ცხადია უდიდესი დარტყმა იყო... წყვილის ურთიერთობაზე ბევრს საუბრობდნენ მაშინდელ პრესაში, ამბობდნენ, რომ განქორწინება მათი უფროსი ქალიშვილის გაუჩინარებას უკავშირდებოდა, თუმცა როგორც ალბანო ამბობს, ეს ასე არ ყოფილა:
- ჩვენი დუეტის სიმღერებმა და მელოდიებმა, ერთად შექმნილმა მუსიკამ დიდი წარმატება მოგვიტანა. ფაქტი იყო, რომ ჩვენ ერთად ყოფნა გვსურდა, ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერი იყო. თავდაპირველად ჩვენი ურთიერთობა გადასარევი იყო, მაგრამ შემდეგ რომინამ წასვლა გადაწყვიტა და მხოლოდ მან იცის მიზეზი, თუ რატომ. მიუხედავად ამისა, ურთიერთპატივისცემა არ დაკარგულა.
ცოლ-ქმარი ერთგვარი ლიანდაგია, რომელზეც შეუფერხებლად უნდა გაიაროს ცხოვრების მატარებელმა. ჩვენ შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ შემდეგ რომინა წავიდა, თუმცა ურთიერთპატივისცემა არ განელებულა.
ერთად რამდენიმე კონცერტიც ჩავატარეთ და პერიოდულად გრძელდება ჩვენი ერთობლივი მუშაობა.
- რომინას წასვლას ძალიან განიცდიდით? როგორი იყო თქვენი სულიერი მდგომარეობა?
- თავიდანვე ვიცოდი, რომ რომინასთან ურთიერთობა მალევე დასრულდებოდა და ასეც მოხდა, იმიტომ, რომ ქორწინების პირველივე დღიდან მისი ოჯახის ლექსიკონში "განქორწინება" ყოველდღიური სიტყვა იყო. ამას თითქოს მიჩვეული ვიყავი და ვცდილობდი, ეს პერიოდი, ყოველი წუთი მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანთან. რომინა წარმოადგენდა ჩემი ყველა ოცნებისა თუ სურვილის განსახიერებას, ეს იყო ქალი, რომელიც ჩემს ყველანაირ მოთხოვნილებას, სურვილებსა და ემოციებს აკმაყოფილებდა. ეს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მე შევძელი ცხოვრების გაგრძელება. ბევრი სირთულე გადავლახე და კვლავ ფეხზე დავდექი. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის, რადგან ჩვენს გვარში განქორწინება მანამდე არასდროს ყოფილა. ამიტომ, ეს ფაქტი ყველამ დიდ ტრაგედიამ აღიქვა. შენს თავს უნდა მოერიო, იმიტომ, რომ ცხოვრება გრძელდება.
- ცხოვრებამ სხვა სირთულეებიც გამოგიგზავნათ... განსაცდელი - თქვენი უფროსი ქალიშვილის დაკარგვის სახით... რეალურად ეს იყო თქვენი დაშორების მიზეზი?
- გაზეთები ასე წერდნენ, თუმცა მე, რომელიც ამ ტრაგედიის მონაწილე ვარ, გეუბნებით, რომ ილენიას დაკარგვა არ ყოფილა განქორწინების მიზეზი, რომინამ ჩემთან დაშორება ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო. ჩემი შვილის გაუჩინარების ამბავი მალევე მოხდა, მაგრამ ვიმეორებ, დაშორების მიზეზი ეს არ ყოფილა. რომინა უკვე დაღლილი იყო იმ ცხოვრების სტილით, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობდით. ილენია ამასთან არაფერ შუაშია.
- თქვენ ორნი წლების განმავლობაში სიყვარულის მაგალითი იყავით. თქვენთვის რა არის სიყვარული?
- ცხოვრების პოეზიას, მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. შენში სიყვარულის ცეცხლი არასოდეს უნდა ჩააქრო, მე ყოველდღიურად ვცდილობ ამ ცეცხლის გაღვივებას. ეს გრძნობა ჩემში არსებობს და ყოველთვის იარსებებს.
- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მის მიმართ პატივისცემა დღესაც მაქვს, მართალია ის სიყვარული აღარ არის, მაგრამ ურთიერთპატივისცემა მუდამ იქნება. ერთმანეთთან ოთხი შვილი გვაკავშირებს, მან მაშინ შვილებიც თან წაიყვანა, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ამიტომ, ეს სიცარიელე რომ შემევსო, ახალგაზრდა ქალბატონი გავიცანი, რომელზეც დავქორწინდი და მასთან ორი შვილი მყავს. ამ ნაბიჯისკენ ცხოვრებამ მიბიძგა. ეს ის ძალაა, რომელიც ზემოდან მიმართულებას გაძლევს და შენც ძალაუნებურად მიჰყვები...
იხილეთ ვრცელი სტატია ალბანოს ვიზიტზე თბილისში - "ქართველები ძალიან ჰგვანან იტალიელებს. ერთადერთი, რაც გვყოფს, ენაა, მაგრამ ერთი ჭიქა ღვინის შემდეგ, ენაც ქრება და რჩება მხოლოდ გული!" - რას ამბობს იტალიელი ლეგენდა თბილისზე
გადაცემა სრულად კი იხილეთ აქ: