იაპონელების სკანდალური დასკვნა უკრაინის ომზე: დამნაშავეები ამერიკელებიც არიან?! - იმართება თუ არა საიდუმლო მოლაპარაკებები პუტინთან - კვირის პალიტრა

იაპონელების სკანდალური დასკვნა უკრაინის ომზე: დამნაშავეები ამერიკელებიც არიან?! - იმართება თუ არა საიდუმლო მოლაპარაკებები პუტინთან

იაპონური გაზეთი „ტოიო კეიძაი“ (Toyo Keizai // 東洋経済) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „უკრაინის ომი ჩიხში შევიდა. როგორი იქნება 2024 წელი?“ (ავტორი - სიგეიუკი იოსიდა). ვრცელ მასალაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, განხილულია უკრაინის კონტრშეტევის კრახის მიზეზები და გადმოცემულია ომის სავარაუდო პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც 2023 წლის ივნისში დაიწყო, მიუხედავად ლოკალური წარმატებისა, წლის ბოლოსათვის ჩიხში შევიდა: უკრაინის არმიამ ვერც ერთ ძირითად სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, მათ შორის, ყველაზე მთავარს - ვერ გავიდა აზოვის ზღვის სანაპიროზე. რატომ მოხდა ასე? გავაანალიზოთ სიტუაცია და, იმავდროულად, 2024 წლის პერსპექტივებიც განვიხილოთ.

ა) ფაქტორები, რომლებმაც ფრონტი ჩიხში შეიყვანა

რუსეთ-უკრაინის ომი პატურ მდგომარეობამდე რამდენიმე ფაქტორმა მიიყვანა, რომლებიც პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება, გავყოთ: სუფთა სამხედრო მნიშვნელობის მქონედ და დიპლომატიურ-გეოპოლიტიკურად.

სამხედრო ფაქტორების ანალიზი ნებას გვაძლევს, სამი ასპექტი გამოვყოთ:

- ამერიკელებმაც და უკრაინელებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები;

- როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ამერიკელ სამხედროებს არ აქვთ საკმარისი წარმოდგენა თანამედროვე საომარ მოქმედებებზე, რომლებშიც გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები;

- ვაშინგტონსა და კიევს შორის არსებობდა სერიოზული უთანხმოება კონტრშეტევის სტრატეგიაზე.

დეტალურად განვიხილოთ პირველი და მეორე ასპექტი.

პირველი: როგორ შეცდნენ უკრაინელები და ამერიკელები?

სამხედრო მოქმედებების მოდელირების შედეგად, პენტაგონი დარწმუნდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც დასავლური იარაღით იყვნენ აღჭურვილნი და ნატოს ინსტრუქტორების მიერ გაწრთვნილნი, შეძლებენ რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას, 60 ან 90-დღიანი ბრძოლების შემდეგ მიაღწევენ აზოვის ზღვის ჩრდილოეთ ნაპირს და რუსეთის არმიას მომარაგების გზებს გადაუჭრიან, ჰაერიდან ავიაციის მხარდაჭერის გარეშე.

მაგრამ მოხდა სრულიად პირიქით: რუსეთის არმიამ 2022 წელს აღმოსავლეთ და სამხრეთის ფრონტებზე დამარცხების შემდეგ ძალების მოკრება შეუპოვრად დაიწყო, მაგრამ ამერიკელმა და უკრაინელმა სტრატეგებმა მოსკოვის პოტენციალი სათანადოდ ვერ შეაფასეს. მათ ვერ შეძლეს, სწორად განესაზღვრათ რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობა, დანაღმული ველების განაღმვის შესაძლებლობები. მათ, ასევე, ვერ მოამზადეს კონტრზომები რუსეთის არმიის მიერ ტაქტიკის შეცვლის კვალობაზე.

უკრაინის არმია დადგა ისეთი მასშტაბური სახმელეთო ომის წინაშე, რომელიც სანგრებში და ტრანშეებში მიმდინარეობს და რომელშიც ისეთი იარაღი, როგორიცაა დამრტყმელი დრონები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს - სწორედ ეს არის მტრის ტაქტიკა, რომლთანაც არც ამერიკელებს და არც ნატოელებს არასდროს შეხება არ ჰქონიათ.

და მაინც უკრაინის არმია იბრძოდა, თანაც ისეთ პირობებში, როცა ჰაერიდან ავიაციის მხარდაჭერა არ ჰქონდა. ასეთი გარემოება აშშ-ის არმიის მიერ ჩატარებული ოპერაციების დროს წარმოუდგენელია: ამერიკელ ჯარისკაცებს საომარი მოქმედებების დროს ყოველთვის ჰყავთ ჰაერში საიმედო ძალა - ავიაცია.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავიდანვე არ იძლეოდა ნებართვას ძლიერი იარაღის უკრაინისთვის მიწოდებაზე, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ითხოვდა, მაგალითად, თვითმფრინავ F-16-ებს („ფალკონებს“). საბოლოო ჯამში, ავიაციის მიწოდების ნებართვა მხოლოდ კონტრშეტევის წინ გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებამ დააგვიანა.

მეორე: ამერიკული სტრატეგია, რომელიც უკრაინას ხელს უშლის

ახლა განვიხილოთ პენტაგონსა და უკრაინელ სამხედროებს შორის წამოჭრილი უთანხმოებები. ამერიკელები დაბეჯითებით მოუწოდებდნენ უკრაინელებს წერტილოვანი სტრატეგიის განხორციელებაზე, ანუ ისეთზე, რომელიც მელიტოპოლზე - ზაპოროჟიეს ოლქის საკვანძო ქალაქზე - იქნებოდა ორიენტირებული. მელიტოპოლზე შეტევისა და მისი დაკავების შემდეგ უკრაინის არმია აზოვის ზღვის სანაპიროზე გავიდოდა, მაგრამ კიეველი სარდლები და გენერლები ამ სტრატეგიის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათ წამოაყენეს გეგმა ერთდროულად სამი მიმართულებით შეტევაზე - ბერდიანსკის, მელიტოპოლისა და ბახმუტის ხელში ჩასაგდებად. ვაშინგტონმა კიევს დაუთმო.

2023 წლის აგვისტოში ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა პენტაგონის მიერ შეთავაზებულ ოპერაციაზე, ჩიხიდან გამოსვლის მიზნით. კიევმა აირჩია ისეთი სტრატეგია, რომლის თანახმად, უკრაინის არმია კონტრშეტევას აგრძელებდა საკუთარი გეგმითა და შეხედულებებით, 2023 წლის ბოლომდე - ანუ ისეთით, როგორსაც უკრაინელი სარდლები და გენერლები სწორად თვლიდნენ. უფრო მეტიც - მათ ახალი ფრონტიც კი გახსნეს ყირიმის მიმართულებით, მაგრამ... ნოემბრის დასაწყისში უკვე აშკარა გახდა შეტევის წარუმატებლობა: სახმელეთო ჯარი ვერც აზოვის ზღვის სანაპიროზე გავიდა (ჩრდილოეთით) და ვერც ყირიმი დაიკავა (სამხრეთით).

რა და რატომ ვერ წავიდა ისე, როგორც საჭირო იყო? მე ვთვლი, რომ ზემოთჩამოთვლილი სამხედრო ფაქტორებიდან ყველაზე დამღუპველი გამოდგა აშშ-ის სტრატეგიული შეცდომა. ვაშინგტონმა სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის არმიის სახმელეთო ბრძოლის შესაძლებლობები და უკრაინელებზე ძლიერ ზეწოლას ახდენდა, რათა მათ დაეწყოთ კონტრშეტევა ჰაერიდან, ავიაციის მხარდაჭერის გარეშე.

სხვათა შორის, არჩევნის გაკეთებას ერთ და სამ მიმართულებას შორის, სიტუაციაზე მაინცდამაინც არსებითი გავლენა არ მოუხდენია. უკრაინელები ამერიკის რჩევას რომც დათანხმებულიყვნენ და მხოლოდ ერთი მიმართულებით დაეწყოთ შეტევა, მაინც იგივე სურათი იქნებოდა, რაც დღეს არის.

უნდა აღვნიშნო ყველაზე მნიშვნელოვნი არასამხედრო ფაქტორი - დიპლომატიური და გეოპოლიტიკური ასპექტი, რომელმაც სიტუაცია ჩიხამდე მიიყვანა. საქმე ეხება ჯო ბაიდენის მალულ სტრატეგიას - არ უნდა დაშვებულიყო უკრაინის დამარცხება და, იმავდროულად, არ უნდა დაერტყათ რუსეთისათვის ისე ძლიერად, რაც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დაცემას გამოიწვევდა.

ეს სტრატეგია 2022 წლის ბოლოს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ ხერსონი დაიკავა და ხარკოვის ოლქში თავბრუდამხვევი სისწრაფით გაათავისუფლა რიგი ქალაქები და დასახლებული პუნქტები, რუსული ოკუპაციისაგან. ეს იყო პერიოდი, როცა კიევმა გამარჯვების გემო გაიგო და ეიფორიულ ექსტაზში იმყოფებოდა. მოსალოდნელი იყო, რომ უკრაინის არმია შეტევას გააგრძელებდა და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდა. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა არაოფიციალურ ფორუმებზე შეშფოთების გამოხატვა დაიწყეს - ვაითუ უკრაინამ ისეთ წარმატებას მიაღწიოს, რომ პუტინის ხელისუფლება დაემხოსო და ამიტომ თეთრმა სახლმა კიევის დამუხრუჭება დაიწყო: აჭიანურებდა თვითმფრინავების მიცემას, შორი რადიუსის მქონე რაკეტების მიწოდებას... და რასაც აძლევდა დაგვიანებით, ისეთი და იმ რაოდენობით არ იყო, როგორსაც უკრაინა ითხოვდა. მაგალითად, ვაშინგტონმა კიევს მისცა ATACMS-ის ტიპის ისეთი რაკეტები, რომლებსაც ფრენის სიშორე მხოლოდ 150 კილომეტრი ჰქონდათ და მხოლოდ მტრის სამხედრო აეროდრომების აჩიჩქვნა შეეძლო და არა ისეთები, რომლებიც 300 კილომეტრზე ფრენდნენ და ძლიერი საბრძოლო ქობინებით იყვნენ აღჭურვილნი (მათ „ბეტონმსხვრევებს“ უწოდებენ). სწორედ ასეთი რაკეტების გამოყენება სურდათ უკრაინელებს 18-კილომეტრიანი ქერჩის ხიდის საბოლოოდ გასანადგურებლად. მოკლედ, თეთრის სახლის ზიგზაგები კიევის გაკვირვებას და იმედგაცრუებას იწვევდა.

რატომ არ სურს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას პუტინის რეჟიმის დამარცხება? მე ვთვლი, რომ ასეთ პოზიციას საფუძვლად უდევს გადაულახავი სურვილი - არ დაანგრიონ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი, რომლის დროსაც გაეროს უშიშროების საბჭოს მხოლოდ ხუთ მუდმივ წევრს - ამერიკას, რუსეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს - აქვთ ვეტოს დადების უფლება.

როცა 2023 წლის ივნისში რუსეთში „ვაგნერის“ ბუნტმა იფეთქა, ამერიკას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ვლადიმერ პუტინის სავარაუდო კრახის შედეგად რუსეთის ბირთვული არსენალი უკონტროლოდ დარჩებოდა.

სულ ახლახან კიდევ ერთმა ფაქტორმა გააძლიერა ამერიკული პოზიცია, გაეროს „ხუთეულის“ ფორმატის შენარჩუნებაში - ისრაელ-„ჰამასის“ ომმა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელმაც მხარი დაუჭირა ისრაელს, ეწინააღმდეგება მზარდ საერთაშორისო ზეწოლას, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით - სწორედ თავისი ვეტოს დადების უფლების წყალობით. აშშ აკრიტიკებს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო, მხარს უჭერს კიევს, მაგრამ ინარჩუნებს გაეროს „ხუთეულის“ ფორმატს, რითაც ირიბად „ეხმარება“ ხუთეულის წევრ რუსეთსაც.

ევროპაში აშშ-ის ჯარების ექსსარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა, რომელიც ჯო ბაიდენის სტრატეგიას აკრიტიკებდა, უკრაინის მიმართ, ამას წინათ პრეზიდენტის პოლიტიკა მკვეთრად დაგმო და განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი მთელ ძალისხმევას არ ახმარს რუსეთზე გამარჯვებას.

ფრონტზე შექმნილი ჩიხურმა სიტუაციამ აშშ-ში და მის მოკავშირეებში პესიმიზმი გამოიწვია - ეჭვები გაჩნდა, რომ 2024 წლისათვის უკრაინისადმი საერთაშორისო და დასავლური მხარდაჭერა შესუსტდება.

ცეცხლის შეწყვეტა: „როცა საიდუმლოს ნათელი მოეფინება“

საინტერესოა, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით? ერთ-ერთი ამერიკული წყაროს მტკიცებით, ჯერჯერობით, ამ მომენტისათვის არავითარი ოფიციალური თხოვნა არ არსებობს, კონფლიქტის გაყინვისა და მოლაპარაკების დაწყების მიზნით, მაგრამ გვაფრთხილებს“, „გამორიცხული არ არის, რომ ამ იდეას ზოგიერთ ქვეყნებში საიდუმლოდ იხილავენო“.

პირადად მე კონფლიქტის ამ ფორმით გაყინვისა და რუსეთთან დაზავების მოლაპარაკების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მართალია, დროებით შეწყდება საომარი მოქმედებები, მაგრამ ამით რუსები ძალას მოიკრებენ, გააძლიერებენ სამხედრო პოტენციალს დ უკვე მიღებულ საომარ გამოცდილებას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ. რუსები ვლადიმერ პუტინში ისეთ ლიდერს ხედავენ, რომელიც დაწყებულ ომს გააგრძელებს და მას ძლევამოსილად დაამთავრებს.

ჯო ბაიდენს, რომელიც აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბალოტირებას აპირებს, ალბათ, სურს თავი აარიდოს ისეთ სიტუაციას, რომლის დროსაც რესპუბლიკელები მას უკრაინის დამარცხებისათვის გააკრიტიკებენ. შესაბამისად, დემოკრატიულ ადმინისტრაციას მომავალ წელს მოუწევს, დაჩქარებულად განსაზღვროს, როგორ შეინარჩუნებს თავის ბურუსით მოცულ სტრატეგიას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო