შავი ზღვის "შავი ზონები" - ჩაერთვება თუ არა საქართველო ოპერაციაში, რომელიც ბევრ ტრაგედიას აგვაცილებს თავიდან?!
2024 წლის 11 იანვარს დაგეგმილია, რომ თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს შავ ზღვაში განაღმვითი სამუშაოების დაწყებას, საზღვაო ნაღმების აღმოსაჩენად და გასაუვნებელყოფად, ასევე, რუმინეთის საზღვაო აკვატორიის ჩრდილოეთ საზღვრამდე პატრულირებას.
ჩემს ბლოგში არა ერთხელ გამიმახვილებია ყურადღება საზღვაო ნაღმების მხრიდან საფრთხის ზრდაზე, შავის ზღვის ქვეყნების და მათ შორის, ჩვენი საქართველოს სანაპიროსთანაც.
თუკი აქამდე, საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი (და ისიც უმსხვერპლოდ) საზღვაო ნაღმი აფეთქდა ბათუმის ბულვარის ნაპირთან, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში სისტემატურად აღმოაჩენენ ხოლმე ღუზას მოწყვეტილ და თავისუფალ „ნაოსნობაში“ მოტივტივე საზღვაო ნაღმებს...
როგორც ირკვევა, ეს ნაღმები მხოლოდ იმ „პარტიიდან“ როდია, რომლებიც ომის დასაწყისში უკრაინელმა მეზღვაურებმა დააყენეს ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო ზოლის გაყოლებით, რომ რუსულ დიდ სადესანტო ხომალდებს ოდესის დასაპყრობად საზღვაო დესანტი არ გადაესხათ - ნაღმების ნაწილი უკრაინისა და რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში „ჩაყრილია“ რუსული თვითმფრინავებიდანაც იმ საზღვაო დერეფნის გასწვრივ, რომელი მარშრუტითაც სავაჭრო გემებს უკრაინის პორტებიდან მარცვლეული გააქვთ.

მდინარე დუნაის შავ ზღვასთან მიერთების ადგილას, ასევე, ბოსფორის სრუტის შესასვლელთან, არა ერთი საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს და გაანადგურეს, ორ-სამ ნაღმზე აფეთქდნენ სავაჭრო გემებიც, თუმცა არ ჩაძირულან, მხოლოდ დაზიანებები მიიღეს..
შესაბამისად, შავიზღვისპირა ქვეყნებისთვის საშური საქმეა, რომ შავი ზღვა გაიწმინდოს ასეთი ნაღმებისგან, რათა ნაოსნობის უსაფრთხოებას არაფერი დაემუქროს.
თუმცა უკრაინას ამისთვის არ ცხელა და არც დიდი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, რუსეთი - პირიქით, დამატებით ნაღმავს სანაოსნო გზებს შავ ზღვაში, რათა ხელი შეუშალოს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს. შესაბამისად, რჩებიან თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, რომელთა ინტერესებშიცაა შავი ზღვის ნაღმების საშიშროებისგან „განთავისუფლება“...
საზღვაო ნაღმების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა, ძირითადად, მტრალავი ხომალდების საშუალებით ხდება.

მტრალავი ხომალდების ყველაზე დიდი რაოდენობის - 11 ერთეულის გამოყვანა შავ ზღვაში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს შეუძლიათ, რომელთა შორის ექვსი შედარებით თანამედროვე Aydın-ის კლასისაა და აღჭურვილნი არიან HOSA-ს ტიპის წყალქვეშა დრონებით, რომლებიც ათასი მეტრის სიღრმემდე ეშვებიან.
დანარჩენი ხუთი თურქული მტრალავი, მოძველებული Engin-ის კლასისაა, ისინი ანკარას საფრანგეთმა გადასცა, ხოლო თურქეთმა მოდერნიზება ჩაუტარა.
ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაშია 2007 წელს ბელგიიდან და 2019 წელს ნიდერლანდებიდან გადაცემული Alkmaar/Tripartite-ის კლასის სამი მტრალავი ხომალდი, ხოლო რუმინელებს შეუძლიათ გამოიყვანონ საკუთარი წარმოების ხუთი მტრალავი ხომალდი, მათ შორის - სამი Musca და ერთი Cosar -ი, ასევე, დიდი ბრიტანეთისგან გადაცემული ერთი Sandown-ი.
სხვათა შორის, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიჰყიდა ამავე, Sandown-ის კლასის ორი მტრალავი ხომალდი, რომლებიც უკრაინელმა მეზღვაურებმა „ჩერნიგოვად“ და „ჩერკასად“ „გადანათლეს“, თუმცა ჯერ ისევ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში დაცურავენ, რადგან შავ ზღვაში შემოსვლისთანავე მათზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი „დიდ ნადირობას“ დაიწყებს...
მართალია, ნატოს წევრი შავიზღვისპირა ქვეყნების მტრალავი ხომალდების უმეტესი ნაწილი მოძველებულია, მაგრამ მთავარია, თუ განაღმვის რა ახალი საშუალებებია მათ გემბანებზე - ეს კი დისტანციურად მართვადი წყალზედა და წყალქვეშა დრონებია, რომლებიც ხომალდის ეკიპაჟს საშუალებას აძლევს, აღარ გამოიყენოს საზღვაო ტრალები და განაღმვითი ოპერაციები უსაფრთხო მანძილიდან დისტანციურად განახორციელოს ამ დრონების საშუალებით...
მკითხველს გაუჩნდება ბუნებრივი კითხვა - კი, მაგრამ შავიზღვისპირა ქვეყანა, ხომ, საქართველოცაა და ჩვენ რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ამ განაღმვით სამუშაოებშიო?

მართალია, საქართველოს არ ჰყავს მტრალავი ხომალდები, მაგრამ საზღვაო ნაღმის ბათუმის სანაპიროსთან აფეთქების შემდეგ, შსს-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწრაფმავალი კატარღებით ეტაპობრივად ათვალიერებენ ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიას, ასევე, ნავსადგურებს, მონიტორინგს უწევენ ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლს. პერიოდულად მონიტორინგისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები სპეციალურ დრონებს იყენებენ.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, გამოიცა სპეციალური ცირკულარიც ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებმა და ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ადგილობრივ მოსახლეობას, კომერციულ, სატრანსპორტო და სატვირთო გემებს, აგრეთვე, თევზსაჭერი სეინერების ეკიპაჟებს უსაფრთხოების დასაცავი ინფორმაცია მიაწოდეს.
მომავალი წლის 11 იანვარს, როდესაც გაფორმდება სამხრივი ხელშეკრულება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის, შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი სამუშაობის დაწყების თაობაზე, სასურველი იქნებოდა,რომ საქართველოც, გარკვეულწილად, თანამშრომლობდეს ამ ქვეყნებთან, განაღმვით ოპერაციებში...