ცხოველების სიყვარული თუ ფანატიზმი? - რა ხდება საქართველოში? რატომ მომრავლდნენ ძაღლებისგან დაკბენილი თუ დაგლეჯილი ადამიანები? - კვირის პალიტრა

ცხოველების სიყვარული თუ ფანატიზმი? - რა ხდება საქართველოში? რატომ მომრავლდნენ ძაღლებისგან დაკბენილი თუ დაგლეჯილი ადამიანები?

საქართველო - სამოთხე დედამიწაზე თუ ჯოჯოხეთი ცხოველებისთვის?!

თითქმის, ერთი კვირაა, რაც მთელი საქართველო დაძაბული ადევნებს თვალს ორი წლის პატარას მდგომარეობას, რომელიც 15 დეკემბერს, პიტბულმა დაგლიჯა! ბავშვს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, რადგან მისი თავის ქალის დიდი ნაწილი დაზიანებული იყო! იმავე ძაღლმა დაკბინა პაციენტის 6 წლის ძმაც, რომლის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. 20 დეკემბერს, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში, ძაღლის მიერ დაკბენილი ოთხი ადამიანი შეიყვანეს. მათ შორის, ერთ-ერთი - ბავშვია! შარშან, პიტბულმა დაკბინა ჩვილი, რომელსაც თავის არეში ურთულესი ოპერაცია დასჭირდა...

მხოლოდ 2022-2023 წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ჩნდება შეკითხვა - მაინც, რა ხდება საქართველოში? რატომ მომრავლდნენ ასე ძაღლებისგან დაკბენილი თუ დაგლეჯილი ადამიანები?

ნინო მეგრელიშვილი - დიდი დიღმის მცხოვრები:

"ქვეყანაში ამდენი მილიონერი გვყავს, გახსნან თავშესაფრები, ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთონ!"

- მესმის, რომ ცხოველთა დამცველების რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი უნდა ვთქვა: ალბათ, აფრიკის ყველაზე ღატაკ, ჩამორჩენილ სახელმწიფოებშიც კი არ არის ისეთი განუკითხაობა, როგორიც ჩვენთან! - ქუჩის ძაღლები თავიანთ ნებაზე არიან მიშვებული - ყველა უბანში ჯგუფებად დადიან და ბევრი მათგანი აგრესიულია. არც მიკვირს - მშიერ-მწყურვალი, მიუსაფარი ძაღლი აგრესიული იქნება, აბა, რა? მათი შემხედვარე, ვცდილობ, რომ საკვები ზოგჯერ მაინც მივაწოდო, მაგრამ ყოველთვის ვის აქვს იმდენი, ქუჩის ძაღლები გამოკვებოს?! ორიოდე წლის წინ, მიუსაფარმა ძაღლმა დამკბინა და იძულებული გავხდი ცოფის საწინააღმდეგო აცრა გამეკეთებინა - ძაღლი გაიქცა და სადღა ვიპოვიდი? რამდენიმე თვის წინ, ჩემი შვილი მეზობლის ნაგაზმა შეაშინა, საყვედური რომ ვუთხარი, იცით, რა მიპასუხა? - "შენს ცელქ და მოუსვენარ შვილს ჩემი ძაღლი მირჩევნიაო!" ძალიან მაინტერესებს, რა არის ეს - ცხოველების სიყვარული თუ ფანატიზმი?!

არ ვიცი, სხვა უბნებში რა ხდება, მაგრამ ჩვენთან, ძაღლების გამო არც ძილი გვაქვს და არც - მოსვენება! ამ პრობლემას ვინმემ ხომ უნდა მიხედოს?! ამ ქვეყანაში რამდენი მილიონერი ცხორობს, გახსნან ამ ძაღლებისთვის თავშესაფრები, ეს ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთონ! როგორც ვიცი, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ირიცხება რამდენიმე მილიონი, რომ ცხოველებს კასტრაცია და სტერილიზაცია ჩაუტარონ, ეტყობა, ამ ფულს ვიღაცები ჯიბეში იდებენ, ან წყალს ატანენ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ?! აბა, ეს ცხოველები ასე რატომ მრავლდებიან?

გადასახადებს ვიხდი, არაფერს ვაშავებ, შვილებს ვზრდი და საკუთარ სამშობლოში, ჩემს ქალაქში, თავს ასე დაუცველად რატომ უნდა ვგრძნობდე?!

რეგიონებში უარესი მდგომარეობაა, დასავლეთში სოფელი მაქვს და კარგად ვიცი, იქ რა ხდება. ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი, სადაც ადამიანიც დაუცველია და ცხოველიც. სახელმწიფომ რაღაც ხომ უნდა იღონოს, რომ უპასუხისმგებლო ადამიანებმა ქუჩაში ძაღლების გაგდება შეწყვიტონ?! ალბათ, მეტისმეტად ემოციურად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს პრობლმა ყველას გვაწუხებს, მგონი, საქართველოში ოჯახი არ არსებობს, სადაც ძაღლისგან დაკბენილი ერთი ადამიანი მაინც არ ცხოვრობს!

ლიკა ყაზბეგი - სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი:

"ვფიქრობ, რომ ამ ბავშვების დასახიჩრებაში სახელმწიფოც დამნაშავეა"

- არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა, რადგან დიდი ტრაგედიაა, როცა პატარა ბავშვი ამხელა განსაცდელში ჩავარდება. თითქმის ყველა იმეორებს, რომ პიტბულია პრობლემა, რომ ეს ჯიში უნდა აიკრძალოს, მაგრამ ჩვენ ოჯახში გვყავს პიტბული, ვერც კი წარმომოდგენია, რომ მან ადამიანს ზიანი მიაყენოს. ვისაც პიტბული ჰყავს, დამეთანხმება, რომ ეს ძალიან თბილი და მოსიყვარულე ჯიშია, მთავარია, როგორ გაზრდი და როგორ მოექცევი. საუბედუროდ, მას ხშირად ზრდიან აგრესიულ, მოჩხუბარ ძაღლად, დაბმული ჰყავთ და აშიმშილებენ, რომ მერე "უკეთესად" იჩხუბოს. როცა ნაშიმშილარ, დაბმულ ძაღლს ქუჩაში გაუშვებ, კარგს რას ჩაიდენს?!

მე ორივე მეცოდება: ადამიანიც და ძაღლიც, რომელიც ასეთ "პატრონს" გამოექცა - "პატრონს", რომელიც აშიმშილებდა და სიბნელეში ჰყავდა დამწყვდეული...

ჩვენ ხომ ვიცით, რა მდომარეობაში არიან ძაღლები, განსაკუთრებით, პროვინციებში? - იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს! თუ ძაღლი, რომელმაც 2 წლის ბავშვი და მისი ძმა დაკბინა, ასეთი ვაი-პატრონის ხელში იყო, მე მას პირდაპირ პასუხისგებაში მივცემდი. ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანები ძაღლებს სასტიკად ექცევიან, ერთ ფაქტს გიამბობთ, რომელიც ვერაზე, ჩემ თვალწინ მოხდა:

გოგონა თავისი მანქანით დაეჯახა უსაყვარლეს, ჰასკის ჯიშის ლეკვს და ხერხემალში გადატეხა. ყველა გადავედით და ჩავერიეთ, მაგრამ ამ გოგონამ პასუხისმგებლობა არ აიღო. ხომ უნდა ეფიქრა, რომ ნორმალური მკურნალობის შემთხვევაში, ძაღლი შეიძლება გადარჩენილიყო და ეტლით გაეგრძელებინა ცხოვრება? - სამწუხაროდ, ასე არ მოხდა! არადა, ეს გოგო ცნობილი ოჯახის შვილია: მისი ოჯახის 2 წევრს საკუთარი კლინიკა აქვს, მამამისიც უმდიდრესი კაცია და საქმროც. სამწუხაროდ, ამ ოჯახმა ოპერაციაში 2 თასი ლარის გადახდაზე უარი თქვა და ეს თანხა ისევ საზოგადოებამ შეკრიბა. ასეთი უსამართლობის მოწმე არასდროს ვყოფილვარ და ღმერთს ვთხოვ, მსგავსი რამის ხილვა მომავალშიც ამაცილოს!

რაც შეეხება დაზიანებულ პატარებს, მე ვფიქრობ, რომ ამ ბავშვების დასახიჩრებაში სახელმწიფოც დამნაშავეა: ყველამ ვიცით, რომ არჩევნები მოდის და ამაში მილიარდებს ხარჯავენ, რატომ ენანებათ ფული, რომ უპატრონო, მიუსაფარ ცხოველებს დაეხმარონ, რომ საქართველოში ადამიანიც დაცული იყოს და ცხოველიც?! უცხოეთში რატომ არ არის ქუჩაში ამდენი ძაღლი? - იმიტომ, რომ ყველას პატრონი ჰყავს, ცხოველთა თავშესაფრებს ხსნიან და ისინი უმისამართოდ არ მრავლდებიან. ძალიან ვწუხვარ, რომ ძაღლებმა, რომლებიც არასწორად გაზარდეს და ფსიქიკა დაუზიანეს, ამდენი ოჯახს მოუტანეს მწუხარება!

ქეთი კვირკველია, ექიმი-ვეტერინარი:

"თუ ცხოველს პატრონი ჰყავს, პასუხი სწორედ მას უნდა მოეთხოვოს, ხოლო მიუსაფარ ძაღლებს სახელმწიფომ უნდა მიხედოს"

- ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას იმდენი ფინანსები არა აქვს, რომ მიუსაფარ ცხოველებს სრულყოფილად მოუაროს, მაგრამ ვხედავ, რომ მათ პერიოდულად იჭერენ, სტერილიზაცია-კასტრაციას უტარებენ და ცოფის ვაქცინასაც უკეთებენ... უბრალოდ, ეს ვაქცინა ცხოველს წელიწადში ერთხელ უნდა გაუკეთდეს, რადგან მერე ძალას კარგავს. უპირველესად, სწორედ აუცრელი ცხოველები უქმნიან საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს.

ფინანსების ნაკლებობას ემატება საზოგადოების უპასუხისმგებლობაც, რადგან მიუსაფარი ცხოველების 80% ქუჩაში სწორედ ოჯახიდან აღმოჩნდა: ეს ცხოველები პატარაობისას აიყვანეს, ითამაშეს, როცა ლეკვი იყო, მაგრამ როცა გაიზარდა, მიხვდნენ, რომ ცხოველს მოვლა სჭირდება, რომ მისი ჭამა და ვაქცინაცია ხარჯია, ეს აღარ მოეწონათ და ქუჩაში გამოუშვეს! ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პრობლემას უყურადღებოდ ეკიდება, არადა, ყველა, ვისაც სახლში ცხოველი ჰყავს, ვალდებულია, რომ მას ვაქცინაცია, ჩიპირება და სტერილიზაცია-კასტრაცია ჩაუტაროს. წლების წინ ძაღლებს იჭერდნენ და ხოცავდნენ, ცხადია, ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით, მაგრამ მათი იზოლაციისთვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ.

სხვათა შორის, ამერიკაში ასეთი მიდგომა აქვთ: ცხოველი თავშესაფარში გადაჰყავთ, ერთ თვეს აძლევენ და თუ ვერ გაჩუქდება, აძინებენ. მე არც მათი დაძინების მომხრე ვარ. გამოსავალი ისაა, რომ კანონი გამკაცრდეს იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც პატრონი ჰყავთ. ბევრი მეუბნება: ცოდოა, ჩემს ძაღლს კასტრაცია რატომ უნდა ჩავუტაროო, ასეთ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ცხოველს ოჯახის შექმნის სურვილი და მოთხოვნილება ნამდვილად არა აქვს, მისთვის ეს მხოლოდ გამრავლების ინსტინქტია, რომლის გავლენით, აგრესიული და აფორიაქებულია, როგორც კი ოპერაციას ჩავუტარებთ, ნებისმიერი ცხოველი საოცრად წყნარი და მშვიდი ხდება. ჩემი აზრით, კონტროლი ყველაზე მნიშვნელოვანია: როცა ადამიანს ცხოველის აყვანა სურს, უნდა არსებობდეს სპეციალური სამსახური, რომელიც მის ადეკვატურობას და ფინანსურ მდგომარეობას შეამოწმებს. ადამიანს ბავშვის აყვანა რომ მოუნდეს, ამის უფლებას არავინ მისცემს თუ მის მდგომარეობას არ შეამოწმებს, ძაღლებზეც იგივე უნდა ხდებოდეს, რადგან ცხოველსაც პატარა ბავშვივით სჭირდება მოვლა და ყურადღება.

საქართველოში ცოფის სტატისტიკაც საგნაგაშოა და თუ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ, ევროკავშირი კარგა ხანს კარს არ გაგვიღებს, რადგან ევროპაში ამ სფეროს დიდ ყურადღებას აქცევენ. ჩვენს მკითხველს კიდევ ერთხელ უნდა გავუმეოროთ, რომ ცოფი არ იკურნება, ცოფიანი ცხოველის მიერ დაკბენილი ადამიანი კი, პირველი 24 საათის განმავლობაში უნდა აიცრას, რადგან მისი სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ იმყოფება:

ცოფი არ იკურნება და ამ დაავადების გამო, ადამიანი იღუპება.

სწორედ ამიტომ, ამერიკაში ძაღლი, რომელმაც თუნდაც ერთ ადამიანს უკბინა, თავშესაფარში გადაჰყავთ და დაძინების კანდიდატია - მიიჩნევენ, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს.

კანონი უნდა გამკაცრდეს: როცა ცხოველს პატრონი ჰყავს, მის საქციელზე პასუხი პატრონს უნდა მოეთხოვოს, ხოლო მიუსაფარ ძაღლებს სახელმწიფომ უნდა მიხედოს - ეს ჩემი მოსაზრებაა. ძაღლებიც სულიერი არსებები არიან, მათაც სცივათ, შიათ, სწყურიათ და ამის გამო, აგრესიულები ხდებიან. ასეთი ჩემი მოსაზრება - როგორც მოქალაქის და როგორც ვეტერინარისა, რომელსაც ცხოველები არავისზე ნაკლებად არ უყვარს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)