ქართველი აქტივისტი საქართველოში გაკეთებული საქმის გამო თურქეთში დააჯილდოვეს
თურქულმა ფონდმა „ჩვენი პლანეტა“ ქართველი აქტივისტი და ჟურნალისტი, ნინო ბურჭულაძე სამთომოპოვების არეალში კულტურული რესურსების და გარემოს დაცვაში შეტანილი წვრილისთვის დააჯილდოვა. ნინო პირველი ქართველი და პირველი უცხოელია, რომელსაც „ჩვენმა პლანეტამ“ ჯილდო გადასცა.
"ვერც კი წარმოვიდგენდი, საქართველოში გაკეთებული საქმეების გამო უცხო ქვეყანაში თუ დამაჯილდოებდნენ. როცა ამის შესახებ შევიტყვე, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო, სტამბოლში ჩაფრენა ვერ შევძელი. თუმცა სტამბოლის უნივერსტეტის ისტორიულ დარბაზში ჩემი სახელი და გვარი მაინც გაისმა და ჯილდო ჩემმა მეგობარმა, კოლეგამ აიღო (რომელსაც წინა ღამით დავურეკე და მისვლა ვთხოვე), მე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ჩავედი", - ამბობს ნინო ბურჭულაძე.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ფონდი „ჩვენი პლანეტა“ თურქეთში 2019 წელს შეიქმნა და ის კლიმატის ცვლილებებით დაინტერესებულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. მათ შორის დიპლომატებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, ექიმებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და ა.შ. დამფუძნებელთა სია მრავალფეროვანია გეოგრაფიული თვალსაზრისითაც. ფონდის დამფინანსებლები, შეძლებული ადამიანები პირადად არიან ხოლმე ჩართულები სხვადასხვა აქტივობაში..."
"ნომინაციაზე წარდგენა გამარჯვებას არ ნიშნავს, ამას ორი კაცი ან თუნდაც, ხუთი არ წყვეტს. ღონისძიებაზე დასასწრები მოწვევა 26 ნოემბერს მივიღე, მაგრამ წასვლა არც მიფიქრია. იქიდან გამომდინარე, რომ ფონდს უცხოელები არასდროს დაუჯილდოებია და მე თურქეთის გარემოს დაცვის საქმეში არაფერი მქონდა გაკეთებული, არანაირ ჯილდოს არ ველოდი..."
"საქართველოში ძეგლის გადატანა დაშლა-აწყობით ახალი არ არის, თუმცა, ძეგლის დაუშლელად გადატანა ნამდვილად უპრეცედენტო ამბავია. საქმე ეხება აბულმუგის მე-17 საუკუნის აბანოს, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩვენი აქტიურობის შედეგად ძეგლს სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, მაგრამ რთული გეოლოგიური პროცესების გამო, მისი შენარჩუნება მაინც სათუო იყო. გადავწყვიტეთ, უსაფრთხო ადგილზე გადაგვეტანა, მაგრამ იყო საფრთხე, რომ დაშლა-აწყობის პროცესში აბანო ავთენტურობას დაკარგავდა. ერთ დღესაც თავში ძალიან თამამი აზრი მომივიდა, ძეგლი დაუშლელად გადაგვეტანა..."
"ვამაყობ იმითაც, რომ აბანოს გენერალური გამაგრება და შემდეგ გადატანა მხოლოდ ქართველმა სპეცილიასტებმა შეასრულეს და დღეს აბულმუგის აბანოს მონახულება ყველა მსურველს შეუძლია. ზაფხულში ის ინგლისის ელჩმაც მოინახულა. როდესაც ძეგლის გადატანის ისტორია მოვუყევი, აღფრთოვანდა... საზოგადოებამ უკვე იცის, რომ წელს დასრულდა მე-18 საუკუნის, ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხულუტის გადარჩენისთვის 4 წელი ვიბრძოლეთ, 3 წელი სარეაბილიტაციო პროცესს დასჭირდა, დღეს კი ძალიან ღირსეულად გამოიყურება და ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საფორთიფიკაციო ძეგლებს შორის..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ბახტურიძე