"ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს", "ხალხი მეუბნება, ჯამბაზობის მეტს არაფერს აკეთებთო" - "ლეიბების რევოლუცია", "ვალინკები" და "ბიბლიური წვიმა" - როგორ ხუმრობენ პოლიტიკოსები - კვირის პალიტრა

"ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს", "ხალხი მეუბნება, ჯამბაზობის მეტს არაფერს აკეთებთო" - "ლეიბების რევოლუცია", "ვალინკები" და "ბიბლიური წვიმა" - როგორ ხუმრობენ პოლიტიკოსები

მართალია, ჩვენმა პოლიტიკოსებმა გასულ წელიც ცხარე პოლიტიკურ დებატებს დაუთმეს, მაგრამ არც იუმორის გრძნობა დაუკარგავთ. ამ საქმეში, ტრადიციულად, ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი ლიდერობდა. ის პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა სოციალურ პლატფორმა ტიკ-ტოკზე და თავისებური იუმორით მოგვესალმა:

"არ მელოდით, რომ ტიკ-ტოკზეც მნახავდით, არა?!"

ზოგადად, მედიაში პოლიტიკოსის გამოჩენა იუმორით არცთუ იშვიათად აღინიშნება.

"ჩემს ახალგაზრდობაში ასეთი გამოთქმა იყო: "სალამი ბიჭებს, შარვალი გიჭერთ!", მოგესალმებით და ველი თქვენს შეკითხვებს", - მიმართა მან ტიკ-ტოკზე თავის გამომწერებს. ოპოზიციის შესახებ დასმულ შეკითხვას კი პოლიტიკოსმა მედიით ასეთი პასუხი გასცა: "ოპოზიციის გადაკეთებას ახლის გაკეთება სჯობია!"

ამ შეფასებას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, აწ უკვე ამ პარტიის ყოფილი წევრი - ნიკა მელიაც დაეთანხმა. ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებდა, საკუთარი პერსონის შესახებ იხუმრა: "ხალხი მეუბნება, ჯამბაზობის მეტს არაფერს აკეთებთ, თუ ასე გააგრძელებ "პრაიმშოუშიც" მოხვდებიო. თუ ასე გავაგრძელებ, ალბათ მართლა მოვხვდები "პრაიმშოუში". კი ბატონო, ოღონდ ირაკლი კობახიძეს გარეშე არ წავალ! თუ ირაკლი თანახმა იქნება, წავალ. თუ გართობაა, ბოლომდე გართობა იყოს", - განაცხადა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კი საკუთარი თავი განსხვავებული კრიტერიუმებით შეაფასა:

"დიახ, მე "ნაციონალური მოძრაობის" დნმ მაქვს! ცხადია, "ნაციონალურ მოძრაობაში" დავრჩები!", - განაცხადა მან პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არჩევისას. პარტიის უახლოეს გეგმად კი პატიმრობიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა დაასახელა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არ დაეთანხმა, - "რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?", - იკითხა კობახიძემ და იქვე დასძინა: "ნაციონალური მოძრაობა" ისეთი დაშლილია, ელიავაზეც აღარ ჩაიბარებენო!..

პარლამენტთან ლეიბების დაყრისა და ზედ გაწოლის საკუთარი ინიციატივა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა გასულ წელს კვლავ გაიხსენა "შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონის" მიღებისას:

"არჩილ თალაკვაძის პოეზიას რომ გადავხედე, მივხვდი, რომ ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს. მას ვერ ემახსოვრება და არც უნდა ახსოვდეს, პარლამენტთან 4 თვის განმავლობაში დადგმული კარვები. თურმე, როგორი მართალი ვყოფილვარ, როდესაც პარლამენტთან ლეიბებს და კარვებს ვითხოვდი! ხელისუფლებას როგორ ეშინია კარვებისა და ლეიბების, არა?! იმიტომ, რომ პროტესტი რომ არის იქ, ხან რომ ცივა და ხან რომ ცხელა, დიახ, იქ ფერადი ლეიბიც გჭირდება!", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა,

რაზეც პარლამენტარმა არჩილ თალაკვაძემ მიუგო: "მინდა, ქალბატონი თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო: ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, იყო ლეიბების რევოლუცია, მინდა დაგამშვიდოთ, კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი".

ქუთაისური ანეკდოტით გამოეხმაურა ჟურნალისტი და პოლიტიკოსი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის როლს პოლიტიკურ მოვლენებში. კერძოდ, ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით:

"ამასთან დაკავშირებით ერთი ქუთაისური ანეკდოტი მახსენდება, ჭიჭიკია რომ დგას ხიდზე, ხელებს იქნევს და გამვლელები ეკითხებიან: რას შობი, ჭიჭიკიაო? ნიანგებს ვაფრთხობო, პასუხობს ჭიჭიკია. მერე, აქ ნიანგს რა უნდაო? მე რომ ვაქნევ, იმიტომ არ უნდაო! ეუბნება ჭიჭიკია". მოგვიანებით, ჭიჭიკიას ეს ამბავი პოლიტიკოსმა უფრო დაწვრილებით განმარტა: "მე ყოველთვის ვღაღადებდი, რომ "ოცნებას" უნდა სტატუსი! უბრალოდ, ზიანის კონტროლშია და ამიტომ ლანძღავს დასავლეთს-მეთქი. მერე რა მოხდა? ხელისუფლებამ ოპოზიციაც მთლიანად დააყენა სტატუსის ფაქტორზე: ოპოზიციას ხომ მეტზე არაფერზე დაუხარჯავს დრო, - დრო ახარჯვინა თავიდან ბოლომდე სტატუსზე, ყველაფერი ააწყო სტატუსზე. ახლა მიიღო ეს სტატუსი ხელისუფლებამ და ახლა რას შვება ოპოზიცია, რას აპირებენ? მე კი ვიცი, რასაც ვაპირებ", - დააზუსტა ჩორგოლეიშვილმა.

საინტერესო აღმოჩნდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გამოხმაურება დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც მან კლინიკა "ვივამედიდან" გააკეთა: "ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ჩვენ გვჭირდება ბევრი სტიმული. ქართველი ქალები მუცლით ატარებენ სხვის შვილებს... მათ თავიანთი შვილები უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის, ბანგლადეშელის…. ვიღაცებს სწყენიათ, რომ მე ვახსენე სხვადასხვა ეროვნება… ჩემი ბიოგრაფიდან გამომდინარე, უხერხულია ჩემი დადანაშაულება რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას!", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

გასული წლის ერთ-ერთი აქტუალური თემა პოლიტიკასთან ერთად, ზაფხულის წვიმიანი სეზონიც იყო. ერთ-ერთი სტიქიის შემდეგ გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც ჩავიდა, ჟურნალისტები შეკრიბა და განუცხადა: "პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს! ადგილზე ვიქნები ხვალაც, მზად ვარ ფიზიკურად დავეხმარო მათ ამ საქმეში! მნიშვნელოვანია თანამდებობის პირების ჩართვა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცის!..", - განაცხადა ხაბეიშვილმა. მოგვიანებით, გადაუღებელმა წვიმებმა დატბორეს არაერთი რეგიონი, მათ შორის, დედაქალაქიც; სადაც კახი კალაძე "ვალინკებით" გამოჩნდა. "ვალინკებიან" მერს სოციალური ქსელის მომხმარებლები ხუმრობით უწერდნენ: "კალაძე, "ვალინკები" არა! უცნობს (ტელეწამყვან გიას გაჩეჩილაძე, გადაცემა "კიდობანით)" კიდობანი სთხოვე სთხოვე და გაცურე".

როგორც მოგვიანებით შეარქვეს, ასევე "ბიბლიური წვიმა" დაემთხვა საქართველოსა და შოტლანდიის ფეხბურთის მატჩს გლაზგოს სტადიონზე. კოკისპირული წვიმის გამო მსაჯმა თამაში 20 წუთითაც კი შეაჩერა. სამწუხაროდ, ამ თამაშში ჩვენი გუნდი დამარცხდა. სწორედ ასეთ ფონზე დაუსვეს ჟურნალისტებმა თბილისის მერს ლევან ხაბეიშვილის შესახებ კითხვა. კახი კალაძემ, რომელიც ასევე ყოფილი ფეხბურთელია, ჟურნალისტების ამ შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხა: "როგორც მე ვიცი, ხაბეიშვილი შოტლანდიაში იყო და იმ პრობლემებს აგვარებდა, რომელიც მატჩის წინ წვიმის გამო შეიქმნა. დაბრუნდა?", - დაინტერესდა კალაძემ.

საბოლოო ჯამში, ჩვენი პოლიტიკოსების ხუმრობებიც და სერიოზული დისკუსიებიც გასულ წელს კარგი შედეგით, ევროკავშირის სტატუსის მიღებით დასრულდა. ვისურვოთ, მომავალში ბევრად უკეთესი გარემო გვქონოდეს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)