სტალინის ლაბორატორია  X და "საბჭოთა ტერმინატორი" - შხამი სპეცსამსახურების სამსახურში, რომელთა კვალს ვერავინ აგნებდა - კვირის პალიტრა

სტალინის ლაბორატორია  X და "საბჭოთა ტერმინატორი" - შხამი სპეცსამსახურების სამსახურში, რომელთა კვალს ვერავინ აგნებდა

თხრობა მაშინ შევწყვიტეთ, როდესაც 1948 წლის 23 მარტს გამოჩენილი საბჭოთა მთამსვლელი ევგენი აბალაკოვი და მაიორი იური არციშევსკი კახური ღვინით სავსე პატარა „ბაჩონკით“ (შეიძლება ზოგიერთს გახსოვთ კიდეც მობილური და „პორტატული“ ხის პატარა, რკინისსახელურიანი ოვალური კასრი, რომელიც ძალზე პოპულარული იყო საბჭოთა საქართველოში და, ძირითადად, ღვინის, იშვიათად - ჭაჭის შორ მანძილზე გადასატანად იყენებდნენ) ხელდამშვენებულები სამხედრო ექიმს და მოყვარულ მთამსვლელს, გიორგი ბელიკოვს, კარგად შეღამებულზე კომუნალურ ბინაში ესტუმრნენ.

მასპინძელი ახალგაზრდა, თუმცა უკვე გამოცდილი, ომგამოვლილი სამხედრო ექიმი იყო, თანაც უბრალო ექიმი კი არა, არამედ - სსრკ-ის ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარული და ქიმიური თავდაცვის კვლევითი ლაბორატორიის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მის სპეციალიზაციას ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების მეთოდების კვლევა და „სპეციალური პრეპარატების“ შექმნა წარმოადგენდა. ეს, ალბათ, ოჯახური ტრადიცია იყო, რადგანაც მისი მამა - პეტრე ბელიკოვი (1892-1961), ჯერ კიდევ 1923 წლიდან მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო ინსტიტუტში ქიმიკო-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლდათ. საბჭოთა იმპერიაში ყველა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ეფექტიანობა, ძირითადად, იმით ფასდებოდა, თუ რა წვლილი შეჰქონდა „სოციალიზმის მშენებლობაში“. აქ „ხალხის მტრებისა“ და „კონტრრევოლუციონერების“ მოსპობა-განადგურების ახალი, თანამედროვე მეთოდების დამუშავებაც იგულისხმებოდა.

„სპეციალური აქციები“ – ასე ნიღბავდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები პოლიტიკური ოპონენტების, მოღალატეების ან, თუნდაც, უკვე “ძალზე” ბევრისმცოდნე თანამოქალაქეების ლიკვიდაციას. ეს პროცესი მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი და ყოველდღიური მოვლენა იყო, როგორც ყოველ დილას ახალი ტყუილი გაზეთ „პრავდაში“. არ ჰქონდა მნიშვნელობა - ომი იყო თუ მშვიდობა (ან როდის ყოფილა საბჭოთა კავშირში მშვიდობა, ის ხომ შინ და გარეთ ყოველთვის მტრებს ეძებდა, პოულობდა, ებრძოდა და განადგურებას ცდილობდა!), სპეცოპერაციები მაინც სრულდებოდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები ისე “დაოსტატდნენ” ადამიანების ლიკვიდაციის საქმეში, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თითქმის ყოველთვის “თვითმკვლელობას”, “გულის შეტევით გარდაცვალებას”, „გაზით გაგუდვას“ ან სხვა უბედურ შემთხვევას აფიქსირებდა.

პოლიტიკური მკვლელობები სპეცმედიკამენტების, ქიმიური შენაერთების და შხამების გამოყენებით საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული და ფარული საქმიანობა იყო და არის.

ლიკვიდაციის ამ მეთოდების, ხერხებისა და სპეციარაღის დამუშავებას და შესრულებას ათწლეულების მანძილზე ახორციელებდა "ენ-კა-ვე-დე" – "კა-გე-ბეს" ყველაზე საიდუმლო ოპერატიული დანაყოფი: ლაბორატორია X. ასე მოიხსენიებდნენ ოფიციალურ დოკუმენტებში ლუბიანკის ციხის მიდამოებში მდებარე შეუმჩნეველ პატარა შენობას. ლაბორატორია აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას “კარგად” უთავსებდა სიკვდილმისჯილ პატიმრებზე ახალი ტოკსიკური ნივთიერებების და ორგანული შხამების გამოცდას. ამ “ჰუმანური” მიზნებისათვის ლაბორატორიას სპეცკამერებიც ჰქონდა. "ენ-კა-ვე-დე" - "კა-გე-ბეს" ამ დანაყოფში შესვლა, იქ მომუშავეთა გარდა, მხოლოდ მინისტრს და მის პირველ მოადგილეს (რომლის უშუალო საკურატორო სფეროშიც ლაბორატორია შედიოდა) შეეძლოთ.

ყველაფერი კი, როგორც ყველა საშინელება, ძალზე ჩვეულებრივად დაიწყო: 1921 წელს “სოვნარკომის” თავმჯდომარის, ვლადიმერ ლენინის მითითებით, მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტში შეიქმნა ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია X. შეიძლება ითქვას, რომ აქედან იწყება “სპეცსაშუალებებით” საიდუმლო მკვლელობების სერიალი. ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი პროფესორი კაზაკოვი, როგორც “უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ჯაშუში” და ბუხარინის თანამოაზრე, 1938 წელს დახვრიტეს. მანამდე, ერთი წლით ადრე კი, მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც უკვე ახალი შეფის, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკის, პროფესორ მაირანოვსკის ხელმძღვანელობით “ავთვისებიან სიმსივნეზე სხვადასხვა შხამის და ტოქსიკური აირის ზემოქმედების” თემატიკაზე მუშაობდა (ბუნებრივია, თან “ჩეკისტების” სპეციფიკურ შეკვეთებსაც ასრულებდა), "ენ-კა-ვე-დეს" გადაეცა და ფორმალურად ოპერატიულ-ტექნიკურ განყოფილებას (“ოტო”-ს) დაექვემდებარა. 1937-1951 წლებში ლაბორატორია X -ს პროფესორი, პოლკოვნიკი გრიგორი მაირანოვსკი ხელმძღვანელობდა. მასაც განგებამ, წინამორბედივით, ტრაგიკული ბედი არგუნა, რის შესახებაც ქვემოთ მექნება საუბარი.

picture1-1703224467.jpg

გრიგორი მაირანოვსკი

ამ ლაბორატორიის შექმნის დღიდან მისმა თანამშრომლებმა მათ მიერვე დამზადებული ბიოლოგიური და ტოქსიკური ნივთიერებებით მრავალი ადამიანი მოკლეს. მსხვერპლთა შესახებ ზუსტ ინფორმაციას, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ. დღეს დოკუმენტურადაა დადასტურებული ამ ლაბორატორიის მხოლოდ რამდენიმე ათეული მსხვერპლის ვინაობა.

სამხედრო ინჟინერი, წარმოშობით პოლონელი ებრაელი, აბრამ სამეტი, რომელიც 1939 წლიდან საბჭოთა კავშირში იყო ინტერირებული, წყალქვეშა ნავების აკუსტიკური მოწყობილობების შექმნაზე ბერიას ქვეშევრდომების მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა. ომის შემდეგ სამეტმა მოინდომა ისტორიულ სამშობლოში – პალესტინაში დაბრუნება. ამის დაშვება კი საბჭოთა ბელადს არაფრით არ სურდა და როცა ყველა არგუმენტი ამოიწურა (მაგრამ სამეტი თავისას არ იშლიდა), სტალინმა მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. ულიანოვსკის სამხედრო ქარხანაში მომუშავე სამეტთან უშიშროების აგენტი – ქარხნის პოლიკლინიკის ექიმი “ჩანერგეს”, რომელიც მალე დაუმეგობრდა ინჟინერს. სულ მალე ულიანოვსკში თავად მაირანოვსკი ჩავიდა და “ექიმ-აგენტთან” ერთად ქარხნის პერსონალის გეგმური პროფილაქტიკური შემოწმების დროს ანტიინფექციური ინიექციები გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ სამეტი მოულოდნელად გარდაიცვალა. ოფიციალური დიაგნოზი: “ინფარქტი”. სინამდვილეში კი სამეტი კურარეს შხამით მოკლეს.

1946 წლის ზაფხულში უკრაინის ცკ-ს პირველი მდივნის, ხრუშჩოვის დაჟინებული თხოვნით, სტალინმა უკრაინის განათლების ყოფილი მინისტრის, შემდეგ კი უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლიდერის - ალექსანდრე შუმსკის ლიკვიდაციის სანქცია გასცა. უკრაინის ეროვნული თვითმყოფადობისთვის მებრძოლი შუმსკი პატიმრობიდან ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს და სარატოვში გადაასახლეს.

picture2-1703224467.jpg

ალექსანდრე შუმსკი

მაგრამ იქაც არ „ისვენებდა“ და სტალინს ულტიმატუმი წაუყენა, - თუ უკრაინაში დაბრუნების და ცხოვრების უფლებას არ მომცემთ, თავს მოვიკლავო. ბელადი, თურმე, ძალიან “შეწუხდა” და უშიშროების მინისტრ აბაკუმოვს დაავალა, “დახმარებოდნენ” ავადმყოფ კაცს ჩანაფიქრის განხორციელებაში. სარატოვში პროფესორი მაირანოვსკი გაემგზავრა. სპეცაქციას ადგილზე ხელმძღვანელობდნენ უშიშროების მინისტრის მოადგილე ოგოლცოვი და პოლიტბიუროს წევრი კაგანოვიჩი. ლაბორატორია X -ში დამზადებულმა შხამმა, როგორც ყოველთვის, თავისი საქმე გააკეთა და სამი დღის შემდეგ შუმსკი “გულის უკმარისობის გამო“ გარდაიცვალა.

ლაბორატორია X მორიგი მსხვერპლი კომინტერისა და ჩეკას ძველი აგენტი, აშშ-ის კომპარტიის ფარული წევრი ისაკ ოჰინსი იყო. ის 1938 წელს დააპატიმრეს “ორმაგი აგენტობის” ბრალდებით (ეჭვი ჰქონდათ, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთვის მუშაობდა) და ომის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა სპეცსამსახურებისათვის უკვე “უსარგებლო, მაგრამ ბევრის მცოდნე” ყოფილი აგენტი იყო.

picture3-1703224467.jpg

ისაკ ოჰინსი

აბაკუმოვის წინადადებით, სტალინის და მოლოტოვის თანხმობით, გადაწყდა ოჰინსის ლიკვიდაცია. თანაც ისე, რომ მაქსიმალურად ბუნებრივ სიკვდილს დამსგავსებოდა. 1947 წელს მაირანოვსკიმ, ვითომდა მორიგი სამედიცინო გამოკვლევის დროს, სასიკვდილო ინექცია გაუკეთა ყოფილ აგენტს. მის სასწრაფო კრემაციას და დაკრძალვსა ქალაქ პენზის ებრაელთა სასაფლაოზე სტალინის ეპოქის მთავარი ლიკვიდატორი პავლე სუდოპლატოვი ხელმძღვანელობდა.

picture4-1703224467.jpg

„საბჭოთა ტერმინატორი“ – პავლე სუდოპლატოვი

ამ ლაბორატორიაში დამზადებული შხამების და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებით ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ყოველთვის სანქცირებული იყო “ინსტანციის” (ე.ი. კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის) და მთავრობის მიერ. განსაკუთრებით აქტიურობდა ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც იმ პერიოდში უკრაინის კომპარტიას ხელმძღვანელობდა. მისი დაჟინებული თხოვნით, რომელსაც შემდეგ სტალინიც დაეთანხმა, 1947 წელს სსრკ უშიშროების სამინისტროს დაევალა უკრაინის არქიეპისკოპოსის თეოდორ რომჟას ლიკვიდაცია. საქმეში ჯერ უკრაინელი “ლიკვიდატორები” ჩაერთვნენ ადგილობრივი

picture5-1703224467.jpg

თეოდორ რომჟა

უშიშროების მინისტრის, სავჩენკოს ხელმძღვანელობით. მათ მიერ სპეციალურად მოწყობილ ავტოკატასტროფაში რომჟა მხოლოდ მსუბუქად დაშავდა და უჟგოროდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პანიკაში ჩავარდნილმა ხრუშჩოვმა დახმარებისათვის სტალინს მიმართა, რომლის პირადი მითითებით უჟგოროდში, ადამიანთა ლიკვიდაციის პროფესიონალები: გენერალი სუდოპლატოვი და პოლკოვნიკი მაირანოვსკი გაემგზავრნენ. ისინი პირადად ხრუშჩოვმა მიიღო, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა(?!) და ოპერაციის სასწრაფო შესრულება მოსთხოვა. მეორე დღეს მაირანოვსკიმ კურარეს შხამიანი ამპულა გადასცა აგენტ-შემსრულებელს. ორი დღის შემდეგ საავადმყოფოს პალატაში მყოფ არქიეპისკოპოსს ჩვეულებრივ დილის შემოვლაზე მოსული ახალგაზრდა მომხიბლავი მედდა მიუახლოვდა, მდგომარეობა გამოჰკითხა და “ჩვეულებრივი” ინექცია გაუკეთა. მეორე დღეს არქიეპისკოპოსი რომჟა “გულის უკმარისობის გამო” გარდაიცვალა.

1947 წელს ლაბორატორია X რატომღაც ძალზე დატვირთული იყო. იმ წლის ზაფხულში X-ის სპეცსაკანში უნგრეთიდან “სმერშის” მიერ მოტაცებული შვედი დიპლომატი რაულ ვალენბერგი მიიყვანეს და, ვითომ და, მკურნალობისთვის

picture6-1703224467.jpg

რაულ ვალენბერგი

გათვალისწინებული სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს. “ლუბიანკის” ციხის მედპერსონალი, რომელიც ოპერაციის უმაღლესი კონსპირაციის გამო, ბუნებრივია, არ იყო ინფორმირებული ამ სპეცაქციის შესახებ, სიკვდილის ნამდვილ მიზეზს ვერ მიხვდა (!!!) და ვალენბერგის გულის შეტევით გარდაცვალება დააფიქსირა. აქ გასაკვირია არაფერია, რადგანაც ლაბორატორია X-ის მთავარი ამოცანა, სწორედ ის იყო, რომ სიკვდილის შემდეგ პათანატომიურ გაკვეთას ადამიანის ბუნებრივი სიკვდილი დაეფიქსირებინა. ძალზე იშვიათი იყო შემთხვევა, რომ მოწამვლის ფაქტი აღმოეჩინათ.

პროფესორი მაირანოვსკი კი პირნათლად ასრულებდა პარტიის და მთავრობის დავალებებს. მისმა თანამშრომლებმა მინსკში 1948 წლის იანვარში სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს ცნობილ საბჭოთა რეჟისორს - სოლომონ მიხოელსს და თეატრალურ კრიტიკოსს (თან შეთავსებით - უშიშროების აგენტს) გოლუბოვს, რომელმაც შეიტყუა მიხოელსი ბელარუსის უშიშროების მინისტრის, ლავრენტი ცანავას აგარაკზე. უკვე გარდაცვლილებს, შემდეგ, უბედური შემთხვევის ინსცენირებისათვის სატვირთო ავტომობილი გადაატარეს.

1951 წელს ლაბორატორია X-ის ხელმძღვანელი მაირანოვსკი დააპატიმრეს სხვა ებრაელ ჩეკისტებთან (ეიტინგონი, რაიხმანი, მათუსოვი, ანდრეი სვერდლოვი და სხვ.) ერთად. მას ბრალად... ტოქსიკური ნივთიერებების და შხამების უკანონო შენახვა(?!) წაუყენეს, რომლითაც, როგორც “საბჭოთა უშიშროების სისტემაში სიონისტური შეთქმულების მონაწილეებს”, ვითომ სტალინი და სხვა ხელმძღვანელები უნდა მოეწამლათ. სასტიკი წამების შედეგად მაირანოვსკიმ ყველაფერი “დეტალურად აღიარა” და 1953 წლის თებერვალში მას 10 წელი მიუსაჯეს. მაგრამ ცოდვიანი პროფესორის ტანჯვაწამება ამით არ დასრულებულა. სახელმწიფო გადატრიალებისა და ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა დიდი რეპრესიები დაიწყო. მისი უშუალო მითითებით, მაირანოვსკი აიძულეს, ჩვენებები მიეცა უშიშროების ყოფილი მინისტრების - აბაკუმოვისა და მერკულოვის (რომლებიც შემდეგ დახვრიტეს), ასევე, პოლიტბიუროს წევრების (უპირველესად, მოლოტოვის) წინააღმდეგ. მისჯილი საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ მაირანოვსკი გაათავისუფლეს, თუმცა სულ მალე, 1964 წელს, ის ფრიად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. სამედიცინო დიაგნოზი – ”გულის უკმარისობა” ბევრ კითხვას ბადებს, რადგანაც პროფესორმა ძალზე ბევრი იცოდა საბჭოთა ლიდერების დანაშაულებრივ მოქმედებებზე.

ასე რომ, 1948 წლის 24 მარტს აბალაკოვისა და არციშევსკის ვითომდა „პიკანტურ ვითარებაში“ გაზით „გაგუდვის შედეგად“ გარდაცვალება, საბჭოთა სპეცსამსახურების ხელწერას ძალზე წააგავს.

(მეხუთე ნაწილის დასასრული)