ზვიად გამსახურდიას ავი წინასწარმეტყველება - "თბილისი რამდენიმე უბნად დანაწევრდება, იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, მოიშლება ყველაფერი..."
თბილისის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა. 1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველზე გავარდა პირველი ტყვია, რომლის შედეგებს ლამის დღემდე ვიმკით. თბილისის ომი ზვიად გამსახურდიას დამხობით დასრულდა, რასაც მოჰყვა აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომი.. ქვეყანა სრულ წყვდიადში და ქაოსში ჩაიძირა.
სხვათა შორის, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ იწინასწარმეტყველა, რა მოჰყვებოდა მის დამხობას.
„მე დაგიხატავთ ჩემი პოსტიდან წასვლის შემდგომ თბილისს: თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები, მათ შორის იქნება მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისა და ზეგავლენისთვის. იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა, მოიშლება ყველაფერი – ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აცხადებდა ზვიად გამსახურდია.