კენჭის "გავლა" F-16-ისთვის - პატარა დეტალი, რომლის გამოც, შესაძლოა, ნატოსა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს?! - კვირის პალიტრა

კენჭის "გავლა" F-16-ისთვის - პატარა დეტალი, რომლის გამოც, შესაძლოა, ნატოსა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს?!

შეუძლია თუ არა, შეიარაღების კონკრეტულ სახეობას თუ ტიპს შეცვალოს ომის ბედი და გაამარჯვებინოს მოწინააღმდეგე მხარეებიდან ერთ-ერთს?ალბათ, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ასეც შეიძლება მოხდეს, თუკი მას მხოლოდ ერთი მხარე ფლობს -1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, შესაბამისად, ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებულმა თითო-თითო ამერიკულმა ატომურმა ბომბმა მართლაც დააჩქარა იაპონიის კაპიტულაცია, თუმცა საშინელი ტრაგედია დაატრიალეს იაპონიის მიწაზე...

ჩვეულებრივი შეიარაღების კონკრეტული ტიპით ომის მოგება შეუძლებელია - მან შეიძლება მხოლოდ გარკვეული უპირატესობა მოაპოვებინოს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაზე ბრძოლების დროს.

„ვუნდერვაფე“-ანუ „იარაღი-საოცრება“, რომლის გამოყენებისთანავე შეიძლება ომი მოიგო...არ არსებობს, რადგან ყველა იარაღს მოეძებნება საპირწონე...

ამხელა შესავალის დაწერა იმიტომ დამჭირდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში კვლავ გაძლიერდა საზოგადოებრივი აზრი (პირველ რიგში კი, უკრაინაში), რომ დასავლეთის მიერ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის გადაცემის შემდეგ, თურმე მათი შიშით ვერცერთი რუსული „სუ“ და „მიგი“ ვეღარ აფრინდება...

ეს, რა თქმა უნდა, დიდი შეცდომაა. ასეთივე სახიფათო შეცდომითი განწყობა სუფევდა უკრაინის არმიისთვის გერმანული „ლეოპარდების“, ბრიტანული „ჩელენჯერებისა“ და ამერიკული „ბრედლების“ გადაცემის შემდეგაც - როგორც კი სანგარში მჯდომი რუსი ოკუპანტი მისკენ დაძრულ „ლეოპარდსა“ და „ბრედლის“ დალანდავს, შეშინებული მაშინვე კუდამოძუებული გაიქცევაო...

ასე არ მოხდა, ნაქები დასავლური ჯავშანტექნიკაც ისევე იწვებოდა ბრძოლის ველზე, როგორც რუსული ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რადგან „აუფეთქებელი ტანკი“ არ არსებობს...

2-h-1703241049.png
F-16-ის ჰაერმიმღები შასის წინა საყრდენის თავზეა განთავსებული და ამიტომაც საბურავიდან გატყორცნილი კენჭები მასში ვერანაირად ვერ მოხვდება...თუმცა ადამიანი კი ეტევა...

ეხლა, როდესაც მოახლოვდა ევროპის რიგი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის დრო,ა ნალოგიური განწყობა იქმნება მათ მიმართაც...

2023 წლის 23 აგვისტოს ჩემს ბლოგში „ამერიკული F-16 VS რუსული Су-35 - ვინ ვის მოუგებს უკრაინის ცაში?“, მე მგონი,საკმაოდ ვრცლად და ამომწურავად შევეხე ამ თემას და გამეორებას არ ვაპირებდი, მაგრამ წამოიჭრა ერთი ძალზე ვიწრო ტექნიკური ნიუანსი, რომელიც ამასთანავე შეიძლება სერიოზულ სტრატეგიულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს...რიგი სამხედრო ექსპერტები ცნობილი დასავლური საინფორმაციო საშუალებებიდან ამკვიდრებენ აზრს, რომ F-16-ების საბრძოლო ექსპლუატაცია უკრაინის საჰაერო ბაზებიდან თურმე გაჭირდება იმიტომ, რომ ძველი საბჭოთადროინდელი ბეტონირებული ასფრენ-დასაფრენი ბილიკებიდან აფრენისას F-16-ის ფიუზელაჟის ქვეშ განთავსებულ დიდი ზომის ჰაერმიმღებში რეაქტიულმა ძრავამ შეიძლება კენჭები „შეისრუტოს“ და ძრავა მწყობრიდან გამოვიდესო...

რეაქტიული ძრავაში უცხო სხეულების მოხვედრის საშიშროება ყოველთვის არსებობს და ამიტომაც, განსაკუთრებით მოწმდება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სისუფთავე(თავის დროზე თქვენ მონა-მორჩილსაც არაერთი კილომეტრი გაუვლია მწკრივში თავჩაქინდრულს, რომ აეროდრომის ბეტონზე მცირე კენჭებიც აღმოეჩინა) და რეაქტიული ძრავის ჰაერმიმღებში კენჭები წესით არ უნდა აღმოჩნდნენ, თუკი ვინმემ სპეციალურად არ „დადო“(გაგახსენებთ, 1998 წლის ერთ სასაცილო თუ სატირალ ინციდენტს - პრეზიდენტ შევარდნაძის თვითმფრინავის დასახვედრად ვერ აფრინდნენ ქართული Су-25 -ები, რადგან მათ ჰაერმიმღებში კენჭები „აღმოაჩინეს“- ეს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ვარდიკო ნადიბაიძის თანამდებობიდან განთავისუფლების საბაბად გამოიყენეს).

თუმცა, ასპროცენტიან გარანტიას, რომ აფრენის დროს ბილიკზე გარბენისას, როდესაც თვითმფრინავის რეაქტიული ძრავა სრული სიმძლავრითა მუშაობს, რაიმე უცხო დეტალი არ მოხვდება ძრავის ჰაერმიმღებში, ვერავინ მისცემს(ეს კი არა და, აზერბაიჯანის სამხედრო აეროდრომზე საქართველოდან ნაყიდი Су-25 -ის ძრავების ამუშავების დროს ჰარმიმღებში შეიწოვა თბილისის საავიაციო ქარხნის სპეციალისტი,რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა).

ამიტომაც კონსტრუქტორები ცდილობენ ისეთ ადგილას განათავსონ რეაქტიული ძრავის ჰაერმიმღები, რომ ნაკლები შანსი იყოს მან მიწიდან „შეისრუტოს“ კენჭები.

3-h-1703241149.jpg
საბჭოთა МиГ-29-ის ორივე ძრავის ჰაერმიმღები აფრენის დროს სპეციალური ცხაურით იკეტება...

Reuters -ი 2023 წლის 14 დეკემბრის ანალიტიკურ სტატიაში „საჰაერო ომი უკრაინის თავზე“, აშშ-ის სტიმსონის ვაშინგტონის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი კელი გრიკო ამტკიცებს, რომ ამერიკული F-16 „ფაქიზი“ თვითმფრინავია და მისი აფრენა უკრაინის აეროდრომებიდან პრობლემატური გახდება, რადგან რეაქტიული ძრავის ჰაერმიმღები ქვემოთ აქვს და კენჭებს „შეიწოვსო“, ხოლო საბჭოთა МиГ-29-ს იმიტომ არ აქვს ეს პრობლემა, რომ აფრენის მომნეტში, მისი ჰაერმიმღებები სპეციალური ცხურით იკეტებაო...

МиГ-29 ტიპის საბჭოთა გამანადგურებელი ამერიკული F-16-ის „თანაეპოქელია“ და მას მართლაც გამოუჩნდა დიდი პრობლემა, რადგან მისი ორი რეაქტიული ძრავის ორი ჰაერმიმღები ფიუზელაჟის ქვეშ იყო განთავსებული, თანაც შასის წინა საყრდენის უკან - შესაბამისად შასის წინა საყრდენის საბურავიდან ატყორცნილი კენჭები ხვდებოდა ჰაერმიმღებებში...

„მიგის“ კონსტრუქტორები იძულებულნი გახდნენ სპეციალური ცხაურები დაემონტაჟებინათ ჰაერმიმღებებში - აფრენისას, გარბენის დროს ეს ცხაურები კეტავდნენ ჰაერმიმღებებს, ხოლო რეაქტიული ძრავები ჰაერს ფრთის კონსოლების თავზე დატანებული სხვა, გახსნილი ცხაურებიდან იღებდნენ...

4-h-1703241049.png
... МиГ-29-ს რეაქტიული ძრავები კი აფრენის დროს ჰაერს ფრთის კონსოლებზე დატანებული სპეციალური ცხაურებიდან იღებენ...

ამ კონსტრუქციულმა გადაწყვეტილებამ რა თქმა უნდა გაართულა და დაამძიმა МиГ-29-ის კონსტრუქცია. სუ-27-ის ინჟინრებმა უარი თქვეს იგივეს გამეორებაზე, მიუხედავად იმისა, რომ Су-27-საც ქვედა ნაწილში აქვს განთავსებული ორი ჰაერმიმღები - მათ უშუალოდ ჰაერმიმღებებში დაამონტაჟეს სპეციალური ეკრანის ბადეები, რომლებიც მხოლოდ მას შემდეგ „აიკეცებიან“, როდესაც შასის წინა საყრდენის საბურავი ჰაერში აიწევა (ცხაკიას(სენაკის) და ბომბორას(გუდაუთა) აეროდრომზე განთავსებულ МиГ-29-ებსა და Су-27-ებს არცთუ იშვიათად „აწუხებდათ“ აეროდრომის კენჭების პრობლემა...).

ამერიკულ F-16-ს კი არაფერი ამგვარი არ სჭირდება, რადგან მისმა კონსტრუქტორებმა ეს პრობლემა უფრო მარტივად და ორიგინალურად გადაწყვიტეს-ჰაერმიმღები შასის წინა საყრდენის საბურავის თავზეა განთავსებული, შესაბამისად, ამ საბურავიდან „გასროლილი“ კენჭები ვერანაირად ვერ მოხვდებიან თვითმფრინავის ჰაერმიმღებში და შესაბამისად ვერ დააზიანებენ მის რეაქტიულ ძრავას...

ამიტომაც,ამერიკული წარმოების F-16-ების საბრძოლო ექსპლუატაცია უკრაინული აეროდრომებიდან სავსებით შესაძლებელია!

უფრო მეტიც - იმის გამო, რომ F-16-ის ფრთაგაშლილობა მხოლოდ 9,45 მ-ია ანუ ათ მეტრსაც კი არ აღწევს, უკრაინისთვის გადაცემული ყველა F-16-ის საიმედოდ შენახვა-გადამალვა შეიძლება ყოფილ საბჭოთა აეროდრომებზე აგებულ დაცულ რკინაბეტონის ანგარებში, რომლებშიც 14,7 მ ფრთაგაშლილობის Су-27-ები უბრალოდ ვერ ეტევიან(უკრაინელებს შველით ის ტექნიკური ნიუანსი, რომ ბრიტანული და ფრანგული ფრთოსანი რაკეტების გამშვები მათ Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენების ფრთის კონსოლების ისრისებურებად იცვლება და „ფრთების დაკეცვის“ შემდეგ, ის 17,6 მ-იდან 10,3 მ-მდე მცირდება, რაც ამ ბომბდამშენების დაცულ ანგარებში მოთავსებისა და რუსული მუდმივი საჰაერო დარტყმებისგან გადარჩენის შანსს იძლევა).

P.S. ის დასავლეთელი სამხედრო ექსპერტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნაჩუქარ F-16-ების გამოყენება უკრაინელებს გაუძნელდებათ და გამოსავალის სახით კიევს სთავაზობენ, რომ ამ „მებრძოლმა შევარდნებმა“ „ბუდე“...უკრაინის მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში დაიდონ...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დაახანა და მორიგი გაფრთხილებაც „გამოაცხო“- თუკი უკრაინისთვის გადაცემული F-16-ები მისი მეზობელი ქვეყნების აეროდრომებიდან დაიწყებენ საბრძოლო გაფრენების განხორციელებას, რუსეთი ამას აღიქვამს ომში ნატოს პირდაპირ ჩარევადო...

ასე რომ, სულ პატარა ტექნიკური დეტალი-„შეიწოვს“ თვითმფრინავის რეაქტიული ძრავა აეროდრომზე დარჩენილ კენჭებს თუ არა ,შეიძლება სტრატეგიული დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზით კი გახდეს...