112-ის გაფრთხილება მოსახლეობას - რა ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი?
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს და მათ მოკლ ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.
"გაცნობებთ, რომ 23-26 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რეგიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - წერს 112.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.