მომთაბარე „პეტრიოტმა“ კიდევ სამი რუსული „იხვნისკარტა“ ჩამოხსნა უკრაინის ციდან... - კვირის პალიტრა

მომთაბარე „პეტრიოტმა“ კიდევ სამი რუსული „იხვნისკარტა“ ჩამოხსნა უკრაინის ციდან...

22 დეკემბერს უკრაინის ცაში სულ რაღაც სამიოდე წუთის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც წესით ერთგვარი გარდატეხა უნდა შეიტანოს ამ ომის მსვლელობაში...

სამ წუთში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგდებული იქნა სამი რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су-34, რაც რეკორდი უკვე აღარ არის, რადგან ა.წ. 13 მაისს რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე ოთხ წუთში ოთხი რუსული საფრენი აპარატი-ორი საბრძოლო თვითმფრინავი და ორიც შვეულმფრენი ჩამოვარდა...

ხელწერა ერთი და იგივეა - საზენიტო ჩასაფრება შორ მანძილზე მფრენი ობიექტების მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით გასანადგურებლად...

იგივე დაფიქსირდა ა.წ. 5 დეკემბერს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის თავზე კუნძულ ზმეინის სიახლოვეს, როდესაც რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су-24 ასევე მოულოდნელად ჩამოგდებული იქნა საზენიტო რაკეტით...

ამ სამი საავიაციო შემთხვევის ანალიზი იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ უკრაინელმა მეზენიტეებმა ამერიკელებისა და გერმანელების მიერ გადაცემული შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემების „პეტრიოტების“ ჭკვიანური ტაქტიკური გამოყენებით დაიწყეს საზენიტო ჩასაფრებების მოწყობა ფრონტის ხაზის იმ მიმართულებებზე, საიდანაც რუსეთის საოკუპაციო ძალების ავიაცია შორი მანძილიდან დაუსჯელად ბომბავდა უკრაინის არმიის პოზიციებს.

2-s-1703321719.png
ФАБ-500М62 კალიბრის საავიაციო ბომბზე დაყენებული „პლანირებისა და კორექციის უნივერსალური მოდული“ - УПМК , გასაშლელი ფრთებით

სიტყვა-ბომბავდა, აქ ცოტა სხვა განმარტებითაა, საქმე ის არის,რომ ამ ომის დასაწყისში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები მართლაც გადაუფრენდნენ უკრაინელების პოზიციებს თუ სხვა ობიექტებს და ისე აგდებდნენ უმართავ საავიაციო ბომბებს და უშვებდნენ უმართავ საავიაციო რაკეტებს.

ამ ტაქტიკამ რუსეთის ავიაციას დიდი ზიანი მიაყენა, რადგან ომის დაწყების პირველსავე დღეებში დასავლეთმა მოახერხა უკრაინელებისთვის საკმაო რაოდენობის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „სტინგერების“ მიწოდება, რომლებიც 4,5 კმ-ის რადიუსში და 3,8 კმ სიმაღლემდე სწვდებოდნენ მოწინააღმდეგის საფრენ აპარატებს, შესაბამისად რუსულმა საბრძოლო ავიაციამ მტკივნეული დარტყმა განიცადა-ჩამოგდებული იქნა ასამდე თვითმფრინავი და ერთი ამდენი შვეულმფრენიც.

დანაკარგების შემცირების მიზნით, რუსული მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების ეკიპაჟებმა უმართავი საავიაციო რაკეტების გაშვება კაბრირების რეჟიმში (როდესაც საფრენი აპარატი სიმაღლეს იღებს და მისი ცხვირი ზემოთაა აწეული) დაიწყეს შორი მანძილიდან, რათა უკრაინელების „სტინგერების“ მოქმედების ზონაში არ შესულიყვნენ.

მაგრამ, უმართავი საავიაციო ბომბების ჩამოყრა კაბრირების დროს რთული და არაეფექტურია (ისევე როგორც უმართავი რაკეტების გაშვება ამ რეჟიმში), ამიტომაც უკრაინელმა სამხედროებმა ომის რამდენიმე თვე რუსული საავიაციო ბომბების „სტუმრობისგან“ დაისვენეს, სანამ...

სანამ, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, მიუხედავად რამდენიმე ასეული საერთაშორისო სანქციისა, არ დაიწყო УПМК-ების მასიური წარმოება...

3-s-1703321719.png
„პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემის ერთი გასაშვები დანადგარის ღამით უკრაინის გზებზე მალულად გადაბაზირება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს...

რა არის УПМК?

ეს არის ФАБ-500М62 კალიბრის საავიაციო ბომბზე დაყენებული „პლანირებისა და კორექციის უნივერსალური მოდული“ გასაშლელი ფრთებით-ანუ რუსებმა მიბაძეს ამერიკელების JDAM (Joint Direct Attack Munition)-ს და მოძველებულ უმართავ საავიაციო ბომბებზე დაამაგრეს „პლანირებისა და კორექციის უნივერსალური მოდული“, რომელმაც ის „ჭკვიან ბომბად“ გადააკეთა, რადგან ГЛОНАСС-ით (გლობალური ნავიგაციის თანამგზავრული სისტემა, ამერიკული GPS-ის რუსული ანალოგი) იმართება და თანაც გასაშლელი ფრთები აქვს...

ამან რუსი ოკუპანტების საბრძოლო თვითმფრინავებს საშუალება მისცა 50-70 კმ-ის სიშორიდან ჩამოეგდოთ ეს „დაჭკვიანებული“ საავიაციო ბომბები, რომლებიც ჰაერში პლანირების შემდეგ ზუსტად ხვდებოდნენ სამიზნეს და ამასთან რუს მფრინავებს არათუ ხუთიოდე კმ-ის სიშორეზე მოქმედი „სტინგერების“, არამედ 35-40 კმ-ის რადიუსის მქონე „ბუკის“ საზენიტო რაკეტებისაც კი არ შეეშინდებოდათ...

ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთის ავიაციამ სწორედ ამ „დაჭკვიანებული“ ბომბებით დიდი პრობლემები გაუჩინა უკრაინელების პოზიციებს ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით კი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სოფელ კრინკთან მოპოვებულ პლაცდარმზე გამაგრებულ უკრაინელ საზღვაო ქვეითებს, რომლებსაც რუსული სუ-34-ები-„იხვნისკარტები“ დღეში... ასამდე ასეთ მართვად საავიაციო ბომბსაც კი აყრიდნენ უხიფათო, 50 კმ-ზე შორი მანძილიდან...

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი აღიარებს, რომ ისინი არანაკლებ სამი თვე ემზადებოდნენ ჭკუა ესწავლებინათ რუსი ოკუპანტებისთვის და მათთვის გაემეორებინათ ის „მასტერ-კლასი“ რაც 13 მაისს რუსეთისვე, ბრიანსკის ოლქის ცაში მოუწყევს...

უკრაინის ცის დამცველ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს შორის ნაჩუქარი „პეტრიოტები“ გამოირჩევიან ყველაზე შორი-160 კმ-მდე მანძილზე მოქმედების უნარით (ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბლოგის 2023 წლის 20 აპრილის სტატიას „რას შეცვლიან "პეტრიოტები" უკრაინის ცაში...“, რომელშიც, როგორც ეხლა გამოჩნდა, რაღაც-რაღაცეები გვიწინასწარმეტყველია...), მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა და ძირითად უკრაინის დედაქალაქს-კიევს იცავენ რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ აერობალისტიკური რაკეტებისგან. მაგრამ, როდესაც რუსი ოკუპანტების ავიაციამ „ძალზე შესტოპა“ პლანირებადი ბომბების გამოყენებით უკრაინის არმიის პოზიციებზე, კიევის დაცვიდან ჩუმად მოიხსნა „პეტრიოტის“ ერთი გასაშვები დანადგარი ოთხი საზენიტო რაკეტით და ჯერ ჩრდილოეთში, ბრიანკისკენ მოუწყო საზენიტო ჩასაფრება დაუსჯელობის გრძნობით გათავხედებულ რუს პილოტებს, ხოლო ეხლა კი სამხრეთში დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მისწვდა და ჩაპლინკას (ხერსონის ოლქი, ფრონტის ხაზიდან, სოფელ კრინკიდან აღმოსავლეთით 50 კმ-ზე) თავზე ერთმანეთის მიყოლებით სამი რუსული „იხვისკარტა“ ჩამოაგდო, შესაბამისად ამ თვითმფრინავების სამი ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ნაწილი დაიღუპა, ნაწილმაც მოახერხა კატაპულტირება...

ამასთან, უკრაინელმა მეზენიტეებმა გამოიყენეს კიდევ ერთი სამხედრო ეშმაკობაც - მათ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების აღმოსაჩენად არ აამოქმედეს „პეტრიოტის“ სისტემის საშტატო რადიოლოკაციური სადგური, რადგან ამ რადიოლოკატორის აქტიურ რეჟიმში ამუშავებისთანავე რუსული თვითმფრინავების კაბინებში მაშინვე განგაშის სიგნალი ამოქმედდებოდა იმის მაჩვენებლად, რომ „პეტრიოტის“ რადილოკატორმა ისინი დააფიქსირა, შესაბამისად რუსი პილოტები ანტისაზენიტო მანევრებს განახორციელებდნენ..

სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ადრეული აღმოაჩინა და უკრაინელ მეზენიტეებს ინფორმაცია მიაწოდა ნატოს კუთვნილმა „ავაქსმა“, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში ბარაჟირებდა...

4-s-1703321719.jpg
ხერსონის ოლქში ჩამოგდებული სამი რუსული Су-34-იდან ერთ-ერთის ეკიპაჟის წევრის გახსნილი პარაშუტი მიწაზე დაშვების შემდეგ...

„ეფექტიანობა-ღირებულება“ კრიტერიუმით თუ შევაფასებთ და ჩავთვლით, რომ უკრაინელი მეზენიტეების მიერ გაშვებულმა „პეტრიოტის“ სამმა რაკეტამ ზუსტად სამი რუსული Су-34 ჩამოაგდო, გამოდის რომ 9 მლნ დოლარით („პეტრიოტის“ ერთი მოდერნიზებული საზენიტო რაკეტის ფასი 3 მლნ დოლარამდეა) უკრაინელებმა რუსებს 150 მლნ დოლარის ზარალი მიაყენეს სამი „იხვნისკარტას“ ჩამოგდებით, რადგან ერთი Су-34-ის მიახლოებითი ღირებულება არანაკლებ 50 მლნ დოლარია...

ცალკე საკითხია დაღუპული და დაშავებული რუსი პილოტებიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოებაა - ამის შემდეგ რუსეთის საბრძოლო ავიაციის მფრინავები ძალზე მოერიდებიან ფრონტის ხაზამდე 150 კმ-მდე მიფრენასაც კი რათა უკრაინეული „პეტრიოტების“ მორიგი საზენიტო ჩასაფრების ასევე მორიგი მსხვერპლნი არ შეიქმნენ, შესაბამისად, უკრაინის არმიის პოზიციები რუსული „ჭკვიანი“ პლანირებადი საავიაციო ბომბების გახშირებული „სტუმრობებისგან“ სულს მოითქვამენ...

მაგრამ, ეს რომ ორი ათას კმ-მდე სიგრძის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ განხორციელდეს, უკრაინას ბევრად მეტი „პეტრიოტების“ საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და თავად რაკეტებიც სჭირდება - ახალი წლისთვის გერმანია უკრაინას „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემის მიწოდებას ჰპირდება, ხოლო იაპონელები კანონს ცვლიან, რათა ამერიკელებს მიჰყიდონ იაპონიაში ლიცენზიით წარმოებული „პეტრიოტის“ რაკეტები, ხოლო პენტაგონმა თავისი ასეთივე რაკეტები უკრაინის ცის დამცველებს გაუგზავნოს...