"მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი" - ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო რეისები შეყოვნებულია
ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შეიქმნა. ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, მოგლეჯილია ხეები, ხეები ავტოსადგოზე ავტომობილებს დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე მანქანა არის დაზიანებული.
მთელი ღამის განმავლობაში, ძლიერი ქარის გამო, ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
ძლიერ ქარმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
“ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობაც შეფერხებულია.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომელიც 08:00 საათზე ბათუმის რკინიგზის სადგურიდან უნდა გასულიყო, ამ დრომდე შეყოვნებულია.
მგზავრები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, როდის აღდგება ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა.
ბათუმის რკინიგზის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურის მონაკვეთზე საკონტაქტო ქსელი ხეებმა დააზიანა. მათი ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათში აღდგება.
“დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12:00 საათისთვის განახლდება”,- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.