"მამაკაცის აგრესიაში ფარული ვნება წამიკითხავს"
XXI საუკუნეში, სიძულვილის ენას ციფრული საზოგადოების ჭირს უწოდებენ. სიძულვილის ენის საყოველთაოდ აღიარებული იურიდიული დეფინიცია არ არსებობს. ეს არის გამოხატვის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების დამკვიდრებას, საზოგადოებისთვის ცნობილი ჯგუფების თუ კონკრეტული ადამიანების მიმართ.
სოციალურ ქსელებში, ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინტერვიუების კომენტარებში ხშირია უსიამოვნო, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გამოხმაურება. საყურადღებოა, რომ ღირსების შემლახავი კომენტარების ავტორები ადრესატებს არც იცნობენ.
როდესაც რესპონდენტებთან ინტერვიუების შესათანხმებლად ვრეკავ, ზოგიერთი იმ პირობით მთანხმდება, რომ ინტერვიუ მხოლოდ ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე იქნება და ინტერნეტსივრცეში არ აიტვირთება; ზოგიერთს სურს ატვირთვა, მაგრამ კომენტარების გათიშვას მოითხოვს, რადგან ნეგატიური კომენტარების გამო არ სურს ოჯახის წევრები ანერვიულონ ან თავად გაღიზიანდნენ. ამ სტატიაზე მუშაობის დროს, ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ერთ-ერთი პირისგან ასეთი ფრაზაც მოვისმინე: "ჩემთვის ეს იმდენად მტკივნეული თემაა. ისეთ დღეში ჩამაგდეს, გახსენებაც აღარ მინდა", - და ბოდიშის მოხდით, ინტერვიუზე უარი თქვა.
ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი სიტყვები, რომლებსაც ადამიანები ინტერნეტსივრცეში დაუნანებლად "არიგებენ", პირველ რიგში, მათი შინაგანი სამყაროს და მდგომარეობის გამომხატველია.
"ქვეყანაში კანონი უნდა არსებობდეს ცილისწამებაზე, გინებაზე, შეურაცხყოფაზე..."
მზია გეწაძე, მომღერალი:
- ჩემდა სამწუხაროდ, ამ მხრივ უარყოფითი გამოცდილება მაქვს. ცუდად არაერთხელ შემხებიან და გული მტკივა, რომ პიროვნებები საკუთარ თავს ასეთი რამის უფლებას აძლევენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ, მხოლოდ ტელეეკრანზე მხედავენ. არ შეიძლება დადგე და უცხო პიროვნება ასე უსაფუძვლოდ ლანძღო.
- როდესაც ღირსების შემლახავი კომენტარი პირველად წაიკითხეთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია?
- ძალიან გავბრაზდი, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. გავბრაზდი იმის გამო, რომ ჩემი ნაამბობიდან სწორი აზრი ვერ გამოიტანეს, მოყოლილის შინაარსი ვერ გაიგეს. ყველას ვეუბნებოდი, მოვუწოდებდი, გადაცემა თავიდან ბოლომდე ენახათ და კომენტარი მერე დაეწერათ. გული მტკივა, როდესაც ჩემს პატიოსნებას, ჩემს შვილს, ჩემს ნიჭიერებას (ის ვინ არის საერთოდ და რა გაუკეთებია, წარმოდგენა რომ არ მაქვს), პოეტის დაწერილ ლექსს ეხებიან. ამ ყველაფერს აკეთებენ არაკომპეტენტური ადამიანები, თორემ ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. წარმოუდგენელია, მაგრამ ზოგიერთი პირდაპირ დედას მაგინებს. გუშინ პირდაპირ ეთერში გამოჩნდა კომენტარი პირდაპირ დედის გინებით.
- ასეთი კომენტარების ავტორთან დაკავშირება თუ გიცდიათ?
- მათ გვერდებზე გადავსულვარ, ფეიკი თუ არის, აზრი არ აქვს დალაპარაკებას. იმ შემთხვევაში, თუ პროფილი ნამდვილია, ვესაუბრები, მერე ზოგი ბოდიშს მიხდის, ზოგი მიმეგობრდება, ზოგიერთი კი ისევ ლანძღვას აგრძელებს. ადამიანების სხვადასხვაგვარი კატეგორია არსებობს.
- თქვენი შვილი თუ ნახულობს ამ კომენტარებს?
- არა, ის საერთოდ არ კითხულობს კომენტარებს, არ აინტერესებს.
- ნეგატიური კომენტარების ავტორები ალბათ არ ფიქრობენ, რომ სიტყვით ადამიანი შეიძლება მოკლან (არ მინდა დავიჯერო, რომ მიზანი ეს არის). რას ეტყვით მათ?
- ცოტა ხნის წინ ისე შემშალეს, სტატუსი დავწერე, რომელიც მერე წავშალე... მათ მოვუწოდებდი, - ხალხო, ისე ნუ გამიკეთებთ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დავასრულო-მეთქი. სიტყვას მართლაც უდიდესი ძალა აქვს. სიტყვით შეიძლება გააცოცხლო ადამიანი ან მოკლა. ამიტომ არ შეიძლება, ამ სიტყვების უგზო-უკვლოდ ფანტვა. ყველა უნდა დაფიქრდეს, რას წერს და რატომ. გუშინ ბაბი კირკიტაძის გარშემო აგორებულ სკანდალზე დავფიქრდი, ადამიანი ცუდად გახადეს. რაც არ უნდა ძლიერი პიროვნება იყოს, როდესაც შენკენ თითს იშვერენ და იმას გაბრალებენ, რაც არ გაგიკეთებია, ძალიან ძნელია გაუძლო. ეს ქცევა დანაშაულია, უნდა ისჯებოდეს. ქვეყანაში კანონი უნდა არსებობდეს ცილისწამებაზე, გინებაზე, შეურაცხყოფაზე... ხალხი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის და პასუხს არავინ არაფერზე სთხოვს. კომენტარების გაკონტროლება უნდა ხდებოდეს. დედაჩემს ვერავის შევაგინებინებ. თუმცა ასეთი შემთხვევა რეალურ ცხოვრებაშიც მქონდა: ცაგერში ქორწილში ვიყავი, ვიღაც კაცი მოვიდა და შემაგინა. წამოვხტი და პირდაპირ სახეში "ვთქეფე". მთვრალი იყო, რა უნდოდა, ვერ გავიგე. მაშინ მე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ ვიყავი. დღეს ასეთი ქცევები უფრო მტკივნეულია. არც ის მესმის, სტატიების ბოლოს კომენტარები რა საჭიროა? სულ თუ არ გაითიშება, გარკვეული ცენზურა მაინც დაწესდეს. სასიამოვნო კომენტარები რომ იწერება, ეს ძალიან კარგია, მაფრთიანებს ხოლმე, მაბედნიერებს. ცუდი კომენტარი, რომელიც არ მეკადრება, როგორიც არ ვარ, მკლავს და გული მწყდება, რატომ?..
"ძალიან მინდა, ყველამ იპოვოს საკუთარი ბედნიერება"
ციაკო ფიფია, მსახიობი, იუმორისტი:
- ჩემს ინტერვიებზე ცუდი კომენტარები ნაკლებად მინახავს; არც მახსოვს, საერთოდ მინახავს თუ არა ან ვინმესგან რამე მწყენოდა. მაგრამ ცუდი კომენტარები ჩემს სკეტჩებზე არის ხოლმე. თუ დაწერენ; ეს გოგო ვიზუალურად არ მომწონს, დიდი ცხვირი აქვს, პუტკუნაა და ა.შ., მართლა არ მექნება ამაზე რეაქცია, არ შევედავები, არ მეწყინება. ჩავთვლი, რომ მის გემოვნებაში ვერ ვჯდები. არც იმაზე მექნება რეაქცია, ვინმემ რომ დაწეროს უნიჭოაო, მაგრამ ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომელიც მწარედ მახსოვს: ასაკოვანმა ქალმა ზუსტად ასე დაწერა, - "ვაიმე, ეს გოგო ძალიან მეზიზღება". ეს კომენტარი მართლა გულზე მომხვდა, რადგან ავტორი ჩემს პიროვნებას სხვაგვარად შეეხო. ვერაფრით წარმოვიდგინე, სრულიად უცნობმა ადამიანმა ასეთი კომენტარი რატომ უნდა დაწეროს?
- მასთან დაკავშირება ხომ არ სცადეთ?
- როგორ არ ვცადე, მივწერე, - ქალბატონო, თქვენს ნათქვამს ვერ ვხვდები, რატომ გეზიზღებით? მაინტერესებს, ოდესმე ცუდად შეგეხეთ ან გაგიგიათ, რომ ვინმეს ცუდი გავუკეთე? ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება როგორ გაგიჩნდათ-მეთქი? ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა სიტუაციაში გარკვევა ვცადე. არც ერთი სხვა შემთხვევა გულთან ახლოს არ მიმიტანია.
- იმ ქალბატონმა გიპასუხათ?
- არა, შვილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, როლი არ მომწონს, რომელსაც ასრულებო, - სულ სხვა რამე თქვა. ვუთხარი, რომ სათქმელი არასწორად ჰქონდა გადმოცემული. ბევრს დაუწერია, პერსონაჟი არ მომწონსო და ეს გასაგებია, არ მწყინს.
- ოჯახის წევრების რეაქცია როგორია?
- ყველამ იცის, ისეთ სფეროში ვტრიალებ, ცუდიც დაიწერება და კარგიც. მიკვირს, ადამიანებს ცუდის წერა უფრო რატომ სიამოვნებთ? საკუთარ თავზე ძალიან მტკივნეულად არ გამომიცდია, მაგრამ ახლახან ბაბი კირკიტაძის შემთხვევა ძალიან განვიცადე, ვინერვიულე. ამ გოგოს რას გადაეკიდნენ?! რამდენი და როგორი ნეგატივის ტალღა იყო მისი მისამართით, ვეღარ ვითვლი. ამას არ იმსახურებს. ამ კომენტარების დამწერებს წარმოუდგენიათ, ადამიანს ნერვიულობისგან რა შეიძლება დაემართოს?
- ნეგატიური კომენტარები ყალბი პროფილებიდან უფრო ხშირად იწერება თუ...
- ჩემი დაკვირვებით, უმეტესად ტროლები წერენ. მათ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ. ადამიანებს არ აქვთ რეალური ცხოვრება, ამ ცხოვრებისგან ვერ იღებენ სიამოვნებას, გაჟღენთილი არიან ბოღმით, ნეგატივით და ინტერნეტსივრცეში ანთხევენ ათასგვარ სისაძაგლეს. ძალიან მინდა, ყველამ იპოვოს საკუთარი ბედნიერება და მერე ნაკლები ღვარძლი დაინთხევა, ნაკლები ცუდი კომენტარი დაიწერება.
- ციაკო, სოციალურ ქსელში შენი პროფილი საჯაროა, ამის გამო უსიამოვნება არ შეგქმნია?
- საჯაროა, ყველას შეუძლია ნახოს ყველაფერი. უსიამოვნება არ შემქმნია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფოტოებს იღებენ და ყალბ გვერდებს ქმნიან. ერთხელ ჩემი ფოტოები დადო ვიღაცამ, მაღაზია გავხსენიო და უნდოდა, ჩემი სახელით ემუშავა. იმას ვერ მიხვდა, რომ ამას მეც მეტყოდნენ? ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვისი ფოტოებით ყალბ გვერდებს აკეთებენ და მერე ვიღაცებს სწერენ, 10 და 20 ლარი ჩაურიცხონ.
"პირდაპირ ნუ გამოვუტანთ ერთმანეთს განაჩენს, მეტად გამოვიკვლიოთ"
მარიამ ცქიფურიშვილი, მსახიობი:
- დროთა განმავლობაში ინტერნეტსივრცეში გამოხატული ნეგატივის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა. საწყის ეტაპზე ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. განცდა მქონდა, რომ სხვა რამეს ვგულისხმობდი, ადამიანები ვერ მიგებდნენ და ნეგატივიც ამის შედეგი იყო. რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ წყენამ გამიარა, ახლა დიდად აღარ ვბრაზდები. მქონია შემთხვევები, ადამიანებს საშინელებები უთქვამთ და ქვეტექსტებში სიძულვილი ბოლომდე არ ამომიკითხავს, უფრო გაუგებრობა, გაღიზიანება, საკუთარ თავში არსებული პრობლემების გარეთ გამოტანა დამინახავს. ასეთი ადამიანების მიმართ კრიტიკული აღარ ვარ. ცხოვრება ისეთია, მწარე სიტყვა ზოგჯერ შეიძლება ჩვენც გაგვეპაროს.
- რომელიმე კომენტარის ავტორთან დაკავშირება გიცდია?
- რა თქმა უნდა, როდესაც ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ამბავი იყო, რამდენიმე ადამიანს პირადად მივწერე, - რა იყო მიზეზი, რით დავიმსახურე მათი აზრით ეს დამოკიდებულება? მათდამი აგრესია არ გამომითქვამს. ბრაზი კი არ გამომიხატავს, ჯიბრში კი არ ჩავდგომივარ, მეგობრული კავშირი მიცდია. მერე ზოგს შერცხვენია, ხშირ შემთხვევაში უკან დაუხევიათ და აუხსნიათ, რომ მათი განზრახვა არ იყო ბოროტი. ვერ ვიტყვი, რომ ანგელოზებად იქცევიან, მაგრამ ბოლომდე შეუგნებლობაც არ გამოუვლენიათ.
- ნეგატიური კომენტარების ავტორებს შორის, გენდერული ბალანსი როგორია?
- ჩემი დაკვირვებით, ქალები ჭარბობენ. მამაკაცისგანაც ყოფილა აგრესია, მაგრამ მათ კომენტარში ფარული ვნება წამიკითხავს. ქალების მხრიდან პირდაპირ ზიზღი მიგრძნია, ბევრად სასტიკნი და დაუნდობლები არიან, ვიდრე მამაკაცები (იმას არ ვამბობ, რომ ქალები უფრო ცუდები არიან, ვიდრე მამაკაცები ან - პირიქით). როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში სექსუალურ პარტნიორებზე მქონდა საუბარი, მაშინ ქალების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება იყო: ნაწილი თვლიდა, რომ მისი სათქმელი გავახმოვანე, მეორე ნაწილისგან დიდი აგრესია მოდიოდა.
- ამ ყველაფერზე ოჯახის წევრების რეაქცია როგორია?
- დედა ღელავს, ნერვიულობს.
- გეუბნება, რომ ხალხს სალაპარაკოს აძლევ? შორიდან ისე აღიქმება, თითქოს თავად იწვევ საზოგადოებას.
- ეპატაჟური გამოსვლები ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. მე ძიების პროცესში მყოფი ადამიანი ვარ. ამ ძიებას ცოტათი საჯაროს ვხდი, ხმამაღლა ვფიქრობ, ვახმოვანებ იმ შეკითხვებს, რომლებიც ჩემს თავთან მებადება. ამ ძიებისას აღმოვაჩინე, რომ ეს შეკითხვები მხოლოდ ჩემი არ არის. ჩვენ სტერეოტიპები, სტიგმები, მიღებული ნორმები გვბოჭავს. უნორმო არ უნდა გავხდეთ, უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ, მორალი უნდა არსებობდეს, მაგრამ ის შეკითხვები, რომლებიც გაგვიჩნდება, არ უნდა დავბლოკოთ, უნდა დავსვათ.
- რას ეტყვი ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ჩასაფრებულებიც კი არიან?
- ხანდახან ჩვენ სხვა ადამიანებზე სრულიად უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ ვბრაზდებით. ჩვენ ზედაპირულ ემოციებს მივყვებით და არ ვცდილობთ, სიღრმისეულად გავიგოთ, რა იგულისხმა იმ დროს ადამიანმა, რის თქმას ცდილობდა. ახლახან კვლევა ჩატარდა, თურმე ჩვენს ქვეყანაში წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა არსებობს. მე ვიტყოდი, რომ საზოგადოებას "წაუკითხავად" გამოგვაქვს ხოლმე "შინაარსი". ზოგიერთი მხოლოდ სტატიის სათაურს კითხულობს ან ვიდეოს დასაწყისს ნახულობს და მერე შეუძლია ჩაქოლოს ან აქოს ადამიანი. ამ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც ვეტყვი, პირდაპირ ნუ გამოვუტანთ ერთმანეთს განაჩენს, მეტად გამოვიკვლიოთ, ერთმანეთით მეტად დავინტერესდეთ!
თამუნა კვინიკაძე