გაზეთი „ვრასტანი“ 103 წლის გახდა - კვირის პალიტრა

გაზეთი „ვრასტანი“ 103 წლის გახდა

20 დეკემბერს საქართველოს პრესის ერთ-ერთმა უხუცესმა წარმომადგენელმა, გაზეთმა „ვრასტანმა“ („საქართველო“) დაბადების დღე ასმესამედ აღნიშნა.

1920 წლის მიწურულიდან „ვრასტანმა“, საკუთარი პრინციპების ერთგულებით, გაიარა წლების გამოცდა და დღესაც ღირსეულად აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას: ხელს უწყობს საქართველოს სომხურენოვან მოქალაქეებს, რომლებიც ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, მშობლიურ ენაზე გამოხატონ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა, სახელმწიფო პოლიტიკისადმი ერთგულება და ტრადიციული მეგობრობა.

გაზეთი ამომწურავ ინფორმაციას გადმოცემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებების, საქართველოში სომხური თემის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და მუდმივად ემსახურება ქართულ-სომხური მრავალსაუკუნოვანი კავშირების განმტკიცების დიდ საქმეს.