„ბეწვის ხიდი“, შავი აგვისტო, პრეზიდენტის „ამბოხება“ და ისტორიული დეკემბერი - კვირის პალიტრა

„ბეწვის ხიდი“, შავი აგვისტო, პრეზიდენტის „ამბოხება“ და ისტორიული დეკემბერი

2023 წელი ქვეყნისთვის შეიძლება წარმატებულად მივიჩნიოთ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ასევე იყო ბევრი წინააღმდეგობა, გამოწვევა და ტრაგედიაც. 3 აგვისტოს შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურება ქვეყანაში ბოლო წლებში ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაა, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ჩაიწერა 7-8 მარტის აქციებიც, როდესაც ქუჩაში გასულმა ქართველმა საზოგადოებამ არა უთხრა „რუსულ კანონად“ შეფასებულ კანონპროექტს. მაშ ასე, გადავავლოთ თვალი 2023 წლის მთავარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენი რუბრიკის პრიზმაში.

"7-8 მარტის საპროტესტო აქციები შინაარსით თუ ფორმით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა საპროტესტო გამოსვლებისგან"

tvalchrelidze-sandro.jpg

სანდრო თვალჭრელიძე: - საქართველოს ბოლო 30-წლიანი ისტორია სავსეა როგორც საპროტესტო გამოსვლებით, ასევე პროტესტის სხვადასხვა ფორმით,… თუმცა 7-8 მარტის საპროტესტო აქციები შინაარსით თუ ფორმით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა საპროტესტო გამოსვლებისგან. ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ რუსთაველზე დაიწყო პროტესტანტთა შეკრება, რომლის მთავარ ბირთვს იმ თაობის ახალგაზრდები შეადგენდნენ, რომლებიც აქამდე ქუჩაში არ გასულან. მათ, ფაქტობრივად, შეცვალეს პროტესტის ფორმა. ორდღიანი პროტესტი, რომლის დაშლასაც წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობდა ხელისუფლება, საბოლოოდ კანონპროექტზე პარლამენტის უარის თქმით დასრულდა. დასავლეთში ბევრმა ხელისუფლების უკან დახევა შეაფასა როგორც ხალხის ხმის მოსმენა, მაგრამ არა მგონია, ეს სწორი იყოს. ჩვენ გაცილებით უარეს ვითარებაში ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია, იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობას არა აქვს არავითარი სტრატეგია. მას აქვს რაღაც ტაქტიკური სვლები, რაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარეობს. ვგულისხმობ ერთი პირისა თუ გარკვეული ჯგუფების ინტერესებს. ფიზიკურად ვერა, მაგრამ სულით და გულით მეც რუსთაველზე ვიყავი იმ პროტესტის დროს. საქართველოს გზა მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და ძალიან კარგია, რომ ჩვენს ახალგაზრდობას აღმოაჩნდა ბრძოლის ასეთი ჟინი და შემართება. რა აჩვენა ამ პროცესმა? - უპირველესად ის, რომ საქართველოში ძალიან ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება; მეორე - ეს იყო ძალიან მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი, რომელშიც პოლიტიკოსების მონაწილეობა იყო უკიდურესად მცირე, და რაშიც მიიღეს მონაწილეობა, ყველაფერი აურიეს. პროტესტის მთავარი ლოზუნგი იყო "არა რუსულ კანონს!". ჩვენში არაერთი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ კანონპროექტით პირდაპირ რუსულ დაკვეთას ასრულებდა. არა მგონია, პირდაპირი დაკვეთა ყოფილიყო, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლებაში რუსული მმართველობის მოდელი ძალიან მოსწონთ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად მის გამოყენებაზე ფიქრობენ. იმედია, მიხვდნენ, რომ ეს არ გამოუვათ.

„მომხდარს უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ მომავალში მსგავსი ტრაგედიების პრევენცია მაინც მოხერხდეს“

dzabiradzee.jpg

ვახტანგ ძაბირაძე: - შოვში სტიქიური უბედურების მასშტაბი იმხელა იყო, ბუნებრივია, საზოგადოებაში დიდი და მძიმე რეზონანსი გამოიწვია. ყველას გვაქვს კითხვები და პასუხების გაცემა საჭიროა. სამწუხაროდ, მომხდარს უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მომავალში მსგავსი ტრაგედიების პრევენცია მაინც მოხერხდეს მომხდარის გაანალიზებითა და სწორი დასკვნების გამოტანით. საქართველოში, როგორც წესი, ნებისმიერ პროცესში იწყებენ ხოლმე გარკვეული ჯგუფები საკუთარი ინტერესების ძებნას, მათგან ზოგს პოლიტიკური ინტერესი აქვს, ზოგს კარიერული, ზოგს კი პირადი მიზანი ამოძრავებს და თავის გამოჩენას ცდილობს. დამეთანხმებით, ამგვარი უბედურებისას მსგავსი რამ ნამდვილად ამორალურია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი რეალობა. თუმცა მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ამ ტრაგედიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია. საზოგადოების მთავარი წუხილი და ინტერესი ის არის, თუ რა გველის ხვალ-ზეგ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტრაგედიები, მთავარი კითხვაც - შეიძლებოდა თუ არა შოვში სტიქიისას ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილება, სწორედ საზოგადოების ხვალინდელი დღის შიშისგან მომდინარეობს. კითხვას, მომავალში როგორ უნდა შევძლოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პასუხს ვერავინ გასცემს, თუ არ იქნა შესწავლილი მომხდარი ტრაგედიები, თუ არ გავარკვიეთ, ზუსტად რა და როგორ მოხდა. დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მომხდარზე ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ კითხვებს ვერც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გაექცევიან. საჭიროა გაანალიზდეს ვითარება, გამოვლინდეს შეცდომები და დაიგეგმოს და გამოინახოს მსგავსი უბედურებების პრევენციის გზები. ეს მოგვცემს საშუალებას არა მარტო ამ ტრაგედიაზე დასაფიქრებლად, არამედ სხვა შემთხვევებზეც. მაგალითად, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული, რა მოხდა ამ რამდენიმე თვის წინ, როდესაც რიონმა ახალაშენებული ხიდი წაიღო? დღემდე ვერსად ვნახე დასაბუთებული ახსნა, ვერც ის გავარკვიე, დაისაჯა თუ არა ვინმე ამის გამო. ვინ აშენებს და ვინ უწევს ზედამხედველობას ამ ახალ პროექტებს ისედაც რთული რელიეფის ქვეყანაში? რა ელის რიკოთზე მიმდინარე მშენებლობას, რა გამძლეობის იქნება იქ მშენებარე ხიდები და გვირაბები?

„ის, რომ საქართველოში რუსული აგენტურა მუშაობს, ახალი ამბავი არ არის“

areshidze.jpg

მამუკა არეშიძე: - სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, დაუწესოს სანქციები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, უფრო დემონსტრაციული ნაბიჯია ჩვენი ხელისუფლების ამჟამინდელი თუ ყოფილი წევრების, იმავე ბიძინა ივანიშვილის გასაფრთხილებლად. დასავლეთის ისთებლიშმენტის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით არ ასრულებს დასავლური ცენტრების მითითებებს. ის, რომ საქართველოში რუსული აგენტურა მუშაობს, ახალი ამბავი არ არის. ჩვენი ქვეყნით არაერთი სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურიც არის დაინტერესებული, იქნება გავლენის აგენტურა, ხელისუფლებაში შეღწეული პირები თუ სხვა. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამისგან დაზღვეული ბევრი სხვა ქვეყანაც არ არის. ძნელია თქმა, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები, მაგრამ ის, რომ ფარცხალაძე კარგა ხანია მაღალ თანამდებობებს ჩამოაშორეს და საქართველოშიც არ არის, მაფიქრებინებს, რომ მის თაობაზე ქართულ სპეცსამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ. რამდენიმე ხნის წინ ფარცხალაძის თაობაზე კითხვები გაჩნდა და ის ქვეყნიდან წავიდა. ხელისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაქცია უნდა ჰქონდეს, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ ამ ბრალდებების რეალობა. როგორც ითქვა, სუს-ი შეისწავლის ამ საკითხს. ეს არ უნდა გაჭიანურდეს და ამით უპირველესად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული.

„იმპიჩმენტის ჩავარდნა 100%-ით არ იყო გარანტირებული, თუმცა..."

koberidze-1665316274.jpg

გიორგი კობერიძე: - საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის პირველი წარმდგენი პრეზიდენტია. მართალია, ამას ცერემონიული ხასიათი აქვს, მაგრამ მისი მთავარი ფუნქცია მსოფლიო პოლიტიკაში სახელმწიფოს წარდგენაა. საზოგადოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა საგარეო პოლიტიკური კურსის დამხმარე რგოლად ყოფნა. ის არ არის მთავარი წარმმართველი, მაგრამ აქვს საშუალება და უფლება დაამყაროს და გააღრმაოს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს მოკავშირე ქვეყნებთან. როდესაც ლაპარაკია პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ რიგ პოლიტიკურ კამპანიაზე, იმპიჩმენტის პროცედურაზე თუ სხვა, ეს ყველაფერი უპირველესად სახელმწიფოს აზარალებს. "ოცნება" წლების განმავლობაში ნელ-ნელა ზეწოლას ახდენდა პრეზიდენტზე ჯერ შიდაპოლიტიკური საკითხების გამო, შემდგომ კი ევროკავშირთან დაახლოებასა და უკრაინის თემებზე მიდგა საქმე და როცა პრეზიდენტმა უფრო ღია პროევროპული და პროუკრაინული კურსი აირჩია, მმართველი ძალა მას უკვე აშკარად დაუპირისპირდა. "ქართული ოცნებისთვის" ბოლო წვეთი აღმოჩნდა ნიკა გვარამიას შეწყალება. ამან სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ ძალას შორის არა უბრალოდ წინააღმდეგობა შექმნა, არამედ "ოცნება" შეეცადა სალომე ზურაბიშვილი სრულად გამოეთიშა ქვეყანაში თუ მის გარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან. საქართველოს პრეზიდენტს აბრალებდნენ, რომ თურმე ხელს უშლიდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, რაც მიუთითებს იმ პოლიტიკურ უმწიფრობაზე, რითაც "ოცნების" ხელისუფლება გამოირჩევა. ზურაბიშვილი დღეს რეპუტაციულად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. მან, ფაქტობრივად, ჩააჩოჩა მმართველი პარტია საგარეო ასპარეზზე. იმპიჩმენტის ჩავარდნა 100%-ით გარანტირებული არ იყო, თუმცა ამჯერად ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" არ ეთანამშრომლა, მაგრამ საინტერესო სხვა რამაა - აწყობდა კი "ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის გადაყენება?..

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა“

giorgi-gobronidze.jpg

გიორგი გობრონიძე: - საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, მაგრამ არ უნდა დავიარხეინოთ გული, რაც გვახასიათებს ქართველებს - რაღაცას რომ მივაღწევთ, ამით ადვილად ვკმაყოფილდებით. ასე არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვაქვს უფრო დიდი მიზნები და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირის კანდიდატობა. ჩვენი მთავარი მიზანი კი არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა - კანდიდატის სტატუსიც, დასავლეთთან ინტეგრაციის პოლიტიკაც და ნებისმიერი სხვა საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი ამ მიზნის შესასრულებლად გვჭირდება და არა უბრალოდ პროცესისთვის. ეს არის ინსტრუმენტები ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. აშკარაა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ძალიან ბევრი პირობა ვერ შევასრულეთ. ქართველი პოლიტიკური კლასი, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური, ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. შესაბამისად, კვლავ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევა. ამის მიუხედავად, ეს პროცესი საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. უპირველესად იმიტომ, რომ საჭირო რეფორმებისთვის საკმარისი ძალისხმევა არ დახარჯულა, მაგრამ რაღაც, შეიძლება მინიმალური, მაგრამ მაინც გაკეთდა; მეორე - ამ პროცესში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ქართველი საზოგადოების განწყობა - ის დიდწილად ევროინტეგრაციას ემხრობა; მესამე, რამაც ამ ორთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა, ის საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომელიც ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო და ამავე მიზეზით უსაფრთხოების გარემოს ტრანსფორმაცია ევროპაში. რაც შეეხება იმას, თუ რას მოგვიტანს სტატუსი, ეს უპირველესად დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოიყენებენ ამას ქართული სახელმწიფო და ქართველი საზოგადოება. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა შესაძლებლობას ახლავს რისკი და ყველა რისკს ახლავს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, მოსკოვში ძალიან არ მოეწონებათ, რომ სახელმწიფო, რომელსაც მოიაზრებდნენ უკანა ეზოდ, უცებ აღწევს ევროპასთან დაახლოებაში წარმატებას. უნდა ველოდოთ, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები შეიძლება გაძლიერდეს. ეს არ მოხდება მყისიერად - რუსეთი დღეს უფრო მეტად უკრაინით არის დაკავებული, ვიდრე დანარჩენი პროცესებით, მაგრამ რუსული საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი არ შეცვლილა. ამაზე ილაპარაკა კიდეც პუტინმა და განაცხადა, უკრაინაში მშვიდობა დამყარდება მაშინ, როდესაც ჩვენს დეკლარირებულ მიზნებს მივაღწევთო და ეს მიზნები ძალიან კარგად ჩამოაყალიბა - ეს იყო, პრაქტიკულად, ნატოს გადაყვანა 1997 წლის პოზიციებზე, რასაც ვერ მიაღწია, მაგრამ ახლა ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს უკრაინას და მის სახელმწიფოებრიობას. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინა ის შემაკავებელია, რომელიც გვიცავს დიდი საფრთხეებისგან და საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა უკრაინის ფრონტის ხაზზეც გადის.