„უამრავი გმირობისა და ღალატის მომსწრე ვარ“
„ხუთი ომის შუაგულში ვიყავი. დაჭრილიც ვარ და ტყვედაც ვარ ნამყოფი“
ერეკლე მეფის პირადი მცველის, მგელიკა ჭინჭარაულის ფარი, აჭარული მაჭახელა, სვანური და ხევსურული ხანჯლები, ქართული, ტრადიციული ხმლები და დამბაჩები, აღმოსავლური ხმლები, ამერიკული ხიშტ-დანა - ამ ყველაფერს კავკასიის საკითხების ექსპერტის, ყოფილი სამხედრო ჟურნალისტის მამუკა არეშიძის კოლექციაში ნახავთ. როგორც ამბობს, იარაღის შეგროვება ჯერ კიდევ მამამისს, გურამ არეშიძეს დაუწყია. კოლექციის პირველი საგანძური ბაბუის, ივანე არეშიძის ნაქონი ხანჯალი ყოფილა, შემდეგი კი მგელიკა ჭინჭარაულის ფარი. დამბაჩა ვერცხლის ქამრით და კიდევ რამდენიმე ძვირფასი იარაღი მისი შინ არყოფნის დროს, 90-იანი წლებში მოუპარავთ. ამ ამბავს დღემდე გულნატკენი იხსენებს. მიზანში კარგად ისვრის, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ყველგან ნამყოფია, სადაც ომი და კონფლიქტი იყო, მათ შორის ლაოსსა და კამბოჯაშიც კი, სიკვდილისთვის არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში, მაგრამ თავად არასდროს არავინ მოუკლავს, რადგან მიაჩნია, რომ ჟურნალისტისთვის ეს მიუღებელია. ერთადერთი იარაღი, რომელიც გამოიყენა, ტყვიამფრქვევი იყო, იმასაც მხოლოდ იმიტომ მოჰკიდა ხელი, რომ მტერი ახლოს არ მოეშვა. უფრო ვრცლად შუა საუკუნეების ხმლებსა და დამბაჩებზე, ჩვენს ეპოქაში მოძიებულ ცივ იარაღსა და კიდევ იმის შესახებ, თუ სად და რატომ მოუწია სამხედრო ჟურნალისტს ტყვიამფრქვევის გამოყენებამ, მამუკა არეშიძე თავად გვიამბობს:
- ბაბუა ქუთაისის მახლობლად პატარა სოფელ საყულიეში ცხოვრობდა. ხეტყის სფეროში საქმიანობდა და მუდამ ხანჯლით დადიოდა. ბებია ფერშალი ყოფილა, სოფელში ხალხს ძალიან ჰყვარებია. შეძლებული ოჯახი ჰქონიათ. რაც შეეხება ჭინჭარაულის ფარს, ის მამაჩემს მგელიკას შთამომავალმა აჩუქა. მამა ბიოლოგი იყო და საქართველოს მთიანეთში მუშაობდა. კარგი შესახედავი და კარგი ზნე-ჩვევის კაცი, სადაც მიდიოდა, პატივისცემას იმსახურებდა. ხევსურებსაც ძალიან უყვარდათ, მგელიკას შთამომავლისგან კი ძვირფასი საჩუქარი იმიტომ მიუღია, რომ ძალიან კარგ საქმეში დახმარებია. მაჭახელაც აჭარლებმა აჩუქეს მამაჩემს. სპეციალისტმა მითხრა, რომ საქართველოში ასეთი მხოლოდ შვიდი ცალი ყოფილა. დანარჩენი ჩემი ჩამოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის შუა საუკუნეების. ბევრი იარაღი მაქვს ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოჩინეთიდან, ლაოსიდან, ირანიდან... მაქვს ხიშტ-დანა, რომელიც კამბოჯაში მოკლულ მებრძოლს ავართვი. დამბაჩა, ვერცხლის ქამრით, რომელიც მომპარეს, განსაკუთრებული იყო თავისი ჭედურობით, მოვარაყებით. დამბაჩა და ქამარი, XVII-XVIII საუკუნეებში, სავარაუდოდ, მესხეთშია გამოჭედილი და ორივეს ერთი და იგივე ხელოსანი ჰყავდა. მისი გვარი იარაღზე იყო ამოტვიფრული - დიასამიძე გახლდათ. იმხანად მესხეთი თურქეთის გავლენის ქვეშ იყო და იარაღიც მუსლიმანური ყაიდისა იყო, მაგრამ ქართული ხასიათი მაინც ჩანდა - ჯვარი იყო შეპარებული ვარაყში.
"ანქვაბმა სომხებისგან გვიხსნა"
- ბევრმა არ იცის, რომ პროფესიით დრამის რეჟისორი ვარ და მოზარდ მაყურებელთა თეატრში რამდენიმე სპექტაკლიც მაქვს დადგმული. ძალიან მინდოდა ამ საქმეში წარმატებული ვყოფილიყავი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ განსაკუთრებულ სიტყვას ვერ ვიტყოდი და ტელევიზიას მივაშურე - მოამბის მთავარი რედაქტორი ვიყავი, მაგრამ 90-იან წლებში დაწყებული პერიპეტიების დროს იძულებული გავხდი ხელში კამერა ამეღო. იმხანად კამერა იშვიათი იყო, მე კი სახლში მქონდა. ასე ნელ-ნელა შევიცვალე პროფესია.
ჩვენმა ახალგაზრდა მკითხველმა შეიძლება არც იცის, რომ მხოლოდ აფხაზეთში 12 ჟურნალისტი გვყავს დაღუპული. ხუთი ომის შუაგულში ვარ ნამყოფი. ეს იყო აფხაზეთი, სამაჩაბლო, ყარაბაღი, ინდოჩინეთი და დნესტრისპირეთი. 1990 წლის 20 იანვრის ბაქოს მოვლენები მე და ჩემმა მეგობრებმა გადავიღეთ, მე და გოგა ჭყონია ერთად ვმუშაობდით. მოსკოვის პუტჩი, ვილნიუსის მოვლენები და ა.შ. დაჭრილიც ვარ და ტყვედაც ვარ ნამყოფი.
1991 წლის 1-ლ იანვარს სამაჩაბლოში დამატყვევეს. ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, ვისაც ქართველების ჩაწერაც შეეძლო და ოსებისაც. ვესაუბრე ოს გენერალ კიმ ცაგოლოვს - საბჭოთა კავშირის გმირს, ავღანეთის ომის მონაწილეს, გრუ-ს თანამშრომელს. ის ჩრდილოელი ოსი იყო, მაგრამ არ უნდოდა ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტი მომხდარიყო, თუმცა კრიტიკულ ვითარებაში ოსების მხარეს დადგა. ერთი სიტყვით, ჩავედი ჯავაში, ცაგოლოვთან ერთად მივედი ჰოსპიტალში და დაჭრილი ოსები გადავიღე. იქიდან რომ წამოვედით, ქართულ სოფელ თამარაშენში გავჩერდი ბიჭების გადასაღებად, ცაგოლოვის კოლონა ცხინვალში წავიდა. მარტო დარჩენილები (სულ სამნი ვიყავით) ოსების რაზმმა დაგვატყვევა და ცხინვალის გარეუბანში, ქორწინების სახლის სარდაფში გამოგვამწყვდიეს. მუხლებამდე წყალი იდგა, ძალიან მძიმე პირობებში დავყავით რამდენიმე დღე. რაზმის მეთაური კოკოითის უფროსი ძმა იყო. ედუარდ კოკოითი მაშინ არაფერს წარმოადგენდა. მისი ძმა კი საქართველოს ჩემპიონი კრივში და ავტორიტეტული პიროვნება გახლდათ. გვემუქრებოდა, ყველა უნდა დაგხვრიტოთო! ბედად, ალიკა ცხოვრებოვი (თბილისის "დინამოს" ფეხბურთელის, გურამ ცხოვრებოვის ძმა) მოვიდა თავისი რაზმით და გამოგვიშვეს. სხვათა შორის, ალიკაც, ცაგოლოვის მსგავსად, ქართულ-ოსური კონფლიქტის წინააღმდეგი იყო და ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. ის კოკითის ძმაზე ავტორიტეტული გახლდათ. ალიკამ ჩვენც გაგვათავისუფლა და კოკოითის ხალხიც გამოყარა იქიდან, თან იარაღი წაართვა. ქალაქისკენ წამოსვლამ ჩვენს დამტყვევებლებთან ერთად მოგვიწია. მეტსაც გეტყვით, ცხინვალში ერთ ოჯახში მივედით, ეს ჩვენი დამტყვევებლებიც წავიყვანეთ და კატლეტები ვაჭამეთ... გუდაუთის აეროპორტში სომხებმა შემიპყრეს და დახვრეტას მიპირებდნენ. ანქვაბი გიჟივით მოვარდა, ხელში მაუზერი ეჭირა და ყვიროდა, ყველას დაგხოცავთო! სომხებმა ვერც ანქვაბი იცნეს, ვერც მისი აფხაზური გაიგეს. ანქვაბის დაცვამ სულზე მოგვისწრო. ავტომატებით მოცვივდნენ და სომხებისგან გამოგვიხსნეს. ისე, ანქვაბიც არაერთხელ ჰყავთ ქართველებს გადარჩენილი. ერთხელ ლონდერ ცაავამ თავის ოჯახთან ერთად გააპარა სამშვიდობოს. გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავა რომ დახვრიტეს, არძინბამ კაბინეტში ყველაფერი დალეწა, ეს როგორ გაბედეთო. შამბამ მითხრა, შარტავას სიკვდილი ჩვენი მოუშორებელი სირცხვილიაო. ამიტომაც იყო, ირაკლი ალასანიას ნაციონალური გმირივით რომ იღებდნენ ხოლმე, მის მიმართ დღემდე აქვთ დანაშაულის გრძნობა.
"კრემლში ვიჯექი და პრიმაკოვთან ერთად "კაკო ყაჩაღს" ვარჩევდი"
არაერთ ისეთ ისტორიულ შეხვედრას დავსწრებივარ, რომელთა დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია. ჩემს არქივშია ჯეიმს ბეიკერისა და თენგიზ სიგუას შეხვედრა, სულ ოთხნი ვიყავით - ბეიკერი, სიგუა, მე და ალექსანდრე ჩიკვაიძის ვაჟი. ასევე, მხოლოდ მე ვესწრებოდი ელცინისა და როდიონოვის შეხვედრას და ჩემი ყურით გავიგე, რაც უთხრა ელცინმა როდიონოვს. ამ შეხვედრის დეტალების გახმოვანება დღემდე არ შეიძლება. მქონია შეხვედრები დუდაევთან, პრიმაკოვთან... სხვათა შორის, პრიმაკოვი თბილისშია გაზრდილი, მისი პირველი მეუღლე დიდი ქართველ-ბერძენი მუსიკოსის ოდისეი დიმიტრიადის ქალიშვილი იყო. შეხვედრა შედგა დიდი ჩაწყობით კრემლში, ეს არის 1990 წელი. ოთახში შევედი, გამარჯობა ვთქვი, მოვემზადე საუბრისთვის და უცებ პრიმაკოვი მეუბნება, - მე შენ ლექსი უნდა წაგიკითხო. "კაკო ყაჩაღი" წამიკითხა თავიდან ბოლომდე ქართულად! რომ დაასრულა, მკითხა, ხომ კარგად წავიკითხეო? გაოგნებულმა ვუპასუხე - კი-მეთქი! ახლა გავარჩიოთო. რას არ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ "კაკო ყაჩაღს" თუ გავარჩევდი კრემლში პრიმაკოვთან ერთად, თანაც მაშინ, როდესაც ქვეყანა ინგრევა, დღე-დღეზე საბჭოთა კავშირი ჩამოიშლება... მოკლედ, კრემლში ვზივარ და კაკო ყაჩაღს ვარჩევ... პრიმაკოვი მიიჩნევდა, რომ კაკო ყაჩაღი იყო სამართლიანობის, მეგობრობის, კაცობის, ძმაკაცობის სიმბოლო. რუსულად მელაპარაკებოდა, მაგრამ როდესაც პოემიდან ციტატის მოყვანა უნდოდა, ისევ ქართულად იწყებდა თხრობას.
"ადამონ ნიხასმა" პანიკა ატეხა, მშობლიურ ენას გვართმევენო..."
უამრავი გმირობისა და ღალატის მომსწრე ვარ. სხვათა შორის, ერთადერთი ჟურნალისტი ვარ, რომელიც ქართველებისა და ოსების პირველ შეტაკებას შეესწრო. 1989 წელს ალან ჩოჩიევმა მოსკოვს საქართველოსგან გამოყოფის თხოვნით მიმართა. აქტიურად მონაწილეობდა ორგანიზაცია "ადამონ ნიხასის" ჩამოყალიბებაში, თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სკოლებში ქართული ენის გაძლიერებულად სწავლება სავალდებულო გახადა და "ადამონ ნიხასმა"“პანიკა ატეხა, მშობლიურ ენას გვართმევენო. არადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჩრდილო ოსეთისგან განსხვავებით, ოსურ ენაზე სკოლებიც ფუნქციონირებდა და პედაგოგიური ინსტიტუტიც. ჩოჩიევი რომ კა-გე-ბეს აგენტი იყო, მისმა კარის მეზობელმა, პოეტმა ევგენი ევტუშენკომაც მითხრა. ოსებისთვის არც ზვიად გამსახურდიას და არც სხვა რომელიმე ქართველს არ შეუხსენებია მათი წარმომავლობა, ეს ალან ჩოჩიევმა გააკეთა, ჩვენებმა კი რუსებისა და ოსი სეპარატისტების წისქვილზე უნებურად დაასხეს წყალი.
1989 წელს სეპარატისტების სამ ლიდერთან, ალან ჩოჩიევთან, ალან პარასტაევსა და აღსარ ჯიკაევთან (ჯიკაევი თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ოსი იყო, ცოლი და დედა ქართველი ჰყავდა) ჩავწერე ინტერვიუ. მათ მთხოვეს, ინტერვიუ ვიდეოზე ჩამეწერა და ქართველი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებისთვის მეჩვენებინა. მაშინ ისინი მხოლოდ კულტურულ ავტონომიას ითხოვდნენ, ჩოჩიევი არა, მაგრამ დანარჩენი ორი გულწრფელი იყო. ვიდეოკასეტა თბილისში სამ დიდ მეცნიერსა და ერთ ეროვნულ მოღვაწეს ვაჩვენე. ნიკო ჭავჭავაძის გარდა, ყველამ მითხრა, ამ ველურებთან არ ვილაპარაკებო. დანარჩენი სამის ვინაობას საჯაროდ ვერ ვიტყვი. როცა ოსებმა გაიგეს, რომ ცხინვალში მხოლოდ ნიკო მომყვებოდა, დაიმალნენ და ჭავჭავაძეს მხოლოდ ნაფი ჯუსოითი შეხვდა. ისინი ერთმანეთთან ისედაც ძმაკაცობდნენ, მაგრამ მხოლოდ ორი კაცი პრობლემას ხომ ვერ მოაგვარებდა.
"გოგა მკვდარი მეგონა და ქვიშაში დავმარხე"
- 1993 წლის 3 ივნისი იყო, აფხაზეთში შსს-ს სპეცრაზმმა მე და ჩემი ოპერატორი გოგა ჭყონია და კიდევ 12 კაცი სოფელ შრომასთან მტრის ალყაში მიგვატოვა. შტაბში მივდიოდით. გზაში სპეცრაზმელები შეგვხვდნენ, უკან დახევის ბრძანება მივიღეთო. ბრძოლა დასრულებული გვეგონა და გზა განვაგრძეთ. დანიშნულების ადგილას რომ მივედით, დანგრეული შტაბი დაგვხვდა, ირგვლივ ჯარისკაცების გვამები ეყარა. მხოლოდ ერთი მებრძოლი იყო ცოცხალი და მანაც მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, გვიღალატესო. მე და გოგა მტრის ალყაში მარტონი აღმოვჩნდით. კიდევ კარგი, მანგლისელების 13-კაციანმა ბატალიონმა მოგვისწრო. ალყიდან მხოლოდ ხუთმა კაცმა - მე, ოპერატორმა და სამმა მებრძოლმა გამოვაღწიეთ. მე კონტუზია მივიღე, გოგა მძიმედ დაიჭრა, მკვდარი მეგონა და ქვიშაში დავმარხე, რათა აფხაზებს შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. კიდევ კარგი, მაშინვე ვერ გამოვაღწიე იქიდან, რაღაც დროის შემდეგ ხელი გაანძრია, მივხვდი, ცოცხალი რომ იყო, და ამოვთხარე. კაცი დღესაც ცოცხალია. აი, ასეთი კაცი გაუშვეს საქართველოს ტელევიზიიდან. გოგას აქვს გადაღებული, როგორ კლავენ აფხაზები ქართველ მეომარს, სახელად ამირანს. უცებ კი არა, ნელ-ნელა კვდება და ძალიან რთული სანახავია. სხვა ბევრი უნიკალური კადრიც მაქვს ნანახი, თავადაც გადამიღია... მეომრები მყავს გადაღებული, რომლებიც მეორე დღეს ცოცხლები აღარ იყვნენ. დღემდე მახსოვს, სამაჩაბლოში დაღუპული ვეფხია თუთარაშვილი. 1991 წლის 31 დეკემბერი თენდებოდა, ახალი წლის ღამე იყო და იქაური ბიჭები სოფელს იცავდნენ. მე ვეფხია და დედამისი ჩავწერე. მეორე დღეს, 1-ლ იანვარს მოკლეს. ოსების პირველი მსხვერპლი იყო, თუ აკვანში მოკლულ ბავშვს არ ჩავთვლით.
როგორ დაეჯახნენ ერთმანეთს "თბილისისა" და „ბაგრამიანის“ ბატალიონების სომხები
- ისინი გმირები არიან. ბიჭები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, მაგრამ ხელისუფლება უშვებდა უხეშ შეცდომებს, მხარდამჭერებიც არ გვყავდა. უამრავი გმირობის მაგალითი მაქვს ნანახი.არ დამავიწყდება 13 წლის მარლენ ლეჟავა, რომელიც გორაკზე გამაგრებულ სნაიპერებს მიეპარა და მათთან ერთად თავი აიფეთქა. ერთი ლაგოდეხელი ლომიძე იყო, ტყვედ ჩავარდა და აფხაზებმა სანგრების გასათხრელად გაიყვანეს. ცოცხალი თავით ნიჩაბს არ მოჰკიდა ხელი. ჩვენი მებრძოლები აქედან დურბინდით უყურებდნენ, შორს იყვნენ და ვერ მიეხმარებოდნენ. როგორც ერთმა მიამბო, ჩვენი ბიჭები გამწარებული უყვიროდნენ, აიღე ნიჩაბიო. ისე შორს ვიყავით, ვერ გავაგონებდით, მაგრამ ვყვიროდით, აიღე ნიჩაბი, მერე გაგათავისუფლებთო... შეიძლება ვიღაცამ თქვას, სიგიჟის მაგალითიაო, მაგრამ სინამდვილეში ვაჟკაცობისა და პრინციპულობის მაგალითია. მხედრიონელების გინება ერთხანს ძალიან მოდური იყო, მაგრამ მე მაქვს ნანახი და გადაღებულიც მათი შეტევა გაგრაში, მამძიშხის მთაზე, ქვემოდან ზემოთ. შეუძლებელი შეძლეს, შეტევა დაბლიდან მაღლა, თან პროფესიონალმა სამხედროებმა კი არა, მოხალისე ქართველებმა. წარმოგიდგენიათ, როგორი საბრძოლო სულისკვეთება ჰქონდათ? მთის წვერზე ჩრდილოკავკასიელები და კაზაკები იყვნენ გამაგრებული. სულ ბდღვირი ადინეს იქაურობას. გიგა არველაძის მეთაურობით ჩატარდა ეს ოპერაცია. ყველას თავისი უნდა მიეზღას, კი მაროდიორებიც იყვნენ აფხაზეთის ომში, მაგრამ გმირებიც ხომ იყვნენ. მართლა სასწაულები ჩაიდინეს. ჩვენს მხარეს ერთი მუჭა უკრაინელები, თურქი-მესხები, აზერბაიჯანელები და ჩეჩნები იბრძოდნენ. საქართველოს არაქართველი მოქალაქეების ნაწილიც გმირულად იბრძოდა. ჩემი თვალით ვნახე, აჭანდარასთან როგორ დაეჯახნენ ერთმანეთს ბატალიონ "თბილისის" სომეხი მებრძოლები„ბაგრამიანის ბატალიონის სომხებს; ჩვენებმა 15 კაცი მოუკლეს. სხვათა შორის, ქართული მიწის დასაცავად ოსებთან ერთად, რუსებიც იბრძოდნენ; ორ რუსს საკუთარი ხელით გავუთხარე სამარე. ომსკელები იყვნენ და ჩვენს მხარეს მოხალისეებად იბრძოდნენ. ამბობდნენ, ჩრდილოკავკასიელების წინააღმდეგ ვიბრძვითო. კი ვეუბნებოდით, რომ ჩრდილოკავკასიელებს სწორედ რუსეთი უმაგრებდა ზურგს (პირადად ვნახე, როგორ ებრძოდა ჩვენი სამხედრო პოლიცია რუსეთის საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილს), მაგრამ თავისას არ იშლიდნენ. ჩეჩნები, სხვა კავკასიელების მსგავსად, კარგი მეომრები არიან, მაგრამ ქართველებს ვერაფრით აღემატებიან. თავში აქვთ ავარდნილი... დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან 1994 წელს მომხდარ პირველ ომზე, მაგრამ იმას არ ამბობენ, მეორე ომის დროს რუსებმა სრულად რომ გაანადგურეს ჩეჩნური არმია. რაც შეეხება ჩვენს არმიას, ჩუსტებში გამოწყობილი ქართველები ორი წლის განმავლობაში უძლებდნენ რუსული არმიის შემოტევას. "ჩუსტებიანმა" ქართველმა მეომრებმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს ჯარს, რომელსაც ავღანეთის სამი გმირი, კოლესნიკოვი, ჩინდაროვი და ვორობიოვი ხელმძღვანელობდა. ვორობიოვი დუმაში უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. აბა, მას ჰკითხონ, როგორი ბრძოლა იციან ქართველებმა?
რაც არ უნდა უარყონ რუსებმა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ არტილერია, ავიაცია, ტანკები, ეკიპაჟიც ყველაფერი რუსული იყო. მე და გოგა ჭყონია ხშირად ვესწრებოდით ტყვედ ჩავარდნილი რუსების დაკითხვებს. ძალიან კარგად ჩანდა, ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში - მოხალისეები კი არა, გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმის ხალხი იყო. ერთხელ გავიგეთ, გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმიდან ერთი ქართველი ყოფილა, გვარად ჩიქოვანი. იმდენს კი ახერხებდა, რომ ბაზაში მჯდარიყო და სამხედრო მოქმედებებში არ მიეღო მონაწილეობა. ოჩამჩირელი იყო. როდესაც აფხაზეთი დაეცა, გაირკვა, რომ ოჩამჩირეში ერთ-ერთი პირველი მამამისი მოუკლავთ აფხაზებს - თავი მოჰკვეთეს. გიჟივით ჩამოვარდნილა გუდაუთიდან, რომ ოჯახის სხვა წევრები გადაერჩინა. მერე ის კაცი გაგიჟდა. მე დავინტერესდი მისი ბიოგრაფიით და გავარკვიე, მაღალი კატეგორიის ოფიცერი ყოფილა. ჩეჩნეთის პირველ ომში დაიღუპა. როგორც მისმა თანამებრძოლმა მიამბო, შეგნებულად წავიდა სიკვდილზე, დაჭრილი იყო და თავი აიფეთქაო. რაციაში უთქვამს, ჩემს ქვეყანას ვუღალატე და ასეთ დასასრულს ვიმსახურებო.
ხათუნა ბახტურიძე