„მე ბექა იქიდან მაძლიერებს. ყოველ საღამოს ხმამაღლა ვესაუბრები და ვიცი, რომ ესმის ჩემი “
"მე ვიცი, ჩემი ქვეყანა რაც არის! მე ვიცი, ქართველი კაცი რაც არის! ქართველი კაცის შესაძლებლობაც ვიცი. ნაღდი ქართველი კაცის გონება მუდამ სჭირდება სამყაროს. თუკი ეს გონება არ იქნება, შენი კულტურა არ იქნება, სამყარო გაყვითლდება, გაიცრიცება. ჩვენს ერს ისეთი რაღაც გააჩნია, რაც დედამიწის ზურგზე არავის არა აქვს. აქვს „ვეფხვისა და მოყმის ბალადა“..."
რამდენიმე დღის წინ ჩვენი დროის დიდი პოეტი, ყველასათვის საყვარელი და ძვირფასი ადამიანი, ბატონი ტარიელ ხარხელაური იუბილარი იყო. ვულოცავთ მთის პოეტს იუბილეს! ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას! რა ბედნიერებაა, როცა ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ზნეობრივი მაგალითები, რომლებიც თავიანთი სისუფთავით, დამოკიდებულებით პროფესიისადმი, სამაგალითონი არიან. თავად თავის თავს პოეტს არ უწოდებს. ამბობს, ჩემი ყველა ლექსი მუხლზე დაწერილია, იმიტომ, რომ ხან ეზოში ვარ, ხან სათიბში და უცებ რაიმე რომ გამახსენდება ან მომაფიქრდება, ვჯდები და იქვე ვწერო. როცა დავურეკე, რა თქმა უნდა, მივულოცე იუბილე და მადლობაც გადავუხადე, დრო რომ დამითმო. მისგან კი ასეთი საოცარი პასუხი მივიღე:
- პირიქით, შვილო, მე გიხდი მადლობას! როდესაც შენით ინტერესდება შენი შვილების თაობა, ვალდებული ხარ უპასუხო. შენ იმათი გასაცილებელი ხარ ამ წუთისოფლიდან. ასე რომ, სამადლობელი მე მაქვს. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ერთმანეთი უნდა შევავსოთ. დიდი მადლობა მოლოცვისათვის. დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი შემფასებელი ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობაა. ამათ უნდა შეგაფასონ და გაგამგზავრონ ამ წუთისოფლიდან. არაფერი ხარ, თუ შენს ლექსს მხოლოდ შენი თაობა კითხულობს. აი, როდესაც შენს ლექსებს შვილიშვილების თაობა მოჰკიდებს ხელს, უკვე მათთან პასუხისმგებელი ხარ და შეგიძლია თქვა, რომ შენი ტკივილის გადატანა მათ ენაზე შეძელი.
- ყოველთვის, როცა სიტყვა "ტკივილს" ახსენებთ, უნებურად ბექას ამბავი მახსენდება, თავისთავად მოდის ეს სიტყვები: "ვბანე, ცრემლებით გიკემსე, მკერდი ტყვიისგან ნახრავი. ვერაფერი ვერ შევცვალე, ვერ გაგიმრთელე ჭრილობა...შენ მზედ იქეცი, მე მთვარედ, გავცვალეთ მამაშვილობა".
- მადლობა უფალს ყველა ტკივილისათვის, რაც გავიარე. ტკივილი კი არ უნდა დაამძიმო, ლირიკა უნდა შეიტანო. ჩვენ ტკივილი საშინელებად გადავაქციეთ, ის შენთან სამკურნალოდ მოვიდა, საშველად და შენ უფრო უმძაფრებ. მიეცი ტკივილს ცოტა სინათლე, ცოტა სიყვარული და გიმკურნალებს თვითონვე. მე ბექა იქიდან მაძლიერებს. ყოველ საღამოს ხმამაღლა ვესაუბრები და ვიცი, რომ ესმის ჩემი. ბექა რომ ცოცხალი იყო, ვფიქრობდი, მე ისე უნდა მეცხოვრა, ჩემს შვილს მამამისის არ შერცხვენოდა. ახლა? ახლა მე უნდა ჩავაბარო აღსარება ჩემს საფიცარ შვილს, იქ რომ მივალ.
"არ ყოფილიყო მარტოობა, თავად შევქმნიდი, ცაო, დასრულდა ყველა მითი შენი სრულობის... ბებერო მიწა, ამოვდივარ შენი ქერქიდან, ეს მე ვარ, მე ვარ შენი ჟამი მარტოსულობის" - მარტოობა არ ყოფილიყო, მე ვერაფერს შექმნიდი, ვერაფერს დავწერდი. პოეზიაა ჩემი სულის თავშესაფარიც და ჩემი ადგილიც. ის გიცავს მაშინ, როცა სწორად ემსახურები. არასოდეს მითამაშია, არასოდეს. რაც ვარ, ეს ვარ.
- რა არის თქვენთვის პოეზია?
- ჩემთვის ლექსი, პოეზია ლოცვაა. როცა ჩემი საღამო იმართება, დასრულების შემდეგ შეგრძნება მაქვს, რომ ვალი მოვიხადე მკითხველის წინაშე იმ სიყვარულის გამო, რომელსაც შენ მიმართ გრძნობს. ვინც პოეზიის მადლი მოგცა, იმას უნდა ემსახურო, არა შენთვის, არამედ პოეზიისათვის. როცა კალამთან ზიხარ, ის უფლის მადლია. ამ მადლის გამო უნდა იცხოვრო ისე, როგორც უფალი გეუბნება: "გიყვარდეს მტერი შენი... და ამ დროს, ჩვენ ბაგეებით ვართ მორწმუნეები და შინაგანად ღმერთი ჩაკეტილი გვყავს, არ ვუშვებთ ჩვენში შემოსასვლელად. ადამიანს შინაგანი კომფორტი უნდა ჰქონდეს, ესაა მთავარი. ასეთი გამოთქმა არსებობს, "საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიხუროო". ჩვენ ეს უარვყავით და გონებრივ კომფორტზე აღარ ვფიქრობთ, არადა, დღეს ეს ძალიან გვჭირდება. გონებრივი კომფორტი თუ არ წამოვიდა წინ, ჩვენ მუდამ ამ დღეში ვიქნებით.
- რას გულისხმობთ?
- რას და, გვგონია, სასწავლებელი და დიპლომი განათლებას ნიშნავს. ანალიზის უნარი თუ არა გაქვს, აზრი ეკარგება ყველაფერს. ხვალინდელი დღე კეთილი არ გვექნება. შინაგანად უნდა გავიზარდოთ, განვვითარდეთ. უწიგნურობის ბრალია, რომ დღეს მთელი სამყარო თითს გვიქნევს. ილია ჭავჭავაძეს აქვს ნათქვამი "ქვათა ღაღადში", ისეთი უბედური ერი ვართ, ყველას დაბალი ღობე ვგონივართ. ვისაც უნდა, ისე გადაგვალაჯებს, არც შეგვეკითხებაო. ასეა, შვილო, უცოდინარი ადამიანი გონებრივად გაკოტრებულია. საკუთარი ქვეყნის ისტორიაც უნდა იცოდე და სხვისიც. უნდა იცოდე, სხვებისაგან რით განსხვავდები, რით ხარ გამორჩეული. სწორედ გამორჩეულობის გამო გებრძვიან. ერს, რომელსაც შეუძლია რუსთაველი დაბადოს, ის ერი როგორ შეიძლება გონებრივად ნაკლული იყოს?!
- ამას ემატება შური, ბოღმა, ერთმანეთის ლანძღვა. როდესაც ასეთი ისტორიული დღე დაგვიდგა ქართველებს, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მოგვცეს, დღესაც კი ერთმანეთს აქილიკებენ.
- ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრძოლა ძალიან "კარგად" გვეხერხება. ერთმანეთის დამარცხება გვიხარია. ჩვენი მეზობელი ჩვენზე უკეთესი რომ იყოს, არ გვინდა. ეს ქართულ ხასიათში ზის. ჩვენზე უკეთესი რომ მოვიდეს მწერლობაში, არ გვინდა, იმიტომ, რომ პოპულარობას (ამ მახინჯ ფორმას) ვკარგავთ. ამიტომ არ გვინდა ნიჭიერი კაცის მოსვლა. არადა, როგორ უნდა მოხდეს ევოლუცია და ერის განვითარება, თუ ჩვენზე ნიჭიერი არ მოვა? ღმერთმა დაიფაროს, ჩემზე ბევრად ნიჭიერი კაცი არ მოვიდეს. ეს ქვეყნის ტრაგედია იქნება. მარტო ევროკავშირში შესვლა ვერაფერს მოგვიტანს, თვითონვე თუ არ მოვინდომებთ განვითარებას. ევროპამ რომ შეგიყვაროს, ჯერ საკუთარი უნდა დააფასო და პატივი სცე. შენი ქვეყნისა და შენ გვერდით მდგომის სიყვარული უნდა ისწავლო. სხვისი ნიჭის პატივისცემა თუ არ შეგიძლია, ვერასოდეს ჩამოყალიბდები კაცად! ჯერ პიროვნება უნდა იყო და მერე პოეტი.
- არასოდეს არსად არ გითქვამთ, რომ პოეტი ხართ...
- როგორც კი ჩათვლი, რომ უკვე პოეტი ხარ, შენი ზრდა შეჩერდება. ყველას, ვინც კალამთან ზის, პოეზიის მწვერვალზე მოხვედრა სურს, მაგრამ იქ ადის ერთი, ორი ან სამი კაცი. თუკი სიმაღლეზე ვერ ახვალ და ქვემოთ მოექცევი, უნდა იცოდე, რომ ამ რჩეულთათვის სარბიელი ხარ, შენზე უნდა გაიაროს იმ ერთმა კაცმა. შენ ხარ საშუალება, რომ რჩეულებმა მწვერვალს მიაღწიონ. არ უნდა იფიქრო, რომ შენ ყველაზე დიდი ხარ. ყველაზე უკეთესი არა ხარ! უბრალოდ, შენ შეგხვდა შენი დროის კარგი მკითხველი.
- ქალაქში ძალიან იშვიათად ჩამოდიხართ...
- ქალაქი მღლის... ეს ურთიერთობები, ეს დამოკიდებულებები, ყალბი ადამიანები, თითქოს მხოლოდ საზრდოს ძიებაში არიან, რომ სახლში რაიმე მიიტანონ. ადამიანებს მგლის მადა გაეხსნათ, მგელი გახდა ადამიანი. სისხლის წყურვილი აქვს. ლომი რომ დანაყრდება, აღარ ნადირობს, მგელი კი, სანამ არ დაიღლება, სურვილი აქვს ყველა გაწყვიტოს. სანამ მოასწრებს, ყველაფრის განადგურების სურვილი ამოძრავებს. ეს ყველაფერი კი, ისტორიის უცოდინრობამ განაპირობა.
- რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ერი ისევ გავერთიანდეთ?
- ილიას სურათი კი არ უნდა ჩამოვკიდოთ ოთახში, ილია გულში უნდა გვყავდეს, ილიათი უნდა ვიცხოვროთ. ილია ქართველი კაცის გენეტიკური კოდია!
- პირველი კადრი, რომელიც მძაფრად დაგამახსოვრდათ, რა იყო?
- შავებში ჩაცმული სოფელი. ომი ახალი დამთავრებული იყო და ოჯახს ვერ ნახავდით, რომელიც არ გლოვობდა. ეს იმდენად მტკივნეულად დამამახსოვრდა, დღემდე მომყვება ის განცდა. დაახლოებით 3 წლის ვიქნებოდი ან 4-ის. მაშინ ძალიან დიდხანს გლოვობდა ხალხი. დღევანდელივით კი არა, დღეს რომ მოკვდება კაცი და ხვალ აღარ ახსოვთ. მაშინ ერთმანეთით ვცხოვრობდით. ერთმანეთს ინახავდა ხალხი, რომ თანაბარი ცხოვრებით ეცხოვრათ, გამორჩეული არავინ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახს არ უჭირდა, პაპა არ მაძლევდა სხვაზე მეტს, რომ იმ ჩემს მეზობელ ბიჭს გული არ დასწყვეტოდა. დღეს ხვდები, რომ ყველაზე სწორი გზა მიჩვენა მაშინ პაპაჩემმა. ზაფხულობით სკოლიდან რომ დაგვითხოვდნენ, მინდორში ჩემს თანატოლებთან ერთად გაგვყავდა ოჯახიდან ვისაც რა გვყავდა: ზოგს ღორი, ზოგს ცხვარი და ასე შემდეგ. ასე იწრთობოდა ადამიანი, იქ ყალიბდებოდა ურთიერთობები, ის, რაც დღევანდელ ბავშვებს ძალიან აკლიათ. ამიტომ ხდებიან ერთმანეთთან აგრესიულები და მერე სამაგიეროს გადახდის სურვილი უჩნდებათ. ჩვენ თუ ვიჩხუბებდით, მაშინვე ვრიგდებოდით. პაპა არასოდეს მაიძულებდა რაიმე გამეკეთებინა. თვითონ გააკეთებდა, ჩემთვის კი გამზადებული ჰქონდა თოხი ან ნიჩაბი მიწის ამოსათხრელად. ასე ნელ-ნელა შემაჩვია შრომას. მან მასწავლა, როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად. სოფელში უსაქმური კაცი ვერ იცხოვრებს. როგორ შეიძლება საქონელი არ გყავდეს? მიწა ხომ გაქვს? ზაფხულში მინდორში ხარ, ზამთარში - ბოსელში. ფიზიკური მუშაობა ჩემთვის დღესაც განტვირთვის, ფიქრის საშუალებაა. როდესაც ვკითხულობ, ხომ ვჩერდები? და როცა მინდორში გავდივარ, ვიწყებ მის გააზრებას, რაც წავიკითხე. ამ დროს ვერთობი და იმ მთელი დღის ფიზიკური შრომის შემდეგ დაღლას ვერ ვგრძნობ.
- თქვენ მწერალთა კავშირიც დატოვეთ თავის დროზე..
- იქ, სადაც ერთმანეთი სძულთ, ჩემი ადგილი არაა. შენზე ნიჭიერი ადამიანის მოსვლა რომ არ გიხარია, მწერალთა კავშირში კი არა, ქვეყანაში არაა შენი ადგილი. მე რედაქციის კარი დღემდე არ ვიცი. ერთ დღეს სასწაულმა კაცმა, იაკობ ბობოხიძემ მიიტანა ჩემი ლექსები რედაქციაში და იქიდან დაიწყო ჩემი ლექსების გამოქვეყნებაც. ძალიან მიყვარდა რეზო ინანიშვილი და ვთქვი, თუ ბატონ რეზოს მოეწონება ეს ლექსები, მაშინ დაიბეჭდოს-მეთქი. ასეც მოხდა. იმავე წელს წავედი ცხვარში, სადაც 12 წელი დავრჩი.
- ყველაზე დიდი შექება ვისგან გახსოვთ?
- ერთ დღეს ფილარმონიასთან გზაზე გადადივარ და ვხედავ, ჩემს წინ პატარა გოგონამ გაიარა, შემოტრიალდა და მიყურებს. ვხვდები, რომ მოსვლა უნდა ჩემთან, მაგრამ აშკარად ერიდება. შვილო, ხომ არაფერი გიჭირს-მეთქი? შეიძლება თქვენთან მოვიდეო? კი, როგორ არ შეიძლება-მეთქი. მოვიდა, გადამიწია პიჯაკი და მეუბნება, შეიძლება გულში გაკოცოთო? და უცებ მაკოცა გულში, გატრიალდა და გაიქცა. აი, ამად ღირდა ყველა ტანჯვა, ყველა ტკივილი, რაც კი გადაგიტანია. იმ ბავშვის ერთ კოცნად ღირდა. დღესაც ვფიქრობ, იმ ბავშვს იმედი ხომ არ გავუცრუე? ვარ კი ისეთი, მაშინ ის რასაც ხედავდა? პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, შვილო. მე-5, 6, 7-კლასელი ბავშვები რომ ზეპირად გიკითხავენ შენს ლექსებს, შიში ხომ მაინც უნდა გაგიჩნდეს ამ დროს, დავიმსახურე კი ამხელა სიყვარული? არა, არ მეკუთვნის, ამას გულით გეუბნები, შვილო.
- დღეს რამ გატკინათ გული ყველაზე მეტად?
- ჩემი წუთისოფელი მალე დაიბინდება, მე შემინდე, მოძღვარო, მე მაქვს შესანდობარი... მაპატიე, ბოლომდის ვერ შემოგრჩი ერთგული, გამიმეტეს სიღრმეთა შორეულმა ხილვებმა, ვდგავარ გარინდებული და ცივ მთვარეს შევყმუვლებ, არ ყოფილა ადვილი თავის თავის მხილება. გრცხვენოდეს, საქართველოვ, თუ შენდამი ერთგულებისა და სიყვარულის დამტკიცება დასჭირდა პატრიარქს 90 წლის ასაკში და შენგან შენდობა და მიტევება ითხოვა... აი, ეს მეტკინა ყველაზე მეტად ბექას შემდეგ.
- რას ეტყვით ჩვენს მკითხველს და რას უსურვებთ 2024 წელს ჩვენს ქვეყანას?
- თქვენს გაზეთს ვუსურვებ ყოველთვის სიმართლის წერას. ჩემს შვილს დავუწერე, რომ დაიბადა ასეთი ლექსი: "არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამო, შვილო, ჩემი ქვეყნისათვის არასოდეს მიღალატია". აი, ამას გისურვებთ, ღირსეულად ემსახურეთ თქვენს საქმეს და რაც მთავარია, მკითხველს, რომელიც კვირიდან კვირამდე ელოდება თქვენგან ახალ ამბავს.
მე ვიცი, ჩემი ქვეყანა რაც არის! მე ვიცი, ქართველი კაცი რაც არის! ქართველი კაცის შესაძლებლობაც ვიცი. ნაღდი ქართველი კაცის გონება მუდამ სჭირდება სამყაროს. თუკი ეს გონება არ იქნება, შენი კულტურა არ იქნება, სამყარო გაყვითლდება, გაიცრიცება. ჩვენს ერს ისეთი რაღაც გააჩნია, რაც დედამიწის ზურგზე არავის არა აქვს. აქვს "ვეფხვისა და მოყმის ბალადა": "იქნება ვეფხვის დედაი, ჩემზედ მწარედა სტირისა, წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა". ვისურვებდი იმ სიყვარულის დაბრუნებას, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენში ჩადო და ახლა ჩაძინებულია. 2024 წელს ამ ჩაძინებულ სიყვარულს გაეღვიძოს ქართველი კაცის გულში. აი, ამას ვისურვებდი, შვილო.
რუსუდან შაიშმელაშვილი