ცუდად დაწყებული და კარგად დასრულებული წელი ანუ მარტის მოვლენებიდან სტატუსამდე
საქართველოსთვის წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება იყო. ამ თემაზე იმდენი ვთქვით და იმდენი დავწერეთ, რომ აღარ შევჩერდებით. კიდევ ერთხელ ვულოცავთ საქართველოს და იმედია, 2024 წლის მთავარი მოვლენა ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება იქნება.
რთული 2023 წელი
გასული წელი რთული იყო. საქართველომ რამდენჯერმე ბეწვის ხიდზე გაიარა, განსაკუთრებით 7, 8, 9 მარტის მოვლენებისას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არ ჰგავს ჩვენს უახლოეს სამეზობლოს - საზოგადოებას თავს ვერავინ ვერაფერს მოახვევს. იმედია, ამას ერთხელ და სამუდამოდ გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება (აქვე უნდა აღვნიშნოთ - ხელისუფლებას დროულად რომ არ დაეხია უკან, ალბათ, ტრაგიკული სცენარი გარდაუვალი იქნებოდა) და სანამ რაიმე ინიციატივის გატანას დააპირებს, მანამდე საზოგადოებას დაეკითხება აზრს.
სხვათა შორის, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას აქციებით ემუქრება ხოლმე, მარტის მოვლენებზე აკეთებს სწორებას. პოლიტიკოსებს თუ სურთ წარმატების მიღწევა, პირველ რიგში, სიმართლეს უნდა ჩახედონ თვალებში. დიახ, მარტში ხალხი ქუჩაში ოპოზიციის დაძახილზე არ გამოსულა. ქუჩაში, სხვათა შორის, "ოცნების" მომხრეებიც იყვნენ და ის ხალხიც, რომელსაც არც ერთი პარტია გულზე არ ეხატება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ძალიან ცუდ ამბებს გადავურჩით.

2023 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ უკრაინამ საქართველოსკენ რამდენიმე მკვეთრად არამეგობრული ნაბიჯი გადმოდგა, რომლის მწვერვალი იყო ამ ქვეყნიდან საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გამოძევება. არადა, საქართველოს საელჩო ლამის ერთადერთი დიპლომატიური უწყება იყო კიევში, რომელიც ომის დაწყებისას ლვოვში არ "გადასახლდა". დღესაც უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისშია, კიევს კი თავისი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი არ დაუნიშნავს. ასეთია დამოკიდებულება იმ ქვეყნის მიმართ, რომლის საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას და იქ მიმდინარე ომს ისევე განიცდის, როგორც თავისას. ადრეც ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - თუ კიევს აქვს ინფორმაცია, რომ ოფიციალური თბილისი რუსეთთან რაღაც შავ სქემებში მონაწილეობს, ფაქტები უნდა წარმოადგინოს. აქამდე ფაქტები არ გვინახავს. მეტიც, საქართველოში ვიზიტით იყვნენ დასავლეთის სასანქციო ჯგუფის წევრები და დადებითი დასკვნები დაწერეს. თუ დემარშის მიზეზი ის არის, რომ საქართველო უკრაინას იარაღს არ აწვდის, მაშინ ისიც უნდა ესმოდეთ კიევში, რომ თბილისს უკრაინის ფრონტზე 100 ავტომატიც რომ გაეგზავნა, შესაძლოა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული საშიშროება დამუქრებოდა, მით უმეტეს, საქართველოს ნატოს ქოლგა არ იცავს, განსხვავებით ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან, ხოლო თუ დემარშის მიზეზი სააკაშვილის ფაქტორია, მაშინ ეს არასერიოზულია... იმედია, 2024 წელს დალაგდება თბილისისა და კიევის ურთიერთობა. უკრაინელ ხალხს კი ვუსურვებთ, რომ 2024 წელი რუს ბარბაროსებზე გამარჯვების წელი ყოფილიყოს. ამაში საქართველო რომ არის დაინტერესებული (თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორიდან გამომდინარე), ისე, ალბათ, არავინ ამ პლანეტაზე.
2023 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ პუტინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღო და პირდაპირი ფრენები აღადგინა. ამას საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლარიზაციის მორიგი "აფეთქება" მოჰყვა. თუმცა ამას უნდა შევხედოთ როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ ნაწილს, რომელშიც ცენტრალური ადგილი უკავია მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას. რა, საქართველოს მოსახლეობის პროდასავლური განწყობები შეიცვალა ამ უვიზო რეჟიმით თუ არიქა, ქართველები მასობრივად გაიქცნენ რუსეთში? პუტინმა რაც არ უნდა გააკეთოს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის (ზოგიერთ მარგინალს რომ რუსეთი უყვარდა და უყვარს, ამაში ხელს არც სავიზო რეჟიმი უშლიდა და არც ოკუპირებული ტერიტორიები) განწყობები არ შეიცვლება, ერთი შემთხვევის გარდა - თუ მოსკოვი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და მსხვილ კონტრიბუციასაც გადაიხდის იმ ოთხი ომის გამო, რაც მან გააჩაღა საქართველოს დაშლისა და განადგურების მიზნით.
გასული წელი გამორჩეული იმითაც იყო, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს იმპიჩმენტი დაუპირა. მიზეზი იყო სალომე ზურაბიშვილის დაუმორჩილებლობა, რომელიც, მიუხედავად მთავრობის აკრძალვისა, მაინც განაგრძობდა ვიზიტებს უცხოეთში (ამას კერძო ვიზიტებს არქმევდა). ეს იმპიჩმენტი უცნაური იყო - კერძოდ, "ოცნება" ამტკიცებდა, წინასწარ ვიცით, რომ იმპიჩმენტი არ გამოვა, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთეთო. სიტუაცია ოდნავ დაძაბა გავრცელებულმა ჭორებმა, თითქოს "ოცნებას" საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გადაბირებული ჰყავს და აგროვებს პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმებს, თუმცა... ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია და კვლავ დადის "კერძო ვიზიტებით" ევროპაში და "ოცნებაც" ადრინდელივით ამაზე ისე მწვავედ აღარ რეაგირებს.
2024 წლის მთავარი გამოცდა
2024 წელი კარგად რომ დასრულდეს, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული - როდესაც ჩვენ გარშემო ორი დიდი ომი მიმდინარეობს (და შესაძლოა მომავალ წელს მსოფლიოში კიდევ რამდენიმე ცხელი წერტილი გაჩნდეს), ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ მოვლენები წარმოუდგენელი სცენარით განვითარდეს, ხოლო თუ მსოფლიოში გეოპოლიტიკური კატასტროფა აპოკალიფსში არ გადაიზარდა და მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა სტატუს-კვო, ჩვენთვის 2024 წლის კარგი დასასრული იქნება, თუ ევროკავშირი საქართველოსთან ამ ორგანიზაციაში გაწევრების მიზნით მოლაპარაკებებს გახსნის.
ამისთვის კი, პირველ რიგში, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კარგად ჩატარებაა საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ერთი პარტია, რომელიც წინასწარვე არ ცნობს არჩევნების შედეგებს - ეს "ნაცმოძრაობაა". კერძოდ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, არჩევნები ვერც სამართლიანად ჩაითვლება და ვერც დემოკრატიულად, რადგან მას არა აქვს ამომრჩეველთან კონტაქტის უფლება. ძნელი წარმოსადგენია, რომ "ოცნებამ" სააკაშვილი გაათავისუფლოს. ბოლო პერიოდში კი აკეთებს ორაზროვან განცხადებებს, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილი არც იმას ელის, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.

ჰოდა, "ნაცმოძრაობა" უნდა ჩამოყალიბდეს - თუ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე არჩევნები უსამართლო იქნება, მაშინ, ლოგიკურად, ამ პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. ზემოხსენებული რიტორიკით არჩევნებში მონაწილეობა უცნაური იქნება - წარმოვიდგინოთ ფეხბურთის გუნდი, რომელმაც წინასწარ იცის, რომ მსაჯები მოსყიდული არიან, გოლებს არ ჩაუთვლიან, მის კარში მოგონილ პენალტებს დაუნიშნავენ და მაინც გადის მოედანზე სათამაშოდ. თუმცა შესაძლოა "ნაცმოძრაობა"თადარიგს იჭერს. კერძოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაწელილმა მელია-ე.წ. ახალი მენეჯმენტის "გამიშვი-გამატარემ" პარტია ძალიან დააზარალა. მისი ინიციატივები ხშირად არასერიოზულია და ერთიანი ხაზი აკლია.
მაგალითად, სააკაშვილის ინიციატივამ "სუპერპაკის" შესახებ (პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტი) იმდენად სერიოზული განხილვა არ გამოიწვია, რამდენიც ირონია. მეორეც - მიშას შეთავაზებას ოპოზიციის ერთი ნაწილის ისეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომ "ნაცმოძრაობის" სპიკერებმა მაშინვე დააზუსტეს: სააკაშვილს სხვა ოპოზიციური პარტიები არ უგულისხმიაო (არადა, ამ "სუპერპაკთან" დაკავშირებით სააკაშვილი სწორედ ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობდა), შემდეგ კი გადააზუსტეს: პოლიტიკოსებიც არ უგულისხმია, საზოგადოების წარმომადგენლები იგულისხმაო. საბოლოოდ, "სუპერპაკის" ინიციატივამაც იმ იდეის ბედი გაიზიარა - სააკაშვილი ცხელი ხაზის გაკეთებას რომ გეგმავდა რუსი დივერსანტების აღმოსაჩენად.
შესაბამისად, ამ ტრაგიკომიკურ ვითარებაში ჩავარდნილი "ნაცმოძრაობის" ლიდერები (განსაკუთრებით კვიპროსზე და ლონდონში მყოფები), ალბათ, ხვდებიან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შესაძლოა იმაზე უარესი შედეგი აჩვენონ, ვიდრე 2020 წელს (მელიაც რომ წაართმევს ხმებს, ესეც ფაქტია). ჰოდა, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, იტყვიან, რომ მათი მარცხის მიზეზი პროცესის უსამართლობა იყო, პროცესი კი იმიტომ იყო უსამართლო, რომ სააკაშვილი ციხეშია. იქნება აქციები, ჰაი-ჰუი და შემდეგ ყველაფერი ჩვეულ ქართულ პოლიტიკურ წრეზე წავა.
2024 წლის არჩევნების კონტექსტში უმნიშვნელოვანესი იქნება, ბოლოს და ბოლოს, შეიქმნება თუ არა საქართველოში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეავიწროებს "ნაცმოძრაობასაც" და "ოცნებასაც". რეალობიდან გამომდინარე, ამის პრეტენზია შესაძლოა ჰქონდეს ორ პარტიას: გახარიას პარტიასა და "ლელოს". რჩება შთაბეჭდილება, რომ გახარიას გუნდი აქტიურობს - ის თანაბარი სიმწვავით ესხმის თავს "ოცნებასაც" და სააკაშვილსაც. გათვლა გასაგებია: ამომრჩეველთა საკმაოდ დიდ ნაწილს აღარ მოსწონს მმართველი პარტია, მაგრამ უფრო მეტად არ სურს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება (იმას თავი დავანებოთ, რომ თავად გახარიასთანაც არის ბევრი მწვავე კითხვა და ეჭვი). თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, გახარიას პარტიის ფონზე "ლელო" პასიურობს, რაც მართლა უცნაურია...
2024 წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური სიურპრიზი, ალბათ, სალომე ზურაბიშვილის გადადგომა და მისი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა იქნება. თუმცა ვნახოთ...
საბოლოოდ, იმედია, მომავალი წლის შემაჯამებელ სტატიაში ვიტყვით, რომ 2024 წელი საქართველოსთვის და თითოეული თქვენგანისთვის ბევრი და რაც მთავარია, სასიამოვნო სიურპრიზით იყო გაჯერებული.
გიორგი კვიტაშვილი