წლის პროგნოზი: რა იქნება 2024 წლის 5 მთავარი მოვლენა?!
ექსპერტებთან ერთად შევეცადეთ იმ მთავარი მოვლენების პროგნოზი გაგვეკეთებინა, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს 2024 წელს ელოდება
1. მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირთან
კორნელი კაკაჩია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) დირექტორი:
- მომავალი წლის არჩევნები იქნება ქვეყნისთვის გზაგასაყარი, რადგან თუ არჩევნები ჩაივლის ისე, რომ მისი სამართლიანობის შესახებ კითხვები დაისვა როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებგარეთ, ეს შეაფერხებს არა მარტო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, არამედ საქართველოს ევროპეიზაციასაც, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. გარდა ამისა, ეს გამოიწვევს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება, ეს მოლაპარაკებების დაწყების შანსს გვაძლევს და ქვეყანაში სტაბილიზაციასაც შეუწყობს ხელს, მით უმეტეს, თუ პარლამენტში ბევრი პარტია იქნება და ოპოზიციასაც მიეცემა პროცესებში მონაწილეობის საშუალება. თუმცა იმის ზუსტად თქმა, დეკემბერში დავიწყებთ თუ არა მოლაპარაკებებს, ცოტა ძნელია, რადგან დღევანდელი დინამიკიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მომავალ წელს პოლარიზაცია უფრო გამწვავდეს. არც ხელისუფლებას შეუცვლია რიტორიკა და არც ოპოზიცია აპირებს რაიმეს შეცვლას. ამიტომაც, სავარაუდოდ ჩვენ ისევ იმ წრეში ვიტრიალებთ. \
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი: - ჩემი პროგნოზი, პრინციპში, წინაზე კი გამართლდა, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემდნენ. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებას დაიწყებენ. უფრო მეტიც, შესაძლოა ეს მოხდეს უფრო ადრე, ვიდრე გვგონია.
2. შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი გახდეს
კორნელი კაკაჩია: - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არათანმიმდევრულია მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს კითხვის ნიშანს უსვამს მის თავსებადობას სხვა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ნებასთან. არც ის არის გამორიცხული, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად დიდი კოალიცია შეიქმნას. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, პოლიტიკური გადალაგება უფრო მომავალ თვეებში დაიწყება. ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მას შეუძლია საზოგადოების ნების გამოხატვა პოლიტიკაში.
დავით ზურაბიშვილი: - კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეძლებს გამონახოს თავის თავში ძალა, რომ გახდეს არანაცური გაერთიანების ერთგვარი სიმბოლური ლიდერი. მთავარია, ეს გაერთიანება იყოს "ნაცმოძრაობისგან" ცალსახად გამიჯნული. სასურველია გახდეს არა ისეთი ლიდერი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი რომ ხდება, არამედ დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე და თან მისი დროშით გაერთიანდეს საზოგადოება. ასეთ გაერთიანებას, ვფიქრობ, ექნებოდა დიდი პერსპექტივა იმისა, რომ მართლა იქნებოდა გამარჯვების კოალიცია. ახლა რაც ხდება, თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიონ, გახარიას პარტია იქნება, მელიას ახალი პარტია, "ნაცმოძრაობა" თუ სხვა, პირველ ადგილზე მაინც ხელისუფლება გავა. უბრალოდ, გააჩნია დანარჩენი პარტიების ჯამს. ამიტომაც არის სასურველი, რომ ზურაბიშვილი ჩაუდგეს ამ ფორმით სათავეში არანაცურ ოპოზიციას.
3. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის გაძლიერება
გიორგი ბილანიშვილი, "საქართველოს უნივერსიტეტის" მკვლევარი: - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყება, ცხადია, ნიშნავს რეგიონში დასავლეთის გავლენის გაძლიერებას, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს. ჯერ ერთი, ის კომპონენტები, რომლებსაც ბოლო ხანს აქტიურად იყენებენ, კერძოდ, პრორუსულ პროპაგანდას, შენარჩუნებული იქნება. კვლავ გაგრძელდება საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის ცდები. ჩემი აზრით, გაჩნდება ახალი კომპონენტიც - რუსეთი შეგვიქმნის ილუზიას, თითქოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი უჩნდება. ამის ნიშნები უკვე აშკარაა.
4. კავკასიაში თურქეთის როლის გაზრდა
ზურა ბატიაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFშIშ) მკვლევარი:
- თურქეთი ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კავკასიას ესაზღვრება. მომავალ წელს გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები, რომელსაც რეალურად ადგილობრივ არჩევნებზე მეტი დატვირთვა ექნება. კერძოდ, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია ანკარისა და სტამბოლის მერის თანამდებობების დაბრუნებას. ეს ერთგვარად პრესტიჟის საქმეც არის. მეორე მხრივ, თურქეთის ეკონომიკა არც ისე კარგ დღეშია - 1 აშშ დოლარი უკვე 30 თურქული ლირა ღირს და ეს გრძელდება, რაც თურქეთში მომავალ წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება. საგარეო ასპარეზზეც არაერთი გამოწვევა აქვთ: დასავლეთსა და რუსეთთან ურთიერთობა, სირიაში სამოქალაქო ომი, სადაც ამა თუ იმ ფორმით თურქეთი ყოველთვის არის ჩართული. თურქეთს აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვს. ამის დასტური იყო თუნდაც ყარაბაღის კონფლიქტში მისი ჩართულობა. ამიტომ ახლა მთავარია, რა პროცესები განვითარდება კავკასიის, შავი ზღვის რეგიონში, ბევრი რამ იქნება ისევ დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე.
გიორგი ბილანიშვილი: - რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება, ასევე როგორ გადაწყდება ზანგეზურის დერეფნის საკითხი - საზოგადოდ, აღდგება და განვითარდება თუ არა პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის. უნდა დავაკვირდეთ იმასაც, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ბალანსი რუსეთს და თურქეთს შორის ჩვენს რეგიონში. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ აშშ და ევროკავშირი რა მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და ურთიერთობის ნორმალიზებაში. რაც შეეხება თურქეთს, მას რამდენიმე მიმართულებით უწევს მოქმედება. ბოლო დროს მისთვის უფრო საყურადღებო გახდა ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტი. თურქეთი შეეცდება ჩვენს რეგიონში ბოლო დროს გამყარებული პოზიცია უფრო გაიმყაროს უპირველესად იმით, რომ სომხეთთან ურთიერთობაში პროგრესს მიაღწიოს და ამ გზით უფრო აქტიურად შემოვიდეს რეგიონში.
5. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი
ჩვენ მეხუთე მნიშვნელოვან მოსალოდნელ ამბად გამოვყავით ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის უფრო გამყარება. ვფიქრობთ, მომავალ წელს ჩინეთთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმი გვექნება. ამას განაპირობებს როგორც ეკონომიკური ინტერესები, მაგალითად, "შუა დერეფნის" პროექტი, ასევე პოლიტიკური ფაქტორიც. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ამ საკითხზე ჩვენს ანალიტიკოსებს რატომღაც კომენტარები არა აქვთ.
რა იქნება 2024 წლის 5 მთავარი მოვლენა?! მსოფლიოში
1. რუსეთ-უკრაინის ომის ბედი გადაწყდება
თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი: - საინტერესო განცხადება მოვისმინეთ კიევიდან, რომ სჭირდებათ კიდევ ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია. რუსეთს ცოცხალი ძალაც მეტი ჰყავს და თავისი ხალხიც დასახოცად არ ენანება. თუ შეძლებს უკრაინა ამდენი ხალხის გამოყვანას, ეს ფრონტს, სულ ცოტა, დაასტაბილურებს და შესაძლოა წინსვლაც ჰქონდეთ. თუ ეს ვერ მოახერხეს, ვითარება უფრო გართულდება. ცხადია, უკრაინას კონტრშეტევა არ გამოუვიდა, ამიტომაც ვაშინგტონში უფრო ხშირად დაისმება კითხვა, რისთვის ვხარჯავთ ამდენ ფულს, მაინც ვერაფერი ქნეს, რუსეთი ისევ მაგრად დგას და ეს ძალიან ცუდად დამთავრდებაო. ამიტომაც, ვფიქრობ, მომავალ წელს ამ ომში რაღაც გაირკვევა.
ზურა ბატიაშვილი: - ალბათ, გამოჩნდებიან სხვა "პრიგოჟინები", რომლებიც უკმაყოფილო იქნებიან სიტუაციით და რა მოხდება, კაცმა არ იცის. ვფიქრობ, ომის ბედი 2024 წელს უნდა გადაწყდეს.
2. ტრამპი პრეზიდენტი გახდება?!
გიორგი ბილანიშვილი: - თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი და ბაიდენი იქნებიან კონკურენტები, ბუნებრივია, ამ არჩევნების მნიშვნელობა უფრო გაიზრდება, რადგან ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ხელისუფლების დაბალანსების სისტემა ძალიან კარგად მუშაობს, მოსალოდნელია ისეთი პროცესების განვითარება, რაც პოლიტიკურ ერთიანობას მოარღვევს. ვერც იმაში ვიქნებით დარწმუნებული, თუ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ამერიკა ისევ მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას.
თორნიკე შარაშენიძე: - ტრამპი შეიძლება დაბლოკონ, მაგრამ თვითონ ამერიკული ისთებლიშმენტია დაბერებული და ეს სისტემური პრობლემაა. როგორც ჩანს, იქ პერსპექტიული ახალგაზრდები აღარ მიდიან პოლიტიკაში. იქ ძალიან რთულია საჯარო სივრცეში ყოფნა - მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ, შეიძლება გაგიხსენონ, რომ ბავშვობაში ვიღაცას ცუდად შეხედე და გიჩივლონ. რად უნდა თავსატეხი. თუ არჩევანი იქნება ტრამპსა და ბაიდენს შორის, ეს ხომ უკვე პრობლემაზე მიუთითებს? ერთი არის, რბილად რომ ვთქვათ, არამეინსტრიმული პოლიტიკოსი, სახიფათო განცხადებებით და მეორე კი აღარ არის თუნდაც იმ ფორმაში, როგორშიც სამი წლის წინ იყო. ბაიდენი ძალიან მოტყდა და კიდევ ოთხი წელი როგორ უნდა გაუძლოს პრეზიდენტობის წნეხს?
3. გაეროს გავლენა კიდევ უფრო დაეცემა?!
თორნიკე შარაშენიძე: - იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი. გაეროს დაშლის ინტერესი არავის არა აქვს, არც ამერიკას, არც რუსეთს, არც ჩინეთს, არც ერთ დიდ მოთამაშეს. შესაბამისად, ეს არ მოხდება, რაღაც ადგილი ხომ უნდა იყოს, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან. გარდა ამისა, ინსტიტუციური თემაც არის. ცხადია, ამ ომმა ბევრი რაღაც შეცვალა, მაგრამ არა ისე ფუნდამენტურად, როგორც 1945 წელს, როდესაც დასრულდა მსოფლიო ომი და მერე გაერო შექმნეს, რათა შემდგომი ომები თავიდან აეცილებინათ, რაც არ მოხდა. ეს არ არის მაინც მსოფლიო ომი, მაგრამ რომ გადაზრდილიყო, ალბათ, აღარც ვიარსებებდით. ვერ გაჩნდება ახალი ორგანიზაცია, თუ არ იქნება ისეთი დიდი რყევა, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი. დიდი ომი დიდ რყევებს იწვევს სახელმწიფოებს შორის, დიდ სახელმწიფოებს ბირთვული იარაღი აქვთ და ამის გამო ერთმანეთთან ომს ერიდებიან, რაც კარგია. ასე რომ, ალბათ, ისევ გაეროს ხელში დავრჩებით.
გიორგი ბილანიშვილი: - არა მგონია, შესაძლებელი იყოს ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც მსოფლიო კონფლიქტების მოგვარების რესურსი ექნება. მეორე მხრივ, დიდი ქვეყნები გაეროს კარგად იყენებენ საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. შესაძლოა გაეროსთან პრეტენზია ძალიან ბევრს აქვს, მაგრამ რითი უნდა ჩანაცვლდეს, ამ მოდელზე საუბარი არ არის.
4. ჩინეთი ეკონომიკური კრიზისის მოლოდინში
ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი: - ჩინეთში კრიზისს დიდი ხანია, ელოდებიან. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო ეკონომიკაზე როგორც დადებით, ასევე უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ ჩინური ეკონომიკის კრიზისი დიდწილად დამოკიდებული იქნება ისეთ დიდ ეკონომიკებზე, როგორიც არის აშშ-ის, ევროკავშირის, იაპონიის - ანუ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლებენ ისინი ჩინეთთან. თუ დასავლეთი ჩინეთის წინააღმდეგ აშკარად თუ ფარულად გააგრძელებს სავაჭრო თუ საინვესტიციო ომებს, შესაძლებელია ჩინეთის ეკონომიკა გლობალური ეკონომიკისთვის უფრო შეიზღუდოს და ამან სირთულეები მოიტანოს, მაგრამ არა მგონია, მომავალ წელს ჩინური კრიზისი იმ დონემდე მივიდეს, რომ ძალზე უარყოფითად იმოქმედოს მსოფლიო ეკონომიკაზე, რადგან გლობალური სირთულეებით არც დასავლეთია დაინტერესებული. თუმცა ჩინეთის ეკონომიკა რომ ნელდება, ეს უკვე ცხადია, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება არ ნიშნავს კრიზისს.
- ჩინეთი არის ბრიკსის წევრი, რომელიც წელს გაფართოვდა და ამბიციური გეგმებიც აქვს. ეს არის რუსეთის გარშემო შეკრებილი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები და შეუქმნიან თუ არა დასავლეთს პრობლემას, ამას რა გავლენა ექნება გლობალურ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე?
- ბრიკსის გაფართოება ყურადსაღებია იმიტომ, რომ იქ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები არიან გაწევრებული და სურთ დოლარის ალტერნატივის შექმნა. ცდილობენ რაღაც დოზით შეცვალონ გეოპოლიტიკა, მაგრამ მათი ძალა მაინც შეზღუდულია დასავლეთთან შედარებით. ბრიკსი, ალბათ, მომავალ წელსაც განაგრძობს "ჩხვლეტებს", მაგრამ არა მგონია, ამან გარდამტეხი ფორმები მიიღოს. ცხადია, რუსეთის ფაქტორიც ბევრ რამეს გადაწყვეტს, მაგრამ თუ ვსაუბრობთ სამხედრო კომპონენტზე, შესაძლოა ამ მხრივ ბრიკსს უფრო მეტი თავხედობა ჰქონდეს. მაგრამ გინდ ეკონომიკური, გინდ სამხედრო და გინდ პოლიტიკური გავლენების შესაძლებლობებით ბრიკსი არ არის იმ წონის, რომ დასავლეთს პირდაპირ დაუპირისპირდეს. ამიტომ ფარული "ჩხვლეტები" და ომები მომავალ წელსაც გაგრძელდება, რუსეთის ეკონომიკაც რაღაც დოზით შესუსტდება, გარდაიქმნება, მაგრამ ძირითადი შემოსავლები ნავთობისა და გაზისგან არ მოაკლდება.
5. რუსეთში დიქტატურის გამყარება
თორნიკე შარაშენიძე: - მარტში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებია და არა მგონია, ვინმეს პუტინის გამარჯვებაში ეჭვი ეპარებოდეს. სხვა თუ არაფერი, მისი რეიტინგი ახლა გაცილებით მაღალია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო. რაც შეეხება იმას, შეიცვლება რამე თუ არა რუსეთში, მგონი, არაფერი. ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი ან რაღაც დისკომფორტი ვერ აიტანეს, ქვეყნიდან წავიდა და დარჩა ის ხალხი, ვინც არ არის განწყობილი ოპოზიციურად, ან წასასვლელი არსად აქვს. იმ ხალხმაც, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ ვერ წავიდა ვერსად, დაინახა, რომ რუსეთმა გაუძლო სანქციებს, დიდ ზეწოლას და როგორც ჩანს, ჩაიქნიეს ხელი. რუსეთში ახლა ოპოზიციური მუხტი ჩაკლულია, არადა, ეს ძალიან ცუდია, რადგან ამ ქვეყნის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ შიგნიდან.
ზურა ბატიაშვილი: - რუსეთში უკვე დიქტატურაა. რაც შეეხება იმას, თუ ამ დიქტატურას რა მოუვა, რუსეთ-უკრაინის ომში გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა, დღეში დაახლოებით 1000 და მეტ კაცს კარგავენ და ალბათ, მეტსაც დაკარგავენ - უკრაინას შეტევაზე გადასასვლელად საჭირო იარაღი საკმარისად არა აქვს, თუმცა იმდენი კი აქვს, რომ უფრო მეტი ოკუპანტი გაანადგუროს. პუტინი ხალხს რაც უფრო მოუჭერს ხელს, მით უფრო გაიზრდება რისკი იმისა, რომ ვითარება აფეთქდეს. რუსეთის ისტორიაში ასეთი შემთხვევები არის. ყველამ ვიცით, რუსეთში რევოლუცია როგორ მოხდა - ომი აღარავის სურდა, ჯარისკაცებს ერთი სული ჰქონდათ, როდის დამთავრდებოდა და ამან გამოიწვია აფეთქება ქვეყანაში. ამას ისიც ემატება, რომ რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. მაგალითად, თუ დღეს კვერცხია დეფიციტური, ხვალ შეიძლება სხვა პროდუქტი გახდეს და რეალური ეკონომიკური შემოსავალი შემცირდება. ამასთან, პუტინს სურს თუ არა, მოუწევს მორიგი მობილიზაციის გამოცხადება. მართალია, ძველი იურიდიულად არც გაუქმებულა და გამოცხადება შეიძლება არც კი დასჭირდეს, მაგრამ მოუწევს ომში უფრო მეტი ხალხის წაყვანა, რაც გაზრდის უკმაყოფილებას. სიკვდილი არავის უნდა და მით უმეტეს, როცა სასურველ მიზანსაც ვერ აღწევენ. რუსეთის მიზანი ნამდვილად არ არის ავდეევკის ან ბახმუტის აღება, მას კიევის აღება, მთელი უკრაინის დაპყრობა სურს.
რუსა მაჩაიძე