„სასამართლო დარბაზიდან რომ გამათავისუფლეს, პირდაპირ მამის საფლავზე ავედი, ველაპარაკებოდი...“ - კვირის პალიტრა

„სასამართლო დარბაზიდან რომ გამათავისუფლეს, პირდაპირ მამის საფლავზე ავედი, ველაპარაკებოდი...“

რას ჰყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც მამის მკვლელობაში იყო ბრალდებული და ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

თორმეტი ნაფიცი მსაჯული რუსთავის სასამართლოში ურთულესი მისიის წინაშე­ იდგა, როცა განსასჯელის სკამზე 21 წლის კახა კობახიძე იჯდა. მას შურისძიების მოტივით მამის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრებოდა. მკვლელობა 11 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა.

უპრეცედენტო გადაწყვეტილება

mamashvili2-1703430382.jpg

ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი: - იმ დღეს მეზობლის გასვენებაში იყვნენ მამა-შვილი, კობა კობახიძემ დალია ჭირის სუფრაზე, კახამ სახლში მიიყვანა მამა და ისევ წავიდა­. კობამ ჩხუბი დაიწყო. კახას დაურეკეს, მამა ჩხუბობსო. რადგან კახა ხშირად ახერხებდა­ მის დამშვიდებას და დაძინებას, ამჯერადაც­ უხმეს. პრობლემა სიმთვრალე იყო, აგრესიული ხდებოდა. სცემდა ცოლს, სახლში ამტვრევდა ნივთებს, ხშირად ხმარობდა დანას. სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები - ეს ყველამ იცის. სიფხიზლეში რადიკალურად განსხვავებული იყო. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა, რომელიც შიშით ელოდებოდა ქმრის ყოველ დალევას­ და როგორც კი მთვრალი მივიდოდა, რომ არ ეცემა, ქალი ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან მეორესთან. იმ დღესაც დალია და ატეხა ჩხუბი.­ ცოლი ისევ გაქცეული იყო სახლიდან და ამის გამო გაგი­ჟდა, დალეწა ყველაფერი, ისროდა­ თეფშებს. ცოლს მოკვლით დაემუქრა. ქალი იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო, დაბრუნებულს კი ისევ დაუწყო გინება და მოკვლა დაუპირა. ამის გამო ქალი ისევ გაიქცა. მეორე შვილი, ნოდარი, კაცმა ცოლის­ სახლში მოსაყვანად გაუშვა. როგორც კი ნოდარი გავიდა, ოთახიდან ბრახუნის ხმა შემოესმა. აწ განსვენებულმა კარი დაკეტა, ნოდარი ფანჯარასთან მივიდა­ და დაინახა, მამამისმა როგორ მოუქნია დანა ორჯერ კახას, მეორე მოქნევაზე ბიჭმა დანა წაართვა. ამ დროს მოქაჩა მამამისმა მაისურზე,­ ყელში ხელი წაუჭირა და ახრჩობდა, მან­ კი თავდაცვის მიზნით მოიქნია მამისთვის წართმეული დანა და დაჭრა. ის მიყენებული­ ჭრილობით დაიღუპა.­ ბიჭი უდანაშაულოა, მთელმა სოფელმა იცის, რა ხდებოდა მათ სახლში. მამის დაჭრის შემდეგ კახა გავარდა მეგობართან ყვირილით, მიშველეთ, მამაჩემი დაჭრილიაო. მიიყვანა სხვა მეგობრებიც დასახმარებლად, ჩასვეს მანქანაში დაჭრილი, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. კახას მამის მოკვლა არ უნდოდა, თავდაცვის დროს გამოიყენა დანა. მესამე მასივში მივიდნენ საავადმყოფოში, გზაში, რომ დაინახა მამას სისხლი სდიოდა, გაიხადა მაისური და ჭრილობაზე დაადო. ეუბნებოდა მეგობრებს, მგონი, კვდება, მიშველეთ, ნეტავ მე მოვეკალი, ხომ დავისვენებდიო. თვითონ დარეკა 112-ში. "გა-გა, გააა-გამარჯობა, მოვკალი..." - ისმის ჩანაწერში.­ სად ხარო, რომ ეკითხება ოპერატორი, ამბობს, მასივშიო, და ვერ აკონკრეტებს, რომელში, იმდენად თავზარდაცემული იყო. ოპერატორი­ სამჯერ უმეორებს, თბილისის­ რომელ რაიონშიო. ჩამოუთვლის სათითაოდ, მაინც ვერ პასუხობს, არ ვიციო, ეუბნება. ოპერატორი ეკითხება, ცოცხალიაო? არ ვიცი, მანქანაში არის, ხომ გითხარით, არ ვიცი, აი, თქვენებიც მოვიდნენო.

კახაზე ზეწოლას პოლიციელები ახდენდნენ, ასევე დედამისზეც, მის ძმაზეც, ეუბნებოდნენ, ვიცით, სამივემ ერთად ჩაიდინეთ­ ეს დანაშაული, სამივეს ჩაგსვამთ ციხეშიო. ნოდარს სისხლიანი ტანსაცმელი­ ეცვა, რადგან მანქანაში მამის ჩაწვენაში ბიჭებს ისიც ეხმარებოდა და ეუბნებოდნენ, სისხლიანი გაქვს შარვალი, შენი მოკლულია, შენი ძმა იბრალებს და შენ სამუდამო გემუქრებაო. ისეთი შეშინებული იყო ნოდარი, ჩვენებას არ აძლევდა. სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესები და მტკიცებულებების საფუძველზე შევძელით 12 ნაფიცი მსაჯულის დარწმუნება, რომ ეს მართლა არ იყო შურისძიებით განზრახ მკვლელობა. პროკურატურა კი ცდილობდა დაერწმუნებინა მსაჯულები, რომ ეს შურისძიება იყო, კახამ დედაც გაუშვა სახლიდან, ძმაც და მამა დაიტოვა მოსაკლავადო. სასამართლოზე ყველა დაჰკითხეს, ბრალდებული და მისი ძმა ისე ღელავდნენ, ვერც მოჰყვნენ ყველაფერს ისე, როგორც იყო, მაგრამ მათი გულწრფელობა ნაფიცმა მსაჯულებმა დაინახეს და მადლობა ამისთვის. ისეთ კომპეტენტურ კითხვებს სვამდნენ, ვფიქრობდი, ეს კითხვა როგორ გამომრჩა-მეთქი. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი ნაფიცებზე მაქსიმალურად ახდენდა ზემოქმედებას, რადგან ძალიან აქტიურობდნენ და განსაკუთრებით ბევრი კითხვა საქმის გამომძიებელს დააყარეს. მაშინ­ მივხვდი, რომ გონიერი მსაჯულები იყვნენ. უფალმა დალოცოს ისინი სამართლიანი ვერდიქტისთვის. 12-ით ნული, ასე დასრულდა ეს საქმე...

გარდაცვლილი რამდენჯერმე ნასამართლევი იყო. სულ ცდილობდა ორივე შვილი ქურდული ტრადიციებით გაეზარდა. ეუბნებოდა შვილებს, თუ კაცი გინდა იყო, ციხე უნდა გამოიაროო, ერთი აკადემიაა­ ციხეში­ ყოფნაო. თვითონ ყაჩაღობისთვის ნასამართლევი იყო. პოლიცია დაედევნა მას და მის თანამზრახველებს. მათ ავტომატის ჯერი დააყარეს პოლიციელებს და ერთი პოლიციელი მოკლეს. მეორედაც მოხვდა ციხეში. კახა 14 წლის ასაკში უკვე მუშაობდა, ვაგონებს ცლიდა, გვიან მოდიოდა სახლში. ეს რომ გაიგო, უთხრა, კაცად ვერ გაგზარდე, მინდოდა კაცი ყოფილიყავიო. მეორე შვილმაც რომ დაიწყო მუშაობა, ამაზეც გაბრაზდა. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა თავის შვილს, ერთი სახლი მაქვს შერჩეული, წავიდეთ დასაყაჩაღებლად, ერთხელ გავიტანოთ ბინა და დავისვენებთ, ფული გვექნებაო. უარი უთხრა შვილმა. სასამართლოზე თქვა, ნეტავ გავყოლოდი, დამიჭერდა პოლიცია და ამ ტრაგედიას ხომ ავცდებოდიო. აი, ასეთი ჭკვიანი ბიჭები არიან.

"იმ დღეს დავიჯერე, რომ ქვეყანაში სამართალი არსებობს"

ემოციური იყო დედა-შვილის შეხვედრა. კახა კობახიძე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს. მას ძალიან უჭირს მომხდარზე საუბარი. ინტერვიუს იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ იმ მძიმე წუთებს არ გავახსენებდით.

- მადლობელი ვარ ყველასი, ვინც სიმართლე არ დამიკარგა. ჩემი ადვოკატის, ზურაბ როსტიაშვილის დიდი იმედი მქონდა. პირველად რომ შემოვიდა ციხეში ჩემთან და ვესაუბრე, მივხვდი, რომ ის ჩემთვის­ ყველაფერს გააკეთებდა. გულწრფელი ვიყავი მასთან და მისი ყოველი შემოსვლა ციხეში დიდი ნუგეშის და იმედისმომცემი იყო. მჯეროდა, რომ სიმართლეს მხოლოდ ნაფიც მსაჯულებს დავუმტკიცებდი და ამიტომაც ავირჩიე. მოსამართლის იმედი არ მქონია, დიდი შანსი იყო, პროკურატურისთვის დაეჭირა მხარი. იმ დღემდე, სანამ ეს განაჩენი არ გამოიტანეს, მართლა არ მეგონა, რომ ქვეყანაში სამართალი არსებობდა. სწორედ იმ დღეს დავიჯერე, რომ სამართალი არსებობს და ეს შეძლეს იმ პატიოსანმა უბრალო ადამიანებმა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, დიდი სიხარული იყო, გარეთ რომ გამოვედი, მაგრამ ამ დიდ სიხარულს დიდი ტკივილი ახლავს. მაინც დაღუპული ვარ, ამ ამბის შემდეგ ვერ ვხედავ ცხოვრების­ მიზანს. ჩემი გული მკვდარია. თუმცა ძალი­ან მეშინოდა, როცა წარმოვიდგენდი­ სასჯელს. სულ მცირე, 16-წლიანი პატიმ­რობა მელოდა, 16 წელი პატარა დრო არ არის ადამიანისთვის. 21 წლის ბიჭს 16 წელს რომ მოგცემენ, იქ დამთავრდება­ ყველაფე­რი­. საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი­ ჩემს ცხოვრებას­. არადა, ამ ტრაგედიამდე სულ სხვა ცხოვრებაზე ვოცნებობდი. სულ სხვა გეგმები­ მქონდა­. შეყვარებული­ ვიყავი,­ ოჯა­ხის შექმნაზე, ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრ­ობდი. არ ვიცი ამას როგორ­ გადავლახავ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, ამას დაველოდები, მაგრამ ეს ტკივილი, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება.

- როგორც მითხრეს, სასამართლო დარბაზიდან პირველად მამის საფლავზე ახვედით.

- დიახ. ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის. არაფერი მახსოვს, ისე ცუდად ვიყავი. სიმწრით ვიკოტრიალე საფლავზე. ველაპარაკებოდი მამას, პატიებაც ვთხოვე... მას შემდეგ დღე არ გავა, არ მივიდე.

- დედასთან შეხვედრის ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა, და მთელმა საქართველომ ნახა. ის წუთებიც გაიხსენეთ.

- როცა ადამიანი ციხეში მოხვდები, ძალიან ცოტა რამ გიხარია და ძალიან ცოტა გწყინს. ყველაფერს სხვანაირად აანალიზებ. როცა დედა პაემანზე მოდის, დგახარ შუშის მიღმა, ესაუბრები, უყურებ ასე ახლოს, მაგრამ ვერ ეხუტები - ეს ძალიან მძიმეა. რომ გამომიშვეს, პირველი, რაც მინდოდა, დედას ჩახუტება იყო, მინდოდა არ გამეშვა მისთვის ხელი. მართლაც ასე მოვიქეცი.

- თქვენ 12-ვე მსაჯულმა ერთხმად გაგამართლათ. ამას რომ ისმენ, რა განცდაა?

- დედას გეფიცებით, არ მახსოვს. 12-ვე მსაჯულმა გაგამართლაო, მერე გავიგე, როცა ჩემს ადვოკატს ველაპარაკე. მან მითხრა, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებააო­. ამ სიტყვების მერე ვიჯექი გარინდული, თავჩაღუნული, არ გავნძრეულვარ, სანამ არ გამიღეს კარი, ხელი არ მომკიდეს და არ გამიყვანეს. იმ მომენტში ვერც გავიაზრე, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ახლა გეტყვით - ფაქტობრივად, ახლიდან დავიბადე.

- სასჯელი რომ მოესაჯათ, რა იქნებოდა?

- ციხეში ბევრს ვფიქრობდი განა­ჩენის დღეზე. იმ დღეს საკნის ბიჭებმა, ჩემმა მეგობრებმა, დიდი სიხარულით გამომაცილეს, იმ განწყობით, რომ უკან არ დავბრუნდებოდი. მე არ მჯეროდა, ამიტომ ციხეში დავტოვე პირადი ნივთები. საცოლისთვის მიწერილი წერილი, რომელიც საგულდაგულოდ მქონდა შენახული, ისიც არ წამომიღია. თუ მომისჯიდნენ, ალბათ, შევიშლებოდი, ჩემი ფსიქიკა ვერ გაუძლებდა ამდენწლიან სასჯელს. სულიერად ისე დავეცემოდი, ალბათ, ვეღარ დავდგებოდი ფეხზე.

- შეყვარებული ახსენეთ, გვიამბეთ მასზე.

- 14 წლიდან გვიყვარს ერთმანეთი. სადაცაა­ ოჯახის შექმნას ვაპირებდი... მაგრამ რომელ შეყვარებულს ეტყვი, 16 წელი დამელოდეო. ვიღაცას, ალბათ, ჰგონია, ციხე ადამიანის გამოსასწორებელია. ასე არ არის, იქ ფსიქიკა გერყევა, ნადგურდები. იქიდან გამოსწორებული შეიძლება 10 პროცენტი გამოვიდეს. ერთადერთი სიყვარული იყო, რაც სიცოცხლის იმედს მაძლევდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. როცა დამიჭირეს და ძალიან მძიმე წუთები მქონდა, ბევრი ხვეწნის შემდეგ ერთი მესიჯი გამაგზავნინეს შეყვარებულთან. მაშინ არ ვიცოდი რამდენი წელი მელოდა. მივწერე, სიხარულო, კახა ვარ, დამიჭირეს, ვეღარ გნახავ, მიყვარხარ სიგიჟემდე და ამ ცხოვრებაში არავის ენდო. უბრალოდ, როცა დაგირეკავ ციხიდან, გთხოვ მიპასუხო-მეთქი.

მადლობა იმ ადამიანებს, ბატონ ზურაბ როსტიაშვილს, რომელიც ისე ხშირად მოდიოდა ჩემთან, რომ გადამატანინა მძიმე დღეები. მითხრა, რომ ჩემი სიმართლისთვის იბრძოლებდა. მე მეორედ დავიბადე ამ ქვეყანაზე. დიდი მადლობა ნაფიც მსაჯულებს, რომ სიმართლე არ დამიკარგეს.