შოვი 03.08. 2023
შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო აატირა. ყველაფერი დაახლოებით დღის ოთხის ნახევრისთვის დაიწყო. ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში მეწყერი ჩამოწვა და მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად წალეკა კურორტი შოვი, მიწასთან გაასწორა ათეულობით კოტეჯი და რამდენიმე სასტუმრო... დამსვენებლები შველას ითხოვდნენ. 112-ში პირველი ზარი 15 საათსა და 07 წუთზე შევიდა და მას შემდეგ გამუდმებით რეკავდნენ სხვადასხვა ადგილიდან. უმძიმესი მოსასმენი იყო ლაივჩართვები. ღვარცოფში მოყოლილი ხალხი თითქმის 4 საათი ელოდა ვერტმფრენს. ერთადერთი გზა სწორედ ვერტმფრენი იყო, რადგან მეწყრის გამო გზები ჩაიხერგა და მიმოსვლა ვერ ხერხდებოდა... საბოლოოდ 210 კაცი გადაურჩა ამ უდიდეს სტიქიას, 33 დაიღუპა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ უპოვიათ ერთი ბავშვის ცხედარი. ის ზაზა მესხის ვაჟია, რომელიც უცხოეთიდან ჩამოსულ მეუღლესა და სამ შვილთან ერთად შოვში ისვენებდა.
ტრაგედიის ადგილას თავგანწირვით მუშაობდნენ 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის უამრავი თანამშრომელი, მოხალისეები - ყველანი დაკარგულებს ეძებდნენ. მთელი ქვეყანა უყურებდა სულისშემძვრელ კადრებს, როგორ ამოჰყავდათ მაშველებს მიწის რამდენიმენეტრიანი მასიდან ცხედრები...
მთელი ქვეყანა გააერთიანა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ. ხალხი რამდენიმე საათში დაირაზმა ღვარცოფში მოყოლილთა დასახმარებლად. მიწის მასა, ქვა, ხის მორები და ტოტები ერთმანეთში იყო არეული. ჩვენი გმირი მაშველები წელამდე ლაფში მუშაობდნენ. ზოგიერთ ადგილას მიწის მასა 3-5 მეტრამდე აღწევდა, ზოგან კი 6-7 მეტრიც იყო.

სტიქიის უმძიმეს დღეებს, ტკივილით სავსე წუთებს, ათბობდა თანადგომის მაგალითები. არასდროს დაგვავიწყდება გიორგი დუდაშვილი, რომელიც მეუღლეს, ნატო ჭელიძესა და სამ შვილს - ლუკას, ანდრიას და ანასტასიას ეძებდა. ვინ იცის, რამდენი ტკივილით სავსე ღამე გაათენა იქ ცხედრების პოვნის მოლოდინში. დადიოდა ტალახში შვილის თოჯინით ხელში და ეძებდა თავის პატარებს. ყველაზე ბოლოს 2 წლის ანასტასია იპოვეს. მთელმა ქვეყანამ დაიტირა ისინი ქაშუეთის ეკლესიაში. შემაძრწუნებელი იყო გოგონას, მარიტა გუტაშვილის ვედრება, რომელმაც ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა. 21 დღე გაგრძელდა მათი ცხედრების ძიება. ჯერ მარიტას და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები იპოვეს, შემდეგ მისი დეიდა და დეიდაშვილები. მაშველებმა ერთ-ერთი პირველი გიორგი გოგინაშვილი იპოვეს, შემდეგ 31 წლის რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა, 5 აგვისტოს ოჯახის წევრებმა ამოიცნეს დავით ბერიაშვილის ცხედარი. დავით ბერიაშვილი მეგობრებთან, და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილებთან ერთად იყო შოვში. მალე მათი ცხედრებიც იპოვეს. 6 აგვისტოს სამირა ისაევა ამოიცნო მამამ. დეიდაშვილები, თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძეც მოგვიანებით იპოვეს, შემდეგ შორენა ბიჭაშვილი, მარიამ და კოტე მაისურაძეები. ამ ტრაგედიას შეეწირა სამი მეგობარი - გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, მათ ცხედრებს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ეს დაღუპულების არასრული სიაა...
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მაშველების თავდადება. ორი ადამიანის გულმა ვერ გაუძლო იქ ნანახს. 7 აგვისტოს და შემდეგ 29 აგვისტოს კურორტ შოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ერთი მათგანი, 48 წლის მირიან ჭელიძე, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი მაშინ გახდა შეუძლოდ, როდესაც მაშველებმა ერთ-ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გულის შეტევით გარდაიცვალა. გულის შეტევა დასახელდა 50 წლის თემურ ხარჩილავას, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის გარდაცვალების მიზეზადაც. თემურ ხარჩილავა 10 დღე მუშაობდა სტიქიის ზონაში და როგორც ჩანს, ვერც მისმა გულმა გაუძლო იქ არსებულ მდგომარეობას. შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის აცილება, ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.

„რაც არ უნდა გაკეთდეს, შოვში ჩამსვლელი არა ვარ“
იმ დღეებში საზოგადოებამ ბევრი სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანის ისტორია მოისმინა. დავით ჯელაძე სოცქსელში გავრცელებული ფოტოთი გაიცნო ხალხმა. მას მეწყრიდან 5 წლის დისშვილი ზურგით გამოჰყავს. ამბობს, რომ უფლის სასწაული იყო მათი ოჯახის გადარჩენა. ის რაჭველია, მისი მშობლები ამბროლაურის რაიონში, სოფელ ურავში ცხოვრობენ. რაჭაში მუშაობს მისი და მასწავლებლად, იმ მძიმე წუთებში ისიც მათთან იყო.

- იმ ავბედით დღეს გადავწყვიტეთ იქაურობის დათვალიერება. ათნი წავედით: მე, ჩემი სამი და, ოთხი დისშვილი, სიძე და დედაჩემი. 12 საათი იქნებოდა, რომ გავედით შინიდან. შოვში ზემოთ, ტყეში რომ ავედით, ფესტივალს ატარებდნენ, უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ის ადგილი ექსკურსიებისთვისაა. ბავშვებმა ვიდეოები გადაიღეს, დაათვალიერეს და მალევე გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება. 2 საათისთვის წამოვედით შოვიდან და გზადაგზა ვჩერდებოდით სხვადასხვა ადგილის სანახავად. სანამ "სანსეტ კოტეჯებამდე" მიხვალთ, მის ქვემოთ მინერალური მჟავე წყალი ამოდის. ტურისტი თუ ადგილობრივი ყველა იქ ჩერდება ხოლმე. ჩვენც გავჩერდით. ბევრი ხალხი იყო, ბავშვები ფოტოებს იღებდნენ, ჩემი სიძე ცოტა წინ წავიდა და უცებ ხიდიდან გამომძახა, სწრაფად წამოდიო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მჟავე წყალი და ხიდი თითქმის ერთმანეთის გასწვრივ იყო, ოღონდ წყალი ხიდიდან რამდენიმე საფეხურით დაბლა. წყაროსთან, სადაც მე ვიყავი, არაფრის ხმა არ ისმოდა. ვერ მივხვდი, ჩემი სიძე რატომ იყო ასე გაშმაგებული, მაგრამ დავუჯერე, უცებ დავძარი მანქანა, მივედი ნოდოსთან და სადღა წახვალ, ზემოთ აღარაფერი ჩანს - მიწის მასა მოექანება, ხეების მტვრევის ხმა გვესმის. მეორე ტალღა მინერალური წყლისკენ წავიდა. ზოგმა შეასწრო ტყეში, მინერალური წყლის თავზე, ვინც რაჭას არ იცნობდა, ძირითადად, ტურისტები გაიტაცა მეწყერმა. ერთი ტალღა ხიდის ერთი მხრიდან წამოვიდა, მეორე - მეორე მხრიდან და ხიდი შუაში მოექცა, ჩვენ კი შუა ხიდზე ვდგავართ მანქანებით. მიწის მასა ისეთი ხმაურით მოდიოდა, მეგონა, ყურის დაფებს დაგვიხეთქდა, თან სიცივე მოჰქონდა. ხიდზე ვერც წინ მივდიოდით და ვერც უკან. მხოლოდ მანქანებიდან გადმოსვლა მოვასწარით. გარეთ საშინელება ხდებოდა, საშინელი ზათქის ხმა ისმოდა. ხეებითა და დიდი ქვებით გატენილი უზარმაზარი მიწის მასა პირდაპირ ხიდს ემიზნებოდა. ტალღა ერთხელ რომ დაგვეჯახა, მაგრად შეგვაზანზარა, მაგრამ ვერ წაიღო. ამ დროს გადმოვირბინე და ნოდოს ვანიშნე, გადი წინ, თორემ ხიდიანად წაგვიღებს-მეთქი. მართლაც გადავედით და ის წამოსული მასა ხიდს დაეჯახა, მოგლიჯა და თან გაიყოლა. ხიდიდან კი გადმოვედით, მაგრამ სადაც პირველად დაარტყა, იქ აღმოვჩნდით, ანუ მეწყერში, ლაფის მასა ჩვენზე მოდიოდა, მაგრამ იმან გვიშველა, რომ მთავარი ნაკადი იქით წავიდა... მეწყრის პირველი ტალღა მე და ჩემს დისშვილს, მაშოს დაგვეჯახა. მერე ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, შუა მეწყერში ბავშვით ხელში აღმოვჩნდი. მაშოს ვუთხარი, ერთად უნდა ვიყოთ, უნდა გადავრჩეთ-მეთქი. ჩვენ წინ ნაძვის დიდი ხეები იყო, იქამდე უნდა მივიდეთ-მეთქი. ლაფში ვეფლობოდით. მივდივართ, მივდივართ და ზემოდან ისევ ისმის საშინელი ხმა, მეწყრის უშველებელი ტალღა მოდის. გასაქცევი არ მქონდა. ჩემი დისშვილი გულში ჩავიხუტე და ზურგით დავდექი. მთიდან წამოსული მასა რომ დამეჯახა, ბავშვს ცოცხალი თავით ხელი არ გავუშვი და ასე ხელჩაკიდებულები სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანა, ზუსტად იმ ადგილისკენ, სადაც ხეები მეგულებოდა, მაგრამ ვეღარ ვხედავ ვერაფერს, ისე ვართ ტალახში ჩაფლული. ჩემს დისშვილს მარტო სახე და ყურები უჩანს. ძლივს ამოვიყვანე ლაფიდან, მესამე ცდით, ძალიან მძიმე იყო ტალახში ამოგანგლული. ბავშვს მიწა როგორღაც მოვაცილე, ოდნავ შევამსუბუქე და მოვახერხე ხეებისკენ მოსროლა. მე წელამდე ვიყავი ჩაფლული, კარგა ხნის წვალების შემდეგ ამოვედი და როგორღაც მივხოხდი მაშოსთან. ბავშვი ისეთ პანიკაში იყო, რასაც ვეუბნებოდი, მიჯერებდა, სულ კანკალებდა, სიცივისა თუ შოკისგან. სანამ ძალას ვიკრებდით, ისევ ახალმა ტალღამ გადაგვიარა, ოღონდ ხეებმა დაგვიცვა. ძალიან შორს 3-სართულიანი სასტუმრო დავინახე და იქით წასვლა გადავწყვიტე. მაშოს ვუთხარი, თუ გინდა გადავრჩეთ, იქ უნდა გადავიდეთ. არ გაჩერდე, უნდა იარო, სხვა გზა არ არის-მეთქი. შუა მეწყერში ხე იყო და იქამდე უნდა მიგვეღწია. მიდის ბავშვი, ცოტა დარჩა, ცოტა დარჩა-მეთქი, ვუყვირი და როგორც იქნა, მივაღწიეთ. მაშინვე გავიქეცი სასტუმროსკენ, ხალხი ჩანს, გვხედავენ, მაგრამ ვერავინ გვეხმარება. მაშო მეუბნება, სიარული აღარ შემიძლიაო. ფეხებიდან სისხლი სდიოდა. სასტუმროს რომ მივუახლოვდით, შემოვიდნენ მეწყერში ჩვენს დასახმარებლად, გამომართვეს მაშო და გადაიყვანეს იმ სასტუმრომდე. ბავშვი საღად აზროვნებდა და მივხვდი, გადარჩენილი ვიყავით. ახლა ჩემი ოჯახის წევრებს დავურეკე, კინაღამ გავგიჟდი, რომ ვერ დავრეკე, ბოლოს დედაჩემის ნომერზე გავიდა ზარი და მიპასუხა. ვუთხარი, ცუდ დღეში ვართ, გადავრჩით, მაგრამ მეწყერში ვართ-მეთქი. მაშო ერთ გოგოს დავუტოვე. არ მიშვებდნენ, შეიძლება ნებისმიერ დროს წამოვიდეს მასა ან ჩაიძიროო, მაგრამ არ მესმოდა მათი. ნახევარი მეწყერი გადავიარე და როგორც იქნა, მივაღწიე ჩვენებთან. ვფიქრობდი, რომელიმე ბავშვს გადავიყვანდი, მაგრამ მერე ვერტმფრენს დაველოდეთ, თუმცა გადაგვიფრინა და უკან წავიდა. მერე დრონით დაგვაფიქსირეს. ხეებისგან გააკეთეს ბილიკი და ამოგვიყვანეს...
ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება, მაგრამ უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილად გადაიქცა. ჯერ არ გათენებულა დღე, რომ არ გველაპარაკა ამ ტრაგედიაზე, ჩვენს სასწაულებრივად გადარჩენასა და დაღუპულებზე. როგორ გადავრჩით, ეს კითხვა ყოველ წამს თავში გვიტრიალებს მეც და ჩემს ოჯახსაც. უფლის სასწაულია.
- როგორ გაიარა ამ სტრესმა?
- ძალიან რთული დღეები გავიარეთ. აგვისტო საშინელება იყო არა მარტო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი რაჭისთვის. მადლობა ღმერთს, გადავრჩით და ამან უფრო დიდი სტიმული მომცა, გაგვეგრძელებინა ცხოვრება. ფსიქოლოგის რამდენიმე სეანსი დამჭირდა, რომელიც მთავრობამ დამინიშნა და ნოემბერში დავასრულე.

- როგორ ცხოვრობთ დღეს?
- რუსთავში ვცხოვრობ. ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი დავამთავრე და ჩემი სპეციალობით ვმუშაობ თბოსადგურში, რუსთავთან ახლოს. ჩემი ყოველდღიურობა სამსახური, მერე სწავლა და გვიან შინ დაბრუნებაა.
- მას შემდეგ რაჭაში იყავით?
- რაჭაში სახლი გვაქვს. იქ ჩემი და ისტორიის მასწავლებელია, მშობლებიც რაჭაში ცხოვრობენ. ხშირად დავდივარ.
- იმ ტერიტორიაზე მისვლა გაბედეთ?
- ტრაგედიის ადგილას ორჯერ ვიყავი. ერთხელ მაშინ, როცა ირაკლი კობახიძეს გავაცანი ჩემი ისტორია და როგორც იქნა, დაიჯერა, რომ ნამდვილად ასეთ დღეში ვიყავით. მას შემდეგ კიდევ ერთხელ ვიყავი, აგვისტოს ბოლოს... თავიდან ძალიან გამიკვირდა, ირაკლი კობახიძემ ასეთი ტონით რომ ისაუბრა ჩემზე. მერე როგორც მითხრა, დეტალურად არ სცოდნია ჩვენი ამბავი. თქვა, 3 აგვისტოს შემდეგ მხოლოდ იქ დაღუპულებზე ვფიქრობდიო. ყველაფერი ავუხსენი... რასაც ვყვებოდი, მწარე რეალობა იყო, არაფერი გამომიგონია. ახსნა-განმარტება რომ დამჭირდა, რომ არ ვტყუოდი, ძალიან სტრესული იყო ჩემთვის. საშინელი დღეები გავიარე, არავის ვუსურვებ.
- ალბათ, ყველგან გცნობენ.
- დღემდე მილოცავენ გადარჩენას. სულ კითხულობენ ჩემს დისშვილს, როგორ არის მაშოო, ყველას აინტერესებს. სკოლაში შევიდა სექტემბერში, პირველკლასელია და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა, ვუსურვებ მასა და ყველა ბავშვს ბედნიერ მომავალს. ყველაფერი ახსოვთ, განსაკუთრებით, მაშოსა და ანასტასიას, ზოგჯერ ისეთ დეტალს იხსენებენ, მე აღარ მახსოვს. ამ დღემ უფრო დაგვაკავშირა ერთმანეთს. ყოველდღე გვაქვს ერთმანეთთან მიმოწერა. დღე არ გავა, ბავშვებმა არ დამირეკონ. რაჭა ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ რაც არ უნდა გაკეთდეს შოვში, იქ ჩამსვლელი არა ვარ, ეს იმხელა სტრესი და ტრაგედია იყო. იმ დღის მერე დავიჯერე, რომ შესაძლებელია ასეთი ჯოჯოხეთი გამოიარო და გადარჩე.
- პრეზიდენტსაც შეხვდით ამ დღეებში?
- პრეზიდენტს შევხვდით ევროპულ დღეებთან დაკავშირებით. ჩვენი ოჯახიც იყო მიწვეული. ძალიან კარგი საღამო იყო და კარგი დაგვირგვინებაც გამოვიდა კანდიდატის სტატუსი, ვულოცავ ყველას.