"თუშებმა ყვავილები მოუფინეს და ისე მიაცილეს უწმინდესი ტაძრამდე“
"ბოღმაზე მეტი დაავადება, სატანჯველი, ადამიანს არა აქვს. ჩვენ ახლა როგორც მაგარი სახადი, ჭირიანობა, ჟამიანობა რომაა, ეგ ბოღმაა მოსული საქართველოში, და სანამ ამისგან ეს ქვეყანა არ გაიწმინდება, არაფერი გვეშველება“
ისინი გამორჩეული წყვილია არამარტო ფოლკლორულ სამყაროში, საზოგადოდ, ჩვენს საზოგადოებაშიც. წლებია, უჩუმრად დადიან სოფელ-სოფელ, მხარე-მხარე, ხალხში, საფლავებზე და უსიტყვოდ აკეთებენ მადლიან საქმეს, ფოლკლორს აგროვებენ, წერენ, გვინახავენ. ჩვენი სტუმრები პოეტი ეთერ თათარაიძე და ფოლკლორისტი ამირან არაბული არიან. ერთხელ უწმინდესს ჰკითხეს: ეთერო და ამირანზე რას გვეტყოდითო, მან კი უპასუხა, ეს ორი ადამიანი იმდენად დიდი განძია საქართველოსთვის, ისღა დაგვრჩენია გავუფრთხილდეთო.
ამირან არაბული: - ძნელია, მის უწმინდესობასთან შეხვედრის პირველი წუთები და წამები გავიხსენო ახლა. ეს დროის მიღმაა, არ ეტევა ჩარჩოებში და ჩვენც არ უნდა მოვინდომოთ ლოკალურ ამბებად ქცევა იმისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლობისათვის. ეს არის უკიდეგანო ღვთიური ენერგია, რომელიც მოედინება ერთი უზარმაზარი ადამიანის არსებიდან. ჩვენ ხან ვგრძნობთ მის კეთილისმყოფელ გავლენას, ხან ეს შეუმჩნეველია. ისტორიულ წყაროებში ნათქვამია დავით აღმაშენებელზე, ხელი უფლისა გაცხადებულად შეეწეოდაო. და მართლაც, უწმინდესსაც ხელი უფლისა გაცხადებულად შეეწევა და ამას ერთეულები ხედავენ და გრძნობენ. მის სიახლოვეს ყოფნა ნიშნავს, რომ უფრო მეტად გაკეთილშობილებული გამოდიხარ. შენი დადებითი ენერგიაც შენ გარშემო მყოფებს გადაეცემა.
ჩემი სამშობლო ხევშია, ყაზბეგის რაიონში. უწმინდესიც ხომ იქიდანაა და მისი ენერგია გადაეფარა მთლიანად იქაურობას. ჩვენ როცა ერთად ვიყავით სნოში, აი, იქიდან იწყება ჩვენი ურთიერთობა. ის არასოდეს კმაყოფილდებოდა მხოლოდ სიტყვიერი ნუგეშით და ყოველთვის რაღაცა ძალის წყალობით ხვდებოდა, ვის რა უჭირდა, უმძიმდა... ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მისი არსებობა ამ ქვეყანაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ძალიან უჭირს. უჭირს უპირველესად სულიერად, რომელიც ძალიან გაღარიბებულია, ძალიან დაცლილი იმ მადლისგან, რის გარეშეც წარმოუდგენელია ნორმალური ადამიანური ცხოვრება. ამდენი ათწლეულია გასული და მიუხედავად ასაკის მატებისა, მატულობს ნიჭი მასში სიკეთის კეთებისა და მადლის მოფენისა. მას იმდენად ჭრელი მრევლი ჰყავს, იქ, ბუნებრივია, გამოჩნდება მოღალატე და მათ შორის ისეთიც, რომელიც შეგნებულად უშლის ხელს ქართული ეკლესიის განმტკიცებას და განვითარებას, მაგრამ ყველაფერ ამას ღვთიური სიმშვიდით ხვდება ჩვენი პატრიარქი. მას აქვს იმედი განგებისა და უფლის შეწევნისა.
ეთერ თათარაიძე: - ჩვენი პატრიარქი ღვთის რჩეული ადამიანია. ჰოდა, ღვთის რჩეულს პირველი ვინც ებრძვის, არაღვთიური ძალაა, რათა ის დაამარცხოს, მოუგონოს, ატკინოს, აწყინოს, დააჩოქოს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ უქნეს. რამდენი დაუპირისპირდა, ყველამ ცხვირი მოიტეხა, თავი და კისერი წაილეწა, რამდენიც ატკინეს, ასჯერ უფრო ღონივრად წამოდგა. ეგ მთის ხასიათიც არის დიდწილად, ალბათ - რომ გატკენენ, უნდა ადგე და არ შეიმჩნიო... და ღვთიურობისაც.
მისი უთბილესი სიცილი, მზესავით რომ ამოხდება ხოლმე, ნისლიანი რომაა და ნელ-ნელა გადაიყრის, და შენ რომ დამძიმებული მიდიხარ მასთან და გინდა თუნდაც წამით თვალი მოჰკრა, და ამ დროს რომ გაგიღიმებს, მზედ რომ ამოვა, გათბობს, გაცისკროვნებს და უკან იმედით სავსეს გამოგისტუმრებს. მაგას დიდი ძალა სჭირდება და ეგ ზეციდან მოდის.
მახსოვს, ჯუთაში ვიყავით. წამოვედით და უცებ გზაში გვირეკავენ, ანგელოზის დღე აქვს უწმინდესს და ამა და ამ დროს უნდა მოხვიდეთო. გზაში ვართ. სადაცაა სნოსკენ შევუხვევთ, ვხედავთ უცხოელი ტურისტი ფეხოსნად მოდის მძიმე ზურგჩანთით, გავუჩერეთ და დავიმგზავრეთ. მან არ იცოდა ქართული. მე და ამირანი ვბჭობთ გამწარებულები, რა უნდა ვქნათ, რა მივუტანოთ უწმინდესს. უცებ ამირანმა მანქანა გააჩერა. გადავიდა ყვავილებით მოფენილ ფერდობზე და დაიწყო მოკრეფა. მეც გადავედი, რაღაცა ნაწილს მე ვკრეფ. ამირანი უფრო მაღლა აიწია და რომ ჩამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა, ბუნებრივია, ეს ამხელა თაიგული მე მომაწოდა. ეს უცხოელი გაცისკროვნებული გვიყურებს. ცოტა კიდევ გავიარეთ, კიდევ დაინახა ამირანმა ყვავილების ლამაზი ფერდობი, კიდევ გადავიდა, დაკრიფა და მომაწოდა. 4 თუ 5-ჯერ გავჩერდით ასე. ჰოდა, ის კაცი გადაირია და ინგლისურად ეუბნება ამირანს, მთელ მსოფლიოში პირველად ვნახე ეგეთი წყვილი, რომელიც გამუდმებულად ყვავილებს უკრეფს თავის მეუღლესო. აგვიტყდა სიცილი, იმიტომ, რომ ყვავილებს უწმინდესისთვის ვკრეფდით. ჩამოვედით თბილისში, რა თქმა უნდა, ვერაფერი მოვასწარით. ის ყვავილები რაღაცნაირად შევკონეთ და მეტი არაფერი გვაქვს, ეს უნდა მივუტანოთ მხოლოდ. შევედით ეზოში, სადაც უწმინდესია გამობრძანებული, და ჩემი და ამირანის რიგიც რომ მოვიდა, მივუტანეთ თაიგული. ვუთხარი, მე და ამირანმა ახლა მოგიკრიფეთ სნოს ყანებში, სათიბებში-მეთქი. გაიღიმა, ეს ყვავილები პირდაპირ იქ დამიდეთ, რომ კარგად დავინახოო. გარშემო რაც ძვირფასი საჩუქრები იყო, ნელ-ნელა მაღლა აიტანეს და იმ თაიგულს ხელი არ ახლეს. ეს ისე თბილად მახსოვს. დღემდე სულ მჯერა, რომ იმ დღეს მართლა გავახარეთ უწმინდესი... იცით, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში იყო პატრიარქი თუშეთსა და ხევსურეთში. შეგვატყობინეს, უნდა გაჰყვეთ იმ ვერტმფრენს, რომელშიც უწმინდესი იქნება და იქაურობაზე უნდა ესაუბროთ, როგორც თუშმა და ხევსურმაო. ეგ დღეები და ღამეები ჩვენთვის დაუვიწყარია. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მიგვიღია ცხოვრებაში, ის დღეები იყო. მერე წიგნიც გამოვეცით, რამდენად შევძელით ის ემოცია გადმოგვეცა, არ ვიცი, და სახელად ასე დავარქვით, "ავაგე ეკლესიები". "საფლავის ქვები", ეს წიგნი-ალბომიც ხომ მისი წყალობით გამოიცა. რამდენი სიყვარული და სითბო მახსოვს მისგან, როგორ უნდა დავთვალო. მახსოვს, ბავშვები შემოვიდნენ ომალოში და მთხოვა, აბა, თუშურად უამბე ზღაპარიო. როგორ ისმენდა, იცინოდა, ის სახე არასოდეს ამოვა ჩემი თვალთახედვიდან. იმ ბავშვებმა და მთლიანად თუშმა მოსახლეობამ ყვავილები მოუფინეს უწმინდესს და ისე მიაცილეს ტაძრამდე.
ტრადიციები და ახალი წელი
ამირან არაბული: - შარშან ახალი წლის მეორე დღეს წავედით ახმეტაში, ზეთაზე, საბეროში. ტრადიციული რასაც ჰქვია ჩვენთვის, უკვე ვეღარ აღვნიშნავთ.
ეთერ თათარაიძე: - ტრადიციებს, რაც ჩვენი ბალღობიდან მოდის, ჩვენს შვილიშვილებსაც ვაჩვენებთ ხოლმე. მაგალითად, გარედან კანფეტების შემოყრა, მეკვლის შემოსვლა სიტყვებით: "შემოვდგი ფეხი, შემომყვა ღმერთი, ახალი წელ გამოგვეცლების ერთ ესე და ათას სხვაე". ჩემი ძმები ბუხარში შეძვრებოდნენ და მაშათი უნდა გეჩუჩხუნა, რომ ნაპერწკლები ბევრი ასულიყო. ჩვენ ხომ მეცხვარეების შვილები ვიყავით და ხმამაღლა ვამბობდით ბუხრიდან: "ამდენ ცხვარი, ამდენ ბატკანი, ამდენ თხაი, ამდენ ძროხაი, ხბოი"... ეს იყო ძალიან დიდი შემოლოცვა. მეკვლე მოდიოდა თაფლიანი ჯამით. შემოდიოდა სახლში კანფეტებით, ხინკლით, რომელიც აუცილებელი იყო, და ჩვენი ოჯახიც ხინკლით ხვდებოდა. დღესაც, 31-ის გამთენიისას, პირველი რომ თენდება, ხინკალს ვახვევთ. ასევე შობას, როგორც უწმინდესმა გვაკურთხა, ანთებული სანთელი სულ გვაქვს გადგმული ფანჯრის რაფაზე და ტკბილეულით ვხვდებით. შობა დღეს დედა აკეთებდა ხმიადებს. სამკუთხედები იყო, შიგნით გულიანებსაც და უგულოებსაც, პურივით. ასევე ქადებს და მერე იმ ქადებს ააყირავებდა ხოლმე. მეც ვიცი იმის ცხობა. ახალ წელს, ერთადერთი, რაც არ მომწონს, პიროტექნიკის გამოყენებაა. განა ჩვენს ბალღობაში არ ისროდნენ? ყველა ისროდა თითო თოფს და ამით დასრულდებოდა შეგებება ახალ წელთან... რაც მთავარია, გეჯერა, რომ მართლა შეიცვლებოდა ახალ წელს ბევრი რამ.ამირან არაბული: - ვინატრებდი იმ ეპიზოდების გაცოცხლებას, რაც იყო ჩემს სიყმაწვილეში. 60-იან წლებში იყო ეს. მთელი ღამე არ გვეძინა გათენების მოლოდინში. გამზადებული გვქონდა ახალი ჩექმები, ქუდი, პალტო, შარვალი... აუცილებლად ახალი უნდა გცმოდა ყველაფერი. გქონდა თუ არ გქონდა, იმ დღისათვის უნდა შეგეძინა. დილით გარეთ გავხედავდი იმ სილამაზეს, ფანჯრებზე ყინვისაგან დახატული ხე რომ იყო ხოლმე, ის არ მავიწყდება. ღუმელი დაინთებოდა და ვემზადებოდით დასახვედრად ზემოუბნელების. მერე ხატში წავიდოდით. ჯვარ-ხატში, ჯუთის წმინდა გიორგიში. ხანდახან იმხელა თოვლი იყო, ძლივს ავდიოდით. უფროსებიც გვეხმარებოდნენ, ნიჩბებით გვიწმენდნენ გზას. 30-მდე კომლი ცხოვრობდა მაშინ. ხატის გორზე ვგროვდებოდით. გაიღებოდა ჯვარ-ხატის კარი. პირველი ხუცესი შევიდოდა და შიგნიდან გამოაბრძანებდა ვერცხლის თასებს თავისი ჯვრებით, თავისი სამკაულებით. წინა კვირას ნადუღარი ლუდი გამზადებული იყო უკვე, რომელსაც საწელწლდოს ანუ საახალწლო ლუდს ეძახიან. ქოშით ამოიღებდნენ ლუდს და ასხამდნენ. ქოში სპეციალური გრძელტარიანი ხის კოვზია. ხომ გამოვიდოდა ხუცესი, თოვლს აყრიდა კანფეტებს, ასე ტკბილად და ასე თეთრად დამიბერდითო, და კანფეტებს მერე ბავშვებს ესროდა. მერე იწყებოდა დალოცვა და დარისხებაც იმ ადამიანების, ვინც წლის განმავლობაში ხელუკუღმართობით გამოიჩინა თავი. ქურდი იყო, მკვლელი იყო თუ ცუდის მკეთებელი, იმას დაარისხებდნენ ხატში. მაშინ ხალხიც ბევრი იყო, ასაკოვნებიც და ხუცესებიც. იყო ასეთი კაცი, ქოსა ჩაჩაური, ძალიან კარგი ხმა ჰქონდა, ზარივით, და ის მღეროდა ხოლმე ასე: "ჩიტი შამაჯდა ღობესა, იძახდა იშრიშობასა, ბევრსამც აიმ დროს ილოცავთ, წელიწადს ქრისტეშობასა". ეს რიტუალი ერთ საათს გრძელდებოდა და მერე ვბრუნდებოდით სახლებში. ყველა ოჯახი ელოდებოდა მეკვლეს. სანამ არ მოვიდოდა, გარეთ არ გადიოდნენ. ხმიადს მიაწოდებდნენ ფანჯრიდან. მეკვლე ხის წვერზე წამოაცვამდა ხმიადს, ოთახში შემოაგორებდა და თუ წაღმა დადგებოდა, ნიშნავდა, რომ მთელი წელი ოჯახს ბედნიერება ელოდებოდა. თუ უკუღმა დაეცემოდა, მაშინ ცოტას შიშობდნენ. ერთ ოჯახში ხომ დაიწყებოდა ქეიფი, მერე მეზობელთან გადავიდოდნენ, იქიდან კიდევ სხვა მეზობელთან და ასე ერთიანდებოდა ახალ წელს მთელი სოფელი.
"დრო არ ჩერდების"
ეთერ თათარაიძე: - განა სულ მშვიდად გამყოფებს უფალი? უნდა მოგსინჯოს, რას გაუძლებ. ისეთი რაიმე გადალახა ამირანმა, რომ მადლობა უფალს. ამიტომ ვიძახი, გმადლობ, ჩემო ტკბილო უფალო, ამ განცდებისთვისაც, რომელიც წინ ექნება ადამიანს. ადამიანმა არასოდეს არ უნდა სთქვას, სულ ასე ვიქნებიო. ვერ იქნები და ამას დედა სულ მეუბნებოდა: "ერთ დრო არ ჩერდების".
ამირან არაბული: - უფალი განსაცდელს მართალ ადამიანებს უმზადებს, ასეა ნათქვამი. იმდენი დეტალი, იმდენი ნიუანსი იყო, აუხსნელია გონებით. იხრი თავს ამ მოვლენების ირგვლივ, რასაც ჰქვია ერთი ადამიანის ცხოვრება. არ იცი, როგორ განაპირობებს წინამავალი მომდევნოს, ავადობა იქნება თუ ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები. ჩემი ამ ავადობის გამო ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ბევრი რამისათვის ვერც იცლი და არც გყოფნის გონება, რომ არაა ადვილი ამასთან გამკლავება. ადვილი არაა 8 ქიმია და მერე 9-საათიანი ოპერაცია. რახან გადავწყვიტე, ვთქვი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი, უნდა გამეკეთებინა კიდეც. ფაქტია, გადავლახე, რახან ახლა თქვენ წინ ვზივარ. იმდენი კეთილი და თბილი ზარი მახსოვს ჩემი ავადობის პერიოდში, რა უფლება მაქვს ცუდად ყოფნის. მე მათ გამაძლებინეს. შენიანის გულისტკივილს როცა ასე აშკარად ხედავ, მერე უკვე ყველაფერს აკეთებ, რომ ის შენ გამო დაღონებული არ ნახო.
ეთერ თათარაიძე: - მახსოვს, ამირანისათვის ამის თქმამ რომ მომიწია, როგორ ვინერვიულე, სულ ავკანკალდი და ამ დროს მან თავი ასწია და მითხრა, რააა მერეო? ციცქნა ბავშვებს სისხლის გათეთრება ემართებათ, ხალხი როგორ იღუპება, ან ახალგაზრდობა. რა არის აქ საგანგაშოო? და გადაგვიარა ყველას უცებ იმ დაჭიმულობამ, მივხვდი, რომ დაიწყებდა ამ სენის დასამარცხებლად ბრძოლას. ბოღმა რა არის, ამირანმა არ იცის, და შური რა არის. ბოღმაზე მეტი დაავადება, სატანჯველი, ადამიანს არა აქვს. ჩვენ ახლა როგორც მაგარი სახადი, აი, მაგარი ჭირიანობა, ჟამიანობა რომაა, ეგ ბოღმაა ახლა მოსული საქართველოში, და სანამ ამისგან ეს ქვეყანა არ გაიწმინდება, არაფერი გვეშველება. რა ვიცი, აი, სიყვარული გაქრა, გადალახა ყველა საზღვარი და გაქრა საქართველოდან... არაფერი ქართული არ დარჩა, სული გაიშიგნა, გამოიშიგნა ყველაფერი.
ევროპა
ამირან არაბული: - არც შეიძლება ამ მოვლენაზე განსხვავებული აზრი არსებობდეს. როგორ შეიძლება ამის გარეშე ჩვენი წარმოდგენა ათწლეულების მერე, წარმოუდგენელია, ხო? ყველაფერი გადაქანებულია უფსკრულისკენ. კაი, ვთქვათ, შენ არ გიჭირს ამწუთას ისე, რომ მარტომ ვერ გადალახო პრობლემები. გაიხედეთ რამდენი ადამიანია ჩვენ გარშემო სიცოცხლისათვის რომ იბრძვის? ევროკავშირი ერთადერთი გამოსავალია საქართველოს გადასარჩენად.
ეთერ თათარაიძე:- შენს თავს გაპოვნინებს ევროპა! პირდაპირ ვთქვი პრეზიდენტთან, როცა ხელი მოვაწერეთ, მე ევროპა პირველ რიგში ჩემი შვილებისა და შვილიშვილების ბედნიერებისათვის მინდა, ყველასათვის მინდა-მეთქი. მშიერი ბავშვები რომ გვისხედან სკოლებში, გულები რომ მისდით, ყველაზე ჩამორჩენილები რომ ვართ, ყველაზე წინ მყოფები. ყველას გვინდა ბედნიერება, რატომ არ გვინდა? კიდევ საბჭოეთი გვინდა? კიდევ ტყუილში უნდა ვიყოთ? მთელი ცხოვრება ტყუილში ვიცხოვრეთ, დავიღალეთ, აღარ გვინდა! ჩვენც გვინდა სხვანაირი ცხოვრება ვნახოთ და ისე დავიხოცოთ. მე პირადად, შეიძლება ძაან გამიძნელდეს იმათ რიტმის აყოლა, მაგრამ მინდა გავსინჯო, როგორია.
2024 წელს ქვეყანას ვუსურვებდი, ვინც გავიდა ქვეყნიდან, თავის ნამატიანად, ბალღებიანად, უკან შემობრუნდეს. ისეთი წელი ყოფილიყოს, ყველა შემობრუნდეს სახლ-კარში და აქ გააჩინონ და დაზარდონ შვილები. უამრავ კეთილ სასწაულს ვუსურვებ ჩემს ქვეყანას. ყველა ოჯახს და იმათაც, ვინც ვერ ფიქრობს კარგად საქართველოზე. იმათი გონებების გაჯანსაღებასაც.
ამირან არაბული: - იმდენად სენმორეულია საქართველო, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ გამოვიდეს ამ ავადობიდან. ვუსურვებდი, რაც შეიძლება მეტი ოჯახი წასულიყოს დედაქალაქიდან სოფლებში, მთებში დაბრუნებულიყვნენ. დღეს თუ სამი ოჯახი ცხოვრობს მთის რომელიმე სოფელში, გაისად უკვე 10 კაცი დაბრუნდეს - ძალიან დიდი პროგრესი იქნება ეს საქართველოსთვის. უნდა დაადგნენ ამ გზას, სხვა გამოსავალი, საშველი არ არის. არაფერი არ უშველის ამ ქვეყანას, თუ თავად ადამიანმა არ გაიჩინა საკუთარი მეურნეობა, დამიჯერეთ, საქართველო დაიღუპება რამდენიმე წელში. ისევ ავსებულიყოს მთა-ბარი, რომელ კუთხესაც რა ტრადიცია ჰქონდა, აღდგენილიყოს. ხვავს, ბარაქას, სიხარულს და რაც მთავარია, სიყვარულის დაბრუნებას ვუსურვებ ამ ქვეყანას.
მოდი, ინტერვიუ ჩემი ტარიელის ლექსით დავამთავროთ: "მიხედეთ საქართველოსა, არავინ არ გყავთ ჭკვიანი? ეს მითხრა, უკან გაბრუნდა, გზა გაიდევნა მტვრიანი".
რუსუდან შაიშმელაშვილი