„ტრამპი ჩემს ხაჭაპურზე თითებს ილოკავდა, თან გაიძახოდა, ვერი გუდო“ - კვირის პალიტრა

„ტრამპი ჩემს ხაჭაპურზე თითებს ილოკავდა, თან გაიძახოდა, ვერი გუდო“

ლაზების შექმნილი და აჭარლებისაგან სათუთად შენახული აჭარული ხაჭაპური მთელი საქართველოს კუთვნილებაა. თუმცა, როდესაც საქმე "ჰაიმცხობელ" გია აგირბას ეხება, ფიქრობ, როგორ მოხდა, რომ აჭარულის ცხობაში დაოსტატებულ აჭარლებს "კლასს" სუფთა აფხაზი აჩვენებს, თანაც, როგორც თავად ამბობს, 50 წლის განმავლობაში! თანაც ამ სტაჟის მცხობელს სულაც არ ჰგავს! ამასობაში ამერიკის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩათვლით, ვინც საქართველოში, სახელდობრ აჭარაში ფეხი დადგა,­ კაცი არ დარჩენილა, გია აგირბას ხაჭაპურზე­ არ გადარეულიყო. ამ ამბებზე თავად მოგვიყვება. მართალია, მითხრა, ჟურნალისტები მემდურიან, რადგან­ უდროობის გამო ხშირად უარს ვეუბნებიო, მაგრამ ამჯერად ეს წესი დაარღვია. ცხადია, მომდურაობაც ხანმოკლეა, - საცოდაობაა ბათუმში იყო და აგირბას აჭარული ხაჭაპური არ გასინჯო.

- ბატონო გია, რა გასაკვირია, რომ საუკეთესო აჭარულს ძირძველი აფხაზი აცხობს, მაგრამ მაინც საინტერესოა, 50 წლის წინ აჭარულის ოსტატად როგორ ჩამოყალიბდით?

- სევდიანი ისტორიით უნდა დავიწყო­. ძველი ისტორიაა, მაგრამ ნამდვილ აფხაზებს­ უნდა გვახსოვდეს. ვიცი, რომ…ჩემი წინაპარი სოხუმიდან დედაბუდიანად რუსეთმა იმიტომ აყარა, რუსეთს რომ აუჯანყდნენ. რუსეთმა თქვა, აჯანყება ჩავახშოთ და ეს ხალხი აფხაზეთიდან სამუდამოდ გავყაროთ, თორემ არ მოგვასვენებენ, რადგან მუსლიმანები არიან, ამიტომ თურქეთში­ გავრეკოთო. გეგონება, აფხაზებს ნებით ეთქვათ უარი ქრისტიანობაზე და არა სასტიკი ისტორიის გამო. მოკლედ, 1867 წელს ჩემი წინაპარი სხვასთან ერთად ჩაჯდა დამტვრეულ გემში და დაემშვიდობა აფხაზეთს, მაგრამ შორს არ წასულან, გემი ბათუმს მოაყენეს. ბათუმიც ხომ ზღვის ქალაქია და თანაც აფხაზეთთან ახლოს. შეიძლება იმასაც ფიქრობდნენ, სოხუმში მალე დავბრუნდებითო, მაგრამ­ ვეღარ დაბრუნდნენ, ვერც დიდი ბაბუა და ვერც სხვა აფხაზები. მათი შვილთაშვილები­ ახლა ბათუმში ცხოვრობენ და ჩემსავით გიჟდებიან ბათუმზე, ეს ჩვენი ქალაქია!

- აფხაზეთში აღარ გყავთ ნათესავები? ომამდე მაინც ხომ დადიოდით?

- ომამდე, რამდენჯერმე მოვასწარი წასვლა, 8 წლის წინაც ვიყავი. ადრე იქ აგირბას გვარის ბევრი იყო, ახლა ცოტა არიან, ბევრს გასაქცევად გაუხდა საქმე, როგორც ჩვენ დიდი ხნის წინათ.

- 8 წლის წინ რა მიზნით წახვედით?

- თავად აფხაზებმა მომძებნეს და დამპატიჟეს, ერთადერთი ცნობილი აფხაზი გვყავხარ, ჩამოდი, მოგვეხმარე, ჩვენც გვასწავლე ისეთი ცხობა, ბათუმში რომ აცხობო. ვიფიქრე­, წავალ, იქნებ ცოტა წვლილი მაინც შევიტანო იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთს ისევ შევეჩვიოთ-მეთქი. მოკლედ­, ჩავედი და იცოცხლე, პატივით დამხვდნენ, სულ "უვაჟაემი გიას" დამძახოდნენ, მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია დამხვდა, რა სახაჭაპურე­, დავიხურე ქუდი და წამოვედი.

- რა დაგხვდათ ამისთანა?

- სოხუმში აფხაზი მილევაზეა, მათ აღარაფერი ეკუთვნით, მათ შორის აღარც ხაჭაპურის ცხობა. ერთი მყუდრო კაფე მომეწონა, ვიფიქრე, იქნებ აქ დავიწყო ცხობა და ამათაც ვასწავლო-მეთქი, მაგრამ რომ მივედი, სომეხი მცხობელი­ აცხობდა რაღაც აჭარულის მსგავსს, რომელსაც "ლოდოჩკას" ეძახიან, და ამის დანახვაზე ელდა მეცა. განა სომეხი მძულს, უბრალოდ, საქმე სხვა ამბავშია: თუ აფხაზეთში აფხაზს სომეხი ჩაანაცვლებს, მას მე ვერ დავეხმარები. "ლოდოჩკა" მინდა ახლა მე?! ისედაც წაღებულია მაგ "ლოდოჩკით" ნახევარი საქართველო! ჰოდა, ეგ ვუთხარი იქაურ აფხაზებსაც, აქ თქვენი არაფერია, სხვას კი აქ ხაჭაპურის ცხობაში ხელს ვერ შევუწყობ-მეთქი...

- ცხობა როგორ დაიწყეთ?

- ჩემს ბავშვობაში ერთ კარგ კაცს, სახელად კახაბერს, ჩემს სახლთან სახაჭაპურე ჰქონდა. მისი აჭარულის სურნელი მთელ ქუჩას უღიტინებდა. მე ხაჭაპურზე ვგიჟდებოდი, შემეძლო ყოველდღე მეჭამა. არადა, ჩემს ოჯახს იმდენი შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ ყოველდღე აჭარული ეცხო. მეც გამოსავალი მოვიფიქრე, 7 წლისა დილაადრიან კახაბერს მივადექი და "ხელშეკრულების დადება" შევთავაზე: თუ შენ ყოველ დილას, სკოლაში წასვლამდე, ხაჭაპურს ჩემთვის გამომაცხობინებ, მე სკოლიდან გამოვივლი და მთელ სახაჭაპურეს დაგიწკრიალებ-მეთქი.

- მერე, გენდოთ?

- მენდო, აბა, რა. იქნებ გულში არც დამიჯერა, 7 წლის ბავშვმა რა უნდა დამილა­გოსო, მაგრამ გული არ მატკინა და მითხრა, აბა, ვნახოთ, რას გააკეთებო! ყველი, ფქვილი, კარაქი და კვერცხი კი ყელამდე მომცა, როგორც გინდა, ისე ხარჯეო. ამის შემდეგ დადგა ჩემთვის სრული ბედნიერება: სანამ სკოლაში წავიდოდი, გავიქცეოდი კახაბერთან, ის მომცემდა აჭარულის "პრიპასებს" და მეტყოდა, აბა, ვნახოთ, რა ბიჭი ხარო! მე დავიკაპიწებდი ხელებს, მოვზელდი ცომს, მოვალამაზებდი, ჩავყრიდი შიგ ყველს და შევდგა­მდი ღუმელში. გამოღებისას ჯერ კვერცხს დავახლიდი, მერე კარაქს დავამატებდი და თანთქალა აჭარულსაც გეახლებოდით. აი, ასე ნასიამოვნები გავრბოდი სკოლაში. გაკვეთილების შემდეგ კი ჯერ კახაბერს მივაკითხავდი, დავულაგებდი, ჯამებს დავურეცხავდი და ამის შემდეგ მივდიოდი შინ.

14 წლის ასაკში ცალკე გავედი საცხობად. მერე 90-იანებიც დადგა. ამ დროს ხაჭაპური კი არა, პური იყო პრობლემა. თუმცა, ვენაცვალე ქართველობას, ჩვენ ხაჭაპურს რა მიგვატოვებინებდა, ეგ იყო, ბევრად ცოტას ვაცხობდი, შრომა კი უფრო მეტი მქონდა, ვერ აღგიწერთ, ფქვილს რა გაჭირვებით ვშოულობდი... პურს ვაცხობდი შინ, "ფეჩზე". პრაქტიკულად არ მეძინა.

- წარმომიდგენია, რა გემრიელი იქნებოდა თქვენი "ფეჩის" პური.

- აბა, როგორ, პური ხომ ღმერთისაა. ხალხი პურს რომ ნახულობდა ჩვენს უბანში, უკვირდა, სად შოულობთო! ჩემი უბნელები ამაყად ეუბნებოდნენ, გია გვიცხობსო. იმდენი სიკეთე ჩემს შვილებს, რამდენი პურიც უფასოდ გამიცია იმ წლებში. ახლაც ასე ვარ: დილაადრიან ქუჩაში მომუშავე ხალხს დავუძახებ და ვუმასპინძლდები. მეც იქვე ვზივარ, ვუყურებ და მიხარია. ერთადერთი მაშინ ვფორიაქობ, თუ თეფშზე ხაჭაპურის თუნდაც ნაწილს მიტოვებენ, რა არ მოგეწონათ-მეთქი, შეშფოთებული ვეკითხები. როცა მეტყვიან, შე კაცო, რა მოგივიდა, იმისთანა ნოყიერი იყო, ბოლომდე ვერ მოვერიეთო, აი, მაშინ ვმშვიდდები.

მეც და ჩემი ბიჭებიც მუდამ ხელით ვზელთ ცომს ყოველ სამ საათში ერთხელ. სულაც რომ ზეციური ტექნიკა გამოიგონონ, ცომის მოსაზელად კაცის მარჯვენას მაინც ვერ აჯობებს. მარჯვენა დაბადებიდან აჩუქა ადამიანს ღმერთმა, თავისი მადლიც თან გამოატანა. როცა ხელი ცომში აქვს, ამ დროს ადამიანი ღმერთთან ლაპარაკობს, იმ პურს ელაპარაკება, რაც ღმერთმა საარსებოდ მისცა. მე უმეტესად ვღიღინებ ცომის მოზელისას, თუ არადა, კარგ ფიქრებს­ ვფიქრობ, გულის გამხარებელს. მხოლოდ აჭარულს კი არ ვაცხობ, ხაჭაპურის 38 სახეობას ვაკეთებ. საქართველო მოვიარე, რათა ხაჭაპური ფესვებიდან შემეცნო. ზოგი თავად გამოვიგონე და ასე გახდა 38. ჩვენი მთელი ისტორიაა ქართულ ხაჭაპურში. აჭარულში რომ კვერცხია, ეგ მზის სიმბოლოა. მზის სადიდებელია აჭარული ხაჭაპური.

- ვიცი, რომ თქვენთან ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპიც არის ნამყოფი და ის თქვენმა აჭარულმა აღაფრთოვანა.

- ხაჭაპურს რომ გეახლათ, ამის შემდეგ რომ თითებს ილოკავდა, პირდაპირი გაგებით, მაგის შემსწრე ვარ, თან გაიძახოდა, "ვერი გუდო". მიშა სააკაშვილმა მოიყვანა ჩემთან, შენებური აჭარულით გაგვიმასპინძლდიო. მიშასაც რომ არ ეთქვა, აბა, რას ვიზამდი, ჩემთვის ყველა მომხმარებელი ტრამპია, მაგრამ უცხოელს და თან შენი ქვეყნის პრეზიდენტის მოყვანილს სხვა ყურადღება სჭირდება. ჰოდა, არც მოვცილებივარ სტუმრებს, იმიტომ დავინახე ტრამპის თითების ლოკვაც და შეძახილიც. ეს მე ხომ გამიხარდა, სააკაშვილიც სულ გადაირია, ბავშვივით აყიჟინდა, საღოლ, გიაო!

ისე, მე მაინც ერთი განსაკუთრებული სტუმრის შექება მაქვს მუდამ გულში. ესაა მომღერალი სტინგი! ისიც ჩემი სტუმარი იყო და, რა თქმა უნდა, მასაც გავუმასპინძლდი. იმ საღამოს კი ტელევიზორში ვნახე, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ბათუმშიო, და ყველაფერი, მაგრამ "ფრომ გიას" ხაჭაპური ყველაზე მეტადო! აი, ეგ არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო.