ეპიზოდები „აბდალი“ გურულების ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

ეპიზოდები „აბდალი“ გურულების ცხოვრებიდან

"ყველამ ძველი დარდი და ნაღველი ძველ წელს უნდა გაატანოს და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს", - გვითხრა უამრავი ადამიანისთვის საყვარელმა მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა და თავს გადახდენილი სახალისო ისტორიები გვიამბო:

იუმორი გურულად

- საქართველოს ყველა კუთხის იუმო­რი მიყვარს, მაგრამ გურულს სულ სხვა ეშხი აქვს. ეს მე ყველაზე კარგად ვიცი, რადგან თავადაც გურული ვარ. მართალია, თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ყველა ზაფხულს ოზურგეთის რაიონში,­ სოფელ ბოხვაურში ვატარებდი. გურია ნოდარ დუმბაძის მშობელი მხარეა და სულაც არ მიკვირს, რომ იქ ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით ადამიანს, რომელიც იუმორის უჩვეულო ნიჭით გამოირჩევა. რაღა შორს წავიდე­, ჩემი ორივე ბაბუა ასეთი იყო: ბიქტორი და ალიოშა მარტო ნათესავები კი არა, კარგი მეგობრებიც იყვნენ და ორივე ძალიან მაგრად მღეროდა. ეტყობა, ქართული სიმღერის სიყვარული მეც მათგან გამომყვა. ერთხელ, ოთხი დღე გადაბმულად რომ იქეიფეს, ალიოშა ეუბნება ბიქტორს, ძამა, მე ნაბახუსევზე სიმღერა მიყვარს და წუხელ ნამეტანი ხომ არ შეგაწუხეო? შენ რა გითხარი, ალიოშა, უკვე მეოთხე­ ღამეა ბანს გაძლევ და შენ არც გაგიგიაო, უსაყვედურა ბიქტორმა, რომელსაც სახელს ხშირად უცვლიდნენ და ეს საშინლად არ მოსწონდა. ერთ სუფრასთან თამადა­ გადაეკიდა და ყველა სადღეგრძელოში ვიქტორს ეძახდა, მანაც გააპროტე­სტა, არ მქვია, ძამა, ვიქტორი, ბიქტორი ვარო. რა იყო, შე კაცო, ერთი ასო აღარ უნდა მაპატიოო, გაუკვირდა თამადას. თავად­ რა გქვიაო, ჰკითხა ბაბუამ. რა მქვია და, ვასოო.­ ჰოდა, შენს სახელს "ვ" რომ მოვაცილო და ასო დაგიძახო, შენ თუ მაპატიებო...

კიდევ ერთი სუფრა მახსენდება: მაგიდასთან სამი აკადემიკოსი იჯდა და გურულები მასპინძლობდნენ. თამადობაზე სამივემ უარი თქვა. სუფრასთან იჯდა ფილიპე კვაჭანტირაძე. მეზობლებმა კარგად იცოდნენ, რაფერი მაკვარანცხი ენის პატრონი იყო ფილიპე და თამადობა შესთავაზეს. რას ამბობთ, მაგიდასთან სამი ცოცხალი აკადემიკოსი ზის და მე თამადა რაფრა ვიყოო, სასტიკად იუარა­ ფილიპემ, მაგრამ ბოლოს მაინც დაითანხმეს... ბევრი სადღეგრძელო თქვა ფილიპემ, ბევრი იხუმრა და ამ საპატიო ხალხს ათასი­ რამ უამბო. ბოლოს სტუმრები წამოდგნენ, სათითაოდ ამოიღეს ჯიბიდან აკადემიკოსის მოწმობა და ფილიპეს თეფშთან დადეს, შენ ყოფილხარ ნამდვილი აკადემიკოსი, ჩვენ კი არაო... გურიაში ასეთი ნიჭიერი ხალხი ბლომადაა, მაგრამ რად გინდა, საკუთარ თავზე ასე ხუმრობენ: ჩვენ აბდალი გურულების შთამომავლები ვართო.

"თავს გააჩნია, ძამა!"

ერთი ანეკდოტი თუ სხარტულა განსაკუთრებით მომწონს: ხანდაზმული გურული კაცი მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს ეუბნება: "კასტუმის" ყიდვა მინდა და ორი ცალი ამირჩიეო. ძამა, რად გინდა­ კასტუმი, თანაც ორი ცალიო, ჰკითხა გამყიდველმა. რავა არ მინდა, ერთი ჩემზა მინდა და მეორე - მამაჩემიზაო. კი მარა, მამაშენი რამდენი წლისააო, დაინტერესდა გამყიდველი. კია ასე 80-ს გადაცილებულიო. მერე, ორი ერთნაირი კოსტუმი რად გინდაო, კიდევ უფრო გაოცდა გამყიდველი. ბაბუაჩემის ქორწილში მივდივართო. კი მარა, ბაბუაშენს ცოლი მოჰყავსო? თვითონ კი არ უნდა, ძამა, მარა მამამისი აძალებს და აპა, რა უნდა ქნასო...

წლების წინ ოზურგეთში საპატიო სტუმრები ჩამოვიდნენ, ერთ-ერთი მინისტრი იყო. სადილის დროს სუფრაზე ღვინო მიიტანეს. ეს რა ღვინოა, ადამიანს თავს ხომ არ ატკივებსო, იკითხა სტუმარმა. თავს გააჩნია, ძამა, თავსო, სხარტად უპასუხა ერთმა თანამესუფრემ...

ისე, რაღა შორს მივდივარ, ჩემი მეგობარი და კოლეგა ვახო ტატიშვილიც გურულია.­ გულისტკივილით ვიხსენებ, როგორ იცინოდა და ბჟირდებოდა ჩვენი­ თემურ­ წიკლაური ვახოს ხუმრობებზე, ისე იცინოდა, ვეღარ ვაჩუმებდით. ზოგჯერ ვხუმრობ, "ორი ჯუჯაც" აბდალი გურულე­ბის დუეტია და, ალბათ, ამიტომ გაძლო ამდენ ხანს-მეთქი: ის უკვე 154 წლისაა, მე 72 წლის ვარ, ხოლო ვახო - 82-ის. ამ დუეტმა და ჩვენმა საქმემ ყველაზე ძვირფასი რამ მოგვიტანა - ხალხის სიყვარული!­ ჩვენი მაყურებელი, რომელსაც 20 და 30 წლის წინ ვუმღეროდით, დღესაც ისეთივე სიყვარულით გვხვდება.

არ მინდა საქართველოს სხვა კუთხის შვილებს გული დავწყვიტო და მათზეც მოგიყვებით: ჩვენი კონცერტებით ბევრჯერ ჩავსულვართ სამეგრელოში, ამ მშვენიერ, სტუმართმოყვარე მხარეში. მათაც საოცარი იუმორი და უგემრიელესი სამზარეულო აქვთ, მაგრამ ყველაფერი მეტისმეტად ცხარეა. ერთხელ ზუგდიდში ყოფნისას ჩვენი მენიუ ასე შევუკვეთე: ორი "სალიანკა" მოგვიტანეთ და სამი ვენტილატორიც თან მოაყოლეთ-მეთქი. არ სწყენიათ, რადგან იუმორის ფასი შესანიშნავად იციან.

კონცერტი ნაბახუსევზე

ვიდრე ანსამბლი "ივერია" შეიქმნებოდა, სულ სხვა ანსამბლში ვმღეროდით, რომელსაც "ციცინათელა" ერქვა. ერთხელ საგარეჯოში ჩავედით. იქ თემურ წიკლაურის ძმა ცხოვრობდა­ და კონცერტამდე მასთან მივედით. მასპინძელმა რომ დაგვინახა, ხუთწლი­ანი ქვევრი გახსნა და ცეცხლივით ღვინო დაგვალევინა. ანსამბლ "ციცინათელაში"­ 12 კაცი მღეროდა, მაგრამ იმ საღამოს სცენაზე მხოლოდ შვიდი გამოვედით. დანარჩენი ხუთიდან ერთმა იქვე, მაგიდასთან დაიძინა და სამი დღის მერე გაიღვიძა, მეორემ კულისებში ბაფთა კი გაიკეთა, მაგრამ იმ ბაფთასთან ჩახუტებულს ჩაეძინა, მესამე ფეხზე ვეღარ დგებოდა და კულისებიდან პირდაპირ სასტუმროში წაიყვა­ნეს... მაგრამ ყველაზე მთავარი "განსაცდელი" წინ გველოდა: ფარდა გახსნეს და დარბაზში ის ხალხი დაგვხვდა,­ ვინც თემურ წიკლაურის ძმის ოჯახში ჩვენთან ერთად სვამდა და ვინც ამ დღეში­ ჩაგვაგდო...

საოცარი დახვედრა იციან მესტიაში, მაგრამ სვანებზე უბრალოდ ვერ გაი­ხუმრებ - ამას სპეციალური "ლიცენზია" სჭირდება. მხოლოდ დათო როსტომაშვილზე ამბობენ, დათოს უხდება ჩვენი გამოჯავრება და ეპატიებაო... ამიტომ მე სვანებზე ხუმრობას ვერიდები, ისევ ჩემი გურულები­ მყავს "დაჩაგრული". ზოგჯერ კახელებსაც­ გადავწვდები ხოლმე, დინჯი ხალხია და მათი გაბრაზება ნაკლებად სარისკოა.

სანტა, თოვლის პაპა თუ ბაბუა?

ვინ იცის, თოვლის ბაბუა რამდენჯერ­ ვყოფილვარ. ერთხელ, შედარებით ახალბედა­ როცა ვიყავი, კახეთში წამომცდა, მე თქვენი თოვლის ბაბუა ვარ-მეთქი, და ვიღაცამ მაშინვე მომაძახა, ეეე, ვიროო, ბაბუა არა ისა, თოვლის პაპაა ეგ, თოვლის პაპაო. ძლივს შევეჩვიე, რომ ბაბუა­ დასავლეთში გამართულ კონცერტებზე უნდა მეთქვა, ხოლო აღმოსავლეთში მას თოვლის პაპა ჰქვია. ახლა უკვე სანტა კლაუსი გავხდი, მაგრამ სანტას ისევ ჩემი თოვლის პაპა და ბაბუა მირჩევნია. საქართველო ხომ იმითაა მდიდარი, რომ ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები აქვს. ამის გარეშე ჩვენი სამშობლო ვერ წარმომიდგენია!

ახალ წელს ისეთ ქვეყნებშიც კი შევხვედრივარ, სადაც თოვლი არ იცის და ქუჩებში თოვლის სურათები იყიდება, რათა ზამთრის ასოციაცია შექმნან. მაგალითად, პერუში წინა წლის საბუთებს რომ ჩამოწერენ, ერთად აგროვებენ და მერე ქაღალდებს ქუჩაში ყრიან, რითაც ზამთრის ასოციაცია იქმნება. დაილოცოს საქართველო: თოვლი თუ მოგენატრება, 2-3 საათში მთებში ახვალ და ნამდვილ ზღაპარში მოხვდები...

ახლა უკვე სანტა ვარ: რეგიონებში რომ გავდივართ, ბავშვებისთვის კონცერტებს ვმართავთ. ბედნიერი ვარ, როცა პატარების გაბრწყინებულ სახეებს ვხედავ. დრო მიდის, ყველაფერი იცვლება, მაგრამ ეს განცდა უცვლელია: როგორ ელოდებიან ბავშვები შობა-ახალ წელს და თოვლის პაპის ხელით მოტანილ საჩუქრებს. ვიდრე ეს მოლოდინი არსებობს, სიცოცხლე ნამდვილად ღირს! ვინატრებდი, ჩვენს ხალხს უფრო უფრო ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, რადგან ქართველი ერი სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, სიკეთისთვისაა შექმნილი და დაბადებული.

ხათუნა ჩიგოგიძე