"საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს"

გადავწყვიტეთ, გამოგვეთვალა, თუ რამდენი ღვინო ისმება და რამდენი გოზინაყი იჭმება საახალწლო სუფრაზე, რისთვისაც დახმარება ეკონომიკის ექსპერტს სოსო არჩვაძეს ვთხოვეთ. სწორედ მის გამოთვლებზე დაყრდნობით მომზადდა დღევანდელი საახალწლო პუბლიკაცია.

- საახალწლო სუფრა არ უნდა ჩავთვალოთ 31 დეკემბრის 22 საათიდან დილის 5 საათამდე. ქეიფი გრძელდება დღის მეორე ნახევარშიც, პირველშიც და ორშიც... ამიტომ, პირობითად, 31-ში საღამოდან 2-ში საღამომდე უნდა დავთვალოთ 2 დღე-ღამე.

- გამოდის, დაახლოებით 48 საათს ვითვლით...

- ძირითადად, ასეა. დალევა და გოზი­ნაყის ჭამა შეიძლება 3-შიც გრძელდება და 4-შიც, თუმცა აქცენტი ამ 48 საათზე გავაკეთოთ. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ გოზინაყის მომხმარებელთა შესაძლებლობა არის 2 წელზე ზემოთ, 3 წლიდან, ამიტომ, ალბათ, მოსახლეობის 95% მაინც უნდა ავიღოთ გამოსათვლელად, ანუ ახლანდელი მოსახლეობის რაოდენობას დაახლოებით 340 ათასი უნდა გამოვაკლოთ, დარჩება 3 მილიონ ოთხასი ათასზე ოდნავ მეტი. გოზინაყი არ არის ისეთი საკვები,­ რომ მხოლოდ ერთი სტანდარტული­ ნაჭერი­ ვიმყოფინოთ, რომელსაც ტრადიციულად რომბის ფორმა აქვს, სიგრძე-სიგანეში კი 5X{ 5-ზეა, შეიძლება უფრო დიდიც. ამ პერიოდში თითო კაცი, პირობითად, 3 ნაჭერს შეჭამს ანუ ახალი წლის მომდევნო დღეს ზოგს ნაბახუსევზე ტკბილი­ უყვარს. ამიტომ ოჯახის თითო წევრზე 3 სტანდარტული ნაჭერი უნდა ვიანგარიშოთ. საქართველოში დაახლოებით მილიონ ასი ათასი ოჯახია, რომლის წევრთა რაოდენობა შეადგენს 1 ოჯახზე 3,36-ს. მკითხველი რომ არ გადავღალოთ, მარტივად ვთქვათ: მთელ საქართველოში ოჯახების რაოდენობისა და მოხმარებული გოზინაყის მიხედვით, ეს არის დაახლოებით 2,5 ჰექტარზე ოდნავ მეტი ფართობი. უხეშად რომ ვთქვათ, 160 მეტრი 160 მეტრზე.

- ეს რამდენია, ვიზუალურად თუ წარმოვიდგენთ?

- ფიფას, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სტანდარტული საერთაშორისო მატჩების ჩასატარებელი საფეხბურთო სტადიონის სიგრძე უნდა იყოს 105 მეტრი, სიგანე - 68 მეტრი. ეს ოფიციალური სტანდარტია. სტადიონის ფართობთან მიმართებაში საქართველოში მოსახლეობის შეჭმული გოზინაყის საერთო ფართობი დაახლოებით სამ-ნახევარი სტანდარტული საფეხბურთო მოედნის ფართობის ეკვივალენტი იქნება.

- საინტერესოა, რა ჯდება ამხელა გოზინაყის მომზადება საქართველოს ფასებით?

- ოჯახების დიდ ნაწილს გოზინაყის­ ინგრედიენტების, ნიგოზის და თაფლის, ბაზარში ყიდვა არ უხდებათ, რადგან ზოგს თავისი აქვს, ზოგს სოფლიდან უგზავნიან. მაგრამ საბაზრო ფასებით თუ ვიანგარიშე­ბთ­, გამოვა, რომ ერთი ოჯახისთვის საახა­ლ­წლო სუფრაზე­ "გოზინაყის დეფილე"­ დაახლოებით 30 ლარი ჯდება. ქვეყნის­ მასშტაბით საბაზრო ფასებით­ ეს დაახლო­ებით 30 მილიონი ლარის ეკვივალენტურია. ამ ფასში არ შედის დიასახლისების დაუფასებელი შრომა. სხვათა შორის, თქვენი ჰოლდინგის ჟურნალისტს, ემა ტუხიაშვილს უნდა ვთხოვოთ, დაგვაგემოვნებინოს, ვისაც ჩემი გოზინაყი არ გაუსინჯავს, ჩემ შესახებ არაფერი იცისო, რომ თქვა. ახლაა გოზინაყის სეზონი და ამ მხრივაც უკეთ გავიცნობდით...

saax-1703445690.jpg

ახლა ღვინოზეც ვთქვათ. ამაშიც პირობითობა დავუშვით. ოჯახში მამაკაცი დაახლოებით 1 ლიტრ ღვინოს სვამს, ქალი - 200 გრამს. მამაკაცებმა უნდა ვაღიაროთ, რომ ქალებს საახალწლო სუფრაზე მეტი დატვირთვა აქვთ, ჩვენზე გაცილებით­ მეტი ძალისხმევა უწევთ. რადგან სუფრა პირველ დღეებში რამდენიმეჯერ იშლება, 2-შიც, მოხმარებული ღვინის ოდენობა, ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, დაახლოებით 2,4 ლიტრი იქნება 1 ოჯახზე. ოჯახების რაოდენობის მიხედვით მოხმარებული ღვინის რაოდენობა 2,64 მილიონი ლიტრი გამოდის.

- ესეც ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ...

- წარმოვიდგინოთ ოლიმპიური საცურაო აუზი, რომლის სიგრძე 50 მეტრია, სიგანე - 25, სიღრმე კი 2 მეტრი. მასში 2,5 მილიონი ლიტრი წყალი ეტევა. საქართველოში ღვინის დალევის მოცულობა გაცილებით მეტია - ანუ საახალწლოდ საქართველოში ერთ გაპიპინებულ ოლიმპიურ საცურაო აუზზე მეტ ღვინოს სვამენ.

საინტერესოა ღირებულება. ძალიან ბევრი ოჯახში დაწურულ ღვინოს სვამს, ზოგი ქალაქშიც ყიდულობს ყურძენს და ღვინოს აყენებს. ამიტომ საბაზრო ფასით რომ ვიანგარიშოთ, ეს დაყენებული ღვინო და შეძენილი ბოთლის ღვინო, რომლის მოცულობაც სისტემატურად იზრდება, მივიღებთ ყველაზე მოკრძალებულ საშუალო საბაზრო ფასს - 6 ლარს. გამოდის, საახალწლო სუფრაზე ჯამში 16 მილიონ ლარამდე ღირებულების სასმელი შეისმება. ჯამში რომ ავიღოთ გოზინაყი­ და ღვინო, მთლიანობაში 46 მილიონი­ ლარი გამოდის. ასე რომ, საქართველოში, გოზინაყსა­ და ღვინოში, საახალწლო დღეებში 46 მილიონი ლარი იხარჯება.

რა თქმა უნდა, პირობითობა ბევრია, მაგრამ ასეთი საახალწლო სტატისტიკა მოვამზადეთ. ეს რიცხვები არა მარტო იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ძვირი და დიდი რაოდენობით გოზინაყისა და ღვინის მომხმარებელია ჩვენი საზოგადოება, არამედ იმასაც მიანიშნებს, რომ მას უკვე აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ არა მარტო პირველი რიგის მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს სუფრაზე, არამედ ეგზოტიკური და ახალი წლის ტრადიციებთან, სიხარულთან, შთაბეჭდილებებთან დაკავშირებული რესურსიც გამოყოს. ვუსურვოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ არა მარტო ღვინო და გოზინაყი, არამედ სხვა ეგზოტიკური პროდუქტითა და დელიკატესებით გაჯერებული იყოს ქართული სუფრა. ვუსურვებ მთელ საქართველოს მეტ შემოსავალს, მშვიდობას და მიზნების ასრულებას.