ცნობილი ქართველების ქორწილები 2023 წელს
2023 წელი მდიდარი იყო საინტერესო და დასამახსოვრებელი ქორწილებით. "კვირის პალიტრა" რამდენიმე მათგანზე გიამბობთ.
თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე
2023 წლის 5 ივნისს ტელეწამყვან და პიანისტ ხატია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის გრანდიოზული საქორწინო ცერემონია მცხეთაში, გაიმართა. წყვილმა ეს დღე თათიას დაბადების დღეს დაამთხვია.
აღსანიშნავია, რომ თათიასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველად ის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე, ლაშა შევარდნაძეზე იყო დაქორწინებული. მათი ოჯახური თანაცხოვრება სამ წელიწადს გაგრძელდა. ამ ქორწინებიდან თათიას ორი შვილი ჰყავს, ედუარდი და ალექსანდრე შევარდნაძეები.
თათიას მეორე ქორწინებამ სანდრო შელიასთან 10 წელს გასტანა. მათ საერთო ვაჟი ჰყავთ.
რაც შეეხება ჯარჯი თორაძეს, მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
15 ოქტომბერს 22 წლის ფეხბურთის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ 19 წლის ნიცა თავაძესთან იქორწინა. ქორწილი უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა რამდენიმე სტუმრის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო, რომელიც როგორც ქართულმა, ისე უცხოურმა მედიამ აიტაცა.
ჯვრისწერა სამთავროს დედათა მონასტერში გაიმართა, წვეულება კი მთაწმინდაზე, რომელსაც მხოლოდ წყვილის უახლოესი ნათესავები და ბავშვობის რამდენიმე მეგობარი დაესწრო, სულ 60 კაცი.
ამის შემდეგ ხვიჩა და ნიცა იტალიაში გაემგზავრნენ, ქვეყანაში, სადაც კვარაცხელია წარმატებული ფეხბურთელი და ნეაპოლელების რჩეულია.
თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხუროძე
ულამაზესი ქართველი მოდელის თაკო ნაცვლიშვილის რჩეული ოთო ხუროძეა. წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა. პატარძლის თეთრ კაბას ლამაზი შლეიფი ამშვენებდა. წყვილმა ჯვარი ქართულ ტაძარში დაიწერა. ცერემონიის ფოტოებს იტალიიდან თაკოს მეგობრები სოციალურ ქსელში აზიარებდნენ.
სანდრო შელია და ნინა ხუბუტია
ოქტომბრის ბოლო დღეებში ბიზნესმენმა სანდრო შელიამ და „მთავარი არხის ჟურნალისტმა ნინა ხუბუტიამ რომში იქორწინეს. ნინა ხუბუტია ქორწილის ულამაზეს კადრებს გამომწერებს უზიარებდა. "ჩემი საოცნებო რომაული ქორწილი", _ წერდა ნინა.
ვანო ჩხარტიშვილისა და კახა ოქრიაშვილის ოჯახები დანათესავდნენ
მცხეთაში, „მარანი ჰოლში, გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. მილიონერ ვანო ჩხარტიშვილის ძმისშვილმა ჯაბა ჩხარტიშვილმა დეპუტატ კახა ოქრიაშვილის დისშვილზე, ნატო ყაფლანიშვილზე იქორწინა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერა.
ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და პატარძლის ბიძა, ცნობილი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი, ასევე პოლიტიკოსი არჩილ თალაკვაძე ძმასთან ერთად. ჯაბა ჩხარტიშვილი ბიძასთან ერთად მუშაობს და ბიზნესით არის დაკავებული. რაც შეეხება ნატო ყაფლანიშვილს, მან განათლება ევროპაში მიიღო და საქართველოში ერთ-ერთ ბიზნესკომპანიაში მუშაობს.
მარიამ მათიაშვილი და დათო თოფურია
ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას ქალიშვილს, "სუხიშვილების" სოლისტ მარიამ მათიაშვილს, გასულ ზაფხულს სთხოვეს ხელი. ოფიციალური ნიშნობის შემდეგ წყვილმა არდადეგები იტალიაში გაატარა, შემდეგ პარიზში, საიდანაც მარიამი ულამაზეს კადრებს გვიზიარებდა.
მარიამის რჩეული დათო თოფურიაა. წყვილის ქორწილი კონცერტად იქცა _ იცეკვეს მარიამმა, მისმა მეგობრებმა, თავად თეა დარჩიამ და, რასაკვირველია, სიძე-პატარძალმა. საღამო ცნობილმა მომღერლებმა უფრო დაამშვენეს.
ნიკა ხაზარაძე და ნატალია მორჩილაძე
ივნისის დამდეგს ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის მამუკა ხაზარაძის ვაჟი დაოჯახდა. ნიკა ხაზარაძისა და ნატალია მორჩილაძის გრანდიოზული ქორწილი "შატო მუხრანში" გაიმართა.
ქორწილს არაერთი ცნობილი პირი ესწრებოდა, მათ შორის ზაზა შენგელია მეუღლესთან ერთად, მხატვარი ქეთი მატაბელი და სხვები. ქორწილს მუსიკალურად კუბიდან ჩამოყვანილი მომღერალი იანელა ბრუკსი და მისი ბენდი აფორმებდნენ.
ნატალია მორჩილაძე ბიზნესმენ და სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელ არჩილ მორჩილაძის ქალიშვილია. მან როტერდამის უნივერსიტეტი დაამთავრა, ამჟამად კი სადაზღვევო ჯგუფის თანამშრომელია.