„საქართველოს სიყვარული ბავშვობიდან მაქვს, როგორ შეიძლება საქართველო არ გიყვარდეს?“ - კვირის პალიტრა

„საქართველოს სიყვარული ბავშვობიდან მაქვს, როგორ შეიძლება საქართველო არ გიყვარდეს?“

რას უყვება „კვირის პალიტრას“ მსტისლავ როსტროპოვიჩის ქალიშვილი

1927 წელს ქალაქ ბაქოში დაიბადა გენიალური მუსიკოსი, მსოფლიოს ნომერ პირველ ვიოლონჩელისტად წოდებული მსტისლავ როსტროპოვიჩი. ის საკუთარ თავს "მსოფლიო მოქალაქეს" უწოდებდა და მიაჩნდა, რომ მუსიკას არა აქვს საზღვრები, შესაბამისად, არც მუსიკოსს შეიძლება ჰქონდეს ერთი სამშობლო. 13 წლის იყო, როდესაც პირველად ორკესტრთან ერთად დაუკრა, 15 წლისამ კი კონსერვატორიაში ჩააბარა. "ვიოლონჩელო ჩემთვის ლამაზი ქალბატონია", - ამბობდა ხშირად. მუსიკოსი 29 ქვეყნის სახელწიფო ჯილდოს ლაურეატი იყო. 1953 წლიდან პროკოფიევის ნახევრად აკრძალული მუსიკის პროპაგანდისტი გახდა, მოგვიანებით კი სპეციალურად მისთვის დმიტრი შოსტაკოვიჩმაც დაწერა მუსიკა. 1970-იან წლებში მუსიკოსმა ღია წერილი გაუგზავნა გაზეთების რედაქციებს, სადაც ის აპროტესტებდა მწერალთა კავშირიდან სოლჟენიცინის გარიცხვას. მან ბრეჟნევის ეპოქა სტალინიზმის ხანას შეადარა და სწორედ ეს წერილი გახდა მიზეზი როსტროპოვიჩების ოჯახისთვის 1978 წელს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის ჩამორთმევისა. მოქალაქეობა მხოლოდ 1990 წელს აღუდგინეს, როცა როსტროპოვიჩი ვაშინგტონის სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორად დაინიშნა. 5 "გრემის" მფლობელი გენიალური მუსიკოსი 2007 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვერ დაიტევს ერთი სტატია მის შემოქმედებას და ვერც მისი ცხოვრების ქარტეხილებს. საყოველთაოდ ცნობილია მსტისლავ როსტროპოვიჩის შემოქმედება, პოლიტიკური შეხედულებები, მისი სიყვარული საქართველოს მიმართ, თუმცა როგორი იყო მსოფლიოს პირველ ვიოლონჩელისტად აღიარებული მუსიკოსი შინ და როგორ ატარებდნენ საღამოებს, ამ კითხვებს მსტისლავ როსტროპოვიჩის ქალიშვილი, საოპერო სიმღერის ცენტრის ხელმძღვანელი ოლგა როსტროპოვიჩი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" უამბობს:

- ვიცი, რომ პირველად არა ხართ საქართველოში.

- დიახ, ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი მშობლებთან ერთად. ჩვენს ოჯახს ძალიან უყვარდა საქართველო, თქვენი სტუმართმოყვარეობა, სითბო, კლიმატი, აღარაფერს ვამბობ ქართულ სამზარეულოზე. პატივს ვცემ თქვენს ტრადიციებს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქართული მრავალხმიანობა.­ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მშობლებთან ერთად ჩამოვდიოდი საქართველოში, აღგვაფრთოვანებდა, რომ სუფრასთან ყოველთვის ისმოდა გასაოცრად ლამაზი ქართული სიმღერა. საქმიანი ვიზიტით 2019 წელსაც ვიყავი თბილისში, OPERA CROWN-ის პირველ კონკურსზე. წელსაც ამის გამო ჩამოვედი.

- რას იტყვით ამ კონკურსის შესახებ?

- ბრწყინვალედ არის ორგანიზებული. ბევრ კონკურსს დავსწრებივარ, მაგრამ ეს გამოირჩევა ყველასგან ორგანიზებისა და ვოკალისტების მაღალი დონით. ჟიურიში მსოფლიოში წამყვანი საოპერო თეატრების ხელმძღვანელები არიან. ჩემი აზრით, ამ კონკურსს დიდი საერთაშორისო მომავალი აქვს. ქართველები მელოდიური, გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ხართ. საოცარი კონცერტმაისტერები გყავთ.

- ოჯახზე გვიამბეთ ორიოდ სიტყვით.

- ჯადოსნური ბავშვობა მქონდა, რადგან ჩემი ოჯახი იყო საოცარი. საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. ადამიანები, ვინც ჩვენი ოჯახის ირგვლივ ტრიალებდნენ, ახლა რომ ვუფიქრდები, წარმოუდგენლად ჯადოსნურ გარემოს ქმნიდნენ. მაგალითად, ინგლისელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი, მნიშვნელოვანი ფიგურა მეოცე საუკუნის ბრიტანულ მუსიკაში ბენჯამინ ბრიტენი. ჩვენთვის ის ძია ბენი იყო, ხშირად გვსტუმრობდა პლასიდო დომინგო და ა.შ.

ბავშვობა მოსკოვში გავატარე. სულ მახსენდება მუსიკა, რომლითაც ვიყავი გარემოცული, და საინტერესო ადამიანები, კომპოზიტორები, მუსიკოსები, რომლებიც­ მოდიოდნენ ჩვენთან, რათა პირველად დაეკრათ მამასთვის მიძღვნილი თავიანთი­ ნაწარმოებები. ჩვენ კომპოზიტორების სახლში ვცხოვრობდით. ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჩვენს ოჯახს ლეონარდ ბერნსტაინთან (ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, პედაგოგი. ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსის დონალდ ჰენაჰენის თქმით, ლეონარდ ბერნსტაინი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული მუსიკოსი ამერიკის ისტორიაში ლეონარდ ბერნსტაინი იყო - ავტ.), ჩემთვის ის ლენი იყო. როცა ჯულიარდში ვსწავლობდით, ლენიმ­ და მისმა მეუღლემ ძალიან გვიპატრონეს მე და ჩემს დას. საოცარი ისტორიების და სცენების მომსწრე ვარ. ლენი ნავახშმევს მიუჯდებოდა როიალს და შეეძლო მთელი­ ღამის განმავლობაში დაეკრა, იმპროვიზირებდა. ეს იყო განუმეორებელი წუთები ჩემს ცხოვრებაში.

412684643-1336476340340338-2528663914176240610-n-1703448956.jpg

- 1978 წელს საცხოვრებლად ამერიკაში­ გადახვედით.

- 1978…წელს დავტოვეთ რუსეთი, კი, ეს ცნობილი ისტორიაა. საკონცერტო ტურში წავედით ორი წლით და შემდეგ ისე მოხდა, რომ მშობლებს­ მოქალაქეობა ჩამოართვეს და ამერიკაში დავრჩით. მე და ჩემმა დამ ჯულიარდის სკოლაში ჩავაბარეთ, ნიუ-იორკში. პირველი პერიოდი მარტივი არ იყო, მაგრამ მალე შევეგუეთ - როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს, ადამიანი გარემოსთან შეგუებას იწყებს და ჩვენც დავიწყეთ ახალი ცხოვრება. როდესაც ნიუ-იორკში პირველად ჩავედით, ინგლისურად რამდენიმე სიტყვა ვიცოდით, მაგალითად, „My name is Pioneer“, მაგრამ სწრაფად ვისწავლეთ. მეც ვიოლონჩელისტი ვარ, ერთხანს ვმუშაობდი კიდეც ჩემი პროფესიით, იმ პერიოდში დავოჯახდი და პროფესიულს ოჯახური ცხოვრება ვარჩიე, რადგან არ შემეძლო იმ დონეზე ვყოფილიყავი, როგორსაც გვარი როსტროპოვიჩი იმსახურებდა, თან როდესაც იმავე ინსტრუმენტზე უკრავ, რომელზეც მამა უკრავდა. მამასთვის დაკვრა დაუჯერებლად მარტივი იყო, მას ეს უნარი ღვთისგან ბოძებული ჰქონდა, მე კი ძალიან ბევრი მეცადინეობა მჭირდებოდა, რაც გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიანაც არ მიყვარდა, თან არ მინდოდა ჩემი დრო ოჯახსა და მუსიკალურ პასუხისმგებლობებს შორის გამენაწილებინა. ამიტომ თანდათან საკონცერტო საქმიანობას ჩამოვშორდი. მამას ამას ძალიან დიდხანს ვუმალავდი. როდესაც ვუთხარი მიზეზი, უთანხმოება მოგვივიდა, და ორი წლის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. ძალიან ეწყინა, რომ დავარღვიე ოჯახური ტრადიცია, რადგან ბაბუაც ვიოლონჩელისტი­ იყო. მამა ფიქრობდა, რომ მე განსაკუთრებული ნიჭი მქონდა და ვიოლონჩელისტი უნდა ვყოფილიყავი. მამამ ჩემი საქციელი ღალატად მიიჩნია.

- როგორ შერიგდით?

- ჩემი მოძღვრის დამსახურებით, მან მითხრა, უნდა ისწავლო პატიება და თხოვნაც, რომ გაპატიონო. ჩვენი საუბრის შემდეგ ვიფიქრე, რაზეც ვისაუბრეთ, და ცოტა ხნის შემდეგ მამას დავურეკე და პატიება ვთხოვე. ორივენი ავტირდით, და რა თქმა უნდა, შევრიგდით.

- ემიგრაციის შემდგომ პერიოდზე გვიამბეთ.

- რუსეთში დავბრუნდით, თუმცა ეს დროებითი იყო. მე სულ ნიუ-იორკში­ ვცხოვრობდი. დედ-მამა მთხოვდა, დავბრუნებულიყავი, მაგრამ არ შემეძლო, ნიუ-იორკში უკვე ოჯახი მყავდა. ჩემი შვილები ახლაც ამერიკაში ცხოვრობენ. აღარ მსურდა ამერიკის გარდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ როდესაც დედა - გალინა ვიშნევსკაია მოხუცდა და მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში საავადმყოფოში ვიყავით, მითხრა, ერთი სურვილი მაქვს და მინდა დამპირდე, რომ შემისრულებო. მან პირობა დამადებინა, რომ მის დაარსებულ საოპერო ცენტრს, რომელიც მოსკოვში იყო, არ მივატოვებდი და ვუხელმძღვანელებდი. ასეც მოხდა, დედას სურვილი შევუსრულე - აი დღეს საოპერო­ ცენტრს მე ვხელმძღვანელობ და ბედნიერი ვარ, რომ წარმატებულად მუშაობს. მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მისი მეშვეობით დიდი საოპერო მომღერლები იბადებიან. რამდენიმე კვირის წინ დიდ თეატრში ვიყავი, საოპერო წარმოდგენას დავესწარი, რომელშიც წამყვან პარტიებს ჩვენს ცენტრში დახელოვნებული ხუთი მომღერალი ასრულებდა. ვფიქრობდი,­ დედა, ალბათ, როგორი ბედნიერია, როგორ იამაყებდა, ამას რომ ხედავდეს-მეთქი. არა მხოლოდ მისი ნება აღსრულდა, ეს ცენტრი მისი სულის, მისი სურვილის გაგრძელებაა.

- მსტისლავ როსტროპოვიჩი ყოველთვის დემოკრატიას ემხრობოდა. ახლა რომ ცოცხალი იყოს, როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა?

- დედ-მამას, ორივეს, ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა. იცით, დედ-მამამ კიდევ ერთი პირობა დამადებინა - არასდროს ჩავერიო პოლიტიკაში და არასდროს მოვაწერო ხელი სხვის შედგენილ საბუთს. ამიტომაც არასდროს ვერევი პოლიტიკაში­ და არასდროს ვსაუბრობ პოლიტიკაზე, არასდროს ვაწერ ხელს რაიმე საბუთს, თუ საჭიროა, თავად დავწერ.

- საქართველოზე ხშირად საუბრობდა?

- მამას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა საქართველოში, გია ყანჩელთან მეგობრობდა. საქართველოს სიყვარული ბავშვობიდან მაქვს, როგორ შეიძლება საქართველო არ გიყვარდეს? აქ უახლოესი მეგობრები მყავს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს საქართველოს მთები, ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო, ქართული ტრადიციები და ქართველი ხალხი. ყველას გილოცავთ ახალ წელს და გულით გისურვებთ მშვიდობას, მშვიდ, ნორმალურ ცხოვრებას და სიყვარულს. ეცადეთ გიყვარდეთ ერთმანეთი, ადამიანებო, ეცადეთ მიუტევოთ ერთმანეთს. ყველას გისურვებთ, შეგეძლოთ ერთმანეთის პატიება, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და სიყვარულს.