ხმლიანი მეკვლე ოქროს გვპირდება
განვლილი წელი განსაკუთრებული იყო სანდრო ბაზაძისთვის. ქართველმა მოფარიკავემ 13 ტურნირში 13 მედალი (5-5 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო) მოიგო, სეზონის შემაჯამებელ კლასიფიკაციაში ასზე მეტი ქულით ჩამოიტოვა მეორე ადგილზე მყოფი კონკურენტი და ლოგიკურია, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) წლის საუკეთესო ხმლით მოფარიკავედ დაასახელა. 2024 ოლიმპიური წელია და გაზეთის წლიური ნომრის "მეკვლედ" სანდრო ბაზაძეზე წარმატებულს ვის ვიპოვიდით. - ექსკლუზიურ ინტერვიუში გასულ სეზონზეც ველაპარაკეთ და მომავალი წლის მთავარ ამბავზეც:
- სანდრო, გილოცავ წლის საუკეთესო მოფარიკავის წოდებას! 2023 წელი მართლაც საუკეთესო იყო შენს კარიერაში...
- გეთანხმებით: გასულ სეზონში ცამეტ ტურნირში ვიასპარეზე და ამდენივე მედალი მოვიგე, მათ შორის, 5-5 ოქრო-ვერცხლი! რეიტინგის ლიდერი ვარ, წლის საუკეთესო ხმლით მოფარიკავედაც მაღიარეს, თუმცა გასულ წელზე ბევრი ლაპარაკი აღარ ღირს, ახალი სეზონი უკვე დაიწყო და რამდენიმე დღის წინ ორლეანში სეზონის პირველი გრან-პრიც გათამაშდა. ამჯერად მედლის გარეშე დავრჩი, მაგრამ სანერვიულო არაფერია - რობოტი ხომ არა ვარ, ყველა ტურნირი მოვიგო?! ოლიმპიადის ლიცენზიისთვის უკვე ბევრი ქულა მაქვს და, ალბათ, ორლეანის ტურნირზე ამის გამოც მეტყობოდა მოტივაციის ნაკლებობა. პერიოდულად წაგებაც აუცილებელია, შეცდომები რომ დაინახო.
- "მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავე სანდრო ბაზაძე!" - რას გრძნობ, როცა ეს სიტყვები გესმის?
- უდიდეს სიამაყეს! სწორედ ასეთ მომენტებში აცნობიერებ, რომ შრომა დაგიფასდა, რომ შენი ქვეყანა ასახელე სპორტის სახეობაში, სადაც ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნების უამრავი წარმომადგენელი მონაწილეობს. თუმცა ბოლომდე კმაყოფილი ჯერ არა ვარ, კიდევ ბევრი ტიტული მაქვს მოსაგები.
- 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამერიკელ ელი დერშვიცთან დამარცხდი. მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედალი დიდი წარმატებაა, თუმცა... ფინალში დიდი სხვაობით მარცხი მაინც გვეხამუშა.
- სიმართლე გითხრათ, ანგარიშისთვის არც მიმიქცევია ყურადღება. მსოფლიო პირველობა წლის ბოლო ტურნირი იყო და ენერგიის ნაკლებობა პირველივე შეხვედრიდან მეტყობოდა, თანაც ფინალში ჩემს მთავარ კონკურენტს, უნგრელ არონ ზილაგის ველოდი. ნახევარფინალს უგებდა კიდეც დერშვიცს, მაგრამ საბოლოოდ ფინალის მეტოქედ სწორედ ამერიკელი მერგო. მანამდე მისთვის ზედიზედ სამჯერ მქონდა მოგებული, მაგრამ... არა უშავს, ხდება ხოლმე, ყოველთვის ყველაფერს ვერ გათვლი... კარგი ის არის, რომ ამ ვერცხლის მედალმა ბევრი სარეიტინგო ქულა შემმატა.
- დერშვიცი ცაციაა - მემარჯვენისთვის რთულია ცაცია მეტოქესთან ბრძოლა?
- ბევრს უჭირს ხოლმე, ჩემთვის კი, პრობლემა არ არის. პირიქით, მომწონს კიდეც ცაციასთან ბრძოლა.
- 30 წლის ხარ, რა ასაკია ეს მოფარიკავისთვის?
- კარგი ასაკია: ჯერ კიდევ გერჩის ჯანი და დიდი გამოცდილებაც გიმაგრებს ზურგს. სპორტის სხვა სახეობების მსგავსად, მოფარიკავეებიც 35-37 წლის ასაკამდე რჩებიან პროფესიულ სპორტში. თუმცა, ვინც არც გამძლეობას უჩივის, არც ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ პრობლემებს, უფრო დიდხანსაც რჩება.
- არადა, ისეთ დინამიკურ სახეობაში, როგორიც ფარიკაობაა, ტურნირები ხშირად იმართება. ენერგიის აღდგენას როგორ ასწრებ?
- მართლაც დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ზოგჯერ თვეში ორი დიდი ტურნირიც გვიწევს ხოლმე. ამიტომაც ძალიან რთულია სტაბილურობის შენარჩუნება, ყველა ტურნირში მედლისთვის ბრძოლა - ორმაგად კმაყოფილი ვარ, 2023 წელს ამდენი მედლის მოპოვება რომ შევძელი. ფიზიკურ მომზადებას ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფარიკაობაში და ამ კომპონენტს მეც დიდ დროს ვუთმობ. რაც შეეხება აღდგენით პროცესს, საუკეთესო საშუალებაა ყინულის აბაზანები, კრიოთერაპია, საუნა... საფრანგეთში ყოფნისას თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებ - მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება და სხვ.
- ამჟამინდელი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პარიზის ოლიმპიადისკენ იდეალური გრაფიკით მიდიხარ: შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მომდევნო ტურნირი ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპია?
- თუ მთელი წელი მხოლოდ მომავალ ოლიმპიადზე ვიფიქრე, პარიზში მენტალურად გადაღლილი ჩავალ. ჩემთვის მთავარია, რომ ვიცი, რისთვის ვემზადები, საით მიდის ჩემი გზა. ვცდილობ მშვიდად ვიყო, ბევრი არ ვიფიქრო. ოლიმპიური თამაშები უდიდესი სახელისა და მნიშვნელობის ფორუმია, თორემ სინამდვილეში ჩვეულებრივი ტურნირია. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ოლიმპიადაზე ფარიკაობის ტურნირში 40 მონაწილე იქნება, მსოფლიო თასზე კი 240 სპორტსმენია ხოლმე!
- რაოდენობა ავტომატურად ხარისხს ხომ არ ნიშნავს?!
- ცხადია, არა. იმას ვგულისხმობ, რომ თავისი არსით ოლიმპიადაც ჩვეულებრივი ტურნირია, ოღონდ განსაკუთრებული სტატუსი აქვს და ასეთივე ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს – რაც უფრო თავდაჯერებული და გაწონასწორებული ხარ, წარმატების მეტი შანსი გაქვს. ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი მთავარი მიზანია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ოთხწლეულის მთავარ სპორტულ მოვლენას ჯანმრთელი, საუკეთესო ფორმაში მყოფი შევხვდე.
- დიდი ალბათობით, ოლიმპიურ თამაშებსაც რეიტინგის ლიდერის რანგში შეხვდები: ფავორიტის სტატუსი დამატებით წნეხად ხომ არ დაგაწვება?
- რეიტინგს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ - რაც დასამტკიცებელი მქონდა, გასულ სეზონში დავამტკიცე. ტოკიოს ოლიმპიადაზე ძალიან ცუდად მომექცნენ და ყველასთვის უნდა მეჩვენებინა, რომ პირველობას ვიმსახურებდი. მგონი, მოვახერხე კიდეც: წელი რეიტინგის ლიდერის რანგში დავასრულე, ჯილდოებიც მივიღე და ახლა მთავარ მიზნად ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლა მრჩება. შესაბამისად, აღარც აქვს მნიშვნელობა, პარიზში პირველ ნომრად ჩავალ თუ მეოთხე ვიქნები. წნეხი აუცილებლად იქნება, მაგრამ ვეცდები ამაზე არ ვიფიქრო. გასაგებია, რომ გულშემატკივარი, ოჯახი, ქვეყანა მხოლოდ ოქროს ელის, მაგრამ... სპორტსმენზე მეტად ჩემპიონობა არავის უნდა! მთავარია, ემოციის გაკონტროლება შეგეძლოს, მშვიდი, გაწონასწორებული მიხვიდე წლის მთავარ ტურნირამდე. ფარიკაობა ძალიან დინამიკური და ემოციური სახეობაა - ქულის აღებიდან 5 წამში მომდევნო ქულისთვის იწყებ ბრძოლას და თუ ემოციების გაკონტროლება არ შეგიძლია, წარმატებაზე არ უნდა იოცნებო. სიმართლე გითხრათ, წნეხზე მეტად, არაობიექტურ მსაჯობაზე ვნერვიულობ, რაც ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა ჩვენს სახეობაში. იმედია, ამჯერად მაინც იქნება ობიექტური. არავის მივცემ შესაძლებლობას პარიზშიც ისე მომექცნენ, როგორც ტოკიოს ოლიმპიადაზე.
- ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მედლების უმეტესობა ჩვენთვის "ტრადიციულ" სახეობებში (ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, მძლეოსნობა და სხვ.) გვაქვს მოგებული. ქართველ მოფარიკავეებსაც ოლიმპიური ოქროს მედლები მხოლოდ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, გუნდურ დისციპლინაში მოუგიათ. პარიზის ოლიმპიადაზე გექნება უნიკალური შანსი, რომ გახდე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ფარიკაობის ინდივიდუალურ ჩათვლაში!
- ვიმეორებ - ჩემი კარიერის მიზანიც ეს არის და ბედნიერი ვიქნები, თუ ოლიმპიურ ჩემპიონობას შევწვდი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს სამშობლოს ფარიკაობაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოვუტანო!
- ბოლო წლებში ქართველი მოფარიკავეების პროგრესი თვალსაჩინოა. თუმცა, როგორც ვიცი, სახარბიელო პირობებით ჯერაც ვერ დაიკვეხნით: რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარდეს?
- აუცილებელია მასშტაბურობა, რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი - თუ სპარინგ-პარტნიორი არა გყავს, სრულფასოვნად როგორ ივარჯიშებ?! უდიდესი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელების რაოდენობას და კვალიფიკაციასაც. საბედნიეროდ, ფარიკაობის ცნობადობა და პოპულარობა თვალში საცემად არის გაზრდილი - თუ დარბაზში მიხვალთ, ამაში თავად დარწმუნდებით. მიხარია, რომ ამ ყველაფერში მეც მაქვს შეტანილი წვლილი.
- რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ეტლით მოფარიკავე ქართველ გოგონებზეც, რომლებიც წარმატებით მუდმივად გვანებივრებენ...
- ჩვენმა უძლიერესმა გოგონებმა ბევრი სასწაული მოახდინეს და ყოველდღიურად აგრძელებენ ჩვენს გაოცებას! აურაცხელ მედალსა და ტიტულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პარალიმპიელები უდიდეს მოტივაციასაც აძლევენ იმ უამრავ ადამიანს, შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ბევრ რაღაცაზე ხელი რომ ჰქონდათ ჩაქნეული!
- მოფარიკავეების ოჯახში გაიზარდე: ხმალი, დაშნა, ორთაბრძოლები სათავგადასავლო წიგნებიდან შემოიჭრა შენს ცხოვრებაში, თუ ჯერ მამის და უფროსი ძმის მიბაძვის სურვილი გაჩნდა?
- სხვათა შორის, "სამი მუშკეტერი" მოგვიანებით წავიკითხე - მაშინ უკვე ვვარჯიშობდი ფარიკაობაში. მამის და ჩემი ძმის დამსახურებაა, ხმალმა მეც რომ "გადამიბირა", თორემ მანამდე ძირითად დროს ფეხბურთს ვუთმობდი. ბექა ყველაზე დიდი მოტივატორი იყო ჩემთვის. შრომისმოყვარე და მიზანდასახულია, ყველანაირად მეხმარება, მაქსიმალურად არის გადმორთული ჩემს კარიერაზე და იმასაც ვგრძნობ, რომ ჩემი შედეგები უფრო უხარია. დარწმუნებული ვარ, ჩემი და ბექას გუნდი აუცილებლად მოიგებს რომელიმე ტიტულს, თანაც 2025 წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს.
- მამაზე, მერაბ ბაზაძეზე რას იტყვი? უმეტეს შემთხვევებში, მწვრთნელი მამები შვილებს სხვა შეგირდებზე მკაცრად ექცევიან.
- მამისგან არასდროს მიგრძნია განსაკუთრებული სიმკაცრე - ყოველთვის იჩენდა ზომიერებას, დისციპლინა და საქმისადმი სწორი მიდგომა მასწავლა. მერაბი გამორჩეული მწვრთნელია. ფარიკაობა მან და მისმა მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოში. ჩემი კარიერაც მთლიანად მისი დამსახურებაა. როცა მამა ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, ვეღარ შეითავსებდა ერთდროულად ორ საქმეს, ამიტომაც გადამაბარა უმაღლესი დონის ფრანგ მწვრთნელს. ეს სწორი და დროული ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პროფესიონალიზმს.
- საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცისთვის ხმალი და ბრძოლა ცხოვრების წესი იყო. დღეს ეს ყველაფერი მხოლოდ "სადღეგრძელოს მასალად" მოჩანს... ვარჯიშის ან შეჯიბრების დროს ქვეცნობიერად მაინც ფიქრობ ხოლმე, რომ ხარ იმ ქართველების შთამომავალი, ვინც თავისი ქვეყნის, ოჯახის, სარწმუნოების დასაცავად იქნევდა ხმალს?
- ის ხალხი მხოლოდ სადღეგრძელოში გახსენებას არ იმსახურებს... პატრიოტი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და კარგად ვიცი, რომ თუ დღეს ვარსებობთ, სახელმწიფო, ჩვენი ენა და სარწმუნოება გვაქვს, დიდწილად სწორედ ქართველი მეომრების დამსახურებაა. ვამაყობ ამ ხალხით და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ასპარეზობით, თუნდაც მხოლოდ ხმლის ზუსტი მოქნევით, ვინმეს მაინც გავახსენებ ჩვენს გმირ წინაპრებს. რადგან წარსული ვახსენეთ, მომავლისკენაც გავიხედოთ - საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რაც დიდი წარმატება და გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის! ჯერ არ ვიცით, როდის გავხდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადადგმულია, წინ მივიწევთ და მინდა ჩემს სამშობლოს კიდევ მეტი წარმატება, განვითარება, მშვიდობა ვუსურვო.
- მომავალზე საუბარი ყველაზე უპრიანი ახალი წლის დღეებშია - რამდენიმე სიტყვით ბაზაძეების საახალწლო ტრადიციებზეც მოგვიყევი:
- ბავშვივით მიყვარს და მიხარია ახალი წლის დადგომა, ყოველი ახალი წელი ჩემთვის სიახლესთან ასოცირდება. სულ მაქვს ხოლმე იმედი, რომ მომავალი წელი წინაზე უკეთესი იქნება (ცდას არც მე ვაკლებ!). იშვიათი გამონაკლისების გარდა, ახალი წლის დადგომას ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხვდები. საბედნიეროდ, ასე იქნება წელსაც და სანამ "ბედობას" ისევ საფრანგეთს მივაშურებდე, რამდენიმე გემრიელ დღეს მაინც გავატარებ ოჯახის წევრებთან ერთად... მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს - მშვიდობას, ბედნიერებას, ბევრ წარმატებას ვუსურვებ! პატარა ქვეყანა გვაქვს, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გვიყვარდეს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!