ომების წელი - უკრაინის ჩაშლილი გეგმები, ისრაელის შურისძიება და ალიევის წერტილი - კვირის პალიტრა

ომების წელი - უკრაინის ჩაშლილი გეგმები, ისრაელის შურისძიება და ალიევის წერტილი

2023 წელს პლანეტა დედამიწა 50-ზე მეტი ომითა და შეიარაღებული კონფლიქტით ამთავრებს, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს განვითარებაში უდიდეს უარყოფით როლს ასრულებენ, გინდ ასიათასობით კაცის დაღუპვითა და ეკოლოგიური კატასტროფის მოახლოებით და გინდაც იმით, რომ დედამიწას ახალი მსოფლიო ომის დაწყებით ემუქრებიან.

10 მიზეზი, რის გამოც უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა და გადავა თუ არა პუტინი ახალ შეტევაზე?!

samxedro2-1703452568.jpg

ობიექტური მიზეზები, რის გამოც უკრაინამ დასავლეთის დიდი მხარდაჭერის მიუხედავად 2023 წელს ვერ მოახერხა რუსი ოკუპანტებისგან თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება, ასეთია: პირველი - უკრაინის კონტრშეტევები დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაანონსდა და უკრაინელ მოსახლეობასა და მსოფლიოს იმ ნაწილშიც, რომელიც უკრაინის მხარეზეა, შეიქმნა კონტრშეტევების წარმატებული შედეგის ძალიან დიდი მოლოდინი. უფრო მეტიც, ასეთი განწყობა სუფევდა არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ თურმე თავად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშიც - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დღეს აღიარებს, რომ უკრაინის გენშტაბში შეიძლება ნატოელი გენერლების კარნახითაც გეგმავდნენ, რომ კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმია დღე-ღამეში 30 კმ-ით მაინც უნდა წაწეულიყო წინ, რაც ფანტასტიკა აღმოჩნდა, რადგან ზაპოროჟიეს ფრონტზე ხუთ თვეში უკრაინის არმიამ მხოლოდ... 17 კმ-ით თუ წაიწია წინ;

მეორე - უკრაინის არმიის გენერალური კონტრშეტევის მიმართულების ამოცნობა არცთუ ძნელი იყო ფრონტზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე და ის ყველა შემთხვევაში დაემთხვეოდა სამხრეთ ფრონტზე, ზაპოროჟიედან სამხრეთით ტოკმაკისა და მელიტოპოლის მხრიდან აზოვის სანაპიროსკენ გაჭრას ბერდიანსკზე გასასვლელად, ხოლო დამხმარე კონტრიერიშის წამოწყება მოსალოდნელი გახლდათ აღმოსავლეთ ფრონტზე, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან (ხერსონიდან) მარცხენა სანაპიროზე დესანტირება, ყირიმის ნახევარკუნძულისკენ წინსვლა არმიანსკზე გასასვლელად და საუკეთესო შემთხვევაში, აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ გენიჩენსკთან ამ ორივე კონტრიერიშის მიმართულებების შეერთება, რაც რუს ოკუპანტებს ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე "ტომარაში" მოაქცევდა და შესაბამისად, გათავისუფლებული იქნებოდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოდართან, რომლის ნაპირზეც უკრაინელები დესანტს გადასხამდნენ.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე, კრემენოე-სვატოვოს მონაკვეთზე, მთავარი კონტრშეტევის დაწყება ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის გასათავისუფლებლად ან აღმოსავლეთ ფრონტზე ოკუპირებულ დონეცკზე დიდი შეტევის წამოწყება აზრს მოკლებული იყო, რადგან ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას და იმ მიმართულებებისთვის დამატებითი ძალების მიხმარება კრემლს არ გაუჭირდებოდა;

putini-1-1703452568.jpg

მესამე - რუსეთის გენშტაბის სამხედრო ანალიტიკოსებისთვის ძნელი არ იყო იმის განსაზღვრა, დაანონსებულ საზაფხულო კონტრიერიშებს საით მიმართავდა უკრაინის არმია და ამიტომაც ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდიდან დაიწყო გრანდიოზული თავდაცვითი ზღუდეების აგება სწორედ ზაპოროჟიეს სამხრეთ ფრონტის გასწვრივ, რაც 2023 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მაშინდელი სარდლის, გენერალ სუროვიკინის პატივსაცემად არაოფიციალურად შერქმეული "სუროვიკინის თავდაცვის ზღუდე", ალბათ, 21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული მასშტაბისა და სიგრძის საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც "დრაკონის კბილებს" (პირამიდის ფორმის რკინაბეტონის კონსტრუქციები), ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს, ესკარპებსა და კონტრესკარპებს და რაც მთავარია, ამ თავდაცვითი ზღუდეების პირველ ხაზამდე (სულ თავდაცვის სამი ხაზი გაკეთდა, მთავარი იყო მეორე, მესამე - სარეზერვო) მისასვლელები უხვად იყო დანაღმული ქვეით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით;

მეოთხე - ლოგიკურად მოსალოდნელი გახლდათ, რომ უკრაინის არმია თავიდან სამხრეთ ფრონტზე რამდენიმე მიმართულებით წამოიწყებდა კონტრშეტევას მოწინააღმდეგის დასაბნევად და შემდეგ მთელ ძალებს გენერალური კონტრშეტევის მიმართულებაზე მოუყრიდა თავს.

თუმცა რატომღაც ასე არ მოხდა - კონტრშეტევის ორი მთავარი მიმართულება რამდენიმე დღეში თითქოს მართლაც გამოიკვეთა - ერთი ორეხოვოდან ტოკმაკისკენ, ხოლო მეორე უფრო აღმოსავლეთით, მარიუპოლისკენ, მაგრამ მთელი ძალების კონცენტრაცია მაინც არ მოხდა და უკრაინული დანაყოფები ჯიუტად აგრძელებდნენ შეტევებს აღმოსავლეთ ფრონტზე ბახმუტის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოსაქცევად, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაკარგული და მიწასთან გასწორებული ბახმუტის დაბრუნების სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა. ეს შეიძლება მხოლოდ უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლებისთვის ყოფილიყო მომგებიანი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის დასავლელი ლიდერებისთვის დაენახებინა, დაკარგული ბახმუტი უკან დავიბრუნეთო, მაგრამ ამან ძალები გაფანტა.

მეხუთე - დასავლელი პარტნიორების სამხედრო დახმარება უკრაინის მთავარი კონტრიერიშის წინ დაგვიანებული და არასრული გამოდგა. მართალია, ნატოს წევრმა ქვეყნებმა 4 ივნისამდე მოახერხეს 9 უკრაინული ბრიგადის პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და უკრაინის არმიას 230 ტანკი და 1 550 ჯავშანმანქანა გადასცეს საარტილერიო დანადგარებთან ერთად, მაგრამ ეს არ კმაროდა საავიაციო მხარდაჭერის გარეშე - უკრაინელ მებრძოლებს ისე უწევდათ შეტევაზე გადასვლა, რომ არ იყო ჩახშობილი მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლი.

omi-3-1703452618.jpg
კამიკაძე-დრონები 2023 წლის ომების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და ეფექტურ საბრძოლო საშუალებად იქცნენ...

მეექვსე - უკრაინის გენშტაბმა და ნატოელმა გენერლებმა არასათანადოდ შეაფასეს იმ ნაღმური ველების საფრთხე, რომლებიც "სუროვიკინის თავდაცვის ზღუდეებამდე" მისასვლელებში იყო. არასაკმარისი რაოდენობით იქნა გამოყენებული ნაღმური ველების განაღმვის დისტანციური სისტემები, ასევე გამნაღმველი ტრალები. შესაბამისად, რობოტინესთან იერიშის დროს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდნენ გერმანული "ლეოპარდები" და ამერიკული "ბრედლის" ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რამაც უარყოფითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა შეტევაზე გადასულ უკრაინელ მებრძოლებზე.

მეშვიდე - ნაღმურ ველზე შეფერხებულ უკრაინული კონტრშეტევის მთავარ ძალას, უმოძრაოდ მდგარ ჯავშანსატანკო ჯგუფებს, არანაკლებ ოთხი დიდი საფრთხე დაემატა: რუსული სანგრებიდან ნასროლი "კორნეტისა" და "ფაგოტის" მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რაკეტები, არტილერიის ძლიერი ცეცხლი, კამიკაძე-დრონები და "ალიგატორის" შვეულმფრენებიდან შორი მანძილიდან გამოშვებული "ვიხრის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები;

მერვე - რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად იყენებენ მძლავრ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს უშუალოდ ფრონტის ხაზთან, რითაც პრობლემები შეუქმნეს უკრაინელების "საბრძოლო კოზირს" - "ჰაიმარსებიდან" გაშვებულ მართვად რაკეტებს, რადგან მიზანში მათ ზუსტად მოხვედრას სწორედ ჯი-პი-ეს სისტემა უზრუნველყოფს, მის სიგნალებს კი ხშირად რუსული სადგურები ახშობენ.

მეცხრე - რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენა რამდენიმეთვიანი პოზიციური ბრძოლების პერიოდი და საოკუპაციო ძალების რაოდენობა 400 ათას კაცამდე გაზარდა, რითაც უკრაინის ფრონტზე პირადი შემადგენლობა "გადააჯერა", რის გამოც რუსი ოკუპანტებისთვის დიდი მსხვერპლი პირად შემადგენლობაში კატასტროფული აღარ არის;

მეათე - სადაზვერვო დრონებით ფრონტის ხაზის მისადგომების "გადაჯერებამ" შეუძლებელი გახადა დიდი რაოდენობით პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის ფარული კონცენტრირება ისე, რომ მოწინააღმდეგის საჰაერო დაზვერვას დროულად არ აღმოეჩინა ისინი, შესაბამისად, ძალიან გართულდა მოულოდნელი ფართომასშტაბიანი შეტევების ორგანიზება-ჩატარება.

რუსეთ-უკრაინის ომის მეორე წელს ცხადი შეიქნა დასავლეთის სამხედრო დახმარების სტრატეგია - უკრაინის არმიას მივცეთ მხოლოდ იმდენი და იმ სახის შეიარაღება, რომ შეძლოს რუსი ოკუპანტების დიდი ხნით შეჩერება, მაგრამ ვერ მოახერხოს ელვისებური კონტრშეტევები, რადგან კატასტროფაგანცდილი რუსეთის საოკუპაციო ძალების შემყურე პუტინმა... ვაითუ ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში, რასაც დასავლეთი უკვე ვერაფრით უპასუხებსო.

ზამთარში ფრონტზე საბრძოლო ინიციატივა რუსი ოკუპანტების ხელში გადავა და მათ რამდენიმე მთავარი ამოცანა ექნებათ დასახული - 2024 წლის მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და ისევ პუტინი "გაიმარჯვებს", მაგრამ მას მაინც სჭირდება ახალი გამარჯვებები ახალი უკრაინული ქალაქების დაპყრობის სახით. ამიტომაც რუსეთის საოკუპაციო ძალები შეეცდებიან ამ პერიოდისთვის მთლიანად დაიკავონ დონეცკის ოლქის ქალაქები, მათ შორის კრამატორსკი თუ სლავიანსკი და პუტინს უკრაინის დონბასის სრული ოკუპაცია საზეიმოდ უპატაკონ. ეს რომ არ მოხდეს, დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები, უპირველესად კი აშშ-ის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, სავარაუდოდ, კულუარულ ზეწოლას მოახდენენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე, რათა უკრაინა რუს დამპყრობლებთან ცეცხლის შეწყვეტას და დროებით ზავს დაჰყაბულდეს.

შავი ოქტომბერი ისრაელისთვის და დამანგრეველი პასუხი "ჰამასს"

samxedro-qalaqi-1-1703452568.jpeg

2023 წლის კიდევ ერთ უმთავრეს სამხედრო მოვლენად იქცა ისრაელ-პალესტინის ახალი ომის დაწყება - 7 ოქტომბერს "ჰამასი" ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის დასახლებულ პუნქტებს თავს დაესხა. ეს იყო დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმა (დივერსიული - ისრაელის სამხედრო მოსამსახურეების, ხოლო ტერორისტული კი ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ), რის საპასუხოდაც ისრაელმა მაშინვე დაიწყო საპასუხო საჰაერო იერიშები ღაზის სექტორის მიმართულებით, ხოლო "ცახალმა" სახმელეთო ოპერაცია ჯავშანჯგუფების, უშუალოდ ღაზის სექტორზე შეტევით 28 ოქტომბერს წამოიწყო.

წლის მიწურულს ღაზის სექტორში ასეთი სიტუაცია შეიქმნა:

პირველი - "ცახალმა" შეძლო ღაზის სექტორის ორ ნაწილად გაყოფა;

მეორე - ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში "ცახალმა" მთლიანად დაბლოკა გასასვლელი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რითაც "ჰამასს" მოუსპო ზღვით ევაკუირებისა და ან იქიდან დახმარების მიღების საშუალება;

მესამე - ღაზის სექტორის ყველაზე დიდ ქალაქს, თავად ღაზას, ასევე, ქალაქ ბეით-ხანუნს, ფაქტობრივად, "ცახალი" აკონტროლებს;

მეოთხე - ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში კვლავ არის დასახლებული ადგილები, სადაც "ცახალმა" ჯერ სრული კონტროლი ვერ დაამყარა, მაგრამ ეს უფრო დროის საქმეა, რადგან ეს რაიონები ფაქტობრივად ალყაში ჰყავს მოქცეული და იქიდან "ჰამასის" მებრძოლების გაჭრა სექტორის სამხრეთ ნაწილში წარმოუდგენელი ჩანს;

მეხუთე - ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ტაქტიკური უპირატესობის მოპოვებისა და თანდათან განმტკიცების შემდეგ ისრაელის "ცახალმა" შეტევა წამოიწყო სექტორის სამხრეთი ნაწილის მიმართულებითაც ქალაქ ხან-იუნისის ბლოკადაში მოსაქცევად;

მეექვსე - "ცახალის" სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ხან-იუნისის საცხოვრებელ კვარტალებში ბევრად რთულად მიმდინარეობს, რადგან "ჰამასის" ძალები უფრო სექტორის სამხრეთ ნაწილში იყვნენ კონცენტრირებული, რადგან "ჰამასის" სამხედრო მეთაურობა თავს არ იტყუებდა და კარგად იცოდა, რომ "ცახალი" პირველ მთავარ დარტყმას ჯერ სწორედ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს მიაყენებდა, როგორც ეს იყო 2008-2009 წლების დეკემბერ-იანვრის ომში;

მეშვიდე - ისრაელის თავდაცვის არმიის "ცახალის" ჯავშანსატანკო ჯგუფებს ხან-იუნისის ქუჩებში შედარებით მეტი საბრძოლო დანაკარგი იმიტომ აქვთ, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება "მერკავებისა" თუ "ნამერების" დაცვა მორიგი მიწისქვეშა გვირაბიდან მოულოდნელად გამომძვრალი "ჰამასის" მებრძოლებისგან, რომლებიც ახლო მანძილიდან ყუმბარსატყორცნებით "ორთავიან" (ტანდემურად განთავსებული კუმულაციური ქობინები) რაკეტებს ესვრიან "მერკავას" უკანა, შედარებით სუსტად შეჯავშნულ ნაწილს;

მერვე - საერთაშორისო განწყობა ისრაელის სახმელეთო-საჰაერო ოპერაციის მიმართ ღაზის სექტორში ყოველდღიურად უფრო და უფრო ნეგატიური ხდება, თვით აშშ-იც კი, რომელიც ისრაელის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და "გადამრჩენი" იყო აქამდე გამართულ არაერთ ომში. ამერიკა უკმაყოფილოა მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლით, რაც ისრაელის საბრძოლო მოქმედებებს მოსდევს ღაზის სექტორში.

ამიტომაც ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესებშია, რაც შეიძლება მალე დაამთავროს ეს ომი ღაზაში, ოღონდ აუცილებლად გამარჯვებით;

მეცხრე - ოფიციალური თელ-ავივი აცხადებს, რომ ის თავს სრულიად გამარჯვებულად მხოლოდ მაშინ ჩათვლის, როდესაც "ჰამასის" ბოლო მებრძოლსაც ფიზიკურად გაანადგურებს და ჯავრს იყრის 7 ოქტომბრის იმ ტრაგედიისთვის, რაც "ჰამასმა"" ისრაელს დაუტრიალა. მაგრამ "ჰამასის"" ყველა მებრძოლის განადგურება ტექნიკურადაც შეუძლებელია, ისევე, როგორც "ჰამასის" ყველა სამხედრო მეთაურის თუ მისი პოლიტსაბჭოს წევრების - ყველა ლიკვიდირებულის ადგილზე ახალი პიროვნება მოვა;

მეათე - ისრაელის გეგმა-მაქსიმუმი შეიძლება გახდეს ღაზის სექტორის ეგვიპტესთან საზღვარზე "ცახალის" დანაყოფების დროებითი ჩაყენება, ასევე, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილისთვის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გასასვლელის ბლოკირებაც, რის შემდეგაც ისრაელის სამხედრო და უსაფრთხოების ჯგუფები დაიწყებენ ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტების გაცხრილვას ""ჰამასის"" იმ წევრების აღმოსაჩენად, რომლებმაც იარაღი გადამალეს, სამოქალაქო ტანსაცმელი გადაიცვეს და მოსახლეობაში "აითქვიფნენ".

ისრაელის საერთაშორისო პოლიტიკურ ინტერესებშია, რაც შეიძლება დააჩქაროს სამხედრო ოპერაციის დამთავრება ღაზის სექტორში, რათა თავის წინააღმდეგ არ განაწყოს მსოფლიოს ის ნაწილიც, რომელიც "ჰამასის" მიერ ებრაულ კიბუცებში ჩადენილი მხეცობის გამო თავიდან ამართლებდა ისრაელის საპასუხო ქმედებებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნახეს ისრაელის ბომბებისა და რაკეტების მოხვედრის შედეგად ჩამოშლილი საცხოვრებელი კორპუსები, საერთაშორისო საზოგადოების განწყობა ისრაელის საწინააღმდეგოდ იცვლება.

მეორე მხრივ, სახმელეთო ოპერაციის დაჩქარება ღაზის სექტორში მნიშვნელოვნად გაზრდის "ცახალის" საბრძოლო დანაკარგს, რაც უკვე შეინიშნება - მართალია, ისრაელის ყველა ხელისუფლება თავის მებრძოლთა სიცოცხლეს ყოველთვის უფრთხილდებოდა, მაგრამ ოფიციალური თელ-ავივი მომავალ წელსაც გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზის სექტორში.

როგორ აორთქლდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა

samxedro-alievi-1703452568.jpg

თუ სადღაც ახალი ომი იწყებოდა, სადღაც ძველი ომი მთავრდებოდა.

8 ნოემბერი, როგორც გამარჯვების დღე, აზერბაიჯანში პირველად სამი წლის წინ იზეიმეს, როდესაც ყარაბაღში, ქალაქი შუშა აზერბაიჯანის არმიის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა ციცაბო კლდეებზე აცოცების შემდეგ მოულოდნელი შეტევით გაათავისუფლეს.

ეს იყო 2020 წლის 44-დღიანი ყარაბაღის მეორე ომის გამარჯვებით დასასრული, თუმცა საბოლოო გამარჯვებასა და ტერიტორიების სრულად დაბრუნებას აზერბაიჯანმა მხოლოდ 2023 წლის 19-20 სექტემბერს მიაღწია, როდესაც 24 საათიანი ელვისებური შეტევების შედეგად კაპიტულაცია გამოაცხადებინა ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში დარჩენილ სომხური ანკლავის ხელმძღვანელობას და ამ ქალაქს თავისი სახელი - ჰანკენდი დაუბრუნა.

ომით დაკარგული ყარაბაღი 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ისევ ომით დაიბრუნა და ეტყობა, სამუდამოდ გადაწყვიტა ეს პრობლემა, რადგან ყარაბაღი 120 ათასამდე სომეხი ეროვნების მოსახლემ ნებით დატოვა და სომხეთში გადავიდა, რადგან აზერბაიჯანელების შურისძიებას შეუშინდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებიდან გამომდინარე, ბაქოში საქართველოს ბედის გაზიარება არ ისურვეს და მოქმედების სხვა სტრატეგია აირჩიეს. 2008 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნებზე, როგორც მოსალოდნელი იყო, სრული უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ორიოდე კვირაში მოსკოვში რუსეთის შუამავლობით სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ხელი მოაწერა "მთიანი ყარაბაღის შესახებ" დეკლარაციას, რომელიც ამ პრობლემის მხოლოდ პოლიტიკური გზით მოგვარებას ითვალისწინებდა. ეს ნიშნავდა თუ არა, რომ ოფიციალურმა ბაქომ საბოლოოდ თქვა უარი ძალით დაკარგულის ძალით დაბრუნებაზე? როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, სულაც არა, უბრალოდ, პრეზიდენტმა ალიევმა მეზობელი საქართველოს მწარე გამოცდილების გათვალისწინებით მთიანი ყარაბაღისა და კიდევ შვიდი რაიონის დაბრუნების არა ხისტი, არამედ სამხედრო-პოლიტიკურად უფრო მოქნილი სტრატეგია აირჩია.

ოფიციალური ბაქო განაგრძობდა სამხედრო ბიუჯეტის ზრდას და უახლესი საბრძოლო ტექნიკის შეძენას, ოღონდ არა მარტო თურქეთიდან და ისრაელიდან, არამედ თვით... რუსეთიდანაც. რუსეთში დაინახეს, რომ თუკი სომხეთში შეიარაღებას კრედიტით ყიდდნენ ან სულაც ჩუქნიდნენ, აზერბაიჯანმა იმავე რუსულ ტანკებსა თუ "სმერჩებში" მილიარდობით დოლარი ნაღდი ფულის გადახდა დაიწყო მსოფლიო ფასების შესაბამისად. ამის პარალელურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა წლების განმავლობაში ახლო, თითქმის მეგობრული ურთიერთობა დაამყარა რუს კოლეგა პუტინთან (დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამაც, რომ ილჰამის მამა ჰეიდარ ალიევი ერთ დროს კა-გე-ბეს გავლენიანი ფიგურა გახლდათ, რომელსაც პუტინი დიდ პატივს სცემდა). სახელმწიფოს ლიდერების პირადი ურთიერთობა ძალიან ბევრს ნიშნავს, პირადი წყენა კი ქვეყნებს შორის რთულ დაპირისპირებაშიც გადაიზრდება ხოლმე. ამის მაგალითი იყო სწორედ პუტინ-სააკაშვილის პირადი ურთიერთობის დიდი პრობლემები, რამაც უთუოდ მოახდინა გავლენა აგვისტოს ომის დაწყებაზეც.

ილჰამ ალიევმა სწორი ტაქტიკა აირჩია, რითაც სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი უფრო სასურველ და პერსპექტიულ პარტნიორად იქცა რუსეთისთვის, ვიდრე სომხეთი, რომელიც ამაყობდა რუსეთის ფორპოსტის ისტორიული როლის შესრულებით ჩვენს რეგიონში.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის, თურქეთის ფაქტორმაც, რადგან ერდოღანთან პოლიტიკური თამაშებით პუტინი რეალურად ასუსტებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიციონირებას შავი ზღვის რეგიონში.

ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ყარაბაღის მესამე ომში რუსეთის ნეიტრალური პოზიციის გამო ალიევი პუტინის მოვალე გახდება, ცოტა ხანში ბაქო მოითხოვს უკვე მიერთებული ყარაბაღიდან რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" გაყვანასაც და დაასრულებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მრავალწლიან ურთულეს და ძალზე ძვირად ღირებულ, მაგრამ მაინც შედეგიან პროცესს.