ზღაპრული ფესტივალი „ბიბლუსი ჯგუფისაგან“ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა
გასული 2023 წელი "ბიბლუსი ჯგუფისთვის" ტრადიციული წარმატებით აღინიშნა. მათ შორის მასშტაბური ფესტივალით: წლის მიწურულს, 7-10 დეკემბერს, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში პირველად გაიმართა საახალწლო ფესტივალი, რომლის მსგავსი საქართველოში არ ყოფილა, სადაც ათიათასობით მომხმარებელს საახალწლო აქსესუარებთან ერთად, მასშტაბური ფასდაკლებები და დაუვიწყარი ემოციები შესთავაზეს. აქ სტუმრებს, უპირველესად კი ბავშვებს, ზღაპრული საახალწლო გარემო დახვდათ: ფერადი, საინტერესო და კაშკაშა. ფესტივალის უჩვეულო რეზონანსულობისა და მომხმარებლის სიმრავლის გამო "ბიბლუსი ჯგუფს" სამუშაო დროის გახანგრძლივებაც მოუხდა.ასეთი მასშტაბური და ზღაპრული ფესტივალის შემდეგ, როდესაც ორგანიზატორებმა მისი ტრადიციად გადაქცევა გადაწყვიტეს, "ბიბლუსი ჯგუფის" ბიზნესის განვითარების დირექტორს ანა ივანიშვილს ვესაუბრეთ:
- თუ "ბიბლუსი ჯგუფის" საახალწლო ფესტივალის მასშტაბითა და მოსული მომხმარებლის რაოდენობით ვიმსჯელებთ, ის მართლაც უპრეცედენტო იყო. მსგავსი ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა. საინტერესოა, როგორ გაჩნდა მისი გამართვის იდეა?
- "ბიბლუსი ჯგუფისთვის" საქმიანობის მთავარი მიმართულება წიგნებია, მაგრამ სხვა მიმართულებებსაც აქტიურად ვავითარებთ, მათ შორის, საახალწლო ხაზს. ამ ხაზით დაინტერესებას მომხმარებელი ტრადიციულად გამოხატავს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამჯერად მომხმარებლისთვის მართლაც მასშტაბური, სანახაობრივად ეფექტური და ემოციური საახალწლო გამოფენა-გაყიდვა შეგვეთავაზებინა, სადაც, რა თქმა უნდა, ასევე მასშტაბური ფასდაკლებები იქნებოდა.
"ბიბლუსი ჯგუფის" კომპანიების გარდა, რომელიცაა: "ბიბლუსი", "პეპელა" და „XS სათამაშოები", ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ: "პალიტრა L", "მინისო", "კოსმო", "ბადაგი", "ჩიკორი", "მულტი", "ძველი სუფრა", "ბაბალე", "პრონტარეა", "მანსარდი", "ჩიკიტაი" და "კესანე". ფესტივალის გენერალური სპონსორი და წარმდგენი გახლდათ თიბისი ბანკი და Visa მომხმარებელს გამოფენა-გაყიდვაზე ნაძვის ხის სათამაშოებთან ერთად, ნებისმიერი საახალწლო აქსესუარი შევთავაზეთ: ნაძვის ხეებით დაწყებული, საახალწლო აქსესუარებითა და საახალწლო ტკბილეულის ჩათვლით. ცხადია, ფესტივალის გამოფენა-გაყიდვაზე იყო წიგნებიც, განსაკუთრებული სასაჩუქრე კოლექცია.
- და მასშტაბური ფასდაკლებები, რაც მომხმარებლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
- რასაკვირველია. ფესტივალის სრულ ასორტიმენტზე მომხმარებელს 40%-იანი ფასდაკლება შევთავაზეთ. დამატებით კი, "თიბისი" Vისა სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში ქეშბექის სახით მომხმარებელს თანხის 30% მომენტალურად უბრუნდებოდა. გვქონდა სხვა სპეციფიკური ფასდაკლებებიც. ძალიან კომფორტული იყო, რომ მთელ ამ მრავალფეროვნებაში არჩევანი და საახალწლო ნივთების შეძენა მომხმარებელს ერთ, საფესტივალო სივრცეში შეეძლო.
- "ბიბლუსის" ქსელში ტრადიციულად ყოველთვის განსხვავებული საახალწლო ასორტიმენტია წარმოდგენილი, ეს ტრადიცია ფესტივალზეც გაგრძელდა?
- რა თქმა უნდა. განსხვავებულობაზე ხაზგასმულად ვიზრუნეთ, რასაც მომხმარებელიც აღნიშნავდა. და კიდევ, ასევე უმნიშვნელოვანესი და სასიამოვნო, რაც ამ ფესტივალზე შევძელით, ეს იყო მომხმარებლისთვის მართლაც ზღაპრული გარემოს შექმნა.
გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალის საბავშვო სივრცეები განსაკუთრებული სილამაზით მოგვეწყო. შეგვექმნა დიდებისა და პატარებისათვის სასიამოვნო გასართობი პროგრამა. ამისათვის გავაკეთეთ და მოვრთეთ ულამაზესი ფერადი საახალწლო ოთახები: ვერცხლისფერი, ოქროსფერი, წითელი, ნეონის და ა.შ. მომხმარებელს შეეძლო ოთახებში იმის მიხედვით შესულიყო, როგორი ტონისა თუ ფერის ნივთის შეძენა სურდა. ჩვენთვისაც სასიამოვნო აღმოჩნდა ამ სილამაზით მომხმარებლის გაოცება: როგორც კი მე-11 პავილიონში ფეხს შემოდგამდნენ, ასეთი სილამაზით აღტაცება ყველას სახეზე იკითხებოდა.
გამორჩეული გვქონდა მთელი ფესტივალის გასართობი პროგრამაც: ყოველი დღე სავსე იყო ბავშვების საყვარელი ჯამბაზებით, ანიმატორებით, თოვლის ბაბუით, ზღაპრის გმირებით, გუნდებით: ფესტივალზე მოვიწვიეთ თბილისის ბავშვთა ორკესტრი, ასევე გორის ქალთა და ბავშვთა გუნდი, რომელთა სიმღერებიც მართლაც დიდი სიურპრიზი იყო მომხმარებლისთვის. მომხმარებელი კი იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
ათიათასობით ადამიანი ესტუმრა ფესტივალს საახალწლო აქსესუარების თუ სათამაშოების შესაძენად. სამუშაო დღის დაწყებამდე პავილიონთან უკვე რიგები გვხვდებოდა. პარალელურად, თავად მომხმარებელი გვთხოვდა და გვწერდა, რომ სამუშაო დრო გაგვეზარდა და ასეც მოვიქეცით - მთელი ფესტივალის დღეებში გვიან საღამომდე, 10 საათამდე ვიმუშავეთ.
- აქედან გამომდინარე, ადვილია იმის წარმოდგენა, რამდენად კმაყოფილი დარჩა მომხმარებელი.
- ვფიქრობ, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. ამას თავადაც ამბობდნენ. წარმატებას ნამდვილად ველოდით, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი გასართობი პროგრამის, ანიმატორების, თოვლის ბაბუის გამო ბავშვებს შინ წასვლა აღარ უნდოდათ. საოცრად პოპულარული აღმოჩნდა ჟირაფი ჟოზე, რომელსაც ბავშვები ვერ სცილდებოდნენ. ასე რომ, ფესტივალმა წარმატებულად ჩაიარა, რამაც ჩვენი გეგმებიც განსაზღვრა. ვფიქრობთ, ასეთი ფესტივალი ტრადიციად ვაქციოთ, ყოველწლიურად ჩავატაროთ და ჩვენი მომხმარებლის ინტერესი უფრო დავაკმაყოფილოთ და მეტად გავახაროთ.