2024 წლის ასტროლოგიური დახასიათება
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2024 წელი ხის (მწვანე) დრაკონის წელი იქნება. ის 2024 წლის 10 თებერვალს (თბილისის დროით 2:59 საათზე) დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ვერძი
თქვენთვის 2024 წელი დადებითად უნდა ჩაითვალოს. ეს იქნება შემოქმედებითი და სულიერი განვითარების პერიოდი. გაძლიერდებით და განვითარდებით როგორც მენტალურ თუ ემოციურ, ისე მატერიალურ დონეზე. იმ პროექტების უმეტესობა, რომლებიც გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო, დამდეგი წლის მაისამდე წარმატებით განვითარდება ან დასრულდება. განსაკუთრებით ეს სამუშაო პროცესებს, კარიერას, ბიზნესს და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. წლის ყველაზე აქტიური მაისი და ივნისის პირველი დეკადა იქნება. ამ დროს იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვაც, რაც საშუალებას მოგცემთ ბევრი დაგროვებული პრობლემა გადაჭრათ, ძველი საქმეები დაასრულოთ და ახალი დაიწყოთ. წლის მეორე ნახევარი დადებითი უფრო ურთიერთობებისთვის იქნება, განსაკუთრებით ეს პირად ცხოვრებას ეხება. თუ დაოჯახებას აპირებთ, ზაფხული და შემოდგომა ამისთვის სასიკეთო პერიოდია. ხოლო თუ დაოჯახებული ხართ, მაშინ ოჯახურ ურთიერთობას ჰარმონიაში მოიყვანთ. ეს ასევე კარგი დროა გაზაფხულზე წარმოშობილი გაუგებრობების გასარკვევად. ამ პერიოდში მოიმატებს უცხოეთში მოგზაურობის ალბათობაც. დეკემბერი გამოიყენეთ წარსულის ანალიზისა და შეცდომების გამოსწორებისთვის.
კურო
2024 წლის მაისის ბოლომდე პერიოდი საშუალებას მოგცემთ, წარმატებით გააგრძელოთ ის საკითხები, რომლებიც 2023 წლის ზაფხულის შემდეგ დაიწყეთ. ამას შესაძლოა ახალი რეალობის ფორმირება ან განვითარების ახალ დონეზე გადასვლაც ვუწოდოთ. ფაქტობრივად, იწყებთ ახალ თორმეტწლიან ციკლს, ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რომ ძლიერი ფუნდამენტი შექმნათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კარიერასთან, საქმიან კავშირებთან, უცხოეთთან, უცხოელებთან დაკავშირებულ საკითხებს. გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისი გახდება ის პერიოდი, როდესაც თქვენ კარგად დაინახავთ რა ისწავლეთ წარსულისგან და მომავლის მიმართ როგორი ხედვა გაგაჩნიათ. წლის მეორე ნახევარში დაიწყება იმ ყველაფრის რეალიზაცია, რაც გასული 1-1,5 წლის განმავლობაში იდეურ დონეზე ფორმირდა. ზაფხულში გააქტიურდება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები. მოიმატებს ქორწინების, ახალი რომანის თუ ფლირტის ალბათობა. შემოდგომის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის, ან თუნდაც ადრე შექმნილი კრიზისებისგან თავის დასაღწევად. მეოთხე კვარტალში გაძლიერდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია და არ არის გამორიცხული, რომ ეს ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება იყოს.
ტყუპები
დამდეგ წელს ენერგიულად დაიწყებთ და წლის პირველივე კვარტალში შეძლებთ არა მხოლოდ ადრე დამუხრუჭებული საკითხების ხელახალ გააქტიურებას, არამედ ახალი პროექტების დაწყებასაც. შეეცადეთ, ამ პერიოდში კონცენტრირებული და ორგანიზებული იყოთ. რაც მთავარია, გამოჰყავით პრიორიტეტული საკითხები და თქვენი დრო და ენერგია მათ დაუთმეთ. გაზაფხულის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება საქმიანი ინფორმაციის თუ ცოდნის მიღება-გადაცემისთვის, შეთანხმებების მიღწევისთვის, სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ასევე ქორწინებისთვის ან პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. ივნისიდან "მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ". იგრძნოთ აღმაფრენას და მოიმატებს გამართლების ალბათობაც. წლის მეორე ნახევარში შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც, სამსახურში მოითხოვოთ ხელფასის მომატება ან დაწინაურება. შემოდგომით მიიღებთ იმას, რასაც მაის-ივნისში დათესავთ. შეიძლება ითქვას, ამ ორ პერიოდს ერთმანეთთან კარმული კავშირი აქვთ. სექტემბერ-ოქტომბერში გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და საჭირო დროს გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც მიმართეთ. წლის ბოლოს მოგიწევთ ტემპის მომატება, რათა წარმატებით დაასრულოთ ან დაასტაბილუროთ მაინც, ის პროექტები, რომლებიც 2024 წლის მეორე ნახევარს უკავშირდებოდა.
კირჩხიბი
2024 წელი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდება და ამ წელს განვითარებული მოვლენები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ. წლის პირველი ნახევარში განვითარებული მოვლენები თქვენგან საკუთარი წარსულის სწორად შეფასებას და შესაბამის ანალიზს მოითხოვს. შეეცადეთ, ყველა ის ურთიერთობა თუ საკითხი, რომელიც მხოლოდ თქვენს რესურსებს ითხოვს და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ, თუნდაც დროებით უკან გადასწიოთ. არ არის გამორიცხული, გაზაფხულზე თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ადამიანები გამოჩნდნენ ან ახალ პროექტებში აღმოჩნდეთ ჩართული. შესაძლოა დადებითი ცვლილება შეეხოს თქვენს სამსახურსაც ან ბიზნესს. ამ პერიოდში თუ დაგჭირდეთ, დაიხმარეთ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ რჩევები კონსულტანტებისგანაც მიიღეთ. წლის მეორე ნახევარი გაცილებით ნაყოფიერი იქნება. მოიმატებს კარიერული წინსვლის და ფინანსური შემოსავლების ზრდის ალბათობა. ეს კარგი დროა ფინანსური დაბანდებისთვის, კომერციული გარიგებებისთვის და ახალი შენაძენებისთვის. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომით მოგიწევთ ახალი ცოდნის შეძენა, კვალიფიკაციის ამაღლება და მოგზაურობა. ამ პერიოდში შეძლებთ ვალების გასტუმრებას, მომაბეზრებელი ურთიერთობისა და ზედმეტი ვალდებულებებისგან თავის დაღწევას. მეოთხე კვარტალში მოსალოდნელია დაიწყოთ ახალი საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც სასიკეთო შედეგებს უკვე 2025 წელს მოიტანს.
ლომი
2024 წელს აქტიურად დაიწყებთ და მოსალოდნელია პირველივე კვარტალში მოგიწიოთ საკმაოდ საინტერესო შეხვედრები და მოლაპარაკებები. მიაღწევთ გარკვეულ შეთანხმებებსაც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თქვენს კომუნიკაციურ უნარებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ამ პერიოდში ჩამოყალიბდება სწორედ ის პროექტები თუ კავშირები, რომლებიც უახლოეს სამწლიან პერიოდზე მოახდენს გავლენას. წლის პირველ ნახევარში თქვენს მიზნებს, გეგმებს კრიტიკული თვალით შეხედეთ და საჭიროების შემთხვევაში მათში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანეთ. თუ პრიორიტეტებს სწორად დასახავთ და სამსახურებრივ თუ კარიერულ საკითხებთან მიმართებაში უშეცდომოდ იმოქმედებთ, წარმატებებს აუცილებლად მიაღწევთ. წლის მეორე ნახევარში თქვენი იმედები, რომლებიც კოლექტიურ საქმიანობას უკავშირდება, გამართლდება. ეს შესაძლოა იყოს სამსახურებრივი ცვლილებაც. მთელი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით მეორე ნახევარში მაქსიმალურად გაუფრთხილდით ფინანსებს (განსაკუთრებით ეს კრედიტების ან ნებისმიერი, სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებებს ეხება). თუ ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ, შეეცადეთ, ეს გამოცდილ ადამიანებთან შეთანხმების შემდეგ მოიმოქმედოთ. შემოდგომაზე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არასწორი ნაბიჯების გადადგმას, მოსალოდნელია მთელი რიგი გართულებები მოჰყვეს. ამიტომ ადამიანი ჯერ კარგად გაიცანით და მერე მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
ქალწული
შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის ძირითადი ხაზი საქმიანი თუ სასიყვარულო სფეროში პარტნიორული ურთიერთობების მართვა და განვითარება იქნება. სწორედ ამ მიმართულებით გაჩნდება ახალი გამოწვევები და ასევე წარმატების შანსიც. მთლიანობაში, წლის პირველი ნახევარი დადებითი იქნება. ამ პერიოდში აქტიურად და რაც მთავარია წარმატებულად გააგრძელებთ შარშან დაწყებულ პროექტებს და დიდი ალბათობით თქვენს იდეებსაც განახორციელებთ. ეს განსაკუთრებით ეხება სწავლა-განათლებას, თქვენს თავში გარკვეულ იდეოლოგიის ფორმირებას, რომელიც შეიძლება საინტერესოდ გამოვლინდეს პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური ან სოციოლოგიური კუთხით. ეს კარგი დროა უცხოეთში მოგზაურობისთვის ან უცხოეთთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განვითარებისთვის. ზაფხულის პირველ ნახევარში სასურველია მეტი დაისვენოთ და დაწყებული მოკლევადიანი საქმეები დაასრულოთ. ზაფხულის მეორე ნახევარს ენერგიულად გაივლით. ბევრ პერსპექტივას თუ პრობლემას განსხვავებულად დაინახავთ. მით უმეტეს, რომ ივნისის ბოლოდან ის შინაგანი შფოთვა, რაც ადრე გაწუხებდათ, მოიხსნება. შემოდგომა დაუკავშირდება პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების შემოსვლას. ეს კარგი დროა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების ან ახალი შემოქმედებითი პროექტების დაწყებისთვის. წლის ბოლო სასიკეთო იქნება ვალების გასასტუმრებლად ან შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისთვის.
სასწორი
2024 წლის დასაწყისი უკვე მიღწეული შედეგების გაანალიზებისა და მომავლის დაგეგმვისთვის გამოიყენეთ. ამ პერიოდში გაგიჭირდებათ ყველაფრის ერთად თავის გართმევა. ამიტომ ყურადღება ძირითად საკითხებზე გაამახვილეთ. წინსვლის და წარმატების რეალური შესაძლებლობა მხოლოდ გაზაფხულის დასაწყისიდან გაგიჩნდებათ. ეს იქნება არსებული სიტუაციის ახლებურად დანახვის, მომავლის სწორად დაგეგმვის და რეორგანიზების პერიოდიც. კარგი დროა ვალების გასტუმრებისთვის, კრედიტებთან, ფინანსურ ვალდებულებებთან, ბიზნესთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. არ არის გამორიცხული სწორედ ამ დროს გაგიჩნდეთ იმიჯის შეცვლის სურვილიც. გაზაფხულის მეორე ნახევარი და ზაფხულის დასაწყისი სასიკეთო იქნება პირადი ცხოვრების დალაგებისთვის, ქორწინებისთვის ან სულაც არასასურველი ურთიერთობიდან თავის დაღწევისთვის. წლის მეორე ნახევარში გაძლიერდება არასწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. შეეცადეთ, ახალ ურთიერთობებში წინდახედულობა და სიფრთხილე გამოიჩინოთ. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები შეცდომების დაშვების ალბათობას გაზრდის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ახლობელ ადამიანებს შეუთანხმეთ. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომა დაუკავშირდება ახალი, დადებითი ემოციების მიღებას. ეს შესაძლოა იყოს მოგზაურობა. წლის ბოლოს შეეცადეთ დაისვენოთ, ენერგია აღიდგინოთ და ემოციურად განიტვირთოთ. თუმცა მომავალი წლის დაგეგმვაც არ დაგავიწყდეთ.
მორიელი
ყველა საქმიანი ურთიერთობა, რომელიც გასული წელს დაიწყეთ, 2024 წელს განვითარდება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება წლის პირველი ნახევარში, როდესაც მოგიწევთ პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტებში ჩართვა. წარმატებას მოიტანს ერთობლივი საქმიანობაც. თუ დაუოჯახებელი ხართ, მიმდინარე წელს ახალი რომანის დაწყებისთვის ან თუნდაც ქორწინებისთვის, საუკეთესო პერიოდია. გაზაფხულის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ცვლილებისთვის, ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის, კარიერული წინსვლისთვის, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის. მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში თქვენი ემოციური სისტემა სტაბილური იქნება. ზაფხულის პირველ ნახევარში გაძლიერდება აგრესიული ფონი, რაც შექმნის კონფლიქტურ სიტუაციებს. მოსალოდნელია საფრთხე დაემუქროს იმ პირად, თუ საქმიან კავშირებს, რომლებიც დამუხრუჭებულია და ვეღარ ვითარდება. ამ პერიოდში ნუ შეხვალთ ოპონენტებთან კონფრონტაციაში. ზაფხულის მეორე ნახევრიდან შეძლებთ არა მხოლოდ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, არამედ ახალი შანსების შექმნასა და გამოყენებას. შემოდგომა სასიკეთო აღმოჩნდება. ეს კარგი დროა ბავშვებთან და ასევე შემოქმედებით პროექტებთან (მაგალითად, ხელოვნებასთან) დაკავშირებული საკითხების განვითარებისთვის. წლის ბოლოს გაგიჩნდებათ გადადებული საქმეების დასრულების შესაძლებლობა.
მშვილდოსანი
2024 წლისთვის დამახასიათებელი იქნება მაღალი დინამიკა და ამას წლის დასაწყისიდანვე იგრძნობთ. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამსახურებრივ ცვლილებასთან, ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან და ფიზიკური ფორმის განვითარება-გაძლიერებასთან. ამიტომ თუ სამსახურში ხელფასის მომატების მოთხოვნას, ასევე სამსახურის ან საერთოდ, საქმიანობის სფეროს შეცვლას აპირებთ, წლის პირველი კვარტალი გამოიყენეთ. ამ პერიოდში მაღალი იქნება წარმატების მიღწევის ალბათობა თუ საქმიანობა უცხოეთს, საერთაშორისო ურთიერთობებს, ცოდნის მიღება-გადაცემას, ასევე სპორტს ან ძალოვან სამსახურებს უკავშირდება. მაისამდე პერიოდში იოლად შეძლებთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას ან დასტაბილურებას მაინც.
გაზაფხულზე შესაძლოა მოახერხოთ საცხოვრებელი პირობების ან ადგილის შეცვლა. მნიშვნელოვანი იქნება მშობლებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ურთიერთობების განვითარებაც. წლის მეორე ნახევარში შეეცადეთ საკუთარი რესურსები მომგებიანად გამოიყენოთ. ეს ეხება როგორც ენერგიას, ისე ფინანსებსა და დროს. ნუ დაიკისრებთ თქვენს თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ დაიწყებთ მასშტაბურ პროექტებს მათი საფუძვლიანი მომზადების გარეშე. შემოდგომაზე ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად წაიწიეთ წინ. წლის ბოლო თქვენთვის საკმაოდ აქტიური აღმოჩნდება და შეძლებთ ბევრი რთული საკითხის მოგვარებას.
თხის რქა
თქვენთვის 2024 წელი ერთგვარი გარდამავალი ეტაპი აღმოჩნდება. ბევრი არაფრისმომტანი ურთიერთობისგან თუ ზედმეტი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას შეძლებთ. ეს საშუალებას მოგცემთ გამოთავისუფლებული დრო და ენერგია ახალი მიზნების დასახვასა და მათ მიღწევას მოახმაროთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, წლის პირველ ნახევარში თქვენი მუშაობის გრაფიკი მაინც საკმაოდ დაძაბული იქნება. მოგიწევთ ბევრი დაგროვილი საკითხის მოგვარება. თქვენი მხრიდან გაწეული ძალისხმევა და რთული საკითხების მიმართ ორგანიზებული მიდგომები უახლოეს გარემოცვაში თქვენს ავტორიტეტულობას გაზრდის, სამსახურში კი ეს საშუალებას მოგცემთ ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი ტალანტი. რაც ბუნებრივია, ხელმძღვანელობას ყურადღების მიღმა არ დარჩება და შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებთ. წლის მეორე ნახევარი უფრო წინააღმდეგობრივი იქნება. დასვენებისთვის და წარსულის ანალიზისთვის ზაფხულის პირველი ნახევარი გამოიყენეთ. მეორე ნახევარში შესაძლოა მოგიწიოთ იმ კრიზისული საკითხების მოგვარება, რომლებიც ადრე ვერ მოახერხეთ (ეს განსაკუთრებით ფინანსურ სფეროს ეხება). შემოდგომით სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოგიწევთ. ამ პერიოდში იყავით ფრთხილი და სისტემური. მეოთხე კვარტალი სასიკეთო აღმოჩნდება. მიიღებთ ბევრ დადებით ემოციას, რომელიც დაკავშირებული იქნება ოჯახურ ცხოვრებასთან, სასიყვარულო სფეროსა და უძრავ ქონებასთან.
მერწყული
2024 წელი თქვენთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდება და ეს დაკავშირებული იქნება ძირეული ცვლილებების განხორციელებასთან. ის, რასაც აქამდე ითმენდით ან ყურადღებას არ აქცევდით, კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს და დაიწყებთ ამ ყველაფრის შეცვლას. წლის დასაწყისი დაუკავშირდება იმ გეგმების ორგანიზებას, სისტემატიზირებასა და განხორციელებას, რომლებიც გასული წლის ბოლოს ჩაიფიქრეთ. მნიშვნელოვანი იქნება მეგობრების და ერთგული ადამიანების მხრიდან გაწეული ძალისხმევა, ამიტომ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგცემთ გრძელვადიან პროექტებთან მიმართებაში მოამზადოთ მათი ფუნდამენტი და გარკვეული მიმართულებით შედეგებიც მიიღოთ (ეს განსაკუთრებით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, მშენებლობასა და რემონტს ეხება). თუმცა ცვლილებების უმეტესი ნაწილი წლის მეორე ნახევარში განხორციელდება. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დროს მოიმატებს თქვენი იღბლიანობაც. ზაფხული და შემოდგომა სასიკეთო იქნება ოჯახურ ცხოვრებაში ახალი იმპულსების შეტანისთვის, ასევე ბავშვებთან დაკავშირებული პოზიტიური ცვლილებებისთვის. წლის ბოლოს გადახედეთ განვლილ ნაბიჯებს და შეეცადეთ არა მხოლოდ ობიექტურად შეაფასოთ თქვენ მიერ მიღწეული შედეგები, არამედ დაგეგმოთ ახალი მიზნები.
თევზები
2024 წელი იმ სამწლიანი პერიოდის პიკი იქნება, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ამ წელს მოგიწევთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების, პროექტების, პერსპექტივებისა და პრობლემების ყურადღებით შესწავლა, სწორი დასკვნების გამოტანა და რაც მთავარია, საფუძვლიანი დალაგება. წლის პირველი ნახევრის მთავარი გზავნილი იქნება: მკაფიოობა და კონკრეტულობა! მოსალოდნელია არასასიამოვნო სიტუაციებში არცთუ იშვიათად აღმოჩნდეთ. მნიშვნელოვანი იქნება უახლოეს გარემოცვასთან, იმ ადამიანებთან, ვისაც თითქმის ყოველდღიურად ხვდებით, ურთიერთობების დარეგულირება. ისწავლეთ პარაზიტი და მანიპულატორი ადამიანების თავიდან არიდება. წლის მეორე ნახევარი იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საინტერესო და წარმატებული, თუ შექმნილ კრიზისებს პრაქტიკულ გასაღებს მოუძებნით. თეორიული მსჯელობებით წინ ვერ წახვალთ, ამიტომ იყავით პრაგმატული და კონკრეტული. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომის პირველ ნახევარში სერიოზული წინსვლა გელით, თუ თქვენი საქმიანობა მუსიკას, კინოს, თეატრს ან ლიტერატურას უკავშირდება. ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება მოგზაურობისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. მეოთხე კვარტალში გაგიჩნდებათ სერიოზული ფინანსური შემოსავლების მიღების შანსი, ხოლო უძრავ ქონებასთან და დაოჯახებასთან დაკავშირებული საკითხები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.
მოამზადა ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა