როგორ მოვრთოთ სახლი, ნაძვის ხე და როგორ შევხვდეთ 2024 წელს? - კვირის პალიტრა

როგორ მოვრთოთ სახლი, ნაძვის ხე და როგორ შევხვდეთ 2024 წელს?

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 2024 წლის სტიქია ხეა. ეს წელი უკავშირდება მწვანე ფერს. მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი ფერები: მწვანე, ბაცი ლურჯი, ცისფერი, მწვანის სხვადასხვა ტონალობა და საერთოდ, გაზაფხულის ფერები. იქიდან გამომდინარე, რომ 2023 წლის სტიქია - ხეა, სასურველია საახალწლო სუფრაზე ხის სტიქია დომინირებდეს. შესაძლოა ეს იყოს ხის ვაზა ხილისთვის, ხის დაფა ყველისთვის და ა. შ.

აღმოსავლურ ნატურფილოსოფიაში მიაჩნიათ, რომ ხის სტიქიის "მშობელი" წყალია, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ საახალწლო სუფრაზე ხის სტიქიასთან ერთად წყლის ელემენტიც უხვად იყოს. დავუშვათ, ეს იყოს გამჭვირვალე ჭურჭლით უბრალო წყალი ან მინერალური წყალი. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით წყალი აძლიერებს ხეს, რომელიც დაკავშირებულია შექმნილი სიტუაციის სწორ ანალიზთან და სწორი გადაწყვეტილების მიღებასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ "ცოცხალი" (სინამდვილეში უკვე მოჭრილი) ნაძვის ხე მეტაფიზიკური თვალსაზრისით, არა სიცოცხლის, არამედ თავის თავში დასრულებული სიცოცხლის (ასე ვთქვათ, "ჩაკეტილ") ენერგიას შეიცავს. აქედან გამომდინარე, არასასურველია ბუნებრივი ნაძვების გაჩეხა. ეს არის სიმბოლო, რომლის რიტუალურ ფუნქციას ხელოვნური ნაძვიც შეასრულებს.

2024 წელს ნაძვის ხის მორთულობაში სასურველია მწვანე, ბაცი ლურჯი, ცისფერი და საერთოდ, ნათელი ფერები ჭარბობდეს.

რაც შეეხება საახალწლო საჩუქრებს. 2024 წლის სიმბოლო - დრაკონი­ მითური­ ცხოველია, რომელიც სიძლიერეს, ძალაუფლებას, სიბრძნესა და დროის ციკლს უკავშირდება. ამიტომ დამდეგ წელს საჩუქრებიდან რეკომენდებულია სახლის თუ მაჯის ორიგინალური საათი, სამოსი, საიუველირო ნაწარმი, ბიჟუტერია, ასევე წიგნი, ციფრული ტექნიკა (სმარტფონი, პლანშეტი, ნოუთბუქი, ყურსასმენები) და, რა თქმა უნდა, ფული, ყველაფერი ის, რაც პირდაპირ თუ სიმბოლურად სიძლიერეს, ძალაუფლებას, დროს და ცოდნას უკავშირდება და ასევე რაც, დახვეწილ სტილსა და საზეიმო ელფერს გაუსვამს ხაზს. ახალ წელს ბუნებრივია, უნდა გქონდეთ საზეიმო, მხიარული და პოზიტიური განწყობა, ასევე ღიმილი, კეთილი სურვილები და ახალი 2024 წელი თქვენს ოჯახებში ახალ სიხარულს, კეთილდღეობასა და ბედნიერების განცდას შემოიტანს.