"პირველად სწორედ მისი სიტყვების შემდეგ შევნიშნეთ პატრიარქს ცრემლები" - დაუვიწყარი ამბავი და სტუმრობა პატრიარქთან სოფელ სნოში - კვირის პალიტრა

"პირველად სწორედ მისი სიტყვების შემდეგ შევნიშნეთ პატრიარქს ცრემლები" - დაუვიწყარი ამბავი და სტუმრობა პატრიარქთან სოფელ სნოში

არქივი, 2023-12-25

ფოტოამბავი. სტუმრობა პატრიარქთან

დღეს ჩვენი დიდი მეუფის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

გილოცავთ, ჩვენო ტკბილო პატრიარქო, თქვენი ინტრონიზაციის დღეს, იდღეგრძელეთ და ჯანმრთელად იყავით! მადლობა უფალს, რომ სწორედ თქვენი პატრიარქობის ეპოქაში ვცხოვრობთ და თქვენნაირი მლოცველ-ნუგეშისმცემელი, მფარველი და მწყალობელი ჰყავს ჩვენს სამშობლოს, ქართველ ერს და მთელ მსოფლიოს! უფალს ვთხოვ, კიდევ ძალიან დიდხანს ნუ მოგვაკლებს ამქვეყნად თქვენს ლოცვასა და მადლს!

patriarqi-fotoambavi-1703529774.jpg

ეს ფოტოები კი 2013 წელსაა გადაღებული და დაუვიწყარ ამბავს მახსენებს - პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად თქვენთან სტუმრობას თქვენს მშობლიურ სნოში.

იმხანად აღმოვჩნდი მონაწილე ქართულ-ფინური საერთაშორისო პროექტის - "მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, გავეცნოთ, ვენდოთ ერთმანეთს". შემეცნებით-საგანმანათლებლო-საინტეგრაციო-კულტურულ-სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკოლა-აკადემია "ევრიკის" ორგანიზატორებმა ულამაზეს მოგზაურობაში წამიყვანეს - საქართველოში მოწვეულ აფხაზ, ინგუშ, ჩეჩენ და ოს ახალგაზრდებთან და მათ მასპინძელ ქართველებთან ერთად. პროექტის ავტორი და ორგანიზატორი მანანა კვენეტაძე-მაჭავარიანი გახლდათ. რამდენიმედღიანი პროექტის კულმინაცია სნოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მცხეთა-თბილისის მიტროპოლიტთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან სტუმრობა იყო. უწმინდესმა თავად მიიპატიჟა ახალგაზრდები და კარგა ხანსაც დაჰყო ჩვენთან ერთად. ყველაზე თამამი, მახსოვს სტუდენტი ბიჭი, ალექსანდრე აღმოჩნდა - პირველად სწორედ ის გაეცნო პატრიარქს. მახსოვს, იქვე უამბო, რომ სოხუმში სწავლობდა და უკვე მეორედ მონაწილეობდა ამ პროექტში, - ისე მომეჩქარებოდა საქართველოში, საათების განმავლობაში საზღვარზე დგომაც არაფრად მიღირდაო, - უთხრა უწმინდესს, - დიდი მადლობა, რომ თქვენ გვყავხართო.

patriarqi-fotoambavi-1-1703529803.jpg

ალექსანდრეს მეც გავესაუბრე და მითხრა, - ასე თუ წარიმართებოდა პატრიარქთან ვიზიტი, ვერც წარმომედგინა. გავოცდი და გავნერვიულდი, ჩვენი ლექსების, სიმღერებისა და სიტყვების შემდეგ ატირებული პატრიარქი რომ დავინახე. ჩვენც ავტირდით... ავტირდით კი არა, ყველანი ავქვითინდით... ბედნიერებისგან, მასთან რომ მოვხვდითო. მანვე უწმინდესს ქართული ენისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაუკითხა და გვიამბო, რომ აფხაზეთში დამწყები პოეტების კონკურსისთვის დაუწერია. სხვათა შორის, ეს ლექსი მეორე ადგილზე გასულა და აფხაზეთშივე ახალგაზრდისთვის ტელეფონიც კი გადაუციათ პრიზად.

ჩემს იმ დღეებში ახლად შეძენილ აფხაზ მეგობარს, რომელსაც ქართული სისხლიც ურევია ძარღვებში, ლექსის რამდენიმე სტრიქონი "გამოვტყუე" და როგორც დავპირდი, ნაწყვეტის გაურითმავ ქართულ თარგმანს თქვენც წარმოგიდგენთ: "ქართულო ენავ, ცხოვრებავ ჩემო, მამასავით ბრძენი ხარ და დედასავით მოსიყვარულე; ვგრძნობ, შენში ჩემი მშობლიური მიწის ყველა სურნელია შეზავებული; ვგრძნობ, ყველა ჩიტმა შენს ხმოვანებას შეუერთა ხმა..."

patriarqi-fotoambavi-3-1703529826.jpg

სოხუმში მცხოვრებ ა. ლ.-ს, რომელიც უკვე მეორედ მონაწილეობდა პროექტში, უწმინდესთან სტუმრობის შემდეგ გამოველაპარაკე. მახსოვდა, განსაკუთრებულად ემოციურად ესაუბრა პატრიარქს, თუმცა ამას "საუბარსაც" ვერ დაარქმევდი: რამდენიმე სიტყვის შემდეგ გული ისე ამოუჯდა, სლუკუნ-სლუკუნით ძლივს შეძლო, მოსიყვარულებოდა უწმინდესს: - განა მინდოდა, მეტირა, მაგრამ უცებ ძალიან განვიცადე და მეტკინა, აფხაზეთი და საქართველო ერთად რომ არ იყვნენ, რომ თქვენ - ქართველებს ჩვენთან ჩამოსვლა არ შეგიძლიათ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ისევე ტბილად დაგხვდეთ და გაგიმასპინძლდეთ, როგორც თქვენ აკეთებთ ამას... თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ სწორედ ჩვენი - სტუდენტების, ახალგაზრდების მეშვეობით ისე შეიცვლება ცხოვრება, რომ თავისუფლად ჩამოხვალთ, ჩვენც გულთბილად დაგხვდებით და დიდი ხნის უნახავ და მონატრებულ ადგილებსაც მოგატარებთ.

patriarqi-fotoambavi-4-1703529846.jpg

ძალიან თბილი და მოსიყვარულე ფატიმა ჩეჩნეთიდან იყო და პანკისში ცხოვრობდა. გაცნობისას რუსულად დაველაპარაკე, რადგან ქართული არ ესმოდა, გამოსამშვიდობებელ საღამოს კი, გუდაურში, შეხვედრისთანავე ვკითხე, ფატიმა, ქართული ისწავლე-თქო? და კისკისით ქართულადვე მიპასუხა: ცოტა-ცოტაო. დღესაც ყურში ჩამესმის მისი ტკბილი სიმღერა, რომელიც, თურმე, სამშობლოს სიყვარულსა და სილამაზეზე იყო. გარდა სიმღერისა, ჩეჩენმა ფატიმამ უწმინდესს სამშობლოსადმი მიძღვნილი ჩეჩნური ლექსიც წაუკითხა.

patriarqi-fotoambavi-5-1703529864.jpg

დიანა აიოზბა ბათუმიდან იყო - მამა აფხაზი ჰყავდა, დედა კი - აჭარელი. ეამაყებოდა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ აჭარაში იძულებით გადმოსახლებული და ფერიას მთაზე დასახლებული პირველი აფხაზის - ჰასან აიოზბას შთამომავალი იყო; ეამაყებოდა, რომ უკვე ქრისტიანიც გახდა - სწორედ მაშინ, პროექტის დღეებში, დარიალის ხეობაში მოინათლა აფხაზეთიდან ჩამოსულ ა. ლ.-სთან ერთად და მისი ერთი ნათლია სოხუმიდან ჩამოსული აფხაზია, მეორე - თბილისელი. ა. ლ. კი პროექტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავას დას, ქალბატონ მანანა სოტკილავას მოუნათლავს.

patriarqi-fotoambavi-6-1703529891.jpg

ფასანაურის კულტურის სახლში მთიულების მიერ "ევრიკის" წევრების პატივსაცემად მოწყობილ დღესასწაულზე ერთ-ერთი ევრიკელი გოგონა საღამოსთვის შერჩეული ლექსის ნაცვლად ექსპრომტად იმ დღეებში დაწერილი საკუთარი ლექსით წარუდგა მაყურებელს: "...აღარ გვინდა, ნუ გვახსენებთ აქ ჩვენამდე რა იყო,/ ჩვენ თვითონაც განვიცადეთ, რაც კი ომმა წაიღო.../ და იქნება... ის დღეც მალე იქნება/ და მე ჩავალ სოხუმში,/ არა მარტო ფიქრებად და სიზმრებად,/ ამას ჩვენი ერთად ყოფნა მპირდება.../ და თუ ღმერთმა მართლა ასე ინება,/ საქართველო სულ მალე ერთიანი იქნება".

patriarqi-fotoambavi-7-1703529913.jpg

ევრიკელებმა 16 დღის განმავლობაში საქართველოს ბევრი ადგილი მოინახულეს - სამხრეთ საქართველოდან დაწყებული და ჩრდილოეთ საქართველოთი - დარიალის ხეობით დასრულებული.

patriarqi-fotoambavi-8-1703529929.jpg

ულამაზესი სოხუმელი აფხაზი გოგონა, რომლის მშობლები სოხუმში ცხოვრობდნენ, საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოპარულა თბილისში, ეროვნული გამოცდები ჩაუბარებია და ერთ-ერთ უნივერსიტეტში მოწყობილა კიდეც. იმხანად მან მხოლოდ აფხაზური და რუსული იცოდა, თუმცა სულ მალე ქართულის სწავლასაც აპირებდა. გოგონა თითქმის არ ლაპარაკობდა და მხოლოდ პატრიარქთან გავიგონეთ პირველად მისი ხმა. ცრემლები ახრჩობდა, ხმა უკანკალებდა და თან მადლობას უხდიდა უწმინდესს დალოცვისთვის, იმედისთვის, რასაც უნერგავდა ამ ახალგაზრდებს. პირველად სწორედ მისი სიტყვების შემდეგ შევნიშნეთ პატრიარქს ცრემლები: - უკვე მეორედ მოვხვდი თქვენთან.

patriarqi-fotoambavi-2-1703584890.jpg

პირველი შეხვედრისას თქვენ მე დამარწმუნეთ, რომ ყველაფერს შევძლებდი და შევძელი კიდეც: გამოცდები წარმატებით გავიარე საქართველოში, აფხაზური ენა ჩავაბარე და დღეს უკვე სტუდენტი ვარ. აქ წამოსვლის წინ დედას ველაპარაკე და რომ ვუთხარი, სად მოვდიოდი, მითხრა, ეს საუკეთესოა, რაც შეიძლება მომხდარიყო შენს ცხოვრებაშიო. დიდი მადლობა, რომ თქვენ გვყავხართ. იმედი მაქვს, მალე სხვა აფხაზი ახალგაზრდებიც მოვლენ აქ, თქვენთან და ისინიც ისეთივე ბედნიერები გავლენ თქვენთან შეხვედრიდან, როგორი ბედნიერიც მე ვარ ამ წუთასო.

პატრიარქის რეზიდენციიდან გამოსულ 16 წლის ტყვარჩელელ მ. ნ.-ს რომ გამოველაპარაკე, მითხრა: - პატრიარქს რომ მივუახლოვდი, ძალიან ავნერვიულდი. ისე დავიბენი, აფხაზეთიდან ჩამოტანილი სუვენირი, ახალი ათონის მღვიმის გამოსახულებით, ძლივს გადავეცი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, პატრიარქმა რომ ჩამიხუტა და მაკოცაო.

კიდევ ერთ აფხაზს, ოჩამჩირელ ა.ზ.-ს ალექსანდრესთვის უთქვამს, როგორ მებრალებიან აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები. მათ არ იციან, რა არის საქართველო და როგორი კულტურა აქვსო.

patriarqi-fotoambavi-9-1703529945.jpg

გასაოცრად ლამაზი ხმის ტემბრის მომღერალს, იმხანად 16 წლის ხობელ ნინო გოთოშიას "ავე მარია" უნდა შეესრულებინა უწმინდესისთვის, ძალიან ღელავდა და რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ ძლივს დაიწყო კიდეც, მაგრამ ცრემლებმა ლამის დაახრჩო და აქვითინებული გადგა გვერდით. თუმცა დამშვიდობების წინ მაინც მიეახლა პატრიარქს, დაუჩოქა და რაღაც არაბუნებრივი, უჩვეულო ხმით ამღერდა: "მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა..." ამ უშუალო, თბილ და გულწრფელ ახალგაზრდებთან შეხვედრით ისედაც გულაჩუყებული პატრიარქისთვის ნინოს სიმღერა კულმინაცია აღმოჩნდა - მანამდე თუ მალულად იმშრალებდა ცრემლს, სიმღერისას უკვე აღარც მალავდა... ოთახში მყოფთაგან არც არავინ ვმალავდით ცრემლს, სიყვარულს, ემოციას - ტიროდნენ ვაჟებიც და ვტიროდით გოგონებიც, უფროსებიც და უმცროსებიც და პატრიარქთან სტუმრობა იყო დღესასწაული, რომელიც თითოეულს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგვყვება.

დამშვიდობებამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახალგაზრდებს საჩუქრად თავისი საგალობლების დისკები დაურიგა და რამდენიმე საგულისხმო სიტყვაც უთხრა:

- 11 წელიწადს ვმსახურობდი აფხაზეთში და არასდროს დავივიწყებ იმ სიყვარულს, რაც იქ აფხაზებისგან დავინახე. ეს ნამდვილი სიყვარული იყო, ხოლო რაც შემდეგ მოხდა, ქართველებისა და აფხაზების მტრებმა გააკეთეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ კარგად ვიცნობთ და გვიყვარს ერთმანეთი. ის წლები კი უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. მე ყოველთვის ვლოცულობ თქვენთვის - აფხაზეთისთვის, ცხინვალის მოსახლეობისთვის. კარგად ვიცნობ აფხაზებსაც და ოსებსაც... ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ღვთის შემწეობისა და კურთხევის იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, მალე ჩამოვალ აფხაზეთში. სოხუმში, ნინოშვილის 13 ნომერში ვცხოვრობდი. იქ, ჩვენს ნაყიდ სახლში ახლა ვიღაც ცხოვრობს... გადაეცით აფხაზებს, რომ ძველებურად მიყვარან და ყველაფერს ვპატიობ ქართველებსაც, რუსებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც. ღმერთმა გვაპატიოს ყველასო.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)