ომში რუსებს ქართველი დასჭირდათ - ბრძოლა შავ ზღვაში: ბერიაშვილის "ჩიტი" უკრაინული "კოზაკ მამაის" წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ომში რუსებს ქართველი დასჭირდათ - ბრძოლა შავ ზღვაში: ბერიაშვილის "ჩიტი" უკრაინული "კოზაკ მამაის" წინააღმდეგ

მეორე წელია შავი ზღვის აკვატორია საბრძოლო მოქმედების ზონადაა გადაქცეული,ს აიდანაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები და წყალქვეშა ნავები უკრაინული ქალაქებისკენ „კალიბრის “ტიპის ფრთოსან რაკეტებს უშვებენ, ხოლო უკრაინული კატარღა-კამიკაძე დრონები კი თავის მხრივ, რაკეტების გამშვებ ამ ხომალდებზე ნადირობენ...

მართალია, უკრაინის მხარემ ვერ მოახერხა, რომ მთლიანად აღეკვეთა რუსული ხომალდებიდან „კალიბრების“ გაშვება, თუმცა ის კი შეძლო, რომ ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზიდან გაქცევა ეიძულებინა რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, რომლებმაც დროებითი თავშესაფარი ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზებში გამონახეს და არ არის გამორიცხული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოჩამჩირის პორტშიც კი ჩაუშვან ღუზა...

2-be-1703502685.png
ფოტოუკრაინული კატარღა-კამიკაძე Козак Мамай დღეისათვის ყველაზე სწრაფი მცურავი საშუალებაა შავ ზღვაში-ანვითარებს 110 კმ/სთ სიჩქარეს (ამ ბლოგის ავტორს ქართული სარაკეტო კატარღით „თბილისით“, სანამ წყალქვეშა ფრთებს დახსნიდნენ, მხოლოდ 70 კმ/სთ-ზე მეტი „აუწევია“), თუმცა ზღვის ზედაპირზე კარგად შესამჩნევ თეთრ ზოლს ტოვებს...

ამას უკრაინამ, რომელსაც ომის პირველსავე დღეებშივე ჩაუძირეს ათიოდე სამხედრო მცურავი საშუალება, ძირითადად სწორედ უპილოტო კატარღა-კამიკაძეების ფართო გამოყენებით მიაღწია.

უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა 24 დეკემბერს უკრაინელ ტელეჟურნალისტებთან ინტერვიუში პირველად გაასაჯაროვა უკრაინული საზღვაო დრონებთან დაკავშირებული ყველაზე დიდი საიდუმლო - მათი ტიპები და ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები...

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების მთავარი პირი აცხადებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები იყენებენ შავ ზღვაში ყველაზე სწრაფად -110 კმ/სთ სიჩქარით მცურავ საზღვაო დრონებს, კატარღა-კამიკაძეებს Козак Мамай, რომელთა საშუალებითაც უკვე დააზიანეს რუსული სამხედრო ხომალდი და ტანკერი. გარდა ამისა, უკრაინელები თავის საზღვაო ოპერაციებს ასევე ახორციელებენ MAGURA V5 -ისა და Sea Baby -ის ტიპის დისტანციურად მართვადი კატარღა-კამიკაძეების გამოყენებითაც - სწორედ ამ უკანასკნელმა ააფეთქა ყირიმის ხიდის ბურჯი 17 ივლისის გამთენიისას, ხოლო „მაგურებმა“ 10 ნოემბერს მალულად შეაღწიეს ჩერნომორსკოეს ბუხტაში და იქ ორი რუსული მცირე სადესანტო კატარღა ერთმანეთის მიყოლებით მაშინ ჩაძირეს, როდესაც ერთ-ერთ მათგანზე რუსი ოკუპანტები ჯავშანტრანსპორტიორს ტვირთავდნენ...

3-be-1703502766.png
ფოტოუკრაინული Sea Baby -ის ტიპის დისტანციურად მართვადმა კატარღა-კამიკაძეებმა თავი კარგად დაცული ყირიმის ხიდის ბურჯის აფეთქებით გამოიჩინეს...

თავისი საზღვაო კამიკაძე-დრონების ვიზუალური გამოსახულებების და განსაკუთრებით კი მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების განსაიდუმლებით უკრაინის უშიშროების სამსახური, ეტყობა, საერთაშორისო დონის პიარ-კამპანიას ახორცილებს, რათა დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობამდე მიიტანოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლევანდელი წარუმატებელი კონტრშეტევების გარდა, უკრაინას რუსეთთან ომში ბევრი პატარ-პატარა გამარჯვებებიც ჰქონდა და დასავლეთელი გადასახადის გადამხდელის ფულადი შენატანი თავიანთი ქვეყნების ბიუჯეტებში ტყუილად არ იხარჯება, როდესაც ეს ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან უკრაინას...

რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობაც, რა თქმა უნდა, ცდილობს თავიდან აირიდოს უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონებიდან მომდინარე დიდი საფრთხე, რისთვისაც იყენებს, როგორც პასიური, ისე აქტიური თავდაცვის მეთოდებს. პასიურ თავდაცვაში იგულისხმება რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზების შესასვლელებთან თავდაცვითი ბონების მოწყობა და ოპტიკურ-რადიოლოკაციური კონტროლის გაძლიერება, რათა უკრაინული კატარღა-კამიკაძეები მალულად კიდევ არ შეეპარონ ნავმისადგომებთან ღუზაჩაშვებულ ხომალდებამდე. აქტიურ თავდაცვა კი უკრაინული საზღვაო დრონების ჯერ კიდევ ღია ზღვაში ადრეულ აღმოჩენას გულისხმობს, რისთვისაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაცია აქტიურად იყენებს...ჩვენი თანამემამულის, ცნობილი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორის გიორგი ბერიაშვილის(ბერიევის) მიერ ჯერ კიდევ 1960 წელს კონსტრუირებულ Бе-12 Чайка -ს ტიპის თვითმფრინავ-ამფიბიას, იგივე მფრინავ ნავს...ნატოს ატომური წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად და მათი ნავსაწინააღმდეგო ტორპედოებითა და სიღრმული ბომბებით(მათ შორის ბირთვულმუხტიანების) გასანადგურებლად შექმნილი ბერიაშვილის „ჩაიკა“ საბჭოთა პერიოდში სულ 143 დამზადდა. დღეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციის 318-ე ცალკეული შერეული საავიაციო პოლკის(რომელიც ანექსირებული ყირიმის კაჩას აეროდრომზეა დისლოცირებული, რომელზეც უკრაინულმა მფრინავმა კამიკაძე-დრონებმა ომის განმავლობაში უკვე მიიტანეს რამდენიმე წარმატებული საჰაერო იერიში) შეიარაღებაში 7-8 ერთეული „ჩაიკაღა“ შემორჩა, რომელთაგან საფრენ მდგომარეობაში არაუმეტეს ოთხი თუ იქნება. რუსეთის გენშტაბმა ამ სამოცწლიანი რარიტეტული მფრინავი ნავების გამოყენება უკრაინული საზღვაო დრონების მოსაძებნად იმიტომაც დაიწყო, რომ ბერიაშვილის 29 ტონიან ჰიდროპლანს შავი ზღვის თავზე დაბალ სიმაღლეზე 320 კმ/სთ კრეისერული სიჩქარით თითქმის ათი საათის განმავლობაში შეუძლია პატრულირება, რისი ტექნიკური შესაძლებლობა სხვა რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს არ აქვთ.

4-be-1703502833.png
MAGURA V5 -ის ტიპის უკრაინული კატარღა-კამიკაძის ცურვის მაქსიმალური მანძილი 800 კმ-ს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ოკუპირებული ოჩამჩირის პორტამდეც მოაღწევს, თუკი იქ რუსი ოკუპანტები მართლაც „გადამალავენ“ თავის სამხედრო ხომალდებს...

რამდენიმესაათიანი საჰაერო პატრულირების დროს, თუკი „ჩაიკას“ ეკიპაჟი და მის ბორტზე მყოფი საჰაერო დამკვირვებლები ვიზუალურად აღმოაჩენენ უკრაინულ საზღვაო დრონს(დიდი სიჩქარით ცურვისას, ეს დრონები ზღვის ზედაპირზე კარგად შესამჩნევ თეთრ ნაკვალევს ტოვებენ), მაშინვე აცნობენ სარდლობას, ისინი კი ზებგერით საბრძოლო „სუებს“ აგზავნიან ღია ზღვაში უკრაინული დრონების სარაკეტო ზალპებით ჩასაძირად, ხოლო თუკი ეს დრონები „ჩაიკამ“ ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროს სიახლოევს შეამჩნია, მაშინ საქმეში რუსული შვეულმფრენები ერთვებიან, რომელთა ბორტებიდანაც ტყვიამფრქვევების ჯერებს უშვებენ...