2 ომი, 50 არჩევნები და ექსტრემალური კლიმატური პირობები - 2024 წლის პროგნოზი The New York Times-ისგან
როგორი იქნება 2024 წელი მსოფლიოსათვის? როგორ გავლენას მოახდენს აწმყოში მომხდარი ფაქტები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მომავალზე? ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 26 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ორი ომი და ორმოცდაათი არჩევანი: ეკონომიკა მზარდი გეოპოლიტიკური რისკების წინაშე“ (ავტორი - პატრიცია კოენი), რომელშიც განხილულია ის მოვლენები, რომლებიც გაისად უნდა მოხდეს და და ის გარემოებები, რომლებიც, დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენს საერთაშორისო სიტუაციაზე - სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
წითელ ზღვაში მცურავ გემებზე იემენელ მებრძოლთა ბანდების თავდასხმებით მსოფლიო ეკონომიკა არასტაბილურობის ახალ დოზას იღებს, რომელიც ისედაც რთულ სიტუაციაში იმყოფება, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო. ბოლო დროს - 2020-23 წლებში მომხდარი კრიზისები - კორონავირუსის პანდემია, ომები უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში - ეს, ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკაში დღემდე „ჭრილობებს ტოვებს“.
წინა წლებიდან გამოყოლილ კრიზისებს 2024 წელს დაემატება, აგრეთვე, 50 სახელმწიფოში სახელისუფლებო არჩევნები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ტრადიციულად გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. სხვათა შორის, იმ ქვეყნებში, სადაც, სავარაუდოდ, შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს, ორი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს - ინდოეთში, ინდონეზიაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში... ანუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დედამიწის მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტი.
დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნები ჩატარდება ხელისუფლებისადმი უნდობლობის, გაყოფილი ელექტორატისა და ეკონომიკური პერსპექტივის გამო მუდმივი შეშფოთების ფონზე. სხვათა შორის, ეკონომიკური პრობლემები ავტორიტარულ ქვეყნებსაც აწუხებთ - მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბე და შიმშილობის საფრთხე დიქტატორთა მმართველობის სტაბილურობასაც ემუქრება.
არჩევნებში გამარჯვებული პარტიები და ლიდერები, ბუნებრივია, მიიღებენ ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება სამრეწველო სუბსიდიებს, საგადასახადო შეღავათებს, ტექნოლოგიების ექსპორტს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, სავაჭრო ბარიერების მოხსნა-დაწესებას, რეგულარულ კონტროლს, ინვესტიციებს, სახელმწიფო ვალებს და „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლას.
პოლიტიკური პოპულიზმი და ეკონომიკა
ზოგიერთ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებში შეიძლება, პოპულისტებმა გაიმარჯვონ, რომლებიც, დიდი ალბათობით, დაიწყებენ მკაცრ კონტროლს ვაჭრობის, უცხოური ინვესტიციებისა და იმიგრაციის სფეროებში.
ამჟამად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მცირდება მოსახლეობის შემოსავლები და ცხოვრების დონე, სამაგიეროდ კი, მატულობს ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკული გამოვლინება, უთანაბრობა, სხვადასხვა სახის დისკრიმინაცია, ამიტომაც ისინი სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოხატავენ გლობალიზაციის მიმართ. მაგრამ არ უნდა იქნეს დავიწყებული, რომ დღეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში: თუ გლობალიზაციის დონე მოიკლებს, შემცირდება ვაჭრობა, რაც, თავის მხრივ, შემოსავლების დაკლებას გამოიწვევს. შესაბამისად, გაჩნდება „მოჯადოებული წრე“: იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი არჩევნების დროს უპირატესობას მისცემს მემარჯვენე ნაციონალისტებს, მათი მოქმედება კიდევ უფრო შეასუსტებს გლობალურ ზრდას და ეკონომიკას ზიანს მიაყენებს.
დღევანდელ სიტუაციას ხშირად ადარებენ 1970-იანი წლების პერიოდს, მაგრამ როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი დაიანა კოილი ამბობს, ამჟამინდელი სიტუაცია უფრო მეტად 1930-იან წლებს ჰგავს, როცა პოლიტიკურმა რყევებმა და ფინანსურმა დისბალანსმა დასაბამი მისცა პოპულისტურ იდეებს, ხელისუფლებაში რადიკალებისა და ექსტრემისტების მოსვლას, რომლებმაც, ბუნებრივია, ექსტრემისტული პოლიტიკის გატარება დაიწყეს. იმდროინდელი პოლიტიკის შედეგები ყველასათვის ცნობილია.
ინდოეთი, ამერიკა... არჩევნების გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე
2024 წელს ყველაზე „ხალხმრავალი არჩევნები“ ინდოეთში უნდა ჩატარდეს. დღეისათვის სამხრეთ აზიის რეგიონის უდიდესი ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ითვლება და ამ მხრივ ინდოეთი თავის მეზობელთან - ჩინეთთან მეტოქეობს, მსოფლიო წარმოების ცენტრის სახით.
ტაივანზე დაგეგმილ არჩევნებს, პოტენციურად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთდამოკიდებულების გაურესება შეუძლია.
მექსიკაში 2024 წლის ივნისის დასაწყისში დაგეგმილ საყოველთაო - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ენერგეტიკისადმი და უცხოური ინვესტიციებისადმი მთავრობის დამოკიდებულების შეცვლა შეუძლია, ხოლო ინდონეზიის ახალმა პრეზიდენტმა, რომელსაც, სავარაუდოდ, გაისად, თებერვალში აირჩევენ, შეიძლება ქვეყნის ერთ-ერთი შემოსავლიანი სასარგებლო წიაღისეულის - ნიკელის მოპოვებისადმი მიდგომა შეცვალოს. ამ ელემენტს სამომავლოდ ფართო გამოყენებას უწინასწარმეტყველებენ და, ბუნებრივია, ინდონეზია შეეცდება, მეტი სარგებელი მიიღოს. შესაბამისად, გაიზრდება ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური „წონაც“.
რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანს და წონადს მსოფლიო ეკონომიკისათვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს. მოახლოებული პოლიტიკური შეჯიბრი უკვე გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე: გასულ კვირას ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მოილაპარაკეს, რომ დროებით შეაჩერონ ტარიფების მოქმედება ევროპულ ფოლადზე და ალუმინზე, აგრეთვე, ამერიკულ ვისკიზე და მოტოციკლებით ვაჭრობაზე, მანამ, ვიდრე არჩევნები არ ჩაივლის. ჯო ბაიდენი ცდილობს, რომ ამით დონალდ ტრამპს ხელიდან არგუმენტი გააგდებინოს და მეტი ამომრჩეველი მიიმხროს: როგორც ცნობილია, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რესპუბლიკელების ყველაზე სავარაუდო კანდიდატი, მხარს უჭერდა და უჭერს პროტექციონისტულ სავაჭრო კურსს და მან წინადადება წამოაყენა, აშშ-ში იმპორტირებულ ყოველგვარ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფის გადახდა დაწესდეს. რასაკვირველია, თუ მისტერ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება და თუ იგი ამ გადაწყვეტილებას მართლაც მიიღებს, ასეთი რადიკალური ნაბიჯი სხვა ქვეყნებისაგან საპასუხო ზომებს გამოიწვევს.
მსოფლიო ვაჭრობის პერსპექტივები 2024 წლისათვის, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის. ზრდა შენელებული რჩება, ათობით განვითარებადი ქვეყანა კი, ვალებთან მიმართებით, დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას.
აშკარაა, რომ ბლოკებსა და ალიანსებს შორის კონკურენცია ენერგეტიკული თვალსაზრისითაც შენარჩუნდება: ევროკავშირმა უარი თქვა რუსულ ნავთობზე, სამაგიეროდ, შანხაის თანამრომლობისა და BRICS-ის ქვეყნებმა რუსული ნავთობის იმპორტი გააფართოვეს.
„პატარა მოთამაშეების დიდი გეგმები“
ბოლო დროს შეიმჩნევა, რომ ისეთი პატარა მოთამაშეები, როგორებიცაა აზერბაიჯანი, ვენესუელა, იემენი და სხვები, ცდილობენ, რომ რეგიონში სტატუს კვო შეცვალონ, რაც ხშირად ნეგატიურ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. მაგალითად, იემენელი ხუსიტების თავდასხმებმა სავაჭრო გემებზე წითელ ზღვაში ტარიფების, ფრახტისა და დაზღვევის ზრდა გამოიწვია. ასევე, მოიმატა ნავთობის ფასმაც: ტანკერებმა, თავდასხმის შიშით, წითელ ზღვაში და სუეცის არხში გავლის ნაცვლად, ევროპისაკენ უფრო შორი მარშრუტი არჩიეს - აფრიკის ირგვლივ. არადა, წითელ ზღვაში გამავალი გემების ტვირთები მსოფლიო ვაჭრობის 12%-ს მოიცავს.
უკვე, დღესვე, მკაფიოდ ჩანს, რომ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა დამახასიათებელი იქნება მომავალი წლისთვისაც. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მუდმივი სამხედრო კონფლიქტების, დაძაბული პოლიტიკური ვითარების და, ნუ დავივიწყებთ - ექსტრემალური კლიმატური პირობების გამოც, სრულიად შესაძლებელია, რომ 2024 წელი გასულ წლებზე უფრო მეტად ექსტრემალური იყოს.