ოთხი ნაბიჯი სიკვდილამდე ანუ რაში "ჩაიჭრნენ" სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას იკვლევდნენ
პოლიტიკური მკვლელობის ყველა სცენარს, რაც უნდა „ნიჭიერად“ იყოს ჩაფიქრებულ-დაწერილ–განხორციელებული, ერთი ნაკლი მაინც აქვს: სპეცსამსახური ყველა დეტალს ვერ გათვლის („ეშმაკი“ კი სწორედ დეტალებშია ჩამალული) და ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც გაირკვევა. 1948 წლის 24 მარტს აბალაკოვისა და არციშევსკის საეჭვო გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასაც - “ისინი აბაზანის ოთახში ერთად გაიგუდნენ” – ბევრი ასეთი „წვრილმანი“ შეუსაბამობა ახასიათებს. წყლის გამაცხელებლის (“კალონკის”) გაუმართაობის გამო, ბუნებრივი გაზით (ზოგიერთი ინფორმაციით, ნახშირჟანგით) მოწამვლის ვერსია მრავალ კითხვას აჩენს. რა უნდოდა ერთად, ორივეს, ჩაკეტილს აბაზანაში? რატომ ვერ შეძლეს გამოსვლა? როგორც აბალაკოვის ახლობლები აცხადებდნენ, გამაცხელებელი გამართულად მუშაობდა, მაშ, როგორ მოიწამლნენ? რატომ გამოიძახეს სახლის პატრონებმა “სასწრაფო დახმარება” მხოლოდ დილით?
ორაზროვანი მინიშნებაც აშკარა იყო. აბალაკოვის შვილის მტკიცებით, ისინი გარედან გადაკეტილ აბაზანის ოთახში აღმოაჩინეს და სიცოცხლისათვის ბოლომდე ბრძოლის კვალი ეტყობოდათ: დაკეტილი კარის გამომტვრევას ცდილობდნენო.
დაეჭვების საფუძველს იძლევა, ასევე, გარდაცვალების ადგილი და ვითარება: მკითხველს შევახსენებ, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა სამხედრო ექიმის, გიორგი ბელიკოვის კომუნალურ ბინაში მოხდა. წარმოუდგენელია ბინის სხვა მაცხოვრებლებს არ გაეგოთ საეჭვო ხმაური ან თავად როგორ გადაურჩნენ გაზით გაგუდვას?
გიორგი ბელიკოვი
„კომუნალური ბინა“ ათწლეულების მანძილზე საბჭოთა იმპერიის განუყოფელ შტრიხს წარმოადგენდა და იოსებ სტალინის “ნოუ ჰაუ” იყო. კარგად იცოდა „დიდმა ბელადმა“, რომ ისე არაფერი უყვარს და უხარია ადამიანს, როგორც სხვისი განქიქება და დაბეზღება. სწორედ მას ეკუთვნის "საბჭოთა დაბეზღების ინსტიტუტის" მძლავრი ინსტრუმენტის - ე.წ. კომუნალური ბინების ურთიერთდაბეზღების "გენერატორად" გამოყენების იდეაც. აბა, წარმოიდგინეთ, ორი, სამი, ოთხი და ზოგჯერ ხუთი ოჯახიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს, ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის და დიდი სიამოვნებით დარბიან "ენ-კა-ვე-დე" – "კა-გე-ბეში", ერთმანეთის დასაბეზღებლად; დაუზარლად უთვალთვალებენ მეზობლებსა და მათ სტუმრებს; განსაკუთრებულ „კონტროლზე“ ჰყავთ აყვანილი საერთო სამზარეულო: სულ ზეპირად იციან, ვინ რა სადილს ამზადებს და რისგან: "ქათამს ხარშავენ? საიდან? როგორ?" და "გაფრინდა" დასმენის წერილი, სადაც საჭიროა. გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან დაბეზღება საბჭოთა ცხოვრების წესად იქცა და ამ დროს ვინ გაბედავდა სტალინის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას?! ეს იყო მთავარი მიზანი. ამავე დროს „კომუნალურ ბინებში“ მაცხოვრებელთა დახმარებით ხდებოდა სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევების გახსნაც. ამიტომაც მათი უმრავლესობა უშიშროების და მილიციის ორგანოების მიერ იყვნენ გადაბირებულები.
ევგენი აბალაკოვის ოჯახის წევრები თვლიან, რომ მისი გარდაცვალება არა ტრაგიკული შემთხვევა, არამედ - საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული მკვლელობა იყო. მათი აზრით, ძმები აბალაკოვები დიდხანს იყვნენ უშიშროების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო უფროსი ძმა, ვიტალი, ჯაშუშობის ბრალდებით, ორი წელი ციხეშიც კი იჯდა. რა შეიძლება გამხდარიყო ლიკვიდაციის ოპერაციის მიზეზი?
ჩემი აზრით, უფროსი ძმის გამო მხოლოდ უმცროსს არ მოკლავდნენ. რეალური მიზეზი თავად ევგ. აბალაკოვის წარსულში უნდა ვეძიოთ. ვერსიები კი შემდეგია:
1. ცნობილი სპორტსმენი ევგენი აბალაკოვი წლების მანძილზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოთა არმიის და "ენ-კა-ვე-დეს" სპეცრაზმის მომზადებასთან. იგი იკვლევდა სამხედრო შემადგენლობის სპეციალური ფიზიკური მომზადების პრობლემებს, მათ შორის, ალპინისტ-მებრძოლების მომზადების მეთოდიკას; იცოდა ბევრი საიდუმლო, “ცივი ომის” პერიოდში უკვე ხელს უშლიდა საბჭოთა სპეცსამსახურებს და თავიდან მოიცილეს, თანაც - ძალზე ბინძური კომპრომატით;
2. “ტროცკისტებთან” (კრილენკო და სხვები) ძველი მეგობრობა, ასევე, შეიძლება გამხდარიყო აბალაკოვის ლიკვიდაციის მიზეზი;
3. ევგ. აბალაკოვმა კარგად იცოდა საბჭოთა კავშირის სტრატეგიული მინერალური რესურსების (მათ შორის, შესაძლოა, ურანის) საბადოების მდებარეობა. 1948 წელს, როცა საბჭოთა ატომური ბომბი ჯერ შექმნილი და გამოცდილი არ იყო, ასეთი “ბევრის მცოდნენი” უკვე სახიფათონი იყვნენ.
ვერსია კიდევ ძალზე ბევრია. სიმართლე და ობიექტური პასუხი წლებისა და ისტორიის სანახებში ჩაიკარგა. იმ დროს მომხდარი ფაქტი საბჭოთა კავშირში არსებული სისხლიანი დიქტატურისა და სპეცსამსახურების ჩვეულებრივი ხელწერა იყო.
ათწლეულების მანძილზე აბალაკოვის ოჯახი ცდილობდა სიმართლის გარკვევას და მძიმე ბრალდება-კომპრომატის გაქარწყლებას. გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ევგენი აბალაკოვის ცოლმა მოახერხა ახლად დანიშნულ კა-გე-ბეს თავმჯდომარე იური ანდროპოვთან შეხვედრა და მას განუცხადა: ”მე არ მჯერა ჩემი ქმრის შემთხვევითი სიკვდილისო!” ანდროპოვმა კი ლაკონურად უპასუხა: ” ჩვენ კი გვჯერაო”. ასე „შედეგიანად“ დამთავრდა აუდიენცია.
იური ანდროპოვი
საოცარი დამთხვევაა: ევგ. აბალაკოვიც და ზ. ჟვანიაც 41 წლისანი გარდაიცვალნენ. საკმაოდ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ძალზე ბევრს მიაღწიეს, თუმცა წინ კიდევ მრავალი მწვერვალი ელოდათ.
ბევრი ექსპერტი, ჟურნალისტი თუ უბრალო მოქალაქე, რომ არაფერი ვთქვათ, ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, თვლის, რომ თბილისში 2005 წლის 3 თებერვალს მომხდარი ტრაგიკული ფაქტი “შემთხვევითი მოწამვლა”კი არ იყო, არამედ - სპეცსამსახურის დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაცია. ჩემი აზრით, ყველა კარგად ხედავს ბევრ შეუსაბამობას საგამოძიებო მოქმედებებში, ექსპერტიზის დასკვნებში და რეალურად მომხდარში, თუმცა მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური ვერსია: „უბედური შემთხვევა“ – ჯერჯერობით ოფიციალურად გაბათილებული კვლავ არ არის.
იმ მოვლენებიდან რვა წლის შემდეგ ჩემს ოჯახში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მაიძულა, უფრო დაწვრილებით შემესწავლა სისხლის შხამები და მხუთავი აირები (უპირველესად კი, ყველაზე ვერაგი და „ჩუმი მკვლელი“: ნახშირბადის მონოოქსიდი , იგივე CO), ასევე, ადამიანზე მათი ზემოქმედების შედეგები. მოკლედ გაგიზიარებთ ამ, ჩემი აზრით, ყველასთვის საჭირო ინფორმაციას და გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ერთი შეხედვით მოსაწყენი „ქიმიის გაკვეთილი“, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები.
მომწამვლელი ნივთიერება არის აირის, ორთქლის, კვამლის, სითხის, ფხვნილისა და კრისტალების სახით, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობით მოქმედებენ. აირის, ორთქლის და კვამლის სახით, შხამი ყველაზე ძლიერად მოქმედებს, რადგან იგი ორგანიზმში ძალზე სწრაფად აღწევს სასუნთქი გზებიდან. სიძლიერის მიხედვით, შემდეგ მოდის სითხის, და ბოლოს - ფხვნილის ან კრისტალების სახით შეყვანილი შხამი, რადგან ამ უკანასკნელებს სითხეებში გასახსნელად გარკვეული დრო ესაჭიროებათ.
შხამ ნივთიერებათა კომბინირებული მოქმედება იწვევს ინტენსიურ მოწამვლას და ხშირად ერთი ნივთიერება აძლიერებს მეორე ნივთიერების მოქმედებას. ზოგიერთი შხამები (აირები), ორგანიზმში ერთად შეყვანილი, უფრო ძლიერად მოქმედებენ, ვიდრე რომელიმე მათგანი - ცალკე. ორგანიზმში შხამის შეყვანის გზებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოწამვლის ინტენსივობისათვის: განსაკუთრებით სწრაფად მოქმედებს სისხლიდან (ვენიდან) და ფილტვიდან, ხოლო ნაკლები ინტენსივობით - კუნთებიდან და კანქვეშა ქსოვილიდან მოხვედრილი შხამი.
ადამიანის სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია ე. წ. სისხლის შხამები, რომლებიც მოქმედებენ სისხლზე და ცვლიან მის თვისებებს. სისხლის შხამები ორგანიზმის სხვა ქსოვილებზეც მოქმედებენ, მაგრამ ცვლილებებს მეტწილად სისხლში იწვევენ. ამ სახის შხამების საკმაოდ დიდი ჯგუფიდან განსაკუთრებით საინტერესოა მეტაჰემოგლობინის წარმომქმნელი მომწამვლელი ნივთიერებები. მეტაჰემოგლობინი ჰემოგლობინის ისეთი მტკიცე შენაერთია, რომ ჟანგბადს არ აძლევს უჯრედებს, რის გამოც ირღვევა ადამიანის სუნთქვა და დგება ასფიქსიური სიკვდილი.
ყოველივე ეს უფრო მარტივად გასაგები, რომ იყოს გავიხსენოთ: ნორმალური სუნთქვისთვის ვარგისი სუფთა, მშრალი ჰაერი (100%) შედგება შემდეგი აირებისაგან: აზოტი (78%), ჟანგბადი (21%), ნახშირორჟანგი (0,04%), ინერტული ანუ კეთილშობილი აირები –ჰელიუმი,არგონი და სხვ. (0.94%) და სხვა არამუდმივი მინარევები (0.02%). ამ ჰარმონიაში თუ უცხო აირი შემოიჭრა, ის აძევებს რომელიმე “მასპინძელს” და მის ადგილს იკავებს.
ერთ-ერთი ასეთი “დაუპატიჟებელი და საშიში სტუმარია” ნახშირჟანგის (co) მხუთავი აირი. ის უფერო და უსუნო აირია, რომელიც წარმოიშობა არასრული წვის პროცესში და იწვევს ჰემოგლობინის შეკვრას. მოწამვლის დროს სისხლში წარმოიქმნება კარბოქსილჰემოგლობინი, რომელსაც ჟანგბადის შეთვისების უნარი არ აქვს და შინაგანი სუნთქვის მოშლის შემდეგ იწვევს ასფიქსიურ სიკვდილს.
CO-თი ინტოქსიკაციის პროცესი ოთხ სტადიად შეიძლება დავყოთ:
პირველი სტადია (სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის შემცველობა 10-30%): ამ დროს შეიმჩნევა შუბლის და საფეთქლების ტკივილი, თაბრუსხვევა, ხმაური ყურებში, აჩქარებული გულისცემა, გულისრევის შეგრძნება;
მეორე სტადია (30-50%): კუნთების მოდუნება, არაადეკვატური რეაქცია და ალკოჰოლით სიმთვრალის მსგავსი შეგრძნება, სუნთქვა და პულსი აჩქარებულია, სახე ფერმკრთალია, იწყება გულისრევა. ტანზე ღია ვარდისფერი ლაქები ჩნდება;
შემდეგ დგება მესამე – კომატოზური სტადია(50-60%) : გრძნობის დაკარგვა, ძლიერი ღებინება, სისხლის წნევა ეცემა. ამ მომენტში მოწამლულის გადარჩენის მცირე შანსი კიდევ არსებობს. ნახშირჟანგს მეტატოქსიკური მოქმედება აქვს. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოწამლული სუფთა ჰაერზე რომ გამოვიყვანოთ, მას მალე შეიძლება დაუბრუნდეს გრძნობა. დახმარების აღმოუჩენლობის შემთხვევაში დგება მეოთხე სტადია (70%-ზე ზემოთ) და ადამიანი იღუპება.
თუ ადამიანი პირდაპირ მოხვდება ისეთ ოთახში, სადაც ნახშირჟანგის კონცენტრაცია უკვე 60%-ზე მეტია, ვითარდება წამიერი, მომენტალური მოწამვლა, ყოველგვარი სტადიებისა და საწყისი სიმპტომების გარეშე. ის ეცემა, კარგავს გრძნობას და სულ რამდენიმე წუთში იღუპება.
მოწამვლის კლინიკური სურათისთვის დამახასიათებელია სიმძიმის გრძნობა კიდურებში, ამიტომ მოწამლულს თვითდახმარება არ შეუძლია (მაგ. ახალგაღვიძებულს) და ბოლომდე რჩება ნახშირჟანგის შემცველ გარემოში. გარდა ამისა, ინტოქსიკაციისთვის აუცილებლად თანმდევია პირღებინება.
სიკვდილის შემთხვევაში, უხვადაა გამოხატული ალისფერი გვამური ლაქები, რომლებიც სხეულის ყველა ნაწილს კარგად ემჩნევა. შინაგან ორგანოებში არის ასფიქსიური სიკვდილისათვის დამახასიათებელი ცვლილებები და, რაც მთავარია: სისხლი მკვეთრი წითელი ფერის უნდა იყოს. სისხლის ასეთი შეფერვა გვხვდება სხვა შხამებით გამოწვეული სიკვდილის დროსაც, ამიტომ დადგენილია, რომ ექსპერტებმა ნახშირჟანგით გამოწვეული მოწამვლა სისხლის მრავალმხრივი (სპექტრული და ქიმიური) გამოკვლევებით უნდა დაადასტურონ.
ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ტრაგიკული გარდაცვალების პირველ დღეებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენლები სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სწორედ მათ მიერ გაკეთებულმა დაბნეულმა და ხშირად - ურთიერთგამომრიცხავმა საჯარო განცხადებებმა განაპირობეს გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიაში თავიდანვე დაეჭვება. ექსპერტებს ისეთი მარტივი საკითხები ეშლებოდათ, რომლის უცოდინარობაც მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებსაც კი არ ეპატიებათ. სისხლში ნახშირჟანგის შემცველობის სასიკვდილო დოზად მათ მიერ სახელდებოდა ჯერ 10, 20, შემდეგ - 40 და ბოლოს - 60%. ამიტომ შეიძლება თავიდან გეფიქრებათ: ამ ხალხს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კურსი სტუდენტობისას არ უსწავლიათ თუ სისხლის შხამების გავლისას “შატალოზე” იყვნენ და მერეც მაგრად იზარმაცესო? თუმცა ჩემი აზრით, პრობლემა გაცილებით სერიოზული იყო: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ხელისუფლების მხრიდან უდიდეს ზეწოლას განიცდიდნენ, სიჩქარეში უჭირდათ „ლოგიკური ტყუილის“ მოფიქრება და ამიტომაც უშვებდნენ ბავშვურ შეცდომებს.
(მეექვსე ნაწილი დასასრული)