"ნოვოჩერკასკი" ჩკა?! - შავი დღე რუსებისთვის: როგორ გაუყენეს უკრაინელებმა დიდი სადესანტო გემი კრეისერ "მოსკვას" გზას
25 დეკემბრის საღამოს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სანქტ-პეტერბურგში ახალ ფრეგატზე დროშას აღმართავდა, 26 დეკემბრის გამთენიისას კი მის ფლოტს მორიგ ხომალდს უფეთქებენ...
დღეს დილით უკრაინელებმა გაიმეორეს თავისი წარმატებული ტაქტიკური სვლა, რომელიც ომების ისტორიაში უკვე შესულია, როგორც „მოწინააღმდეგის სამხედრო ხომალდების დაზიანება/განადგურება საზღვაო პორტებში, საავიაციო და სარაკეტო შეიარაღების გამოყენებით“. ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირებული ფეოდოსიის საზღვაო პორტში, ზუსტი საჰაერო დარტყმის შედეგად, ჯერ დაზიანება მიიღო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალზედა ხომალდების 30-ე დივიზიის სადესანტო ხომალდების 197-ე ბრიგადის 775-ე პროექტის დიდმა სადესანტო ხომალდმა - Новочеркасск -მა, რის შემდეგაც დეტონაცია განიცადა მის ტრიუმებში განთავსებულმა ტვირთმაც...
ვიდეოკადრებში დაფიქსირებული აფეთქება იმ ძალის იყო, რომ „ნოვოჩერკასკის“ ტრიუმებში ნამდვილად ფეთქებადი მასალები გახლდათ განთავსებული, ზოგიერთი ინფორმაციით, თითქოს ნოვოროსიისკიდან ფეოდოსიაში კამიკაძე-დრონების „შაჰიდ/გერანების“ მორიგი პარტია ჩაიტანეს „ნოვოჩერკასკით“, მათი შემდგომ უკრაინის ქალაქებისკენ გასაშვებად...
ეს უკრაინელი სამხედროების უდავოდ მორიგი, სერიოზული წარმატებული ოპერაციაა.
პირველ წარმატებას უკრაინის სახმელეთო ჯარების სარაკეტო დანაყოფმა მიაღწია 2022 წლის 24 მარტს, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე - აზოვის ზღვის ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში შეირაღებისა და საბრძოლო მასალების ჩამოტვირთვის პროცესში, უკრაინულმა ოპერატიულ-ტაქტიკურმა რაკეტა Точка-У-მ ზუსტი საჰაერო დარტყმა რომ მიაყენა პორტის ტერიტორიას. ამის შედეგად გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო, 1171 პროექტის დიდი სადესანტო ხომალდი Саратов-ი ნავმისადგომთან ჩაიძირა, ორმა სხვა რუსულმა დიდმა სადესანტო ხომალდმა კი დაზიანებები მიიღო (მათგან ერთ-ერთი სწორედ „ნოვოჩერკასკი“ იყო, რომლის ბორტზეც მაშინ სამი მეზღვაური დაიღუპა).
2023 წლის 4 აგვისტოს რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის ნოვოროსიისკის ტრავერსზე ჩრდილოეთ ფლოტის 775-ე პროექტის დიდ სადესანტო ხომალდს - Оленего́рский горня́к-ს თავს დაესხა უკრაინული საზღვაო დრონი, კატარღა-კამიკაძე Козак Мамай, რის შემდეგაც შესამჩნევი მარცხენა დაფერდებით, ეს რუსული ხომალდი ნავმისადგომამდე საზღვაო ბუქსირებმა მიიყვანეს.
2023 წლის 13 სექტემბერს ანექსირებული ყირიმის ოკუპირებული სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის მშრალ დოკში მდგარი რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის 775-ე პროექტის დიდი სადესანტო ხომალდი Минск-ი უკრაინული მოდერნიზებული Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენიდან გაშვებულმა ბრიტანულმა ფრთოსანმა რაკეტამ - Storm Shadow-მ (ან ფრანგულმა SCALP EG-მა) მნიშვნელოვნად დააზიანა (ამავე საჰაერო თავდასხმის დროს დაზიანდა დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი Ростов-на-Дону-ც).
2023 წლის 4 ნოემბერს უკრაინელებმა ფრანგული SCALP EG ტიპის ფრთოსანი რაკეტებით სარაკეტო დარტყმები მიაყენეს ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის გემთმშენებელი ქარხნის „ზალივის“ (რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ უდიდესად ითვლება) ტერიტორიას და დააზიანეს 22800 პროექტის მცირე სარაკეტო ხომალდი Аскольд-ი, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობდა და ჯერ არ იყო გადაცემული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში.
და, აი, 2023 წლის მიწურულს, უკრაინელების მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტა ისევ პორტში დაცლაზე მდგომ, მორიგ რუსულ დიდ სადესანტო ხომალდს აფეთქებს...
არადა, ოკუპირებული სევასტოპოლის პორტიდან, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზას წარმოადგენდა, სამხედრო ხომალდები იმიტომ „გადამალეს“ ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის ბაზებში, რომ უკრაინული ფრთოსანი რაკეტები და საზღვაო დრონები ვეღარ მისწვდომოდნენ - ფეოდოსიის პორტიდან ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზამდე 280 კმ-მდეა, ხოლო ხერსონის ფრონტის ხაზამდე კი - 260 კმ-მდე და უფრო სავარაუდოა, რომ უკრაინულმა ბომბდამშენმა ფრანგული ან ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები (რომელთა მოქმედების მაქსიმალური მანძილი 300 კმ-ს აღწევს) დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან, ხერსონის სიახლოვიდან გაუშვა, მორიგი რუსული დიდი სადესანტო ხომალდის გასანადგურებლად...
ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ... დღეს, 26 დეკემბერს პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ანუ ის რუსი „პე-ვე-ოშნიკები“, რომლებსაც მთელი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე გადაუფრინეს უკრაინული ბომბდამშენიდან გაშვებულმა ფრთოსანმა რაკეტებმა, სანამ ფეოდოსიის პორტში „ნოვოჩერკასკს“ „ესტუმრებოდნენ“...