"ჯილდო 10000 დოლარი, იძებნება მკვლელი" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტს და მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ჯილდო 10000 დოლარი, იძებნება მკვლელი" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტს და მიმართვას ავრცელებს

"გთხოვთ გააზიაროთ!!! ამ ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა. გთხოვთ კარგად დააკვირდეთ, ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება 10 000 დოლარით. ანონიმურობა გარანტირებულია",_ ამ შინაარსის სტატუსი ცოტა ხნის წინ ფეისბუქის გვერდზე ანი იანუშაიტიტეს დედამ, ნატო ხუტაშვილმა დადო და ფოტორობოტის ფოტოც გაავრცელა. ის საზოგადოებას ისევ დახმარებას სთხოვს.

roboti-1703621596.jpg

როგორც ირკვევა, ფოტორობოტი ძალოვნებმა შეადგინეს და საქმის მასალებში დევს. ოჯახის მოთმინების ფიალა ივსება. 10 თვეა დიდ დიღომში მომხდარი უმძიმესი ფაქტიდან და გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს ოჯახს ამ დრომდე არ აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, ვინ და რატომ მოუკლა სიცოცხლით სავსე შვილი. დედა, ნატო ხუტაშვილი, ყველანაირად ცდილობს სიმართლე გაარკვიოს, ისევ დადის ძალოვან უწყებებში, პერიოდულად, საზოგადოებასაც მიმართავს, რომ დაეხმარონ სიმართლის დადგენაში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით დამნაშავის დადგენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, უმძიმესი ფაქტი 16 მარტს მოხდა, იმ საბედისწერო დღეს გოგონა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ქუჩაში, სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჩვენ დავუკავშირდით ნატო ხუტაშვილს, მას იმედი აქვს, რომ ადამიანები გულთან მიიტანენ მის გულისტკივილს და თუ ფლობენ რაიმე ინფორმაციას და მიამსგავსებენ ფოტორობორტს ვინმეს, ამას არ დამალავენ.

ნატო ხუტაშვილი:

- გადავწყვიტე გამევრცელებინა ფოტორობორტი და იმედი მაქვს ოჯახს მაინც მოგვაწვდიან ინფორმაციას. ეს ფოტორობოტი შედგინეს პროკურატურაში და იქნებ ვინმე დამეხმაროს მის პოვნაში. ერთი საათი არ არის, რაც განცხადება დავდე და სოციალურ ქსელში მწერენ რაღაცეებს, ამსგავსებენ ვიღაცეებს, ამ ინფორმაციებს მოვაგროვებ, მეც გადავამოწმებ და პროკურატურასაც მივაწვდი მოწოდებულ ინფორმაციებს, რომ გადამოწმდეს. იქნებ როგორმე გავიდე კვალზე. არ ვიცი, ჯერ ყველაფერი უნდა შევამოწმო. ისიც არ მინდა გამექცეს დამნაშავე.

- ფოტორობოტი ახალი შედგენილია?

- არა, ეს ძალოვნების შედგენილი ფოტორობოტია, მანამდე სხვამაც შეგვიდგინა ფოტორობოტი და ძალიან გავს ორივე შედგენილი ერთმანეთს. ვნახოთ, რას გავარკვევთ.

- გამოძიებაში არის რამე სიახლე?

- ჯერჯერობით არაფერი. ის კი იცით, ექსპერტმა როგორ გააფუჭა მტკიცებულებები და მიდის ამ საქმის გამოძიებაც. გამოძიებაში იკითხებიან ჩემი შვილის მეგობრები, დაწვრილებით მიდის კლასელების დაკითხვა, რათა გაირკვეს მანამდეც ხომ არ იყო მცდელობა, ან რაიმე შემთხვევა, რომ ვინმე გაყვა მათ, ან გამოელაპარაკა. კიდევ ერთი ვერსია მიტრიალებს თავში, მივაწოდებ და მორიგ შეხვედრაზე განვიხილავთ. ჯერჯერობით რაიმე წინსვლა გამოძიების კუთხით არ არის. უკვე მეათე თვე დაიწყო. მტკიცებულებების მოსაპოვებლად პირველი წუთები დაკარგეს, მაშინ მეუბნებოდნენ იქნებ ძაღლმა შეაშინა ბავშვი და შევარდა იქო. ძაღლის არ ეშინოდა ჩემს შვილს. სულ ისე ვზრდიდი, ვეუბნებოდი დედი, არ უნდა გეშინოდეს არაფრის- მეთქი. თურმე სხვანაირად უნდა გამეზარდა და უნდა მეთქვა მისთვის, შვილი, ყველაფრის გეშინოდესო. ადრე ძაღლებს დასდევდნენ, ახლა კაცებს დასდევენ, თმები დაიკარგაო, ესეც საკითხავია სპეციალურად გააქრეს თუ დაიკარგა მართლა. ან ანაწმენდები როგორ გაქრა, ტელეფონი ხომ გამორთულია შეგნებულად. არ ვიცი რა იქნება, იმედი მაქვს ხალხის დახმარებით რამე კვალზე გავალთ. ისე მენატრება ჩემი შვილი, რომ ამ მონატრებას ჭკუიდან გადავყავარ. ისე მენატრება მისი სუნი, მისი ჩახუტება, რომ მომეხუტებოდა და საწოლში ცივ ფეხებს დამადებდა. მართლა ჭკუიდან გადავყავარ ამ მონატრებას. ნაძირალამ რატომ გამაუბედურა ასე? ჩემი მეუღლე, მამამისი ყოველდღე დადის ანის საფლავზე. როგორი განადგურებული მოდის რომ ნახოთ, გული მოგიკვდებათ. ამ 10 თვის განმავლობაში დღე არ გაუცდენია. სულ ყვავილების თაიგულით ხელში დადის და ყოველდღე ელაპარაკება რაღაცეებს. ხან ზღაპარს უყვება სურათს. ღმერთს ვთხოვ არ გამაგიჟოს და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. გაუთავებლად ამაზე ვფიქრობ. ფიზიკურად ისეთი აღნაგობა მაინც ჰქონოდა, 38 კილო გაჩხინკულ ბავშვთან რა გინდა შე სატანა, რატომ მომიკალი შვილი? რატომ მიკლავ? რამდენი ადამიანი მოგვკლა. დედაჩემი ლოგინად არის ჩავარდნილი, მე და ჩემი მეუღლე განადგრებულები ვართ და ვკვდებით ანისთან ერთად. რამდენი ადამიანი მოგვკლა. ფისოსავით ჩამეხუტებოდა. რა ბედნიერი ვოფილვარ შარშან ამ დროს და როგორ არ ვაფასებთ ადამიანები ბედნიერებას რაც გაქვს. არაფერი არ გვაკლდა და არაფერი აღარ მინდა. იქნებ რამე გავარკვიოთ. ეს ფოტორობორტი მაქვს კარგა ხანია გადმოცემული და არ ვიცი აქამდე რას ველოდებოდი, ახლა მინდა გავაკრა ხალხმრავალ ადგილებშიც. ვნახოთ რა იქნება, იმედი მაქვს ხალხი გულთან მიიტანს და თუ ამსგავსებენ ვინმეს, არ დაიზარებენ და მომაწვდიან ამ ინფორმაციას. ეს ფაქტობრივად არის სურათი და ამოცნობა არ უნდა გაუჭირდეს ადამიანებს. ჩემი შვილის მკვლელი ჩამივარდებოდეს ხელში, მერე მე ვიცი. მაქსიმალურად გავავრცელოთ, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი გამოჩნდეს და მივაგნოთ ამ არაადამიანს.

"უფლებები საქართველოსთვის" ადვოკატი ელისო რუხაძე, რომელიც იცავს დაზარალებულ ოჯახის ინტერესებს, ამბობს, რომ დედას სხვა გზა არ დაუტოვეს და თავად იბრძვის სიმართლის გასარკვევად:

- დედას პრაქტიკულად არ რჩება სხვა მექანიზმი მისი შვილის საქმეზე და იძულებულია განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც წესით გამოძიების პრეროგატივაა. იცით, რომ ამ ეტაპზე დაზიანებულია ყველა ტიპის მტკიცებულება საქმეში. ერთადერთი გამოსავალია ფედერალური ბიუროს ჩართულობა. კონკრეტული პირი, ეჭვმიტანილი არ ჰყავს გამოძიებას. მან გამოაქვეყნა კონკრეტული საბუთი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მივაგნოთ დამნაშავეს. ძალიან მძიმეა, მეათე თვე დაიწყო და ღირებული არ ხდება, რათა გავიდეს გამოძიება მკვლელის კვალზე... რაც შეეხება ექსპერტთან დაკავშირებულ საქმეს, იცით, რომ ექსპერტი პასუხისგებაშია მიცემული. სხვადასხვა მტკიცებულების შესწავლის შემდეგ ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომ გარკვეულიყო მკვლელის ვინაობა, იყო ამ ექსპერტიზის დასკვნაში აღმოჩენილი დნმ-ის კვალი. სამწუხაროდ, გოგონას მკვლელობიდან 5 თვის შემდეგ გვითხრეს, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნიმუშები იყო დაობებული. არადა, აქ საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევისას გამოვლინდებოდა გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის ზემოქმედების დნმ-ის არსებობა და სხვა მნიშვნელოვანი ნებისმიერი გარემოება. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება. გამოძიებით გაირკვა, რომ ექსპერტმა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტია და რომელსაც ამავე დაწესებულების დებულებით და საერთაშორისო სტანდარტებით ევალებოდა განსაზღვრული წესების დაცვა, არ დაიცვა. მან სველი ნიმუშები ჩადო პოლიეთილენის პარკში, რაც არის დაუშვებელი და აკრძალული, რამაც გამოიწვია მთავარი ნიმუშის განადგურება. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. ახლა ექსპერტის ადვოკატები ცდილობენ მის გამართლებას. 15 იანვარს არის ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა... ჯერ არ არის გამოძიებული ანის მკვლელობის საქმე, დამნაშავის დაკავება არის მნიშვნელოვანი და ოჯახი ელოდება სიმართლის გარკვევას.

(სპეციალურად საიტისთვის)