ქრისტეს შობის დღესასწაულის წარგზავნა ანუ ახალი წელი - ამბები, რომელიც არ იცოდით - კვირის პალიტრა

ქრისტეს შობის დღესასწაულის წარგზავნა ანუ ახალი წელი - ამბები, რომელიც არ იცოდით

31 დეკემბერი, საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ქრისტეს შობის დღესასწაულის წარგზავნაა. ამიტომ ტყუილად დაობთ - ვის გაუგია ჯერ ახალი წელი და შემდეგ შობაო, მაგრამ დღეს ამ საკითხზე არ ვწერ. დღეს გაგაცნობთ ამბებს, რომელიც ერთი საუკუნის წინ ხდებოდა, ახალ წელს, საქართველოს რეგიონებში და მთელი რიგი ამბები და სახელები დღეს აღარ არის შემორჩენილი.

დავიწყოთ იმით, რომ ახალი წელი კალანდობის სახელით არა ერთ რაიონშია ცნობილი. ვიწყებ რაჭით, სადაც კალანდობას ეძახდნენ. უპირველესად განვმარტოთ, რას ნიშნავს კალანდობა? სიტყვა "კალანდა" და რომაული "კალენდა" ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში. მაგალითად, რომში კალენდას ეძახდნენ თვის პირველ ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია „კალენდრის“.

რაჭაში 31 დეკემბერს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა და მოიტანდა შეშით სავსე მარხილს. შეშაზე დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა წაღმისკენ, პირით აღმოსავლეთით და ამგვარად უნდა მდგარიყო ნათლისღებამდე. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი, აცხობდნენ „ღორის სალოცვილს“. შუადღემდე ოჯახის მამაკაცს ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა. სართვიანი და ხმელა პური ცხვებოდა სულადობის მიხედვით. მოხარშული ღორის შიგნეულს ჩაურევდნენ პურს და აცხობდნენ ერთ განატეხს, ჯვარსახიანს, რომელიც მხოლოდ ქალებზე ნაწილდებოდა...

ლეჩხუმში „ჩიტის აზვრამდე“ დაკლავდნენ საკალანდო ღორს (ნეზვს). შესაძლოა, ნეზვი მზითევში მოყოლილი ყოფილიყო. ამ ღორის თავი ნათლისღებამდე ეკიდა სხვენზე. გააკეთებდნენ გვერგვს ან ჩიჩილაკს. უფრო მიღებული იყო გვერგვი. 31 დეკემბერს, საღამოს უნდა გამოეწყოთ ექვსი საოჯახო სალოცავი ტაბლა და მეშვიდე - უფრო დიდი „ღორის სალოცავი“. ლეჩხუმში ქალს უნდა დაელოცა საღორე, რომ სიმრავლე ჰქონოდა. კერიასაც სამჯერ ოჯახის ქალი ლოცავდა. ნავახშმევს გამოვიდოდა ოჯახის მოფეხე ანუ მეკვლე (ლეჩხუმში მას მკლოვიარეს ეძახდნენ). ეს მკლოვიარე გავიდოდა „ბურულში“ და თან წაიღებდა მომზადებულ მისალოცს.

მეფეხე რომ მიადგებოდა ოჯახს, ხმამაღლა დაიძახებდა: „აგუნამ ჩამეიარა, ჩვენი მამული ჩეიარა, წივი მეიტეხა; ღვინის ღვარი ააყენა: ისხა, ისხა, ისხა... გამოღმა კვირისთავი, გაღმა ვირის თავი, გამოღმა ყურძენი - გაღმა ფურცელი...“

ქვემო სვანეთში 31 დეკემბერს ლიძიენალ ეწოდება, ხოლო ზემო სვანეთში - იეშხვამ. სვანეთში დღის მთელი მომენტები იყო: ტყეში წასვლა, ხის მოჭრა და მკითხაობა ხის მოჭრის დროს; თხილის ტოტების, ხავსის და თეთრი ქვის მოტანა (ყველის სიმბოლო), დილის საუზმე, საიდუმლო ლოცვა, რომელზეც ახსენებდნენ ჯგრაგს (მონაგარს), დალს და სხვ. ტრადიციად იყო ღორის ლეზომახის მომზადება ანუ ზომხას დაკვლა. ლალყაჯის წესის შესრულება ანუ კენჭის ყრა გარეშე მეკვლისათვის და ხარისთვის, საახალწლო მისალოცის მომზადება და სხვა.

ზომხას (სიტყვასიტყვით ახალი წელი) ან „კანდას“ - „კალანდას“ შემოკლებულ ვარიანტს ეძახდნენ. საახალწლო საუზმეს ხაციცი ერქვა. სვანეთში ანსხვავებდნენ სახლის მეკვლეს (ქორა მგჭხში), წლის მეკვლეს (ლიცე მგჭშხი) და გარე მეკვლეს (ქამე მგჭხში).

სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს(ეს უძველესი სახელი აღდგენილია მკვლევრების მიერ) ერქვა ღეჯ-ხვამას (ღორის ლოცვა). ოჯახის უფროსი მოაწყობდა ჩიჩილაკს, მზადდებოდა ახალი წლის მისალოცი და ყველაფერი იდებოდა გობზე. მზადდებოდა სუროს და თხილის თაიგული „კვიკვილი“ იგივე სახელწოდება გვხვდება აფხაზური რიტუალის აღსანიშნავად. დიდი ყურადღება ეთმობოდა მთვარეს და მასზე მკითხაობას, თუ როგორი წელი იქნებოდა.

იმერეთში ახალი წლის წინა დღეს სახლში მოჰქონდათ სხვადასხვაგვარი მარადმწვანე და კენკროვანი მცენარეები. ყველაფერი საახალწლო მისალოცთან ერთად იდებოდა გობზე. ძილის წინ დიდი თუ პატარა, თავქვეშ ერთ ნაჭერ შაქარს იდებდა. გურიაში 31 დეკემბერს „ცხემლის ჭრა“ ანუ „შელოცვა“ ეწოდებოდა. ამ დღეს ცხვებოდა „საკაკვავი“ (საწესო პური გოჭის ფეხით) - ქალებისთვის. ცხვებოდა სპეციალური პურები: ბოკელი ჩიჩილაკისთვის, ოთხი დიდი პური - ე. წ საბასილობო. საღამოს იწყებოდა ლოცვა.

მთიულეთ-გუდამაყარში ახალი წლის ღამეს კუმეტობას ეძახდნენ. ამ ღამეს სხვასთან დარჩენა არ შეიძლებოდა. გარეთ გატანილ ნაკელს ერთად აგროვებდნენ და მაგრად ტკეპნიდნენ, რადგან სწამდათ, თუ კუმეტები ჩამოივლიდნენ და გადაშლილ ნაკელს დაინახავდნენ, ოჯახს დაწყევლიდნენ. ბავშვებს სულ ახალ ტანსაცმელს აცმევდნენ.

ხევში ყველა სუფრაზე გერგეთელი სასურველი სტუმარი იყო. ამ სოფლის გამორჩეულობა ახალი წლის რიტუალშიც აისახა. საღამოს წმინდა სამების დეკანოზი სოფელ გერგეთში თავის ოჯახში გამომცხვარ ცხრეულებს (პურის ფქვილისგან გამომცხვარ თხელ პურებს ან, როგორც ხევში ეძახიან, პეპლებს) ამაღლებული ადგილიდან გადაუყრიდა ხალხს და დალოცავდა. ცხრეულები ყველას თავისი ხარისთვის უნდა ეჭმია - ხვნაში მაგარი მუხლი ექნებათო.

ძველ საქართველოში, არა ერთ ადგილას, მოიხსენიება კლოვიარე იგივე მეკვლე.

ახალი წლის მეორე დღე, დასავლეთ საქართველოში ბედობის დღე იყო, რომელიც სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი.

რაჭაში ბედობის დღეს „ფეხის დაპწნა“ ეწოდებოდა. ამ დღეს ყველა ოჯახში ისევ იწვევდნენ კლოვიარეს ანუ მეკვლეს, ხელებს ღვინით ბანდნენ და კარგად ქეიფობდნენ.

ლეჩხუმში ბედობის დღეს ახლად შეძენილ მოყვრებს იწვევდნენ. ამ დღეს „ფეხდაპწნის წოულს“ ეძახდნენ.

ზემო სვანეთში ამ დღეს კუიმატ, კუიმტარეშ ეწოდებოდა. სრულდებოდა შიმი ლიფშუდე: მეზობლები - ქალები პურის ფქვილს და კაცები კი ვერცხლის ფულს ერთმანეთს უცვლიდნენ. სანამ ეს წესი არ შესრულდებოდა, მანამდე ოჯახიდან არაფერს გაასესხებდნენ.

გურიაში ბედობის დღეს ქათმის ფერხვა ეწოდებოდა. ოჯახში მიდიოდა მფერხავი. იგი შევიდოდა საქათმეში და უფერხავდა. ჩვეულებრივ, ეს ახალი წლის მფერხავი იყო (მისი არჩევა ოჯახის სურვილზე იყო) და მიაჩნდათ, რომ მფერხავის თვისებებზე იყო დამოკიდებული მთელი წლის მანძილზე არა მარტო ქათმებისა და შინაური ცხოველების, არამედ - მთლიანად ოჯახის კეთილდღეობაც.

სამწუხაროდ, დაწვრილებით ვერ გიყვებით საინტერესო ფაქტებს და შესაძლოა, გამომრჩა რომელიმე კუთხე, რომელსაც შობას აუცილებლად დავუბრუნდები.

აქ მხოლოდ ერთ რამეს დავამატებ. ახალ წელს ხშირად მოიხსენიება ბასილა. მას ავედრებენ კიდევ ოჯახის კეთილდღეობას. საიდან მოდის ეს? აქ საუბარია ბასილი დიდ კესარიელზე, რომლის ხსენება 1 იანვარსაა. იგი მოღვაწეობდა კაბადოკიის ქალაქ კესარიაში. წმინდა ბასილი, მისი ოჯახის წევრები და მისი ძმა გრიგოლ ნოსელი ქრისტიანულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. ბასილი დიდს დიდი წვლილი მიუძღვის წმინდა სამების გააზრების, თეოლოგიურად ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების საქმეში...

მშვიდობიანი და ბარაქიანი 2024 წელი გაგვითენდეს მთელ საქართველოს!