პუტინის შემზარავი გეგმები: ევრაზია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე - შეძლებს თუ არა დასავლეთი მთავარი საფრთხის დამარცხებას?!
ავსტრიული გაზეთი „დერ სტანდარდი“ (Der Standard) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რას ვერ აცნობიერებენ ვლადიმერ პუტინის მომხრეები“ (ავტორი - ჰანს რაუშერი), რომელშიც განხილულია რუსეთის პრეზიდენტის გეგმები, მსოფლიოში ახალი წესრიგის დასამყარებლად.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როცა ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს რუსეთის იმპერიალისტურ მიზნებზე ლაპარაკობენ, დისკუსიაში ყოველთვის უნდობლობა იგრძნობა ხოლმე.
"დიახ, კრემლს შესაძლოა, მართლაც სურს უკრაინის სრული გაკონტროლება, მაგრამ ეს მისი უფლებაა“, - ასე თვლის ბევრი პიროვნება, ვისაც მე ვესაუბრე, - „მაგრამ ვლადიმერ პუტინი და, ზოგადად, რუსეთის ხელისუფლება არასოდეს მოითხოვს და არ მოისურვებს იმაზე მეტს, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს მიღმაა და არასოდეს დაემუქრება ევროპას“.
ასეთი მსჯელობის მიხედვით გამოდის, რომ სამი ბალტიისპირა სახელმწიფო (აგრეთვე, საქართველო და სხვები...) კვლავ კრემლის კონტროლის ზონაში მოექცევა. ეს არის ის შემთხვევა, როცა ვლადიმერ პუტინისეულ იმპერიალიზმს (ანუ იმავე რუსულ იმპერიალიზმს) სათანადოდ არ აფასებენ და ფუნდამენტურად ვერ აცნობიერებენ მის ხასიათს.
გრძელვადიანი გეგმა: „რკინისხელიანი“ ძალების დრო
ვლადიმერ პუტინი გავლენის სფეროებზე ფიქრობს. იგი მიიჩნევს, რომ „დეკადენტური“ [„დამპალი“] დასავლეთის ბატონობის ეპოქა დასრულდა და ახლა მსოფლიოს ისეთი ავტორიტარული [„რკინისხელიანი“] ძალები უნდა მართავდნენ, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი და - ირანიც კი. რამდენადაც რუსეთი (ჩინეთისაგან განსხვავებით) ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენს და მხოლოდ საკუთარ ნედლეულზეა დამოკიდებული, მოსკოვი ფიქრობს, რომ ინვესტიციებს და ტექნოლოგიებს უფრო მდიდარი დასავლეთიდან მიიღებს. კრემლს დასავლეთში შეჭრა არ სჭირდება, ის შეეცდება ევროკავშირში განხეთქილების შეტანას და ეკონომიკურ შანტაჟირებას (რასაც, პრაქტიკულად, უკვე აკეთებს კიდეც). ამ საკითხში ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებად ითვლებიან ევროპის უკიდურესად მემარჯვენე პარტიები და ზოგიერთი ავტორიტარული ქვეყანა.
ევროპაში რუსული გავლენის წარმატებით გაფართოების ძირითად დაბრკოლებას, ევროკავშირთან ერთად, ნატო და მისი წამყვანი სახელმწიფო - აშშ წარმოადგენს. ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთმა ნატოს თავისი „სამშვიდობო გეგმა“ წაუყენა, რაც საბოლოო ჯამში, იმას ნიშნავდა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავის აღმოსავლეთევროპელ წევრებზე უარი უნდა ეთქვა. ახლა ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ნატოს დაასამარებს.
ისტორიას თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ვლადიმერ პუტინს ამ საკითხში გრძელვადიანი გეგმა აქვს. 2001 წელს იგი გერმანიის ბუნდესტაგში მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რომელიც რუსეთთან ახალი, მშვიდობიანი ურთიერთობის დაწყებად შეფასდა. მაგრამ ცოტამ თუ გაამახვილა ყურადღება, რომ რუსეთის ლიდერმა, იმავდროულად, ევროპას მოუწოდა, დაევიწყებინა აშშ და ფსონი რუსეთზე დაედო: „არავის შეაქვს ეჭვი აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობის დიდ მნიშვნელობაში, მაგრამ მე ვთვლი, რომ თუ ევროპა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებს დაეყრდნობა, ის უფრო მეტად გაძლიერდება და განვითარდება“.
ახალი მსოფლიო წესრიგი
ამრიგად, „ევრაზია“ ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე - რა თქმა უნდა, რუსეთის კონტროლით და დომინირებით. ეს ის კონცეფციაა, რომლის პროპაგანდას იმ დროიდან რუსი მაღალჩინოსნები და იდეოლოგები ეწევიან.
ვლადიმერ პუტინი ამ კონცეფციის ერთგულია, 22 წლის შემდეგაც, თუმცა უკვე არა მშვიდობიანი საშუალებებით, არამედ - ძალადობრივი, აგრესიული მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვაცნობიერებდით კრემლის იმპერიალისტურ აზროვნებას. დასავლეთი ფიქრობდა, რომ რუსეთის პოლიტიკაში გარდაქმნები დასავლეთთან მოგებიანი ვაჭრობით მოხდებოდა, მაგრამ შეცდა - მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინს განზრახული აქვს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება, რომლის დროსაც მოსკოვი ევროპაში გაბატონდება და გლობალურ კონკურენციაში გაიმარჯვებს. უკრაინა ამ შემთხვევაში ერთ-ერთ, ნაკლებად მნიშვნელოვან „გვერდით მსხვერპლს“ წარმოადგენს. მაგრამ ის ფაქტი, რომ კიევი წარმატებულად იცავს თავს, ევროპას შესაძლებლობას აძლევს, უკეთ მოემზადოს ახალი საფრთხის მოსაგერიებლად.
მოამზადა სიმონ კილაძემ