"გიორგი ამ დროს ამოძრავდა... კიდევ და კიდევ ურტყამდა, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებდით, გაშეშებულები ვუყურებდით " - რა დეტალებზე საუბრობს ჩვენი დროის ერთ-ერთი სასტიკი მკვლელობის "ოქროს მოწმე"?
ა.წ. 26 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე სამი პირი ალექსანდრე ახვლედიანი, დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე დააკავა, სამივე დაკავებულს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ედება. ერთს კი, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მან მკვლელობიდან მალევე დატოვა ქვეყანა. ახლობლების თქმით, ის ლონდონში იღებდა განათლებას და სწავლის პროცესს დაუბრუნდა. სწორედ ის გახლავთ ჩვენი დროის ერთ-ერთ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული. ამ ცოტა ხნის წინ ბაჟუნაიშვილი დიდ ბრიტანეთში დააკავეს, თუმცა საქართველოსთვის ჯერ არ გადმოუციათ. ამ დროისთვის მიმდინარეობს ექსტრადიციის მომზადების პროცესი.
სასტიკი მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს ჩვენება "ოქროს მოწმემ“ ალექსანდრე ახვლედიანმა 26 დეკემბერს მისცა და მომხდარი დეტალურად გაიხსენა. დაკავებულს პოლიციისთვის უკვე მიცემული ჰქონდა აღიარებითი ჩვენება, რაც პროცესზეც დაადასტურა.
"ჩავედი ნაკადულთან და დავინახე, რომ გიორგი იწვა და ზემოდან ეჯდა ალექსანდრე და ურტყამდა მარჯვენა ხელს. მივვარდი, ხელი დავუჭირე და ვყვიროდი: გაჩერდი, გაჩერდი-მეთქი! გიორგი ამ დროს ამოძრავდა, ტირილი ამიტყდა. ალექსანდრემ მითხრა, დაწყნარდიო და გააგრძელა დანის დარტყმა... კიდევ და კიდევ ურტყამდა, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებდით, გაშეშებულები ვუყურებდით, წარმოუდგენელი იყო მსგავსი რამ..." - თქვა ახვლედიანმა სასამართლო პროცესზე, რომლის კადრებსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს
მისი თქმით, მკვლელობის შესახებ იცოდნენ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამამ და ბიძამაც, რომელიც სასულიერო პირია და რამდენიმე თვის წინ გირაოთი გაათავისუფლეს. ახვლედიანის თქმით, სწორედ ბაჟუნაიშვილის მამა იყო ის, ვინც მომხდარის მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა და აიძულებდა, მომხდარზე არავისთან ელაპარაკათ.
პროკურორის განცხადებით, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა სტუმრად მყოფი გიორგი ალხანიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გიორგი ალხანიშვილს 19 ჭრილობა ჰქონდა მიყენებეული.