მარინკა დაეცა, ავდეევკას ალყა ემუქრება - რუსული "ურდოს" ოთხი პრინციპი და ზალუჟნის დიდი შეცდომა
2023 წლის მიწურულს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბოლოსდაბოლოს შეძლეს მარინკის დაპყრობა, უფრო სწორად იმ ნანგრევების, რომელიც ომამდე ერთ პატარა დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა, მაგრამ რუსმა ოკუპანტებმა ის მიწასთან გაასწორეს, რადგან მარინკა ოკუპირებულ დონეცკთან იყო მიბმული, ისინი კი ომის 22 თვის განმავლობაში მას ვერ იპყრობდნენ...
მკითხველს რომ წარმოდგენა შეექმნას - მარინკაში ომამდე 10 ათასი კაციც კი არ ცხოვრობდა ანუ ერთი დიდი სოფლისხელა თუ იყო, მაგრამ მის გამო გააფთრებული ბრძოლები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრორუსმა დონბასელმა სეპარატისტებმა, რუსეთის არმიისა და სპეცსამსახურების ფარული მხარდაჭერით, ქალაქ დონეცკზე კონტროლის აღება შეძლეს.
მათ სურდათ, რაც შეიძლება დასავლეთით გადაეწიათ ის ფრონტის ხაზი, რომელიც, ფაქტობრივად, ეკვროდა ოკუპირებული დონეცკის დასავლეთ ნაწილს და ამიტომაც მარინკის (სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე) და ავდეევკის (ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე) დაპყრობა დონბასელი პრორუსი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი რუსი ოკუპანტების ერთ-ერთ მთავარ საბრძოლო ამოცანას წარმოადგენდა, ბოლო 9 წლის განმავლობაში...
თუმცა ეს სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, როდესაც რუსეთმა ღია სამხედრო აგრესია წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ და მართლაც უცნაური სიტუაცია შეიქმნა - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევთან გასვლა შეძლეს, დაიკავეს უკრაინის სამხრეთის დიდი ნაწილი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში... და ამ დროს ვერ ახერხებდნენ ორი პატარა დასახლებული პუნქტის - მარინკასა და ავდეევკას დაპყრობას, რომლებიც, ფაქტობრივად, დონეცკთან არიან გადაბმულნი...
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელსაც ახალი რუსული იმპერიის შექმნის იდეა მოსვენებას არ აძლევს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ანუ რუსეთის ფედერაციასთან ფორმალური მიერთება უკვე დაიწყო, მაგრამ მას სურს, რომ დონეცკის ოლქიც სრული შემადგენლობით შევიდეს ამ „სიაში“, მაგრამ ეს შეუძლებელია, სანამ რუსეთის საოკუპაციო ძალები მთლიანად არ დაიპყრობენ ამ ოლქს ქალაქების - კრამატორსკისა და სლავიანსკის ჩათვლით...
თუმცა ოკუპირებული დონეცკიდან სლავიანსკამდე ბრძოლებით ჯერ კიდევ 90 კმ-ია გასავლელი, რაც ურთულეს ამოცანას წარმოადგენს რუსი ოკუპანტებისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რა დრო დასჭირდათ და რა ძალები დახარჯეს მათ დონეცკს მიბმული „დიდი სოფლის“- მარინკის ბოლოსდაბოლოს დასაპყრობად.
ავდეევკის ბედიც ეტყობა გადაწყვეტილია და უკრაინის დამცველებს ახალი წლის შემდეგ, ალბათ, მოუწევთ მისი დათმობაც... მაგრამ ამით ომი არ მთავრდება...
რუსეთ-უკრაინის ომში ერთი დამახასიათებელი ნიშანი გამოჩნდა - უკრაინელი მებრძოლები და სხვა ქვეყნების ის წარმომადგენლები, რომლებიც იარაღით ხელში ეხმარებიან მათ, გასაოცარი სიჯიუტით იცავენ უკრაინული მიწის თითოეულ გოჯს (თუმცა, ამასთან, თითქმის უბრძოლველად დათმეს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე მელიტოპოლი და ბერდიანსკი) - ასე იყო დონეცკის აეროპორტის დაცვისას და ასე არის დღეს ბახმუტთან, მარინკასთან თუ ავდეევკასთანაც...
თუმცა ხშირად ეს თავგანწირული თავდაცვა არ ღირს იმ დანაკარგებად, რასაც ამ ბრძოლებში უკრაინული მხარე განიცდის - ომების ისტორია გვასწავლის, რომ ბრძოლაში უკანდახევა სირცხვილი არ არის, თუკი აუცილებელია მეომრების სიცოცხლის შენარჩუნება და სამხედრო ტექნიკის გადარჩენა ახალ, უფრო მოგებიან თავდაცვის ზღუდეებზე, ახალი ბრძოლების გასამართავად...
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ზალუჟნიმ აღიარა - ჩემი შეცდომა ის გახლდათ, რომ ვერ წარმოვიდგენდი, ამხელა საბრძოლო დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის არმია ომს კიდევ თუ გააგრძელებდაო...
არადა, ეს მართლაც უდიდესი შეცდომაა...
Задавим числом!
За ценой не постоим!
Война всё спишет!
Бабы ещё нарожают!
აი, ის ძირითადი პოსტულატები, რომლებითაც საუკუნეების მანძილზე ხელმღვანელობდა და ხელმძღვანელობს მეფის რუსეთის, საბჭოთა რუსეთისა თუ პუტინის რუსეთის გენერალიტეტი.
პირველი - რიცხოვნობით გადავთელავთ! ეს იყო და არის რუსეთის/საბჭოთა არმიის სხვადასხვა დონის მეთაურობის ბრძოლის ველზე მოქმედების ძირითადი ტაქტიკა, როდესაც გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ პირად შემადგენლობასა და სამხედრო ტექნიკაში წმინდა რაოდენობრივ უპირატესობას ანიჭებენ და არა - იმავე ჯარისკაცების უკეთესად მომზადებას და საბრძოლო ტექნიკის მაღალტექნოლოგიურობას.
მეორე - დანაკარგების რაოდენობაზე არ ვიფიქრებთ! ამას ამართლებს თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს რომელიმე უსახელო გორაკს შეწირული ათასობით წითელარმიელის (მათ შორის - საქართველოდან გაწვეულების) სიცოცხლე, როდესაც მეთაური ჯიუტად ცდილობდა მის აღებას, თუმცა ის არავითარ ტაქტიკურ უპირატესობას არ იძლეოდა.
უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციებში კი ათიათასობით მებრძოლის სიცოცხლეს არანაკლები სიჯიუტითა და სიბრიყვით წირავდნენ.
მესამე - ომი ყველაფერს ჩამოწერს! აი, სწორედ ამის იმედი აქვთ იმ რუს სამხედროებს, დაწყებული გენერლიდან, დამთავრებული უბრალო ჯარისკაცით, რომლებიც უკრაინაში დღეს სამხედრო დანაშაულს სჩადიან, მანამდე კი იმავეს აკეთებდნენ ჩეჩნეთში, საქართველოსა და სირიაში. მოროდიორობა, ტყვეების წამება-დახვრეტა, გაუპატიურება და კიდევ ათასი სახის საშინელება, რასაც რუსი ოკუპანტები დაპყრობილი ქვეყნების ტერიტორიებზე სჩადიან და იმედი აქვთ, რომ ომი ამას ჩამოაწერთ...
მეოთხე - ქალები ბავშვებს ისევ გააჩენენ! ეს მიდგომაც არ არის უცხო რუსეთის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი - პროპაგანდისტული ტელევიზიებით ზომბირებული რუსეთის იმ მიყრუებული სოფლების მაცხოვრებლებისთვის, რომელთათვის საამაყოა რუსეთის მიერ ახალი მიწების დაპყრობა, თვითონ კი მოხარშულ კარტოფილსა და თვითნახად არაყსაც დასჯერდებიან, სამაგიეროდ, იამაყებენ, რომ მათმა შვილმა რუსეთის სიძლიერისთვის თავი გასწირა სადღაც, შორს, უკრაინის სტეპებში და მერე რა, რომ ცხედარიც არავინ ჩამოუსვენა (ან რას ჩამოუსვენებდნენ, როდესაც ბრძოლის ველზე დაჭრილი თავისიანებმა მიატოვეს, შემდეგ მშიერმა ძაღლებმა დაგლიჯეს), სამაგიეროდ, ადგილობრივი სამხედრო კომისარიატი ბეჭდიან ქაღალდს გადასცემს, რომ მათი შვილი ბრძოლაში გმირულად დაიღუპა...