"მიჭირს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ... ყველა ბავშვს ემუქრება საფრთხე!" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა ახალ დეტალებს ჰყვება
"გთხოვთ გააზიაროთ!!! ამ ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა. გთხოვთ კარგად დააკვირდეთ, ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება 10 000 დოლარით. ანონიმურობა გარანტირებულია",_ ამ შინაარსის სტატუსი ცოტა ხნის წინ ფეისბუქის გვერდზე ანი იანუშაიტიტეს დედამ, ნატო ხუტაშვილმა დადო და ფოტორობოტის ფოტოც გაავრცელა. ის საზოგადოებას ისევ დახმარებას სთხოვს.
"პალიტრანიუსის" ეთერში დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა ახალ დეტალებს ჰყვება:
"მინდა გავიმეორო და ვთქვა, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც როგორ ტოვებს მკვლელი ტერიტორიას, გარბის და შედის ბნელ ადგილზე, მოსჩანს მისი აღნაგობა, ფიგურა, ამით შესაძლებელია მისი დაიდენტიფიცირება, ასევე მე გიდასტურებთ, რომ დავდე ფოტორობოტი, რომლის მიხედვითაც ვეძებ იმ პიროვნებას, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე მოუსწრაფა, დავდე ფულადი ჯილდო და ყველას ვთხოვ, თუ გეცნობათ აღნიშნული პიროვნება, შემეხმიანეთ ჩემს ფეისბუქგვერდზე.
იყო მოთხოვნა, რომ შექმნილიყო ფოტორობოტი, ეს გაიწელა დროში, თუმცაღა ეს გაკეთდა სექტემბრის თვეში, ჩადებულია საქმეში და გაგზავნილია ყველა რეგიონში, პოლიციის განყოფილებებში და მეც გადავწყვიტე, რომ მიმერთა საზოგადოებისთვის, ვინაიდან საზოგადოებამ არ იცოდა ამ ფოტორობოტის შესახებ, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც შემეხმიანა, ბევრი მაწოდებს გარკვეულ ინფორმაციას და ვამუშავებთ ამ ყველაფერს.
მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი შვილი აღარ გაცოცხლდება, მაგრამ სანამ მკვლელი ქუჩაში თავისუფლად დათარეშობს, ყველას ემუქრება საფრთხე, ყველა ბავშვს, ყველა ახალგაზრდას, არავინ არ არის დაცული, რომ მას არ ექნება რეციდივი და უფრო უარესს არ გააკეთებს" - ამბობს ნატო ხუტაშვილი,