"ბიძინა მიმიყვანდა რომელიმე ნახატთან და მიხსნიდა, მაგრამ ვეუბნებოდი, ბოდიში, ბიძინა, მაგრამ მე ამას ვერასდროს გავიგებ-მეთქი" - რას ჰყვება გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"ბიძინა მიმიყვანდა რომელიმე ნახატთან და მიხსნიდა, მაგრამ ვეუბნებოდი, ბოდიში, ბიძინა, მაგრამ მე ამას ვერასდროს გავიგებ-მეთქი" - რას ჰყვება გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში უმეტესად პოლიტიკური საკითხებით ხვდება ხოლმე, ამჯერად კი მას აპოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით, თუმცა დასაწყისისთვის უმნიშვნელოვანესი და წლის მთავარი თემის შეფასება - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და 2023 წლის შეჯამება ვთხოვეთ.

"კვლავ რჩება შანსი იმისა, რომ ე.წ. ტრიოს წამოვეწიოთ"

- 2023 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი­ ის იყო, რითაც დასრულდა წელი - საბედ­ნიეროდ, პოზიტიურად და მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. როგორც ჩანს, ევროკავშირისთვის პარტნიორების შენარჩუნება მნიშვნელოვანია და მათ სწორი, ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან კითხვები არის, მათ მიიჩნიეს, რომ ქართველი ხალხი, საზოგადოება იმსახურებს, რომ ევროპის კარი არ ჩაიკეტოს. სტატუსის მიღება კარგია, თუმცა წლის განმავლობაში ჩვენ ჩამორჩენა დავაფიქსირეთ, ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა რომ გაეტარებინა ევროკავშირთან ურთიერთობაში, დღეს, ალბათ, კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყებოდა გაწევრებაზე, ისევე, როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. რადგან კარი ჩაკეტილი არ არის, კვლავ რჩება შანსი იმისა, რომ ე.წ. ტრიოს წამო­ვეწიოთ. პირდაპირ ვთქვათ, უკრაინაში რომ ომი არ ყოფილიყო, სტატუსს არ მოგვცემდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ სამყაროს, მომავალი მსოფლიო წესრიგის ბედი დღეს უკრაინაში წყდება, მათ შორის, საქა­რთველოსი. რთული წელი იქნება და ჩვენი ინტერესი უკრაინის რაც შეიძლება მალე გამარჯვება უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს იქნება­ ჩვენი­ წინსვლის საფუძველი, ნებისმიერ სხვა შემთ­ხვევაში, კვლავ აღმოვჩნდებით რუსეთის გავლენის სფეროში.

მთავარი საკითხი ეს იყო, დანარჩენი­ რაც ხდებოდა, ქართულ რეალობაში ახალი­ არ იყო - დაპირისპირება, პოლარიზაცია­, ურთიერთაგრესია, ურთიერთბრალდებები. წარმოუდგენელი ვიდეოკადრები ვნახეთ დაკავშირებული სახელმწიფოს მეთაურთან. იმ ზეიმზე სალომე ზურაბიშვილი ბევრად უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ხელისუფლება - ის იყო ხალხთან, ხელისუფლება კი - ხალხის ზემოთ. რეალურად, ზურაბიშვილის როლი სტატუსის მიღების საკითხში ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო, მთელ ამ პროცესში ის მთავარი ლობისტი იყო. არ აჰყვა ემოციებს და მაინც ქართული სახელმწიფოსთვის იბრძოდა. ხელისუფლება ასე არ ფიქრობს და მისი განწყობა გასაგებია.

ჩვენ ახლა მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისში ვიმყოფებით, ეს გზა კი ძალიან მძიმე იქნება. შემდეგი ნაბიჯები უკვე დამო­კიდებული იქნება არა იმაზე, ვინ რა ტრიუკებს ატარებს, არამედ იმაზე, თუ რეალურად რამდენად მოვიყვანთ ქვეყანას იმ თამაშის წესებთან შესაბამისობაში, რაც ევროკავშირს აქვს. ევროკავშირი ჩვენთვის­ გეოგრაფიული არჩევანი და თვითმიზანი ხომ არ არის, ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ ფასეულობითი არჩევანი გავაკეთოთ, ის სიკეთეები მოვუტანოთ ქვეყანას, რაც ევროკავშირისთვისაა დამახასიათებელი. ადამიანს კი რა უნდა? კეთილდღეობა და თავისუფლება. სამწუხაროდ, დიდი იმედი და ილუზია არა მაქვს, რომ ხელისუფლება­ ზნეს შეიცვლის და რეალურ რეფორმებს გაატარებს, ან ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სინქრონიზაციას მოახდენს ევროკავშირის პოლიტიკასთან; ან ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს ისე, რომ ბოროტად არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი.

ბესტსელერი

- 2023 წელი პირადად ჩემთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩემი წიგნი გამოვიდა. ბევრი ადამიანის მოსაზრება მოვისმინე ჩემს წიგნზე და ძალიან სასიამოვნოა, რომ წლის ერთ-ერთი ბესტსელერია. რა ჯობია, როცა ადამიანს აქებენ, თანაც გულწრფელად, ქუჩაში რომ მიდიხარ და მანქანებიდან მოგესალმებიან - ყველასთვის მნიშვნელოვანია ასეთი დამოკიდებულება.

ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ მუდმივად მიმდინარე პროცესების ეპიცენტრში ვიყავი და ამ წიგნით ბევრმა ადამიანმა უფრო სწორად დაინახა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ვეცადე მაქსიმალურად გულწრფელი ვყოფილიყავი და ეს წიგნი ავაგე არა ერთიან ისტორიაზე, არამედ ფრაგმენტებზე, რომლებშიც კარგად ჩანს ისტორიული კანონზომიერების სვლა. ვფიქრობ, კიდევ გავაგრძელო, სადაც უფრო დეტალურად მიმოვიხილავ ამ თემებს.

"შეიძლება დავბერდი"

- ხელოვნება ძალიან მიყვარს და ხშირად დავდიოდით კიდეც კულტურულ ღონისძიებებზე, ოღონდ "წინა ცხოვრებაში". თანამედროვე ტექნოლოგიებმა ძალიან გაგვაზარმაცა, რადგან ინტერნეტსივრცეში უკვე ყველაფრის ნახვა შეგვიძლია. ხალხმრავალ ადგილებში სიარულს გადავეჩვიე, თითქოს ასოციალური გავხდი. მაგალითად, "პალიტრანიუსისთვის" გადაცემას სახლში ვწერ, ჩართვებიც, ძირითადად, სახლიდან მაქვს. თავისი როლი პანდემიამაც ითამაშა, მაგრამ მხოლოდ ეს არაა მიზეზი, ამ გარემოში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ხშირად მიწვევენ სხვადასხვა შეხვედრაზე, კონფერენციაზე, მაგრამ პრაქტიკულად, არსად დავდივარ; უცხოეთშიც ბევრი მიწვევა მაქვს, მაგრამ არ მინდა, თვითმფრინავში ჩაჯდომა მეზარება. სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით წავიდოდი თეატრში, თუმცა დღევანდელობასთან მორგება ჩემი თეატრალური გემოვნებით­ ძალიან მიჭირს. ძველ სპექტა­კლებს ხშირად ვუყურებ, ვიდეოჩანაწერი არსებობს. ქართული ფილმებიც ძველი უფრო მომწონს. შეიძლება დავბერდი და ამის ბრალია.

ჩემი საყვარელი მწერალი ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ხულიო კორტასარია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. ძალიან ვაფასებ მიხეილ ჯავახიშვილს, კონსტანტინე გამსახურდიას. ლიტერატურა ძალიან მიყვარს და პრაქტიკულად, ყველაფერი წაკითხული მაქვს, ბავშვობიდან მოყოლებული, შემდეგ კლასიკა და ა.შ. ზოგიერთი წიგნი რომ არ იშოვებოდა, ვაქსე­რ­ოქსებდი და ისე ვკითხულობდი, მაგალითად, ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი" ასე წავიკითხე. ახლა ვცდილობ უფრო მსუბუქი­ ლიტერატურა ვიკითხო, ფანტასტიკა და დეტექტივი, რადგან დღეს იმხელა­ ინფორმაციული ნაკადია, წიგნზე დაფიქსირება რთულია. მე ასეთი რიტუალი მაქვს - დაახლოებით ღამის 10 საათზე ყველაფერს ვთიშავ, გაჯეტებს, რაც მიბინძურებს ცნობიერებას, ვწვები და ვიწყებ წიგნების კითხვას, სანამ არ ჩამეძინება. თუ ძალიან გამიტაცა, ღამეც გამითენებია.

მიმაჩნია, რომ თანამედროვე ხელოვნება­ ბიზნესი უფროა, ვიდრე რეალური ხელოვნება. მე აღორძინების ხანის კლასიკოსები­ მირჩევნია. ის ნამდვილად მომწონს, "ჯოკონდას" ნამდვილად ვაღიარებ. მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერია და თავის სასახლეში ბევრი ნახატი აქვს, მე კი თანამედროვე ხელოვნებას ვერ აღვიქვამ. რატომ უნდა მომეწონოს რაიმე, ან არ უნდა მომწონდეს, უბრალოდ, ვერ ვხვდები. ბიძინა კი ცდილობდა ხოლმე აეხსნა ჩემთვის, მიმიყვანდა რომელიმე ნახატთან და მიხსნიდა, მაგრამ ვეუბნებოდი, ბოდიში, ბიძინა, მაგრამ მე ამას ვერასდროს გავიგებ-მეთქი.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატია სრულად - "წმინდა ავგუსტინე იმდენად მგავს, ლამის რეინკარნაციის დავიჯერე"