5 მთავარი მოვლენა, რომელიც 2024 წელს საქართველოს ელოდება: სალომე ზურაბიშვილის გადადგომიდან ჩინეთთან უვიზო რეჟიმამდე?! - "კვირის პალიტრის" პროგნოზი - კვირის პალიტრა

5 მთავარი მოვლენა, რომელიც 2024 წელს საქართველოს ელოდება: სალომე ზურაბიშვილის გადადგომიდან ჩინეთთან უვიზო რეჟიმამდე?! - "კვირის პალიტრის" პროგნოზი

ექსპერტებთან ერთად შევეცადეთ იმ მთავარი მოვლენების პროგნოზი გაგვეკეთებინა, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს 2024 წელს ელოდებ

1. მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირთან

კორნელი კაკაჩია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) დირექტორი:

- მომავალი წლის არჩევნები იქნება ქვეყნისთვის გზაგასაყარი, რადგან თუ არჩევნები ჩაივლის ისე, რომ მისი სამართლიანობის შესახებ კითხვები დაისვა როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებგარეთ, ეს შეაფერხებს არა მარტო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, არამედ საქართველოს ევროპეიზაციასაც, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. გარდა­ ამისა,­ ეს გამოიწვევს ქვეყანაში დესტაბილიზაც­იას.­ თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება, ეს მოლაპარაკებების დაწყების შანსს გვაძლევს და ქვეყანაში სტაბილიზაციასაც შეუწყობს ხელს, მით უმეტეს, თუ პარლამ­ენტში ბევრი პარტია იქნება და ოპოზიციასაც მიეცემა პროცესებში მონაწილეობის­ საშუალება. თუმცა იმის ზუსტად თქმა, დეკემბერში­ დავიწყებთ თუ არა მოლაპარაკებებს, ცოტა ძნელია, რადგან­ დღევანდელი­ დინამიკიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მომავალ წელს პოლარიზაცია უფრო გამწვავდეს. არც ხელისუფლებას შეუცვლია რიტ­ორიკა და არც ოპოზიცია აპირებს რაიმეს შეცვლას. ამიტომაც, სავარაუდოდ ჩვენ ისევ იმ წრეში ვიტრიალებთ. \

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი: - ჩემი პროგნოზი, პრინციპში, წინაზე კი გამართლდა, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემდნენ. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებას დაიწყებენ. უფრო მეტიც, შესაძლოა ეს მოხდეს უფრო ადრე, ვიდრე გვგონია.

2. შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი გახდეს

კორნელი კაკაჩია: - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არათანმიმდევრულია მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს კითხვის ნიშანს უსვამს მის თავსებადობას სხვა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ნებასთან. არც ის არის გამორიცხული, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად დიდი კოალიცია შეიქმნას. ჯერ ამაზე საუბარი ნაად­რევია, პოლიტიკური გადალაგება უფრო მომავალ თვეებში დაიწყება. ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მას შეუძლია საზოგადოების ნების გამოხატვა პოლიტიკაში.

დავით ზურაბიშვილი: - კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეძლებს გამონახოს თავის თავში ძალა, რომ გახდეს არანაცური გაერთიანების ერთგვარი სიმბოლური ლიდერი. მთავარია, ეს გაერთიანება იყოს "ნაცმოძრაობისგან" ცალსახად გამიჯნული. სასურველია გახდეს არა ისეთი ლიდერი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი რომ ხდება, არამედ დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე და თან მისი დროშით გაერთიანდეს საზოგადოება. ასეთ გაერთიანებას­, ვფიქრობ, ექნებოდა დიდი პერსპექტივა იმისა, რომ მართლა იქნებოდა გამარჯვების­ კოალიცია. ახლა რაც ხდება, თუ ასე გაგ­რძელდა, ვფიქრობ, რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიონ, გახარიას პარტია იქნება,­ მელიას ახალი პარტია, "ნაცმოძრაობა" თუ სხვა, პირველ ადგილზე მაინც ხელისუფლება­ გავა. უბრალოდ, გააჩნია დანარჩენი პარტიების ჯამს. ამიტომაც არის სასურველი, რომ ზურაბიშვილი ჩაუდგეს ამ ფორმით სათავეში არანაცურ ოპოზიციას.

3. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის გაძლიერება

გიორგი ბილანიშვილი, "საქართველოს უნივერსიტეტის" მკვლევარი: - ევროკავშირის კანდი­დატის­ სტატუსის მიღება და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყება, ცხადია, ნიშნავს რეგიონში დასავლეთის გავლენის გაძლიერებას, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს. ჯერ ერთი, ის კომპონენტები, რომლებსაც ბოლო ხანს აქტიურად იყენებენ, კერძოდ, პრორუსულ პროპაგანდას, შენარჩუნებული­ იქნება. კვლავ გაგრძელდება საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის ცდები. ჩემი აზრით, გაჩნდება ახალი კომპონენტიც - რუსეთი შეგვიქმნის ილუზიას, თითქოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი უჩნდება. ამის ნიშნები უკვე აშკარაა.

4. კავკასიაში თურქეთის როლის გაზრდა

ზურა ბატიაშვილი, საქართველოს სტრ­ატ­ეგიისა და საერთაშორისო ურთიე­რ­თობ­ების კვლევის ფონდის (GFSIS) მკვლევარი­:

- თურქეთი ნატოს წევრი ერთადერთი­ ქვეყანაა, რომელიც კავკასიას ესაზღვრება. მომავალ წელს გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები, რომელსაც რეალურად ადგილობრივ არჩევნებზე მეტი დატვირთვა ექნება. კერძოდ, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია ანკარისა და სტამბოლის მერის თანამდებობების დაბრუნებას. ეს ერთგვარად პრესტიჟის საქმეც არის. მეორე მხრივ, თურქეთის ეკონომიკა არც ისე კარგ დღეშია - 1 აშშ დოლარი უკვე 30 თურქული ლირა ღირს და ეს გრძელდება, რაც თურქეთში მომავალ წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება. საგარეო ასპარეზზეც არაერთი გამოწვევა აქვთ: დასავლეთსა და რუსეთთან ურთიერთობა, სირიაში სამოქალაქო ომი, სადაც ამა თუ იმ ფორმით თურქეთი ყოველთვის არის ჩართული. თურქეთს აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვს. ამის დასტური იყო თუნდაც ყარაბაღის კონფლიქტში მისი ჩართულობა. ამიტომ ახლა მთავარია, რა პროცესები განვითარდება კავკასიის, შავი ზღვის რეგიონში, ბევრი რამ იქნება ისევ დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე.

გიორგი ბილანიშვილი: - რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება, ასევე როგორ გადაწყდება ზანგეზურის დერეფნის საკითხი - საზოგადოდ, აღდგება და განვითარდება თუ არა პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის. უნდა დავაკვირდეთ იმასაც, თუ როგორ შეიძლება­ შეიცვალოს ბალანსი რუსეთს და თურქეთს­ შორის ჩვენს რეგიონში. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ აშშ და ევროკავშირი რა მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და ურთიერთობის ნორმალიზებაში. რაც შეეხება თურქეთს, მას რამდენიმე მიმართულებით უწევს მოქმედება.­ ბოლო დროს მისთვის უფრო საყურადღებო გახდა ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტი­. თურქეთი შეეცდება ჩვენს რეგი­ონში ბოლო დროს გამყარებული პოზიცია უფრო გაიმყაროს უპირველესად იმით, რომ სომხეთთან ურთიერთობაში პროგრესს მიაღწიოს და ამ გზით უფრო აქტიურად შემოვიდეს რეგიონში.

5. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი

ჩვენ მეხუთე მნიშვნელოვან მოსალოდნელ ამბად გამოვყავით ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის უფრო გამყარება. ვფიქრობთ, მომავალ წელს ჩინეთთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმი გვექნება. ამას განაპირობებს როგორც ეკონომიკური ინტერესები, მაგალითად, "შუა დერეფნის" პროექტი, ასევე პოლიტიკური ფაქტორიც. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ამ საკითხზე ჩვენს ანალიტიკოსებს რატომღაც კომენტარები არა აქვთ.

განაგრძე კითხვა