თბილისელი სომხები "ბაგრამიანის" სომხების წინააღმდეგ, ომსკელი რუსები საქართველოს მხარეზე და 13 წლის ქართველის გმირობა - მამუკა არეშიძე აფხაზეთის ომის უცნობ ისტორიებზე - კვირის პალიტრა

თბილისელი სომხები "ბაგრამიანის" სომხების წინააღმდეგ, ომსკელი რუსები საქართველოს მხარეზე და 13 წლის ქართველის გმირობა - მამუკა არეშიძე აფხაზეთის ომის უცნობ ისტორიებზე

ისინი გმირები არიან. ბიჭები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, მაგრამ ხელისუფლება უშვებდა უხეშ შეცდომებს, მხარდამჭერებიც არ გვყავდა. უამრავი გმირობის მაგალითი მაქვს ნანახი.არ დამავიწყდება 13 წლის მარლენ ლეჟავა, რომელიც გორაკზე გამაგრებულ სნაიპერებს მიეპარა და მათთან ერთად თავი აიფეთქა. ერთი ლაგოდეხელი ლომიძე იყო, ტყვედ ჩავარდა და აფხაზებმა სანგრების გასათხრელად გაიყვანეს. ცოცხალი თავით­ ნიჩაბს არ მოჰკიდა ხელი. ჩვენი მებრძოლები აქედან დურბინდით უყურებდნენ, შორს იყვნენ და ვერ მიეხმარებოდნენ. როგორც ერთმა მიამბო, ჩვენი ბიჭები გამწარებული უყვიროდნენ, აიღე ნიჩაბიო. ისე შორს ვიყავით, ვერ გავაგონებდით, მაგრამ ვყვიროდით, აიღე ნიჩაბი, მერე გაგათავისუფლებთო... შეიძლება ვიღაცამ თქვას, სიგიჟის მაგალითიაო, მაგრამ სინამდვილეში ვაჟკაცობისა და პრინციპულობის მაგალითია. მხედრიონელების გინება ერთხანს ძალიან მოდური იყო, მაგრამ მე მაქვს ნანახი და გადაღებულიც მათი შეტევა გაგრაში, მამძიშხის მთაზე, ქვემოდან ზემოთ. შეუძლებელი შეძლეს, შეტევა დაბლიდან მაღლა, თან პროფესიონალმა სამხედროებმა კი არა, მოხალისე ქართველებმა. წარმოგიდგენიათ, როგორი საბრძოლო სულისკვეთება ჰქონდათ? მთის წვერზე ჩრდილოკავკასიელები­ და კაზაკები იყვნენ გამაგრებული. სულ ბდღვირი ადინეს იქაურობას. გიგა არველაძის მეთაურობით ჩატარდა ეს ოპერაცია. ყველას თავისი უნდა მიეზღას, კი მაროდიორებიც იყვნენ აფხაზეთის ომში, მაგრამ გმირებიც ხომ იყვნენ. მართლა სასწაულები ჩაიდინეს. ჩვენს მხარეს ერთი მუჭა უკრაინელები, თურქი-მესხები, აზერბაიჯანელები და ჩეჩნები იბრძოდნენ. საქართველოს არაქართველი­ მოქალაქეების ნაწილიც გმირულად იბრძოდა. ჩემი თვალ­ით ვნახე, აჭანდარასთან როგორ დაეჯა­ხნენ ერთმანეთს ბატალიონ "თბილისის" სომეხი მებრძოლები„ბაგრამიანის ბატალიონის სომხებს; ჩვენებმა 15 კაცი მოუკლეს. სხვათა შორის, ქართული მიწის დასაცავად ოსებთან ერთად, რუსებიც იბრძოდნენ; ორ რუსს საკუთარი ხელით გავუთხარე სამარე. ომსკელები იყვნენ და ჩვენს მხარეს მოხალისეებად იბრძოდნენ. ამბობდნენ, ჩრდილოკავკასიელების წინააღმდეგ ვიბრძვითო. კი ვეუბნებოდით, რომ ჩრდილოკავკასიელებს სწორედ რუსეთი უმაგრებდა ზურგს (პირადად ვნახე, როგორ ებრძოდა ჩვენი სამხედრო პოლიცია რუსეთის საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილს), მაგრამ თავისას არ იშლიდნენ. ჩეჩნები, სხვა კავკასიელების მსგავსად, კარგი მეომრები არიან, მაგრამ ქართველებს ვერაფრით აღემატებიან. თავში აქვთ ავარდნილი... დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან 1994 წელს მომხდარ პირველ ომზე, მაგრამ იმას არ ამბობენ, მეორე ომის დროს რუსებმა სრულად რომ გაანადგურეს ჩეჩნური არმია. რაც შეეხება ჩვენს არმიას, ჩუსტებში გამოწყობილი ქართველები ორი წლის განმავლობაში უძლებდნენ რუსული არმიის შემოტევას. "ჩუსტებიანმა" ქართველმა მეომრებმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს ჯარს, რომელსაც ავღანეთის სამი გმირი, კოლესნიკოვი, ჩინდაროვი და ვორობიოვი ხელმძღვანელობდა. ვორობიოვი დუმაში უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. აბა, მას ჰკითხონ, როგორი ბრძოლა იციან ქართველებმა?

რაც არ უნდა უარყონ რუსებმა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ არტილერია, ავიაცია, ტანკები, ეკიპაჟიც ყველაფერი რუსული იყო. მე და გოგა ჭყონია ხშირად ვესწრებოდით ტყვედ ჩავარდნილი რუსების დაკითხვებს. ძალიან კარგად ჩანდა, ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში - მოხალისეები კი არა, გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმის ხალხი იყო. ერთხელ გავიგეთ, გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმიდან ერთი ქართველი ყოფილა, გვარად ჩიქოვანი. იმდენს კი ახერხებდა, რომ ბაზაში მჯდარიყო და სამხედრო მოქმედებებში არ მიეღო მონაწილეობა. ოჩამჩირელი იყო. როდესაც აფხაზეთი დაეცა, გაირკვა, რომ ოჩამჩირეში ერთ-ერთი პირველი მამამისი მოუკლავთ აფხაზებს - თავი მოჰკვეთეს. გიჟივით ჩამოვარდნილა გუდაუთიდან, რომ ოჯახის სხვა წევრები გადაერჩინა. მერე ის კაცი გაგიჟდა. მე დავინტერესდი მისი ბიოგრაფიით და გავარკვიე, მაღალი კატეგორიის ოფიცერი ყოფილა. ჩეჩნეთის პირველ ომში დაიღუპა. როგორც მისმა თანამებრძოლმა მიამბო, შეგნებულად წავიდა სიკვდილზე, დაჭრილი იყო და თავი აიფეთქაო. რაციაში უთქვამს, ჩემს ქვეყანას ვუღალატე და ასეთ დასასრულს ვიმსახურებო.

განაგრძე კითხვა:„უამრავი გმირობისა და ღალატის მომსწრე ვარ“