კრახი კახოვკით - მთავარი ფაქტორი, რომლითაც პუტინმა უკრაინელების ძირითადი კონტრშეტევა ჩაშალა - კვირის პალიტრა

კრახი კახოვკით - მთავარი ფაქტორი, რომლითაც პუტინმა უკრაინელების ძირითადი კონტრშეტევა ჩაშალა

გადის დრო და ადრე თუ გვიან სიმართლეს ნათელი ეფინება - კახოვკის კაშხლის აფეთქებით რუსეთმა უკრაინის მთავრი კონტრშეტევა ჩაშალა -ამას უკვე ოფიციალურად აღიარებს უკრაინის მხარე ანუ იმას, რასაც ჯერ კიდევ ამ აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ ჩემს ბლოგში ვწერდი...

2022 წლის 24 ოქტომბრის სტატიაში „ხერსონიდან გაქცევისას რუსები კახოვკის კაშხალს ააფეთქებენ?“, გამოვთქვამდი ვარაუდს:„...ეტყობა, რუსი ოკუპანტები ისე არ დატოვებენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს, უკრაინას უდიდესი, თითქმის გლობალური მასშტაბის პრობლემა არ დაუტოვონ.

1-kax-1703754357.png
უკრაინელი „ზღვის ლომების“ სპეცდანიშნულების დანაყოფის მებრძოლები მდინარე დნეპრის ფორსირებისთვის ემზადებოდნენ, როდესაც რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა...

ლაპარაკია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის შესაძლო აფეთქებაზე, რის შემთხვევაშიც 80-მდე უკრაინული დასახლება დაიტბორება და რაც მთავარია, უკრაინის არმიის მძიმე ჯავშანტექნიკას ძალზე გაუჭირდება კონტრიერიშების გაგრძელება“.

შვიდი თვის შემდეგ, 2023 წლის 6 ივნისის სტატიაში - „პუტინმა კახოვკის კაშხალი ააფეთქებინა უკრაინის არმიის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დესანტირების ჩასაშლელად...“ - კი უკვე მომხდარი ფაქტის კონსტატირებას ვახდენდი:„ მოხდა ის, რაც პროგნოზირებადი გახლდათ - უკრაინის მიერ კონტრშეტევების დაწყებისთანავე, რუსმა ოკუპანტებმა მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რითაც დაიწყო მდინარის უფრო დაბალი, მარცხენა სანაპიროს დატბორვა, სწორედ იმ სანაპიროსი, რომელზეც ხერსონიდან დესანტირება აქვთ დაგეგმილი უკრაინის მოირიშე დანაყოფებს...“ და,მიუხედავად იმისა, რომ აშკარა გახლდათ, თუ ვინ ააფეთქა კახოვკის კაშხალი, რითაც უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფაც მოახდინა, საქართველოშიც კი რჩებოდნენ პირთა ჯგუფები, რომლებიც ამ კაშხალის აფეთქებას...უკრაინის მხარეს აბრალებდნენ!

ორიოდე დღის წინ, ცნობილი საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებასთან Associated Press -თან ალაპარაკდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალური დაზვერვის 73-ე სპეციალური ოპერაციების საზღვაო ცენტრის მეთაური, სახმისით „სკიფი“, რომელმაც დასავლეთელ ჟურნალისტებთან აღიარა - 2023 წლის ივნისის დასაწყისში ჩვენი სპეციალური ცენტრის მებრძოლები თავმოყრილნი იყვნენ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის სიახლოვეს, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და კონტრშეტევის დაწყებისთანავე უნდა დაგვეპყრო კახოვკის კაშხალი და ახლომდებარე კუნძულები მდინარის კალაპოტში...მაგრამ, კახოვკის კაშხალის აფეთქებამ, მთელი ჩვენი გეგმები შეცვალა, იძულებული გავხდით, ადიდებული მდინარისგან თავი სოფლებში შეგვეფარებინაო...

2-kax-1703757066.jpg
აფეთქებული კახოვკის კაშხლის ფოტო კოსმოსიდან...

კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად ადიდებულმა მდინარემ მარცხენა, უფრო დაბალ სანაპიროზე რუსი ოკუპანტების თავდაცვითის ზღუდეებიც მოშალა და შეიძლება არაერთი რუსი მებრძოლიც „წაიღო“, მაგრამ სტრატეგიული ამოცანა მიღწეული იქნა - დიდი ხნით დაიტბორა დნეპრის მარცხენა სანაპირო ახალი კახოვკის ქვემოთ, რამაც შეუძლებელი გახადა, რომ უკრაინის არმიის მიერ ზაპოროჟიეს ორეხოვოდან სამხრეთით, მელიპტოპოლისკენ დაწყებული კონტრშეტევისთვის მხარი დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე დესანტირებულ დანაყოფებს და მით უმეტეს, უკრაინულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს აებათ...

შესაბამისად, რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ დაინახა რა, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად ადიდებული მდინარე უკრაინის არმიას ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დესანტირების საშუალებას არ აძლევს, მოხსნა ამ მიმართულებაზე თავდაცვის პოზიციებზე განთავსებული რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლიუნარიანი შენაერთის, მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის დანაყოფები და ისინი გადაისროლა ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ტოკმაკისკენ და მელიტოპოლისკენ დაწყებული უკრაინული კონტრშეტევის შესაჩერებლად. ამან საერთო ჯამში, რუსი ოკუპანტებისთვის სასურველი შედეგი გამოიღო...

უკრაინის 73-ე სპეციალური ოპერაციების საზღვაო ცენტრის „ზღვის ლომების“ მეთაური „სკიფი“ დასავლეთელ ჟურნალისტებს უყვება, რომ მისმა მებრძოლებმა მოგვიანებით მაინც მოახერხეს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დესანტირება და დაიკავეს მდინარისპირა სოფელი კრინკი, რომელიც შემდგომ უკრაინის გენშტაბმა ერთგვარ პლაცდარმად გადააქცია დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რომლისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლები დღემდე გრძელდება.

3-kax-1703757127.jpg
კახოვკის კაშხალში დაგროვებულმა 18 კუბური კილომეტრის მოცულობის წყლის მასამ, აფეთქებისა და კაშხლის დანგრევის შემდეგ, დნეპრის მარცხენა სანაპიროს დიდი ნაწილი დატბორა, რამაც შეუძლებელი გახადა დიდი უკრაინული დესანტის გადასხმა ამ მიმართულებაზე...

დღეისათვის უკრაინელმა მებრძოლებმა მცირედით გააფართო ეს თავის პლაცდარმი დნეპრის მარცხენა ნაპირზე და დაკავებული აქვთ დასახლებული პუნქტი კრინკი, ასევე, აკონტროლებენ მიმდებარე ტერიტორიებს დანგრეული ანტონოვსკისა და სარკინიგზო ხიდების მიმდებარედ.

სერიოზული წინსვლის გასაგრძელებლად უკრაინულ დანაყოფებს აუცილებლად სჭირდებათ მარცხენა სანაპიროზე დამატებითი ცოცხალი ძალითა და მძიმე საბრძოლო ტექნიკით დახმარება.

ქვეითების გადასროლა ღამით ნავებით, 500-600 მ სიგანის დნეპრზე შესაძლებელია, მაგრამ საბრძოლო ტექნიკის გადაყვანისთვის ბარჟები ან პონტონებია საჭირო, რომლებსაც ადვილად დააფიქსირებს რუსეთის სამხედრო დაზვერვა და საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის ზუსტ კორექტირებას განახორცილებს მდინარეში ნელა მოცურავე ბარჟების გასანადგურებლად.

უკრაინელების უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ მათი არტილერია დნეპრის მარჯვენა სანაპიროზეა განლაგებული, რომელიც ბევრად მაღალია მაცხენა სანაპიროსთან შედარებით და უკრაინელ არტილერისტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოგებიანი კონტრსაბატარეო ბრძოლა გაუმართონ რუსი ოკუპანტების არტილერიას.

4-kax-1703757183.png
დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ კრინკთან(რომელიც მთლიანად განადგურებულია) შექმნილი პატარა უკრაინული პლაცდარმი, დღესაც უძლიერესი რუსული საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების მთავარ სამიზნედ რჩება...

ამასთან, კრინკის დასახლებულ პუნქტში უკრაინულ დესანტს გადაჭრილი აქვს ის საავტომობილო გზა, რომლითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ახალ კახოვკასთან, აფეთქებულ კაშხალთან თავის პოზიციებს ამარაგებდნენ და ამჟამად იძულებულნი არიან, შემოვლითი გზებით იარონ.

რუსეთის საოკუპაციო ძალები არტილერიისა და ავიაციის საშუალებით ცდილობენ, მდინარე დნეპრში „გადაყარონ“ მარცხენა სანაპიროზე დესანტირებული და პლაცდარმოპოვებული უკრაინელი მებრძოლები.

თუკი უკრაინის არმიამ მოახერხა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მოპოვებული პლაცდარმის ამ ზამთარს არათუ შენარჩუნება, არამედ - მისი გაფართოებაც კი, ეს საუკეთესო საშუალება გახდება, მომავალი წლის გაზაფხულზე აქედან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ „ყელთან“ გასაჭრელად...

მაგრამ, თუკი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დამატებითი ძალების მობილიზირება დაიწყეს ამ მიმართუელებაზე, მაშინ კრინკის პლაცდარმზე გამაგრებული უკრაინელი საზღვაო ქვეითები, სამწუხაროდ განწირულები იქნებიან, თუკი დროულად არ მოახდინეს ევაკუაცია დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე...