„თქვენს დაამებულ გულს რომ გაუხარდება, ისეთი წარმატებული და გამარჯვებული იყავით“
ფერმერ ტარიელ გურგენიძეს 2023 წელსაც, ტრადიციულად, კარგი ჯაფა დაადგა. იყო ხელის შემშლელი ფაქტორებიც, მაგრამ გაწეული შრომითა და შედეგებით მაინც კმაყოფილია. მისი სოფელი მეჯვრისხევი საოკუპაციო ხაზთანაა და ამ თემაზე ჩვენს გაზეთთან სხვა დროს უსაუბრია, წლის ბოლო ნომერში კი გასულ წელს თავის სამეურნეო საქმიანობას აჯამებს...
არ არსებობს სოფლის მეურნეობაში მიმართულება, ბატონი ტარიელი არ მიჰყვებოდეს - ვენახი, ვაშლის ბაღი, ნერგები, მოცხარი, ვარდის სანერგე, ბოსტნეული, თუმცა მოგების მიღების მთავარ საქმიანობად ნატურალური ვაშლის ძმრის წარმოება მიაჩნია. ამბობს, რომ ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა და ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც დაინტერესდა. ასე რომ, საგაისოდ დიდი გეგმები აქვს.
- 68-ე წელში გადავდექი, პაპამ ფეხი ვენახში ამადგმევინა, ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, მაგრამ რაც თავი მახსოვს, სოფლის მეურნეობაში ასეთი რთული წელიწადი არ მინახავს. მაის-ივნისში გადაბმულმა წვიმამ ვენახები ძალიან დააზიანა. შემდეგ კატასტროფული გვალვა დაიწყო. კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ. ერთადერთი სარწყავი საშუალება ბაღ-ვენახებისა და ბოსტნის მორწყვისთვის ტირიფონას არხია. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ბაღ-ვენახებს, ბოსტნებს უპრობლემოდ ვრწყავდით. შემდგომ ეს საარსებო წყარო ცხინვალიდან გადაიკეტა და ხელისუფლება იძულებული გახდა სხვა გადმოსაგდები შეექმნა, რასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ასე გარკვეულწილად რაოდენობაც შემცირდა - სად ბუნებრივად რომ მოდის წყალი და სად მექანიკურად, ძრავებით რომ აწვდი მოსახლეობას.
მეჯვრისხევის გარდა, ამ სისტემით არაერთი სოფელი სარგებლობს. ამიტომ სარწყავი წყალი ძალიან შემცირდა. წლეულს ძრავები ერთდროულად გადაიწვა და თითქმის მთელი თვის განმავლობაში წვეთი წყალი არ მოდიოდა. ვერ ვრწყავდი ვაზის სანერგეს. მე კურკოვანი და თესლოვანი ხეხილის ნამყენიც გამომყავს და ძალიან გამიჭირდა. ხან მძიმე ტექნიკით, ხან ავტომანქანის საბარგულით, ბევრჯერ ხელითაც, გამთენიიდან დაწყებული, დღის განმავლობაში ვაგროვებდი წყალს. ასე ვასულდგმულე ახალი ნარგაობა. ასეთი მძიმე შრომით გადავარჩინე ვარდის სანერგეც.
- ყურძნის მოსავალიც მიიღეთ, ხომ?
- დიახ, ღვინოდაც დავწურე. ნაწილი, გორული მწვანე და ნაწილობრივ თავკვერი გავყიდე, თუმცა ვენახში საცდელ-საჩვენებლად 18 ჯიშის ყურძენი მაქვს.
- სისტემურ პრეპარატებს თუ იყენებთ?
- არ ვიყენებ და არც არავის ვურჩევ. მე ისევ პაპაჩემის დროინდელ მეთოდებს მივყვები. ბორდოს სითხეს მართალია, მეტი შრომა უნდა, ვიდრე იმ ძლიერი პრეპარატების გამოყენებას, მაგრამ მე მაინც მას ვირჩევ. ეს იმისთვისაა, რომ ვენახს ნაკლებად გაუჩნდეს ჭრაქი და ნაცრის დაავადებები. ჩემმა კლიენტებმაც ეს იციან და ამიტომ მიაქვთ ჩემგან ყურძენი ღვინის დასაწურად.
- კენკრის წარმოებით წლეულს კმაყოფილი ხართ?
- კენკრა დაახლოებით 7-8 წლის წინ გავაშენე. მცირეფართობიანი ფერმერი ვარ. სახელმწიფოსგან არაფერი მიმიღია და რაც მაქვს, ესეც ჩემი დანაზოგით მაქვს ნაყიდი, რათა ფართობი მაქსიმალურად ამეთვისებინა. კენკრა კარგ შედეგებს მაძლევს, რადგან იმ დროს მოდის, როცა სოფელში სხვა შემოსავალი არ არის. იყიდება მაის-ივნისის შუა რიცხვებამდე. მაქვს ვარდიც 500 კვმ-ზე. 4 ათას ძირზე მეტი არ გამომყავდა, ტერიტორია ბევრის საშუალებას არ მაძლევდა. წლეულს იმდენად პოპულარული გახდა ჩემი ვარდის ძირები, რომ 80% უკვე გაყიდულია. არ არსებობს საქართველოში რეგიონი, რომ ვარდებისთვის ჩემს მეურნეობაში არ მოდიოდნენ. ამან შემოსავლის გაზრდისკენ მიბიძგა, რათა ეს საქმე რამენაირად გამეფართოებინა და მეზობლების საშუალებით შევძელი კიდევ მიწის მიმატება. ახლა ტოტების დაკალმება მაქვს დაწყებული და ნაცვლად 4 ათასისა, 6-7 ათას ძირამდე ავალ. 160 სახეობის ვარდს ვახარებ. ახლა ჩემი შვილის დახმარებით, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, ვისი ინიციატივაც იყო, ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა, სექტემბერში 120 სახეობის ახალი ჯიშის ვარდის კვირტები ჩამოვიტანე. 2024 წელს აქაურობას საკოლექციო ვარდები შეემატება.
- 2024 წლის შესახვედრად ემზადებით. მეჯვრისხევში რა საახალწლო ტრადიციები გაქვთ?
- ოჯახის წევრები ვცდილობთ სრულად შევიკრიბოთ, ახალი წლის ღამეს მეზობლები ერთმანეთთან გადავდივართ. მეორე დღესაც დიდი მისვლა-მოსვლა, მონახულება, მილოცვაა. ტრადიციად სასურველ სტუმრებს საგულდაგულოდ მტევნებისგან დაწურული გორული მწვანით ვუმასპინძლდები. ჩემს ვენახში ოჯალეშიც ხარობს და ამ ღვინოსაც აგემოვნებენ.
- საახალწლო სუფრას, ალბათ, თქვენს საოჯახო მეურნეობაში მოწეული მოსავალი დაამშვენებს. გოზინაყის გაკეთების ტრადიციაც თქვენთვის ხომ არ არის მონდობილი?
- ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც მეუღლე ხელს არ ჰკიდებს და მთლიანად ჩემთვის აქვს მონდობილი. განა არ იცის, საუკეთესო კულინარია, უბრალოდ, ამას მიზეზი აქვს. სტუდენტობაში თბილისში ბოტანიკოს მამიდასთან ვცხოვრობდი, რომელიც საოჯახო საქმის ხელოვანია. რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ ახალ წელს მასთან შევხვდი და გოზინაყის გაკეთება მასწავლა. როცა დავოჯახდი, ვთქვი, საუცხოო გოზინაყის დამზადება ვიცი-მეთქი და, ჰოდა, გააკეთეო. მას შემდეგ გოზინაყი "ჩემი საქმეა".
- გაგვანდობთ თქვენს რეცეპტს?
- საგოზინაყე ნიგოზი ხარისხიანი, საღი, ცხიმიანი და თეთრი უნდა იყოს, რომელსაც საგულდაგულოდ ვარჩევ. არ ვხალავ, ოღონდ თაფლის მომზადებას დიდ დროს ვანდომებ. გაზქურასთან რამდენჯერმე მივდივარ, ვურევ, ცეცხლზე დიდხანს არ ვაჩერებ, საჭირო კონდიციამდე მიმყავს და ვაგრილებ, მერე ისევ ვიწყებ და ასე გრძელდება... თაფლი აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს და თეთრი, გამჭვირვალე.
- მეჯვრისხევი კონფლიქტისპირა სოფელია. როგორია საოკუპაციო ზოლის პირას სოფელში ახალი წლის დღეები?
- ჩვენი სოფლის ერთ-ერთი მთავარი სალოცავი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაა. იქ სულ დავდიოდით. თუმცა შექმნილი მძიმე ვითარება ხელს გვიშლის, მაგრამ თუ ამინდი ხელს გვიწყობს და არ არის ნამქერი და ქარაშოტი, გული იქით მიმიწევს ხოლმე, სადაც საოკუპაციო ზოლი გადის. ახალ წელს ერთხელ გადავედით კიდეც... არადა, ადრე იქ სულ მივდიოდით, სანთლებს ვანთებდით, სუფრასაც ვშლიდით. გული მტკივა, რომ არა მაქვს ჩვენი ოკუპირებული სამშობლოს ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება. მინდა იქ საოკუპაციო ზოლი აღარ გადიოდეს და ჩემი სამშობლოს მთა-ველებში ნებისმიერ დროს გავიარო.
რადგან წარსული გავიხსენეთ, ადრე ასე იყო - ახალი წელი სანამ დადგებოდა, დედაჩემი და ბებია სუფრას გაშლიდნენ, 12-ს რამდენიმე წუთი რომ დააკლდებოდა, პაპაჩემი ოჯახში გამომცხვარ შოთებს აიღებდა, ბოსელში ჩავიდოდა და შოთებით საქონელს დააპურებდა. მერე შემობრუნდებოდა და ყველას მოგვილოცავდა. დიდი თიხის ჯამი ჰქონდა, შეავსებდა და ღვთის სადიდებელს დალევდა. აი, ეს ღვთის სადიდებელი არის ჩემი პირველი სადღეგრძელო არა მარტო ახალი წლის ღამეს. მეორე ჭიქით ახალი წლის შემობრძანებას დავლოცავ ხოლმე და მესამე ჭიქით შვილებსა და შვილიშვილებს.
- საახალწლო სუფრის მთავარი კერძი რა არის?
- საცივს ყოველთვის ვამზადებთ, მაგრამ შემწვარი გოჭი, ცივად მოხარშული ღორის თავი მთავარი ატრიბუტებია, ასევე ყველანაირი ხილი და სქელკანიანი ქართული გოგრა, თავისი თესლით.
- ჩვენს მკითხველს მიმართეთ საახალწლოდ.
- ჩემო ქართველო ხალხო, ჩემი საყვარელი ოჯახის წევრებივით მიყვარხართ. თქვენ ხართ ჩვენი ტანჯული, მშრომელი და ნაწილობრივ დაბეჩავებული ერის განუყოფელი ნაწილი. პაპაჩემი იტყოდა, თქვენს დაამებულ გუნება-განწყობას რომ გაუხარდება, ისეთი წარმატებული და გამარჯვებული იყავითო. მრავალ ახალ წელს!