„ნავთობის ომი“, „სასურსათო შანტაჟი“ და საქართველოს გეოპოლიტიკური შანსი - 2024 წლის ეკონომიკური პროგნოზი ლადო პაპავასგან
შარშან ამ დროს, როდესაც 2023 წლის პერსპექტივებზე ვსაუბრობდით, ყველა მოლოდინში ფიგურირებდა სიტყვა "თუ", აგრეთვე წინადადება "გააჩნია, რუსეთ-უკრაინის ომი როგორ დასრულდება". სამწუხაროდ, ომი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინის კონტრშეტევამ იმედი და მოლოდინი გააჩინა. ამასობაში რუსეთი კვლავაც იყენებდა ენერგორესურსებს თავისი მიზნებისთვის, ხორბალს - შანტაჟისთვის, ევროკავშირმა კიდევ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესა რუსეთს, გაფართოვდა რუსეთის ლიდერობით შექმნილი ბრიკსი და როგორც ჩანს, გაფართოება გაგრძელდება. ჩინეთმა გაააქტიურა შუა დერეფნის პროექტზე ლაპარაკი, რომელიც საქართველოსაც ეხება და გვიზრდის პერსპექტივას, მაგრამ ომი მაინც მთავარ გამოწვევად რჩება. გარდა ამისა, მას უკვე სხვა ცხელი წერტილებიც დაემატა. საერთო ჯამში, როგორ გამართლდა 2023 წლის ეკონომიკური პროგნოზები და რა პროცესებს ველოდებით 2024 წელს, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ:
- 2023 წელს საქართველოსთვის მთავარი იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და ქართველ ხალხს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ევროინტეგრაციის გზაზე. ამაში საკმაოდ დიდია ხელისუფლების როლი. ის, ფაქტობრივად, მარტო მუშაობდა ამისთვის, ოპოზიცია "უკეთეს" შემთხვევაში არ მონაწილეობდა, ბოიკოტს უცხადებდა კომისიებში მუშაობას, უარეს შემთხვევაში კი, პირიქით, საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა, რათა ქვეყანას სტატუსი არ მიეღო.
რაც შეეხება მსოფლიოს, სამწუხაროდ, ისევ გრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში და დასრულების სასიკეთო ნიშანი არ ჩანს. ომმა თავისი უარყოფითი შედეგი მთელ მსოფლიოს დაატყო. ამას დაემატა საომარი მოქმედებები ისრაელსა და "ჰამასს" შორის, რომელიც ახალ საფრთხეებს უქმნის მსოფლიოსა და მის ეკონომიკას. ერთადერთი, რაც სასიკეთოა, არის ის, რომ არ გამართლდა 2023 წლისთვის მაღალი ინფლაციის მოლოდინი.
მაგალითად, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი პროგნოზისტი ნურიელ რუბინი აცხადებდა, მოსალოდნელი იყო სტაგფლაციური კრიზისი - ანუ უნდა ყოფილიყო მაღალი უმუშევრობაც და მაღალი ინფლაციაც. საბედნიეროდ, ეს პროგნოზი არ გამართლდა.
- საზოგადოდ, ეკონომიკაში რა საფრთხეების გაჩენაზე შეიძლება იყოს საუბარი?
- ეკონომიკური სანქციების ის პაკეტები, რომლებიც დასავლეთმა შეიმუშავა რუსეთის წინააღმდეგ, არაეფექტიანია და სავსეა "ხვრელებით", რაც არაერთხელ დაფიქსირდა ამ თითქმის ორწლიანი ომის განმავლობაში. ძალიან ხშირია სანქციებისთვის გვერდის ავლა, მათ შორის ისეთი ფორმებით, როგორითაც რუსეთი ხეირობს და თანაც მნიშვნელოვნად. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. რუსეთის ეკონომიკას ამ სანქციების გამო, რა თქმა უნდა, უჭირს, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ რუსეთის ეკონომიკა ამ სანქციების გამო ჩამოიშლებოდა, რა თქმა უნდა, არ გამართლდა.
გარდა, ამისა, ჩამოყალიბდა ძალიან საინტერესო სიტუაცია, არიან ქვეყნები, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ - ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ისრაელი, არგენტინა, ბრაზილია და სხვ.; დღის წესრიგში დადგა ბრიკსის გაფართოების საკითხი, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან მისი წევრების რაოდენობა გაორმაგდება. რიგში დგას დაახლოებით 40 სახელმწიფო, რომელთაც სურთ ამ ორგანიზაციაში გაწევრება. ჩამოყალიბდა დედოლარიზაციის ტენდენციაც, როდესაც ბრიკსის წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს ერთმანეთთან ვაჭრობა ეროვნული ვალუტებით ან ჩინური იუანით. რა თქმა უნდა, ჩინური იუანი ვერ ჩაანაცვლებს ამერიკულ დოლარს ვერც უახლოეს და ვერც მეტ-ნაკლებად განჭვრეტად მომავალში...
თუმცა დედოლარიზაციის პროცესი დაწყებულია და ის გარკვეულწილად არყევს ამერიკული დოლარის ჰეგემონიას, ოღონდ ამერიკულ დოლარს ყველაზე დიდი საფრთხე მაინც ვაშინგტონიდან ემუქრება, რადგანაც ყოველწლიურად იზრდება აშშ-ის სახელმწიფო ვალი. ამ ეტაპზე ასევე პრობლემურია უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების მიზნით ფინანსური პაკეტის მიღება. თუმცა იმედია, მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, რადგან უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია. ბრიუსელმა განაცხადა, რომ აშშ-ის გარეშე ვერ შეძლებს უკრაინისთვის ჯეროვან დახმარებას. ეს კი რუსეთის უკრაინაში ომის სრულიად ახალ განვითარებასა და ახლებურ შესაძლებლობებს იძლევა, რათა ომი შეჩერდეს არა უკრაინის სასარგებლოდ და ეს რა თქმა უნდა, აისახება გლობალურ ეკონომიკაზეც. ამიტომ დღეს ძალიან ბევრია კითხვა, ხოლო არგუმენტირებული პასუხი - ნაკლები.
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ფინანსური კრიზისი
- რა სახის ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი დამდეგ წელს და რა სახის მიღწევები შეიძლება იყოს?
- ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიოსთვის, სტაგფლაციური კრიზისია, როდესაც უმუშევრობაც გაიზრდება და ინფლაციაც მაღალი იქნება. მართალია, 2023 წლისთვის ეს პროგნოზი არ გამართლდა, მაგრამ საფრთხე მაინც არის. ჯერ ერთი, სახელმწიფოებს დაუგროვდათ ძალიან დიდი სახელმწიფო ვალი და მათ ეკონომიკას ვალის მომსახურების შესაძლებლობა არა აქვს. ამასთან, ომმა შესაძლოა გარკვეული შეფერხებები შექმნას გლობალურ მიწოდებაში. ასეთი ინფლაციის მოთოკვის ქმედითი მექანიზმი კი, ისე, რომ წარმოება არ დაზარალდეს, ცენტრალურ ბანკებს არ გააჩნიათ. მათ შეუძლიათ მხოლოდ მოხმარების მოთოკვა. სხვა სიტყვებით, რამდენადაც დაეცემა მიწოდება, იმდენადვე უნდა შეიზღუდოს მოთხოვნაც. რა თქმა უნდა, ინფლაციას შეაჩერებენ, მაგრამ მიწოდება ვეღარ გაიზრდება. აი, ამ საფრთხეზეა ლაპარაკი - თუ ცენტრალური ბანკები შეწყვეტენ მოთხოვნის მკაცრ შეზღუდვას, შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს მაღალი ინფლაციის მოთოკვა. ცალკე პრობლემაა ის, რომ, არავინ იცის, როგორ წარიმართება რუსეთის ომი უკრაინაში, როგორ დამთავრდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რაზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ოპტიმისტურ მოლოდინებს, ვეჭვობ, ოპტიმიზმის იმედი გვქონდეს ფინანსური კუთხით.
ტრამპის ფაქტორი
- ეკონომიკური თვალსაზრისით როგორი იყო 2023 წელი და რა მოლოდინებია 2024 წლისთვის?
- ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი ახალი პრობლემა შეიქმნა. მაგალითად, ჩამოყალიბდა "ნავთობის ომი", როგორც ახლა დასავლეთში უწოდებენ. ასევე "სასურსათო ომი" - ეს ტერმინიც დასავლეთშია მიღებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე მარცვლეული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. ომის დასაწყისში აშშ-მა მიმართა თხოვნით საუდის არაბეთს, გაეზარდა ნავთობის მოპოვება, რითაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებს შეამცირებდა და ამით ნაკლებ საშუალებას მისცემდა რუსეთს, გაეზარდა შემოსავლები. საუდის არაბეთმა კი გაზრდის ნაცვლად ნავთობის მოპოვება, პირიქით, შეამცირა. მე ვერ ვიხსენებ საუდის არაბეთის მიერ ვაშინგტონის თხოვნის ასეთ გაუთვალისწინებლობას. მოგვიანებით საუდის არაბეთი და ირანი, ანუ პირველი აშშ-ის პარტნიორი რეგიონში და მეორე - მტერი, ორივე გაწევრდა ბრიკსში. ესეც გარკვეულწილად გაუგებარი მოვლენაა. ამიტომ ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთი პრობლემა, როგორიცაა "ნავთობის ომი", გაგრძელდება.
ცალკე პრობლემაა მარცვლეულის გამოყენება "სასურსათო ომში". ჩვენ ვიცით, რომ ხორბალი და პური სტრატეგიული რესურსია, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. ეს ძირითადად შეეხება ღარიბ ქვეყნებს, რომელთაც პირობითად "ღარიბი სამხრეთი" ჰქვიათ. ასეთი ქვეყანა ბევრია და შესაბამისად, პრობლემაც მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. პური თუ არ იქნება, ეს გამოიწვევს შიმშილს ღარიბ სამხრეთში, რაც ნამდვილად არ არის კარგი მსოფლიო ეკონომიკისთვის. ამას კარგად იყენებს რუსეთი, რომელმაც დაბლოკა უკრაინიდან ხორბლის გატანა. იმავდროულად, რუსეთმა ცალკეული მიმართულებით აკრძალა ხორბლის ექსპორტი, ხოლო ზოგიერთ ქვეყანას ძალიან გაუძვირა. რა თქმა უნდა, ესეც, დიდი ალბათობით, გაგრძელდება.
ცხადია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება რუსეთის ომი უკრაინაში. თუ უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, დასავლეთი რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის და კონფრონტაციული გლობალიზაციის სქემა მთელ მსოფლიოში გაგრძელდება. წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი - საკანონმდებლო ორგანოს მიერ დაბლოკვის გამო აშშ ვეღარ აგრძელებს უკრაინის დახმარებას ან 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტის კაბინეტს იკავებს ისეთი პირი, რომელიც უკრაინის დახმარებას აჩერებს. ეს ნიშნავს, რომ დროებით აღიარებულ უნდა იქნეს ის სტატუს-კვო, რაც ფრონტზეა შექმნილი. მაშასადამე, კონფლიქტი გაიყინება. ამ შემთხვევაში, ცხადია, დასავლეთი რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის. სხვა თანაბარ პირობებში, ეს სცენარი დღევანდელი გადასახედიდან ალბათ, ყველაზე მოსალოდნელია.
გაუსწრებს თუ არა ამხანაგი სი მისტერ ჯოს?!
- ყველა მიჩვეული ვიყავით, რომ სუპერძალა და დომინანტი პოლიტიკურად და ეკონომიკურად აშშ იყო. შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, რა შანსია, რომ ჩინეთმა ეკონომიკურად ჩაანაცვლოს აშშ? ამასთან, რუსეთი გარშემო იკრებს გარკვეულწილად ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს და შესაძლებელია თუნდაც ეკონომიკურად მოხდეს წამყვანი ქვეყნების როლების გადანაწილება?
- დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა აშშ-ის აქვს, მეორე ადგილზეა ჩინეთი. არის პროგნოზები, რომ 2030 წელს მთლიანი სამამულო პროდუქტის სიდიდით ჩინეთი აშშ-ს გაუსწრებს და ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იქნება. თუმცა მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები იმ სცენარსაც განიხილავენ, რომ ჩინეთში შესაძლოა არცთუ შორეულ მომავალში ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს. ამის საფუძველს ის გარემოება ქმნის, რომ ჩინეთის საბინაო მშენებლობის სექტორში მოსახლეობის გადახდისუუნარობის იგივე პრობლემა დადგა, რამაც აშშ-ში 2007 წელს ფინანსური კრიზისის დაწყება განაპირობა, რაც 2008-2009 წლებში გლობალურ ფინანსურ კრიზისში გადაიზარდა. ჩინეთმა კრიზისის თავიდან აცილება რომც შეძლოს და 2030 წლისთვის მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა შექმნას, მისთვის პრობლემად მაინც დარჩება ის, რომ ეკონომიკური განვითარების დონით კვლავაც ჩამორჩენილი იქნება ბევრ ქვეყანასთან შედარებით. ეკონომიკის განვითარების დონე კი, როგორც ცნობილია, იანგარიშება მთლიანი სამამულო პროდუქტის რაოდენობით მოსახლეობის ერთ სულზე. ასე რომ, ჩინეთმა რომც გაუსწროს აშშ-ის ეკონომიკას ზომით, მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფილი მთლიანი სამამულო პროდუქტის რაოდენობა ჩინეთში ყოველთვის ნაკლები იქნება მისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გამო. დაახლოებით 5-ჯერ მეტია ჩინეთის მოსახლეობა აშშ-ის მოსახლეობაზე და 2030 წელს ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკაზე 5-ჯერ უფრო დიდი, უბრალოდ, ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, აშშ-ის ეკონომიკის ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. თუმცა ჩინეთი ხეირს მაინც ნახულობს. ჯერ ერთი, ჩინეთმა მასზე სრულად დამოკიდებული გახადა რუსეთი. შესაძლოა რუსეთს სულაც არ სიამოვნებს დომინანტის როლში ჩინეთის აღიარება, მაგრამ რეალობა ასეთია და ჩინეთი იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს ამ ომიდან.